ანის სახლში სიჩუმეა. მისაღებ ოთახს დიდი ფანჯრებიდან შემოსული სინათლე ავსებს. მზიანი ამინდი რომ იყოს, დღის ამ მონაკვეთში, კედელს, სადაც ანის ფოტოები კიდია, წესით, მზე უნდა ადგებოდეს.
კედლის ერთ კუთხეში კანდელი ანთია. თუკი ყურს უკეთ დაუგდებ, ყრუდ ისმის ზეთში ამოვლებული ფითილის ტკაცუნის ხმა.
მეორე კუთხეში, სკამზე, დიდი ჭიამაია მხვდება თვალში. მერიდება ვიკითხო - ეს ანის სათამაშოა? კი, ანის ჭიამაიაა.
სამი წლის წინ, 2023 წლის 17 მარტის დილას, ვიდექი ანის სახლის ფანჯრების ქვეშ და ვცდილობდი წარმომედგინა, რა ხდებოდა მეორე სართულზე, სადაც რამდენიმე წუთით ადრე, ექსპერტიზის ბიუროდან ბავშვის ცხედარი შეასვენეს.
დიდი დიღომში, პეტრიწის 8 ნომერთან ხალხი ირეოდა - ჟურნალისტები, უბნელები, მაღაზიებიდან გამოსული კონსულტანტები, გამვლელები - ხალხმრავლობის გამო რომ ჩერდებოდნენ და კითხულობდნენ:
- "რა მოხდა?"
- „12 წლის გოგო იპოვეს წუხელ... მკვდარი“.
მისაღები ოთახის დიდი ფანჯრებიდან კარგად ჩანს ის ადგილი, სადაც ანიმ, ზუსტად 3 წლის წინ, 16 მარტს, გვიან საღამოს, ნაგვის ურნაში ჩააგდო მშრალი „სუპის“ შესაფუთი ქაღალდი და ეს 112-ის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ჩანს ის სკვერიც, სადაც ანი საქანელაზე ჩამოჯდა - ესეც დაინახა გარე სათვალთვალო კამერამ. ანის გადაადგილების ტრაექტორიას თვალს ადევნებს იქვე, სკოლის ფასადზე დამონტაჟებული კიდევ ერთი კამერა - ანი მარტო მიდის გზაზე.
ბავშვი მალე გადის კამერის თვალთახედვის არეალიდან და მისი კვალიც იკარგება.
დაახლოებით 4-საათიანი ძებნის შემდეგ, რომელშიც ოჯახის წევრების გარდა, მთელი უბანია ჩართული, ანის ღამის 3 საათისთვის, მის სახლთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 200 მეტრში, ნაგავსაყრელად ქცეულ სკვერში, ძირს დახრილი ხეების ქვეშ, თითქოს საგულდაგულოდ დამალულს, პოულობენ. ბავშვის საძებნელად გამოსული მეზობელი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გოგო პირველი აღმოაჩენს, რომ ანი ცოცხალი აღარაა.
3 წელია, ანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 3 წელია, ანის ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 16-17 მარტის ღამეს.
2023 წლის 17 მარტს, ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, შსს-ს მიერ, არაოფიციალურად, პირად საუბრებში გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი „საკვების გადაცდენით“, ასფიქსიით გარდაიცვალა.
ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების მიზეზი რომ ნამდვილად ასფიქსია იყო, მოგვიანებით დადასტურდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნით.
სასამართლო სამედიცინო დიაგნოზში ვკითხულობთ: „მექანიკური ასფიქსია - ასპირაციული ასფიქსია - სასუნთქ გზებში საკვები მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად, ფილტვების მაგისტრალურ და პერიფერიულ ბრონქებში ასპირაციული საკვები მასების „კუჭის შიგთავსის“ არსებობა, ხორხის, სასულეს და ბრონქების ლორწოვანის ჰიპერემია“...
თუმცა რამ გამოიწვია პირღებინება და შედეგად ბავშვის გაგუდვა - ამ კითხვაზე პასუხი მისი გარდაცვალებიდან სამი წლის თავზეც კი არ არის.
ანის დედისთვის, ნატო ხუტაშვილისთვის, დაუჯერებელია თავდაპირველად გავრცელებულ ვერსია, რომ მისი შვილი „საკვების გადაცდენით“ გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა:
„ბავშვმა ე.წ. „მშრალი სუპი“, შემთხვევამდე 40 წუთით ადრე მიიღო, ეს ჩანს კამერის ჩანაწერებში და 40 წუთის შემდეგ როგორ გადაცდა ლუკმა? ეს ხომ აბსურდია. რამ გამოიწვია პირღებინება, ამაზე პასუხი არ არის. ინტოქსიკაცია რომ არ იყო, ესეც დადასტურებულია კვლევით“.
ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.
იმედი მქონდა, რომ სადმე ვიპოვიდი, თუნდაც, ნაცემს, გაუპატიურებულს, მაგრამ ცოცხალს...
ანის დედას პირველად შვილის გარდაცვალებიდან 3 კვირაში, 2023 წლის 6 აპრილს, ტელეფონით ველაპარაკე. მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ჟურნალისტთან პირისპირ ურთიერთობა უჭირდა. მაშინაც დარწმუნებული იყო, რომ ანი მოკლეს. 3 წლის თავზე, ერთმანეთს პირადად შევხვდით. საბედისწერო ღამის დეტალებს იხსენებს:
„იმ საღამოს, ანი ძაღლთან და დეიდაშვილთან ერთად, რომელიც ჩვენი კარის მეზობელია, სასეირნოდ გავიდა. ბავშვებმა იყიდეს ე.წ. „მშრალი სუპი“, საკნატუნოდ, მერე რაღაც მომენტში წაკამათდნენ, ჩემი დისშვილი ამოვიდა სახლში და ანი დარჩა ეზოში, მე ეს არ ვიცოდი, მეგონა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ანი ჩემს დისშვილთან შევიდა სახლში, კარის მეზობლად“...
მისაღებ ოთახში მდგარ სავარძელზე მანიშნებს:
„აი, აქ ვიჯექი, ველოდებოდი ანის ამოსვლას. 10 წუთით ჩამთვლიმა და გამომაღვიძა უცნაურმა სიზმარმა, უფრო ზუსტად, შეგრძნებამ - თითქოს ფანჯრიდან შემოანათა სინათლემ და ჩემში შემოვიდა. იმ წამსვე გამეღვიძა, დავხედე საათს, 23:15 წუთი იყო. მაშინვე მივწერე ჩემებს, შემოვიდეს ანი, ძილის დრო არის-მეთქი. მითხრეს, ანი ჩვენთან არ არისო. მაშინვე მივხვდი, რა უბედურებაც დამემართა“, - იხსენებს ანის დედა.
„ბავშვის საძებნელად რომ გავცვივდით, მე, ჩემი ქმარი, ახლობლები, მეზობლები, ყველას ვეუბნებოდი, მიტოვებულ ადგილებში ეძებეთ-მეთქი. ქვევით გარაჟებია, იქ ყველაფერი ფეხდაფეხ დავიარე. იმედი მქონდა, რომ სადმე ვიპოვიდი, თუნდაც, ნაცემს, გაუპატიურებულს, მაგრამ ცოცხალს“.
ანის სხეულზე დათვლილი 39 დაზიანება
ბავშვის სხეულზე სამედიცინო ექსპერტმა 39 დაზიანება აღწერა. ეს დაზიანებები ზედმიწევნით შეისწავლა დედამაც. სწორედ ეს დაზიანებებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია:
„ნეკნებზე აქვს დალურჯებები. ასევე ყელის არეში აქვს ღრმა ჩალურჯება და სისხლნაჟღენთები, რომელიც მოგუდვისას შეიძლებოდა გასჩენოდა. ტუჩები აქვს დახეთქილი. ცხვირი აქვს გაკაწრული. შუბლის არეში კანი აქვს ღრმად დაზიანებული და მოსდის სისხლი. თავის უკანა მხარეს აქვს დალურჯებები. თმა ისე ჰქონდა, თმაში რომ სწვდები ადამიანს, აუბურდავ. გამოვარდნილი ჰქონდა საყურე და ზევით, თმაში ჰქონდა გარჭობილი. უკნიდან, ფეხში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ, წიხლი. უკნიდან ხომ ვერ ჩაირტყამ წიხლს? ყელთან დაზიანებაზე ექსპერტმა გვითხრა, რომ შეიძლება, გული რომ ერეოდა, ყელთან, ჯემპრს ექაჩებოდა და ასე დაიზიანაო, რაც აბსურდია“.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტი, დავით გრიგოლია, რომელსაც ანი იანუშაიტიტეს საქმეზე გამოძიებამ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი წარუდგინა 2023 წლის ოქტომბერში, 2025 წლის დეკემბერში კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს დაზიანებები ბავშვს მკვრივი, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. თუმცა, რა გარემოებაში მიიღო დაზიანებები, ამბობს, რომ ამას ის ვერ დაადგენდა:
„დიახ, დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგალითად, ხელი, ტოტი, ქვა... მკვრივი ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს რაიმე ზედაპირიც კი. გამოძიების საქმეა, რა გარემოებაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა დაზიანებები. ამას ჩვენ ვერ ვადგენთ, ეს არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო. ეს არის გამოძიების სფერო - საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველზე შექმნას სრული სურათი“, - უთხრა რადიო თავისუფლება დავით გრიგოლიამ.
სკვერში გაჩეხილი ხეები
ტერიტორია, სადაც 12 წლის ანი გარდაცვლილი იპოვეს, ნაგავსაყრელად ქცეული სკვერია. ასეთი იყო ის სამი წლის წინაც და ასეთია დღესაც.
ამ ტერიტორიაზე მოხვედრა სამი გზითაა შესაძლებელი. ერთი - კორპუსების მხრიდან მისასვლელი გზა, შედარებით „მარტივი“, თუმცა, განსაკუთრებით ღამით, ისიც მიუვალი. მეორე შესასვლელიდან რომ შეხვიდე, მაღალ, რკინის მილებს უნდა გადააბიჯო.
მესამე გზა ციცაბო აღმართია - იქიდან ასვლას თუ გადაწყვეტ, ხელებით უნდა ჩაეჭიდო მიწას და ისე აცოცდე.
სახლში მისასვლელად, ანის ამ სკვერის გადაჭრა არ სჭირდებოდა. ანის დედა ამბობს, რომ ნაგავსაყრელად ქცეულ, მიტოვებულ ტერიტორიაზე, მისი შვილი საკუთარი ნებით არ შევიდოდა. და მეტიც, საკუთარი ნებით "არ შეწვებოდა, 45 გრადუსით დახრილი ხეების ქვეშ", სადაც ის გარდაცვლილი ნახეს:
„ბავშვი, რომელსაც გართულება ჰქონდა სისუფთავეზე, იმ სანაგვეში შეძვრეს და იქ დაწვეს? თან დახრილი ხეების ქვეშ? როდესაც ექსპერტს შევხვდით, გვითხრა, საკვები რომ გადასცდა, შესაძლოა, გონებადაბინდული დარბოდა და შეიძლება ამ დროს დაიზიანა თავიო.
იქ არის მაღალი მილი. ანუ, გონებაარეული ბავშვი, იმ მილს გადაახტა და ისე აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე. არც ჩემი შვილი და არც სხვა ბავშვები არ შედიოდნენ იქ, რადგან იქ იყო და არის სიბინძურის ბუდე, გაუვალი ტერიტორია, ტუალეტად ქცეული ადგილი, ნარკომომხმარებლების ბუდე. გამორიცხულია, რომ ჩემი შვილი იმ ტერიტორიაზე თავისი ნებით შესულიყო. ბავშვი იქ იძულებით არის გადაყვანილი, მისი ცხედარი საგანგებოდ იყო გადამალული ხეების ქვეშ“, - ამბობს ანის დედა.
2023 წლის აპრილის დასაწყისში, ანის გარდაცვალებიდან 18 დღის თავზე, სკვერში, სადაც ანი იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ანის ოჯახმა და მათმა ადვოკატებმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სავარაუდო დანაშაულის ადგილის შესასწავლად კიდევ ერთხელ მივიდნენ, იქ კი გაჩეხილი დახვდათ ის ტერიტორია, სადაც ანის გვამი აღმოაჩინეს.
ანის ოჯახის წევრების და ადვოკატების პროტესტს იმავე დღეს, განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერია, სადაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივების მოთხოვნით დაიწყო:
„დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით“, - წერდა 2023 წლის 4 აპრილს თბილისის მერია.
3 წლის შემდეგ, ნაგავსაყრელად ქცეული სკვერის ტერიტორია კვლავ მოუწესრიგებელია. ელისო რუხაძე, ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სავარაუდო დანაშაულის ადგილის განადგურების და მტკიცებულებათა დაზიანების საქმეზე ცალკე გამოძიებაა დაწყებული:
„ამ საქმეს ცალკე ნომერი აქვს მინიჭებული. დღემდე ვითხოვთ, გავიგოთ, რა მიზანი ჰქონდა შემთხვევის ადგილის დაზიანებას. გვაქვს კითხვები, რატომ გაიჩეხა ეს სკვერი, ვისი დავალება იყო, იყო თუ არა ეს შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან. ამ კითხვებს უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი“.
დამტვრეული ტელეფონი, თითის ანაბეჭდების გარეშე
ანის ტელეფონი გამოძიებამ 17 მარტს, იმავე სკვერში აღმოაჩინა, სადაც ღამით 12 წლის ბავშვის დაკაწრული და უსულო სხეული იპოვეს.
"ტელეფონი იპოვეს მხოლოდ მეორე დღეს. არადა, იმ ღამეს სამართალდამცავებს მოტანილი ჰქონდათ მაღალი ხილვადობის განათებები. თუკი ეს ტელეფონი მანამდე იქ ეგდო, მაშინ იმავე ღამეს უნდა ეპოვათ. იმ ადგილიდან სადაც ანი ვიპოვეთ, დაახლოებით 30 მეტრში ეგდო ტელეფონი"
ტელეფონი გათიშული, ხოლო მისი ეკრანი დამტვრეული იყო. ანის დედას დღემდე არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ გაითიშა ტელეფონი, რას შეიძლებოდა გაეტეხა ის. მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტელეფონზე არ აღმოჩნდა თავად ბავშვის თითის ანაბეჭდებიც კი:
„ტელეფონი გათიშულია 23:15 წუთზე. ვერ მისახელებენ გათიშვის მექანიზმს, თავისით გამოირთო თუ ვინმემ გამორთო... ვვარაუდობ, რომ ტელეფონი ვიღაცამ გაწმინდა და ისე დააგდო, რადგან ტელეფონზე არ არსებობს ანის ანაბეჭდიც კი, სხვის ანაბეჭდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ“.
კაცი კაპიუშონით
ანის მამა, ბენი იანუშაიტიტე ირწმუნება, რომ ღამით, როცა შვილს ეძებდა, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მოგვიანებით ანი იპოვეს, შეეჩეხა კაცს კაპიუშონით.
მოგვიანებით, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, ამ ადამიანის ფოტორობოტიც შეიქმნა.
„თავდაპირველად გამოძიებამ უარი გვითხრა ფოტორობოტის შექმნაზე და ის ნაცნობს დავახატინეთ, თუმცა, მოგვიანებით, ფოტორობოტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტურმა დეპარტამენტმაც შექმნა.
როდესაც მე და ჩემი მეუღლე გამოვვარდით სახლიდან, დავიქსაქსეთ და სხვადასხვა მიმართულებით გავიქეცით. ვეკითხებოდით გამვლელებს, ბავშვი ხომ არ უნახავთ... ბენი იმ ტერიტორიის სიახლოვეს არბის, სადაც მოგვიანებით ანი იპოვეს და ხედავს კაპიუშონიან კაცს. ბენი ამბობს, რომ ამ კაცისთვისაც უნდოდა ეკითხა, ხომ არ დაუნახავს ბავშვი, მაგრამ სახეზე რომ შევხედე, ისეთი შეშლილი თვალები ჰქონდა, ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის კითხვას და თავი დავანებეო“, - გვიყვება ნატო ხუტაშვილი.
„დავიწყებული“ კამერები?
ანი იანუშაიტიტეს დედა თვლის, რომ გამოძიების ინერტულობა ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როცა შვილის გარდაცვალების პირველივე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი „საკვების გადაცდენით“ დაიღუპა:
„ფაქტობრივად, არავინ იყო მოსაძებნი“...
მისი თქმით, ბავშვის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე, ანის მამა და ნათლია, ტერიტორიაზე, გარე-სათვალთვალო კამერების აღსაწერად გავიდნენ, რომ დახმარებოდნენ გამოძიებას:
„გრძელი სია გადავეცით გამოძიებას. ჩავთვალეთ, რომ ამოღებული იყო ყველა კამერა“, - მომხდარიდან სამ თვეში, ანის ოჯახმა აღმოაჩინა, რომ საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საქმის მასალებში არ იდო:
„გამოძიებამ მოგვცა ჩანაწერები და დავიწყეთ ამ მასალის შესწავლა. შევნიშნეთ, რომ 112-ის ერთ კამერას, ძალიან შორი კადრიდან ჰქონდა დაფიქსირებული, როგორ გადარბის გზაზე გაურკვეველი პირი არეული ტრაექტორიით, შემთხვევის ადგილიდან არც ისე შორს, დაახლოებით 20 წუთის ინტერვალში. შერბის რაღაც გამწვანებულ სივრცეში, გარბის მარტო.
ეს გზა მიდის საბავშვო ბაღთან. მოვძებნეთ ბაღის კამერების ჩანაწერები კარტოთეკაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბაღის კამერების ჩანაწერები არ არსებობდა“.
ანის დედის თქმით, გამოძიებამ უთხრა, რომ „ამ კამერების ჩანაწერების ამოღება დაავიწყდათ“.
„ეს იყო შოკი. როგორ შეიძლებოდა, დავიწყებოდათ. თავად მივედი ბაღში და მოვიკითხე კამერების ჩანაწერები. ბაღში მითხრეს, რომ იყვნენ მისულები გამომძიებლები, გადაამოწმეს კამერები და წავიდნენ. მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყვნენ მოსულები და დაათვალიერესო.
როდესაც დავრეკე გამოძიებაში და ვუთხარი, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ ბაღში კამერების დასათვალიერებლად იყვნენ მისულები, ამჯერად მითხრეს, იმიტომ არ ამოვიღეთ ბაღის კამერების ჩანაწერები, რომ არაფერი ჩანდაო. ჯერ „დაავიწყდათ“, შემდეგ „არაფერი ჩანდა“, - გვეუბნება ნატო ხუტაშვილი, რომელსაც საქმეში არსებული ყველა ასეთი არათანმიმდევრული ქმედება კითხვის ნიშნებს უჩენს.
„დაობებული“ ანაწმენდები? - ბრალდება ექსპერტის წინააღმდეგ
სამედიცინო ექსპერტი, 16-წლიანი პრაქტიკით, დავით გრიგოლია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 17 მარტის ღამეს, შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავების შემდეგ მივიდა. იქ დაათვალიერა ანის გვამი, დაადასტურა მისი გარდაცვალება და შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სასექციო მაგიდაზე, 5 საათისა და 12 წუთის განმავლობაში სწავლობდა ბავშვის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ასურათებდა და იღებდა ანაწმენდებს.
მან 12 წლის გოგოს სხეულიდან და სამოსიდან 99 ანაწმენდი აიღო.
მალე ის სამი ანაწმენდის დაზიანებაში დაადანაშაულეს.
ცალკე გამოყოფილი საქმით, 45 წლის ექსპერტს გამოძიება ედავებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა - საქმის მასალების მიხედვით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან - სახიდან და მტევნებიდან აღებული ანაწმენდები „დაობდა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ელოდა.
სამხარაულის ბიოლოგიური ექსპერტი, ნინო კვიწინაძე წერდა, რომ პაკეტში მოთავსებული დოლბანდი, სადაც ანაწმენდები იყო დატანილი, „მოყვითალო ფერის ლაქებითა და მოშავო-მონაცრისფრო ობისმაგვარი დანაშრევით“ იყო დაფარული.
ბრალდება ექსპერტს ედავებოდა, რომ დოლბანდები, სადაც მან ანაწმენდები განათავსა, სათანადოდ არ გააშრო და შესაბამისად, პოლიეთილენის პარკში მოთავსების შემდეგ ის დაზიანდა.
ასევე, გამოძიება დაობდა იმაზეც, თუ რატომ მოთავსდა ანაწმენდები პოლიეთილენის პარკში და არა სხვა მასალის, მაგალითად, ქაღალდის პაკეტში.
ანის დედა დარწმუნებულია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტს ბრალი მიუძღვის არა მხოლოდ სამი ანაწმენდის დაზიანებაში, არამედ იმაშიც, რომ არ აიღო ანაწმენდები სათანადო ადგილებიდან და სათანადო რაოდენობით, რის გამოც, შესაძლოა, დაიკარგა, სავარაუდო მოძალადის დნმ-ის კვალი:
„ექსპერტს ევალებოდა, აეღო ანაწმენდები სხეულის დაზიანებული უბნებიდან. ეს დაზიანებული უბნები არის მრავლად. თუმცა ანაწმენდები აღებულია მინიმალურად. ამასთანავე, მან აიღო ანაწმენდი პირნაღებინები მასიდან, თუმცა, არ აიღო სუფთა ადგილიდან - სახე, შუბლი, ყურები, ბავშვს სავსე ჰქონდა სუფთა ადგილები... მას უნდა სცოდნოდა, რომ კუჭიდან გამოყოფილი მჟავა სპობს დნმ-ს. ბავშვს უამრავი ადგილი ჰქონდა, საიდანაც შეეძლო ისეთი ანაწმენდის აღება, საიდანაც შესაძლოა, მოძალადის გენეტიკური კვალი ამოსულიყო, მაგრამ ეს არ აქვს გაკეთებული“.
გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ, სამხარაულის ექსპერტი გაამართლა. მოსამართლე 108-გვერდიანი გადაწყვეტილების ბოლოში წერდა:
"სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ დავით გრიგოლიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში".
ამჯერად, საქმე პროკურატურას სააპელაციოში აქვს გასაჩივრებული, თუმცა, სხდომა ჯერ არ დანიშნულა.
"მე ყველაფერი გავაკეთე სტანდარტის დაცვით"
ექსპერტის საქმეზე სასამართლო სხდომები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არც თავად ექსპერტს, დავით გრიგოლიას და არც მის ადვოკატს, თაკო კუჭავას, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარი დავით გრიგოლიამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. ამბობს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც ლაპარაკს და ვერც საკვების მიღებას ვეღარ ახერხებდა.
„მაბრალებდნენ, რომ კვლევას მივუდექი ზედაპირულად. მე ყველაფერი გავაკეთე სტანდარტის დაცვით. გვამი დავათვალიერე დეტალურად, რაც გულისხმობს, ტანსაცმლის, აბსოლუტურად ყველა ნივთის დათვალიერებას, აღწერას, ამოღებას, დალუქვას და გამოძიებისთვის გადაცემას.
ავიღე რამდენიმე ათეული ნიმუში, ანაწმენდები, ყველა ღრუს ნაცხი, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, რაც გამოძიებას თეორიული დაშვების დონეზე ჰქონდა მითითებული და მოთხოვნილი, ყველაფერი ავიღე და გადავეცი გამოძიებას“.
დავით გრიგოლია ირწმუნება, რომ დოლბანდები, რომელთა დაობებასაც ედავებოდა გამოძიება, სრულად გაშრობის შემდეგ მოათავსა პოლიეთილენის პაკეტებში და სამ ნიმუშზე, ანაწმენდებზე სახიდან და მტევნებიდან, არა ობი, არამედ პირნაღებინები მასის ანაწმენდი იყო:
„სწორედ ამიტომ დაიწერა დასკვნაში „ობის მაგვარი“ და არა ობი. დოლბანდზე გადასულია ზუსტად ის კვალი, რა მდგომარეობაშიც იყო ბავშვის სახეზე არსებული კვალი - მიწა და პირნაღებინები მასა. პირნაღებინები ანაწმენდის ქაღალდზე გადატანის შემდეგ გაჩენილი ლაქა კი ჩაითვალა სისველედ და არა ცხიმად, რაც რეალურად სწორედ ცხიმი იყო“, - ამბობს ექსპერტი.
მისი ადვოკატი, თაკო კუჭავა სასამართლოს სხდომაზე დასმულ კითხვას იხსენებს - ბიოლოგიურ ექსპერტს, რომელმაც ანაწმენდი "ობის მაგვარი" წარმონაქმნს შეადარა, ადვოკატმა კითხა:
„თუ იყო მისთვის ცნობილი, დავით გრიგოლიამ რა ზედაპირი აწმინდა? ის ამბობს, რომ მისთვის ეს არ იყო ცნობილი. სხდომაზე ბავშვის ფოტოს წარდგენის შემდეგ, სადაც ჩანს მის ლოყაზე გადმოსული პირნაღებინების კვალი, მან თქვა, რომ მე დავწერე ობის მაგვარი, რასაც მივამსგავსე, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, რა ტიპის ზედაპირიდან იქნა აღებული ნიმუშიო.
როდესაც ვკითხე, რომ ეს იყო სისველე თუ პირნაღების ლაქა [ცხიმი], მითხრა, რომ ამის განსაზღვრა მას არ შეეძლო. თუმცა, ამის შემდეგ გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, ბრალდების მოწმეებიც და მათ დაადასტურეს, რომ ცხიმი თითქმის არ შრება. და შესაბამისად, ცხიმით დასველებული ნებისმიერი ობიექტი ტოვებს იმგვარ ლაქას ქაღალდზე, როგორიც იქ დარჩა“.
ანის დედა ამბობს, რომ სახისგან განსხვავებით, მის შვილს სუფთა ხელები ჰქონდა და შესაბამისად, უჩნდება კითხვა, თუკი ექსპერტმა ბავშვის სახიდან პირნაღებინები მასის ანაწმენდი აიღო და დოლბანდზე არა ობი, არამედ სწორედ ეს მასა იყო დატანილი, მაშ, რატომ გაჩნდა ანალოგიური, ობის მსგავსი ლაქები სუფთა ხელებიდან აღებულ ანაწმენდებზე?
ნატო ხუტაშვილის ამ კითხვაზე ექსპერტს ასეთი პასუხი აქვს:
"როგორც წესი, ცხედარი ტრანსპორტირების შემდეგ სხვა მდგომარეობაში მოდის პროზექტურაში. შესაძლოა, მოხდეს გარკვეული გადანაცვლება", - დავით გრიგოლია ირწმუნება, რომ ექსპერტიზის ბიუროში მიყვანის შემდეგ ანი იანუშაიტიტეს ხელებიც პირნაღებინები მასით ჰქონდა დასვრილი.
თაკო კუჭავა ამბობს, რომ გამოძიებამ დავით გრიგოლიას ბრალი ისე წარუდგინა, რომ არ ჩაუტარებია კვლევა ობზე, ანუ მისი თქმით, არ ჩაუტარებიათ იმ დოლბანდისა და ანაწმენდის კვლევა, რომლის „დაობებასაც ედავებოდნენ“:
„მე რომ გამომძიებელს დაკითხვისას ვკითხე სასამართლოში, რატომ არ ჩაატარეთ ობის კვლევა, რის გამოც ადამიანი ზის საბრალდებო სკამზე-მეთქი, მიპასუხეს, იმიტომ, რომ დოლბანდი უნდა გადაიგზავნოს შემდგომ კვლევებზეო. ანუ ვარგისია კვლევებისთვის-მეთქი? ამაზე გამოძიებამ პასუხი არ გამცა“, - ამბობს თაკო კუჭავა.
„ნიმუშებს ვიღებდი ხუთი საათის განმავლობაში. თითო ანაწმენდს თითო დოლბანდზე ვდებთ და ბოლოს, თითოეულ ნიმუშს ცალკე პაკეტში ვათავსებთ. ჩვენ წლებია ვსარგებლობთ ერთი და იმავე პაკეტებით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითა და სანიტარული რეგულაციებითაა შექმნილი. ეს პაკეტები იმიტომაა ასეთი, რომ დაცულია ნიმუში როგორც შიგნიდან, ისე გარემოს ზემოქმედებისგან“ - განმარტავს დავით გრიგოლია.
ანაწმენდების შესანახ ორშრიან პოლიეთილენის პაკეტს, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იყენებს, დატანილი აქვს მინიშნება „ბიოლოგიური“ და ის განკუთვნილია სწორედ ბიოლოგიური ნიმუშის შესაფუთად.
დავით გრიგოლიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ანაწმენდების სხვა, ალტერნატიული დასალუქი საშუალებები. ეს დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა სხვა ექსპერტებმაც.
ეს თქვა მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევის სამმართველოს ექსპერტმა, სოფიკო ბელქანიამაც. მისი თქმით, ქაღალდის დასალუქი პაკეტები სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს არასდროს ჰქონია და მათ მიერ აღებული ნიმუშები არასდროს დალუქულა ქაღალდის პაკეტებში.
მისი თქმით, ექსპერტები ჯანდაცვის მიერ მოწოდებული წესების თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვან ბიოუსაფრთხოების ნორმები, ვინაიდან კვლევის პროცესში წინასწარ არ იციან გვამი დაბინძურებულია თუ არა რაიმე პათოგენით. „ბიოუსაფრთხოების სტანდარტები იცავს, როგორც ექსპერტებს, აგრეთვე სხვა თანამშრომლებსაც და იმ პირებს, ვისაც შეხება ექნებათ გვამიდან აღებულ მასალებთან“.
ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ პოლიეთილენის პარკებს გამოიყენებს ნიმუშების შესანახად, ამას რადიო თავისუფლებას ოფიციალურად უდასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც:
"ბიურო ნივთმტკიცებების მისაღებად, შესაფუთად და დასალუქად იყენებს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შესყიდულ პოლიეთილენის პაკეტებს, რომელიც დამზადებულია მაღალი წნევის, დაბალი სიმკვრივის (LD-PE) ორშრიანი პოლიეთილენის მასალისგან, რომელიც მათ შორის განკუთვნილია ბიოლოგიური ნიმუშისთვის და აკმაყოფილებს ბიოთავსებადობისა და ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს (UN3373 სტანდარტები და ISO 15189 სტანდარტები)".
რაც შეეხება გვამიდან ანაწმენდების აღებას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან წერს:
"[აღნიშნული] მოხდა არსებული წესებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს, რაიმე ნორმატიული აქტი ან საერთაშორისო ISO სტანდარტი არ ავალდებულებს არსებულისგან განსხვავებული წესებით ან პროცედურით აღნიშნულის განხორციელებას".
ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ბიოლოგიური ნიმუშის აღების პროტოკოლი
დავით გრიგოლიაც ამბობს, ის მუშაობდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა, როგორც ირკვევა, ლევან სამხარაულის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი არ არის აკრედიტებული საერთაშორისო ISO სტანდარტებით და არ აქვს შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების პროტოკოლი სხეულიდან ანაწმენდების აღების შესახებ.
„ბავშვი 2023 წლის მარტში გარდაიცვალა. ექსპერტიზის ნიმუშის აღების წესის [პროტოკოლის] შემუშავება კი ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო იმავე წლის ივლისში და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მე დამევალა ამ პროტოკოლის შემუშავება - როგორ უნდა მოხდეს გვამიდან და ცოცხალი პირიდან კვლევებისთვის განკუთვნილი ბიოლოგიური ნიმუშის აღება. ეს პროტოკოლი დღემდე არ შემუშავებულა, რადგან, სანამ პროტოკოლზე მუშაობას დავიწყებდი, რამდენიმე დღით ადრე წამიყენეს ბრალი“, - ამბობს დავით გრიგოლია.
კითხვაზე, რატომ არ აიღო ექსპერტმა ანაწმენდი ე.წ. სუფთა ადგილებიდან, თაკო კუჭავა ამბობს:
„როდის ეძებს გამოძიება სახესა და ხელებზე დნმ-ს? როცა გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო, მაგალითად, მოხრჩობა. გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი ანატომიურად დამტკიცებულია, რომ ეს იყო ასფიქსია გამოწვეული პირნაღებინები მასით. თუკი 99 ნიმუშში არ ამოვიდა მითიური მოძალადის დნმ, მაინც და მაინც ამ სამ ნიმუშში რატომ უნდა ყოფილიყო ნაპოვნი გენეტიკური კვალი, ეს გამოძიებამ ვერ დაადასტურა“.
დავით გრიგოლია ამბობს, რომ გენეტიკური კვალი არ იქნა აღმოჩენილი არც იმ დოლბანდზე, რომლითაც ადგილზე, მის მისვლამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოწმინდა სახე ბავშვს, რათა რეანიმაციული პროცედურები ჩაეტარებინათ.
„დაკარგული თმის ღერი“
ნატო ხუტაშვილი ექსპერტს კიდევ ერთი მტკიცებულების, „ბავშვის ფრჩხილში არსებული თმის“ დაკარგვაშიც ადანაშაულებს.
„ეს თმა აღმოვაჩინე მაშინ, როდესაც მისული ვიყავი საგამოძიებო სამსახურში მასალების სანახავად და მოვითხოვე ფოტოების გადიდება. როდესაც გავადიდე კიდურები, დავინახე, რომ ბავშვს ფრჩხილში ჩარჩენილი ჰქონდა თმა. მათთვისაც ახალი გარემოება აღმოჩნდა ეს.
ამ ფოტოზე ჩემი შვილის ხელი უჭირავს სამედიცინო ექსპერტს და წესით, უნდა შეეხედა ფრჩხილებზე, ფრჩხილებს ქვეშ“.
ფოტო პროკურატურამ გამოკვლევაზე გააგზავნა გერმანიაში:
„ასეთი კითხვა დაისვა, ეს თმისმაგვარი რამ, მიკრული იყო ლინზაზე, თუ ის მდებარეობდა ფრჩხილქვეშ. მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის ფრჩხილქვეშ, თუმცა, თმა არის, თუ თმის მაგვარი რამ, ამის წარმომავლობაზე პასუხი ვერ მოგვცეს, რადგან ეს იყო ფოტო. თავად დავით გრიგოლიამ გვითხრა, რომ ეს, სავარაუდოდ, იყო ოპტიკური ანარეკლი“.
თმის ღერის შესახებ გაჩენილ კითხვებს დავით გრიგოლია ასე პასუხობს:
„მე მევალებოდა მხოლოდ გვამის გარეგნული დათვალიერება, რაც გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ დავადასტურო გარდაცვალება, გვამური გაშეშება, დაწყებულია თუ არა ლაქები. ყველა სხვა ნივთმტკიცებას იღებს კრიმინალისტი ექსპერტი. სასამართლომ დაკითხა ექსპერტ-კრიმინალისტები და მათ თქვეს, რომ იქ არ ყოფილა თმა. ეს იყო ღამით, ხელოვნური განათების პირობებში გადაღებული ფოტოები და ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლოა, ეს იყო ოპტიკური კვალი.
თუკი შემთხვევის ადგილზე რაიმე დაიკარგა, ამაზე პასუხისმგებელია გამომძიებელი და ექსპერტ კრიმინალისტი, რომელიც ათვალიერებს ადგილს. გამომძიებელი აძლევს მითითებას შემთხვევის ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს“, - ამბობს დავით გრიგოლია.
ელისო რუხაძე, 12 წლის ანის ოჯახის ინტერესების დამცველი გვეუბნება, რომ დავით გრიგოლიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა „არასაკმარისი მტკიცებულებების გამო“. მისი თქმით, ეს განაჩენი აჩვენებს სისტემურ პრობლემას:
„მათ შორის, რაოდენ დიდი პრობლემა აქვს თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ყველა პროცესს დავესწარი და ყველა ექსპერტი ღიად აცხადებდა, რომ სამხარაულის ადმინისტრაციას არ აქვს სათანადო დებულებები და ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, რომლითაც მოწესრიგდებოდა მათი უფლება-მოვალეობები. მოხდა ისე, რომ სამედიცინო ექსპერტებს დაევალათ, მაგალითად, ბიოლოგიური ექსპერტის ფუნქციების შეთავსება და პრაქტიკულად, ამ სისტემურმა პრობლემამ, რომელიც ინსტიტუციას ჰქონდა, შექმნა ნიადაგი ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენისთვის“, - ამბობს ელისო რუხაძე.
რატომ არ წერს საბოლოო დასკვნას კომისიური ექსპერტიზა?
ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე ოჯახი უკვე ორ წელზე მეტია ელოდება კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
კომისიური ექსპერტიზა 2023 წლის 4 მაისს შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარეა რევაზ ლომთაძე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი.
როგორც ნატო ხუტაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რევაზ ლომთაძემ შეხვედრისას უთხრა, რომ მისი აზრით, გარდაცვალების მიზეზი იყო „უბედური შემთხვევა“.
„ჩავეძიეთ საუბარში, აღმოჩნდა, რომ მას ეს საქმე წაკითხული არ ჰქონდა. თუმცა, ჰქონდა საკუთარი მოსაზრება. ესეც ბადებს კითხვებს“ - ამბობს ნატო ხუტაშვილი. მან, ადვოკატთან ერთად ხუთჯერ მისწერა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს - კომისიური ექსპერტიზის დასკვნის თარიღის გასაგებად. პასუხი არ მიუღია.
"ექიმების დროის დეფიციტი..." - ექსპერტიზის ბიუროს პასუხი რადიო თავისუფლებას
ვიკითხეთ ჩვენც: მოხერხდა თუ არა კომისიურ ექსპერტიზისთვის საჭირო ყველა პროფილის ექიმის შეკრება და როდის იგეგმება კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულება?
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან 13 მარტს მიღებული ზოგადი, წერილობითი პასუხის თანახმად, ექიმების შეკრება, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა:
"აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ექსპერტიზაში ჩართვა დამოკიდებულია მათ თანხმობაზე, ექიმების დროის დეფიციტი და სხვა რიგი გარემოებები კი მათი მხრიდან ხშირ შემთხვევაში უარის საფუძველია.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა წარმოების პროცესშია. ექსპერტიზის წინაშე დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, ექსპერტიზაში ჩართვის მიზნით მოთხოვნილი მიმართულების ექიმ-სპეციალისტებიდან სამი მიმართულების ექიმ-სპეციალისტი ამჟამად ჩართულია კვლევის პროცესში, ხოლო ერთი მიმართულების ექიმ-სპეციალისტი მოძიების პროცესშია, ვინაიდან ექსპერტიზის დანიშვნიდან დღემდე, რამდენიმე სპეციალისტმა უარი განაცხადა ექსპერტიზაში ჩართვაზე".
როდის იგეგმება კვლევის დასრულება, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
"ამ ეტაპზე, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის" - პროკურორის პასუხი
ლევან ვეფხვაძეს, ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმის პროკურორს, საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან ვხვდები.
წინასწარ მაფრთხილებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვებზე დეტალურ პასუხებს ვერ გამცემს და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება.
ამ ზოგადი პასუხებიდანაც ჩანს, რომ სამი წლის თავზე გამოძიებასაც გაცილებით მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი.
"გეტყვით, რომ გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი ვერსიის წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის, საეჭვო პირის გამოკვეთის შემთხვევაში, შსს-ს საგამოძიებო სამსახური ახდენს დაუყოვნებლივ გადამოწმებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ დაზარალებულ მხარესთან. გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის, მათგანაც ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას და ხდება არაერთი ინფორმაციის გადამოწმება. ამ ეტაპზე, რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ - ამბობს ვეფხვაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება.
მისი თქმით, გამოძიებას ექსპერტიზის ბიუროში ათეულობით კითხვა აქვს გაგზავნილი ბავშვის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების ხარისხთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ისიც ელის კომისიური ექსპერტიზის დასკვნის პასუხს:
„ამ დასკვნის გარშემო უნდა გაკეთდეს შეფასებები. ჩვენ ვერ ვერევით ექსპერტიზის დასრულების ნაწილში, ეს არის სამხარაულის ბიუროს ფარგლებში ჩასატარებელი ექსპერტიზა. ზოგადად, კომისიური ექსპერტიზის დასრულების ვადა არ არის დადგენილი, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“.
ლევან ვეფხვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება რომ გამოძიებას გარკვეული ნიმუშები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი აქვს საზღვარგარეთ, თუმცა, დეტალებს, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს.
საქმის მასალების თანახმად, ანი იანუშაიტიტეს სხეულსა და სამოსზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი გენეტიკური კვალი - მამისა და იმ ექიმის კვალი, რომელმაც ბავშვს შემთხვევის ადგილზე რეანიმაციული მანიპულაციები ჩაუტარა. ხომ არ დევს საქმეში ინფორმაცია სხვა, დაუდგენელი პირის გენეტიკური კვალის შესახებ, ლევან ვეფხვაძე გვეუბნება, რომ ამასთან დაკავშირებით, ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლას, საქმის პროკურორი ამბობს:
„ამ საქმეზე ძალიან მოცულობითი, დეტალური ინფორმაცია არსებობს, მათ შორის, ვსწავლობთ ტელეფონებს, რომლებიც იმ ღამეს, სატელეფონო ანძების თანახმად, ფიქსირდებოდა იმ ტერიტორიაზე. ასევე, ამოღებულია არაერთი კამერა. მათ შორის, დაზარალებულ ოჯახს ჰქონდა კონკრეტულ კამერებთან დაკავშირებით კითხვები. გეტყვით, რომ საბავშვო ბაღიდან ამოღებულია DVR [ციფრული ვიდეოჩამწერი] და დანიშნულია ექსპერტიზა".
მიმართვა პრემიერ-მინისტრს - ნატო ხუტაშვილის ერთადერთი მიზანი
12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა „ქართული ოცნების“ ლიდერს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს:
„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში დადიოდეს 12 წლის ბავშვის მკვლელი და ხალხი იყოს მშვიდად. თუნდაც სხვისი შვილების სიმშვიდისთვის, ეს არის აუცილებელი.
მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, ისიც არის შვილების მამა, ისიც არის იურისტი, ვთხოვ, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე, გამოავლინოს ყველა დამნაშავე პირი, რომელიც ხელს უშლის გამოძიებას, აფერხებს ამ გამოძიებას და დამეხმაროს სიმართლის გარკვევაში. შემხვდეს, რომ ავუხსნა, რა პრობლემები მაქვს და რა აფერხებს ამ გამოძიებას“, - ამბობს ანის დედა, რომელმაც ანის სიკვდილის შემდეგ მიატოვა სამსახური, პროფესია და ახლა, მისი ერთადერთი მიზანია, გაარკვიოს სიმართლე.