მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა, სავარაუდოდ ნათესავის მხრიდან. ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ მისაღებია კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც უკვე ექვსი წელია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში დევს განსახილველად.
ერთი წელი დეიდასთან
სამი წლის გაბრიელა ლახინა 7 აპრილის საღამოს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარადან გადაიყვანეს - თავის, სახის, ტანისა და ხელ-ფეხის მრავლობითი, მძიმე დაზიანებებით. ის რამდენიმე საათის შემდეგ, 8 აპრილს გარდაიცვალა.
ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა მაკტინა ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ გოგონა ოჯახის წევრების სასტიკმა მოპყრობამ მოკლა. ბავშვი ცხოვრობდა დეიდასთან, ქრისტინა ლახინასთან. ის მთავარი ეჭვმიტანილია.
ქრისტინა ლახინა წამწამების დაგრძელების სპეციალისტად მუშაობდა. გაბრიელას გარდა ის თავის ოთხ შვილსაც ზრდიდა. უფროს და უმცროს ბავშვებს სხვადასხვა მამა ჰყავთ. მაკტინა ჯინჯოლია ამბობს, რომ უშუალოდ მონაწილეობს არასრულწლოვანების დაკითხვაში. ისინი სავარაუდო მოწმეები არიან.
აფხაზეთის პროკურატურამ 9 აპრილს სისხლის სამართლის საქმე აღძრა სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ფაქტზე, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. გამოძიების თანახმად, დანაშაული ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მიმართ, ასევე ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები სასამართლო სხდომიდან. ქრისტინა ლახინამ დაკითხვისას აღიარა, რომ ბავშვი სასიკვდილოდ ცემა. ასევე დაადასტურა, რომ სამედიცინო შემოწმებამ მის ორგანიზმში კანაფის არსებობა გამოავლინა.
დაკითხვისას ბრალდებულმა განმარტა, თუ როგორ აღმოჩნდა ბავშვი მასთან. გოგონა მასთან დაახლოებით ერთი წელი ცხოვრობდა - დედისგან მიღებული მინდობილობით, მან გაბრიელა რუსეთიდან, როსტოვიდან ჩამოიყვანა.
„ის ბავშვთა სახლში იყო რუსეთის ტერიტორიაზე, წავედი და ჩამოვიყვანე… საზღვარი გადმოვკვეთე ბავშვთან [გაბრიელასთან] და ჩემს შვილებთან ერთად… დედამ მომცა მინდობილობა... დედა არის როსტოვში, არ შეეძლო ბავშვის აღზრდა და მოვლა“, - თქვა ქრისტინა ლახინამ სასამართლოზე.
ტრაგედიის შემდეგ გოგონას დედა და ბებია, რომლებიც როსტოვში ცხოვრობენ, გულრიფშის რაიონის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და სთხოვეს ცხედრის რუსეთში გადასვენებაში დახმარებოდნენ.
„ნუთუ ვერან ხედავდა?“
რა მოხდა ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა უკვე ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლებოდა ეს ვერავის შეემჩნია?
ტელეგრამ-არხი „ჩპ აფხაზია“ მეზობელზე დაყრდნობით წერს, რომ გვიან ღამით მამაკაცმა, რომელიც ქრისტინა ლახინასთან ცხოვრობდა, მეზობლებს სთხოვა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარებოდნენ.
„ბავშვი პლედში გახვეული ეჭირა. გოგონას ტანსაცმელი არ ეცვა. ხელები დალურჯებული ჰქონდა“, - ამბობს მეზობელი.
სოციალურ ქსელებში დისკუსია სწრაფად გადაიზარდა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხში: სად იყვნენ მეზობლები, სოციალური სამსახურები და რატომ დაიგვიანა რეაგირებამ? თუმცა, იგივე წყაროს მიხედვით, მეზობლებს „ძალადობის აშკარა ნიშნები“ ადრე არ შეუმჩნევიათ.
„მედიის ინფორმაციით, მეზობლების ნაწილი ამბობს, ადრე არ შეგვინიშნავს, ამ ოჯახში ბავშვებს სასტიკად თუ ეპყრობოდნენო. თან იხსენებენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ოჯახში უკვე იყვნენ მისული სამართალდამცავები, უფროსებს შორის კონფლიქტის გამო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მამაკაცი სახლში მუდმივად არ ცხოვრობდა, მოდიოდა და მიდიოდა“, – წერს ტელეგრამ-არხი „ჩპ აფხაზია“.
ქრისტინას Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტოები წარწერით: „ჩემი ოჯახი“, ფოტოებზე ბავშვებთან ერთად მამაკაციც ჩანს.
სხვა საგანგაშო ნიშნებზე მიუთითებენ ნათესავები რუსეთიდან. ისინი ფოტოებზე ამჩნევდნენ, რომ გოგონას სხეულზე ჰემატომები ჰქონდა. ითხოვდნენ ბავშვი დაებრუნებინათ.
„რომ ვნახე, დალურჯებული იყო, ყველას ვურეკავდი. ბოლოს დამბლოკეს“, - უთხრა არხს ერთ-ერთმა ნათესავმა.
სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ალინა აგრბა ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ ოჯახი აღრიცხვაზე არ იდგა და პრობლემებზე არაფერი იცოდნენ.თქვა ისიც, რომ მანამდე ამ ოჯახის სხვა ნათესავმა მათ ოჯახში ძალადობის გამო მიმართა. თუმცა მილიციაში განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა. მან ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო და ბავშვებთან ერთად აფხაზეთი დატოვა.
ასევე ნახეთ
"ვინ მოკლა ჩემი შვილი?" - 3 წელია, ანი იანუშაიტიტეს დედა ამ კითხვაზე ეძებს პასუხსამ ტრაგედიის შემდეგ სოციალური დახმარების სამსახურმა ხალხს მიმართა, თუკი იეჭვებენ, რომ ოჯახში ბავშვებზე ძალადობენ, მათ მიმართონ.
„სამწუხაროდ, ბავშვებზე ძალადობა ხშირად რჩება დახურულ კარს მიღმა, სიჩუმესა და შიშში. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მსგავსი რამის გამოვლენა შესაძლებელი და საჭიროა ადრეულ ეტაპზე. სწორედ ასე გადავარჩენთ ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ჩვენს პრაქტიკაში არაერთხელ მომხდარა, რომ დროულად მიმართვის შემდეგ სწრაფად ჩავრეულვართ, ბავშვი დაგვიცავს და მძიმე შედეგი აგვირიდებია თავიდან. მაგრამ თუ ინფორმაციამ შესაბამის სამსახურებამდე ვერ მოაღწია, ვერ ვიგებთ პრობლემის შესახებ და ვერც დროულ რეაგირებას ვახერხებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკვე „სისხლიანი კანონი“
აფხაზეთში თითქმის აღარავინ დარჩა, ვინც მომხდარს არ გამოხმაურებია. დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ეს საზოგადოებისთვის სერიოზული სიგნალია: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. სამართალდამცავი ორგანოები საქმეს იძიებენ და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ბავშვებმა სიყვარულში და მზრუნველობაში უნდა იცხოვრონ, უსაფრთხოდ“.
საზოგადოება ფიქრობს, რომ მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის ოჯახში ძალადობის კანონი უნდა მიიღონ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში 2019 წლიდან დევს აფხაზეთის ქალთა ასოციაციის დახმარებით შემუშავებული კანონპროექტი „ოჯახში ძალადობისგან დასაცავად“. დოკუმენტში თავმოყრილია იდეები და წინადადებები, რომლებიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოწყვლად ჯგუფებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეიმუშავეს. კანონი დღემდე არ მიუღიათ.
ასევე ნახეთ
დაუსჯელი სამართალდამცველები, დასჯილი აქტივისტები, სიღარიბე ბავშვებში - რას ამბობს სახალხო დამცველის ანგარიშიმაკტინა ჯინჯოლია ამბობს, რომ „ოჯახში სისტემატურ ძალადობაზე ცალკე სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული, რაც სახელმწიფოს აფერხებს დაიცვას განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები“.
„გვჯერა, რომ ბავშვების დასაცავად აუცილებელია ოჯახში ძალადობა კანონის დონეზე იყოს კრიმინალიზებული... ამ ბავშვის მოსაგონრად ვალდებულები ვართ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, - ნათქვამია ბავშვთა ომბუდსმენის განცხადებაში.
ყოფილი უფლებადამცველი ასიდა შაკრილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, უფრო კი ბოლო სამი მოწვევის დეპუტატებს აკისრებს. ამბობს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ პარლამენტარებს, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას ისინი, ვისაც ეს დაცვა სჭირდება.
„პარლამენტში წარდგენილია კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ. კანონში ჩადებულია ძალადობის პრევენციის მექანიზმები. ეს კანონმდებლობის ხერხემალია. გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. რამდენი წელი უნდა უნდა ვიმსჯელოთ, რომ ეს კანონი პარლამენტის დღის წესრიგში მოხვდეს?“ - უთხრა შაკრილმა ტელეგრამ-არხ „ოკნოს“.
10 აპრილს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გულრიფშის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამ კანონის ინიცირება გადაწყვიტეს. პარლამენტარები შეთანხმდნენ: სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ეფექტური სამართლებლივი მექანიზმი მოქალაქეების ოჯახში ძალადობისგან დასაცავად და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.
„ჩვენი ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენციაა და არა ლოდინი, კიდევ როდის რა მოხდება. ამას კანონით უნდა ვუპასუხოთ. აუცილებელია უახლოეს საკომიტეტო მოსმენაზე წამოვჭრათ საკითხი პროფილური კანონის შემუშავებაზე“, - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ინარ საძბამ.
როცა ძალადობა არ არის დანაშაული
დღეს აფხაზეთში ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე დანაშაულად არ გამოიყოფა. ადგილობრივი სამართალდამცავები წერენ, რომ ამის გამო მსგავსი შემთხვევები ხშირად კვალიფიცირდება, როგორც „ცემა“ ან „ჯანმთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება“. სასჯელი მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა - 15-30 დღე. თან საქმე იშვიათად მიდის სასამართლომდე, ნაწილობრივ, მოძალადის მხრიდან ზეწოლის გამო.
ასევე ნახეთ
"4-დან მხოლოდ ერთმა იცოდა, რომ მის შვილს აუტიზმი აქვს" - რა აჩვენა 8-10 წლის ბავშვების კვლევამ საქართველოშიაფხაზი უფლებადამცველების თქმით, ოჯახური ძალადობის თემა აფხაზეთში კვლავ იგნორირებულია როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ. სახელმწიფოს მხრიდან - იმიტომ, რომ უკვე მეექვსე წელია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ კანონი მიიღონ. საზოგადოების მხრიდან კი - იმიტომ, რომ გავრცელებული ფრაზა „ჩვენთან ეს არ ხდება“ პრობლემის უარყოფის მოხერხებულ ფორმად იქცა.
„მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ჩვენთან არ არიან პედოფილები, მოძალადეები, მკვლელები. იდეალური, ილუზორული სამყარო შევქმენით, მაგრამ რეალურად აფხაზეთში ყველა ის ბოროტება არსებობს, რომლისთვის თვალის არიდებას ასე გულმოდგინედ ვცდილობდით. გვჯერა (ან გვინდა გვჯეროდეს), რომ ტრადიციები, მსოფლიო „სიბინძურისგან“ გვიცავს. მაგრამ დღევანდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ჩამოგვხსნა ნიღბები. ჩვენთან ყველაფერი ხდება და სანამ ჩირგვში ვისხდებით, „აფსუარას“ ან ცრუ სირცხვილის გრძნობას ამოფარებულები, ეს ბოროტება ჩვენს ზურგს უკან გააგრძელებს არსებობას. გვეყო საკუთარი თავის მოტყუება. „ჩვენთან ეს არ ახდება“ - საშიში ფრაზაა, რომლითაც წლები ვმალავდით საზოგადოების რეალურ პრობლემებს. იმდენად გვეშინოდა „ჭუჭყიანი სარეცხის სახლიდან გამოტანის“, რომ საბოლოოდ ამავე სახლებში მოძალადეებთან და მკვლელებთან ერთად ერთად აღმოვჩნდით ჩაკეტილები“, - წერს ერთ-ერთი აფხაზი მომხმარებელი Facebook-ზე.
პრობლემა რომ რეალურია ამას ის მონაცემებიც ადასტურებს, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. სრულყოფილი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ცალკეული ციფრები გარკვეულწილად მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, პრობლემის მასშტაბი აღვიქვათ.
2023 წლის მდგომარეობით, აფხაზეთში ოთხი უფასო კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ისინი აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ შექმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიეტა თოფჩიანის თქმით, 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის 680 შემთხვევა და შემოსულია 1200-ზე მეტი განცხადება, უმეტესობა ქალებისა და ბავშვებისგან.
2024 წლის მაისში, სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას მიეძღვნა, თოფჩიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ამ პრობლემის არსებობას ძველებურად აღარ უარყოფენ. თუმცა არც მსჯელობენ დიდად. იმავე წელს ბავშვთა უფლებების დამცველმა 104 განცხადება მიიღო - წინა წელზე 39-ით მეტი. ძირითადად ჩივიან ძალადობაზე, ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, ალიმენტებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და დოკუმენტების არარსებობაზე. ყველაზე ხშირად მიმართავდნენ სოხუმიდან, ყველაზე ნაკლებად - გალის რაიონიდან.