თბილისში რეისი შეასრულა აშშ-ის მიერ 8 სექტემბერს სანქცირებულმა Sepehran Airlines-მა

ფოტო არქივიდან: Sepehran Airlines-ის თვითმფრინავი

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი 11:51 საათზე ჩამოფრინდა.

Sepehran Airlines-ი ერთ-ერთია იმ 27 ირანულ ავიაკომპანიას შორის, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს სანქციების სიაში შეიყვანა.

თბილისის აეროპორტის ვებსაიტის მონაცემებით, 9 სექტემბერს თეირანიდან სანქცირებული ავიაკომპანიების კიდევ ორი რეისია დაგეგმილი:

  • 18:45 საათზე, Varesh Airlines-ის რეისი;
  • 19:15 საათზე, Qeshm Air-ის რეისი.

ორი რეისის შესრულებაა დაგეგმილი თეირანიდან ბათუმის მიმართულებით:

  • 12:30 საათზე, Qeshm Air-ის რეისი;
  • 19:20 საათზე, Varesh Airlines-ის რეისი (აეროპორტის საიტზე მითითებულია, რომ ეს რეისი ექვსსაათიანი დაგვიანებით შესრულდება).

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, გაგრძელდება თუ არა საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების რეისების შესრულება. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

სანქციები ირანულ ავიაკომპანიებს

8 სექტემბერს OFAC-მა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის 36 კომპანია და ორგანიზაცია დაასანქცირა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

სანქციები შეეხო 27 ირანულ ავიაკომპანიას. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ:

  • Qeshm Air-ი,
  • Sepehran Airlines-ი,
  • Iran Aseman Airlines-ი,
  • Varesh Airlines-ი;
  • Fly Kish Airlines-ი.

ასევე ნახეთ

აშშ მკაცრ სანქციებს უწესებს ირანის ყველა ავიაკომპანიასა და მათ ხელშემწყობებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების სამიზნეში მოხვდნენ ასევე ფარული კომპანიები, უცხოელი შუამავლები და მარშრუტები, რომლებსაც ირანი ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისა და ტექნოლოგიების მოსაპოვებლად იყენებს. ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) კი საფინანსო ინსტიტუტებს ირანის საავიაციო ინდუსტრიის მხარდამჭერი შესყიდვების ქსელების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასევე აფრთხილებს უცხოურ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებს ეხმარებიან, მათ შორის თვითმფრინავების გადაცემის, ტვირთების მომსახურებისა და გაყიდვების აგენტის მომსახურების გზით. ვაშინგტონის განცხადებით, ასეთ კომპანიებსა და პირებს „სერიოზული შედეგები“ ემუქრებათ.

სანქციები „ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ (Operation Economic Outcast) ნაწილია, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აგვისტოში დაიწყო. კამპანიის სამიზნე სფეროებს შორისაა ავიაცია, ტექნოლოგიები, ციფრული აქტივები, ოქრო და გადაზიდვები.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა გამოაცხადა, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, თეირანს შემოსავლის მთავარ წყაროებს შეუზღუდავდა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებული კონფლიქტი, რასაც ენერგომატარებლების ფასების გლობალური ზრდა მოჰყვა, უკვე მეშვიდე თვეშია. მძიმე ბრძოლები ამჟამად შეწყვეტილია, თუმცა ომის დასრულებისთვის დიპლომატიური ძალისხმევა წინ ვერ მიიწევს, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და ნედლეულის გადაზიდვა კვლავ შეფერხებულია.

ასევე ნახეთ

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა

ასევე ნახეთ

ჯო უილსონი: ჩინეთის „ინვესტიციები“ ყოველთვის საზიანოა
  • 2023 წლის მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. საქართველოს ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ ქვეყანაში ფრენებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები და საჰაერო ხომალდები შეასრულებდნენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
  • საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2023 წლის 15 მაისს განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს „მტკიცე პოზიცია“ და ავიაკომპანიების განაცხადები სანქციებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმდებოდა. იმავე პერიოდში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობდა, რომ საქართველოში არც სანქცირებული ავიაკომპანია არ იფრენდა და არც სანქცირებული თვითმფრინავი.