“აქ რუსი ჩვენ პორტს არ გაგვაკეთებინებს” - რისი შიში და იმედი აქვთ ანაკლიაში?

ანაკლიაში შიშით აკვირდებიან სახელმწიფოსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” შორის მიმდინარე დავას. საქმის დეტალებში ვერ ერკვევიან, მაგრამ ის კი ცხადად აქვთ გაცნობიერებული, რომ ამ საქმეზეა დამოკიდებული როგორი მომავალი ექნებათ.

„ეჰ რა გუგუნი იყო აქ და როგორ გახარებული ვუყურებდით. ახლა ეს ყველაფერი გაჩერებულია“, - ამბობს 65 წლის ნანა ჩიქობავა, რომლის აივნიდანაც 100 მეტრში ანაკლიის პორტის შემოღობილი ტერიტორია მოჩანს.

ის ქმართან ერთად რვა წლის წინ თბილისიდან წინაპრების სახლში გადასახლდა. ოჯახმა ჯერ ტურიზმის განვითარების პერსპექტივა დაინახა და ანაკლიაში დაბრუნებულებს უკვე პორტის მშენებლობის იდეა და ფინანსური კეთილდღეობის ახალი იმედებიც წამოეწიათ. ოჯახს შინაური ცხოველები ჰყავს, ზაფხულში კი მათი ლამაზი ხის სახლი და სურნელოვანი ბაღი უცხოელ ტურისტებს მოსწონთ.

საოჯახო სასტუმრო ანაკლიაში

ანაკლიაში ერთი ღამით საოჯახო სასტუმროს ფასი ერთ ადამიანზე 30 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც სცდება, გააჩნია მომსახურებისა და სასტუმროს ხარისხს. განსაკუთრებით იმატებს ფასი მაშინ, როცა საკურორტო ზონაში მუსიკალური ფესტივალი ტარდება.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის უთანხმოება დაიწყო, ნანა ჩიქობავა, თანასოფლელებთან ერთად საინფორმაციო გამოშვებებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს.

მე ასე მგონია, რომ აქ არ იქნება ის ბუმბერაზი პორტი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ლამაზი საკურორტო ქალაქი
ნანა ჩიქობავა

„გემი, რომ მოადგა და სახლის მეორე სართულიდან ვაკვირდებოდით, რაღაც ყველანაირი იმედი იყო. აი, გვეგონა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ [ხალხს] გვესმის ის, რომ აქ რუსი ჩვენ პორტს არ გაგვაკეთებინებს. მე ასე მგონია, რომ აქ არ იქნება ის ბუმბერაზი პორტი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ლამაზი საკურორტო ქალაქი“, - ეუბნება ნანა ჩიქობავა რადიო თავისუფლებას.

როდესაც კონსორციუმმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის შესაძლებლობების კვლევა დაასრულა განაცხადა, რომ 20 წლის განმავლობაში აქ 16 000 ადამიანის დასაქმებას და მილიარდზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას შეძლებდა.

ანაკლიაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელია, 510 კომლი ცხოვრობს.

აქაურები პორტის მშენებლობას საკუთარ მომავალს უკავშირებენ. ერთი მხრივ, ვისაც საოჯახო სასტუმრო აქვს, მშენებლობაზე დასაქმებულებს ელოდება, მეორე მხრივ კი, ბევრს დასაქმების იმედიც აქვს, თუნდაც მუშად.

“მე ჰიდროინჟინერი ვარ, ანაკლიაში ვცხოვრობ და სამსახურის გამო სახლიდან შორს ყოფნა მიწევს - ხან ახალციხეში, ხან გურიაში, ხან სვანეთში. თუ ეს დაიწყება, აგერ, სახლთან ახლოს მექნება სამსახური”, - ამბობს 23 წლის მერაბ ქვარაია, რომლის ოჯახსაც პატარა კოტეჯი აქვს ანაკლიაში.

ორსაწოლიან ოთახს ფესტივალის დღეებში ქვარაიები დღეში 150 ლარად აქირავებენ. მათ თავის დროზე კონსორციუმმა, რომელმაც პორტთან ახლოს მცხოვრები მოსახლეები გაასახლა, კომპენსაციის სახით მცირე მიწის ნაკვეთში 30 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ამ თანხით ქვარაიებმა სასტუმრო ისევ ანაკლიაში მოაწყვეს და აქაურობის დატოვება არ უფიქრიათ.

ანაკლიის იმ ნაწილში, საიდანაც ზღვა შედარებით შორია, ანაკლიელების კეთილდღეობის სურათი რადიკალურად იცვლება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ანაკლიაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელია 510 კომლი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის ეს სოფელი პოლიტიკურად აქტიურია.

19 მაისს ზუგდიდის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ანაკლიის ორი საარჩევნო უბნიდან ორივე მოიგო. თითქმის ყველა არჩევნებში ოპოზიციას აქ კარგი შედეგი აქვს.

აქ ფაროსანასა და თხილის მავნებლებს ებრძვიან და კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ, განსაკუთრებული იმედები სწორედ პორტის მშენებლობას დაუკავშირონ.

წლების წინ ანაკლიაში საკურორტო ზონის მოწყობა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, მაშინ აშენდა სასტუმროები, ბულვარი და მოეწყო ინფრასტრუქტურა. 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ სააკაშვილის იდეა ანაკლიაში ახალი ქალაქი “ლაზიკა” და პორტი აეშენებინა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ახალი იმედის გაჩენა აქაურებისთვის იმ დროს უკავშირდება.

ანაკლიაში პორტის მშენებლობის ინიციატივა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდა. ნავსადგურის მშენებლობის პირველი მცდელობა 1960-იანი წლების ბოლოს პირსის შენებით შემოიფარგლა. 20 წლის შემდეგ ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას რამდენჯერმე დაუბრუნდნენ. მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ორჯერ 2000-2001 წლებში გამოცხადდა, მაგრამ აფხაზეთთან გამწვავებული მდგომარეობის გამო, ეს პროცესი მაშინ ვერ დასრულდა.

ასევე ნახეთ ანაკლიის პროექტი: ჩაშლის საფრთხე გაიზარდა

2010 წელს ანაკლიის პორტი ისევ აქტუალურია პროექტის „ლაზიკის“ სახელწოდებით, თუმცა ეს იდეაც არ დასრულებულა. ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება” პორტის მშენებლობის იდეას 2014 წელს მიუბრუნდა და სახელმწიფომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა და მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას. 2017 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, ერთ წელიწადში საზღვაო სამუშაოები დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობა არ განახლებულა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” პროექტზე 70 მილიონი დოლარი დახარჯა, ახლა კი ხელისუფლებასთან ხმაურიან საჯარო გარჩევებშია ჩართული და სისტემატურად პორტის მშენებლობის ჩაშლის ალბათობაზე მიანიშნებს.

მართალია, ხელისუფლება საჯაროდ იმეორებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პორტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს.

ყოფილი ლაზიკის ტერიტორია

მედია ხაზს უსვამს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოკვეთილად ცუდი დამოკიდებულება აქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, თავად მამუკა ხაზარაძე კი ვარაუდობს, რომ მის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდება სწორედ ანაკლიის პორტის შეჩერების მცდელობას უკავშირდებოდა.

თუ მთავრობა გამოიღვიძებს, ალბათ, შეძლებენ და თუ არ გამოიღვიძებს, დაძინებული ვიქნებით, დავრჩებით 90-იანებში
ნენო გაბისონია

„პორტი თუ იქნა, დასავლეთის კი არა, აღმოსავლეთის ხალხსაც წინ წასწევს. ყველასთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პორტი არის აღმავლობის ნიშანი და ყველას ძალიან გვინდა, რომ იქნეს. ახლა ისეთი სიტუაციებია, რაც ძალიან გვწყინს. ალბათ, მაინც შეძლებენ... თუ მთავრობა გამოიღვიძებს, ალბათ, შეძლებენ და თუ არ გამოიღვიძებს, დაძინებული ვიქნებით, დავრჩებით 90-იანებში“, - ეუბნება 45 წლის ნენო გაბისონია რადიო თავისუფლებას. ადრე მას 3 ტონაზე მეტი თხილის მოსავალი ჰქონდა, ბოლო 2-3 წელია სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლების გამო ოჯახს თხილი გაუნადგურდა.

წლების წინ ანაკლიაში საკურორტო ზონის მოწყობა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, მაშინ აშენდა სასტუმროები, ბულვარი და მოეწყო ინფრასტრუქტურა.

ანაკლიის იმ ნაწილში, საიდანაც ზღვა შედარებით შორია, ანაკლიელების კეთილდღეობის სურათი რადიკალურად იცვლება. თუკი სოფლის ცენტრში საოჯახო სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს, აქ ფაროსანასა და თხილის მავნებლებს ებრძვიან და კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ, განსაკუთრებული იმედები სწორედ პორტის მშენებლობას დაუკავშირონ.