აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 24 აგვისტოს წარმოადგინა ინიციატივა, რომელსაც მან „ოპერაცია ეკონომიკურად მოკვეთილი” უწოდა და ის შეაფასა როგორც უპრეცედენტო მცდელობა, აიძულონ ირანის სავაჭრო პარტნიორები, გააკეთონ არჩევანი თეირანთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნებასა და აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან წვდომას შორის.
ბესენტმა გამოაცხადა რამდენიმე დაუყოვნებლივი ზომის შესახებ, თუმცა მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა: არის თუ არა ვაშინგტონი მზად, გასცდეს ირანულ ორგანიზაციებს თუ შედარებით მცირე შუამავლებს და პირდაპირ ამოიღოს მიზანში ჩინური ფინანსური ინსტიტუტები და ნავთობით მოვაჭრეები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ირანის შემოსავლების საქმეში.
ეს საფრთხე შესაძლოა იყოს პეკინის მხრიდან საპასუხო რეაქციის გამოწვევა, რაც სავაჭრო ომის სახით მოსალოდნელი გახდება სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტამდე, რომელიც 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა ოფიციალურმა პირმა მაიკლ პარკერმა, რომელიც წარსულში უცხოური აქტივების კონტროლის ოფისში (OFAC) გამომძიებლად და განყოფილების უფროსად მუშაობდა, აღნიშნა, რომ ბესენტის განცხადებები, დაუყოვნებლივი სანქციების გამოცხადებასთან ერთად, უცხოური მთავრობების გაფრთხილებასა და მათზე ზეწოლასაც ისახავდა მიზნად.
„მინისტრ ბესენტის კომენტარები ჰგავდა საჯარო გაფრთხილებას, რომელსაც აშშ-ის კულუარული დიპლომატია უნდა განემტკიცებინა“, - განუცხადა პარკერმა რადიო თავისუფლებას. - „მან, როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს, ჩინეთში თუ სხვაგან, მისცა შანსი, სანამ ფართომასშტაბიან ზომებს მიმართავდნენ, შეეცვალათ ქცევა და ამავდროულად, შეენარჩუნებინათ სახე.“
„გახდება თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს წავლენ და რა სისტემურ დონეზე გაატარებენ აშშ და მისი მოკავშირეები უფრო შორს მიმავალ ზომებს, განსაკუთრებით უმსხვილესი ბანკების წინააღმდეგ", - განაცხადა მან. ეს შესაძლებლობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს კამპანიის სანდოობის საკითხში.
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მდიდარი გამოცდილება აქვს, ხოლო თეირანმა წლები გაატარა შეგუება-მორგებაში, ფიქციური კომპანიების, შუამავლების, ჩრდილოვანი ნაოსნობისა და იმ ფინანსური არხების მეშვეობით, რომლებიც ვაშინგტონის პირდაპირი წვდომის მიღმა იმყოფება.
ასევე ნახეთ
ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებშიადმინისტრაციის განცხადება იმის შესახებ, რომ მან უკვე დეტალურად შეისწავლა „თითოეული კვანძი, თითოეული ქსელი და თითოეული შუამავალი“, რომელსაც ირანი ნავთობის გადაზიდვისა და სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყენებს, მიანიშნებს გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ დარჩენილი არხებიდან ბევრის დახურვას.
სანქციების ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთი ამგვარი სივრცის ამოვსება განსაკუთრებით რთული იქნება: ეს ჩინეთია.
ასევე ნახეთ
აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაზრდა ფართომასშტაბიან ომს ნაკლებად სავარაუდოს ხდის: ბესენტიჩინეთის გამოცდა
ბესენტმა აღნიშნა, რომ ხაზინის ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა ის სუბიექტები, რომლებიც ირანთან თანამშრომლობას აგრძელებენ, და რომ დამრღვევებს მიეცემათ კონკრეტული ვადები ამ ურთიერთობების გასაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ აშშ-ის სანქციები დაემუქრებათ. მისი თქმით, საქმიანობის ეტაპობრივი შეწყვეტისთვის გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
„არავინაა დაზღვეული აშშ-ს სანქციებისგან”, - განაცხადა ბესენტმა, როდესაც ჰკითხეს ჩინეთის შესახებ, რომელიც ირანული ნავთობის ძირითადი მყიდველია. - „თუ ისინი ხელს უწყობენ ტრანზაქციებს და იმ ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ირანულ ნავთობს ფულად გადააქცევს, რაც რეპრესიებს ხმარდება, ისინი გახდებიან სამიზნე... ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ხელს უწყობს ირანის სასარგებლოდ ფულის გათეთრებას, გაითიშება აშშ დოლარის სისტემიდან. დროის ათვლა დაწყებულია.“
ასევე ნახეთ
ავტოკრატების ალიანსი: ახალი დაბრკოლება აშშ-ისა და დასავლური დემოკრატიებისთვისეს აჩენს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რომლის წინაშეც დგას ეს კამპანია: რა მოხდება, თუ ვაშინგტონი რეალურად დაუწესებს სანქციებს ჩინურ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს?
დემოკრატიების დაცვის ფონდის (FDD) მკვლევარმა და OFAC-ის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, მაქს მაიზლიშმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ აპრილში წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ბანკებს შესაძლო მეორადი სანქციების შესახებ, თუ ისინი გააგრძელებდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის საქმეში ირანის მხარდაჭერას.
„შეუძლებელია ირანისკენ ფინანსური ნაკადების შეჩერება, თუ აშშ ჩინეთს არ შეებრძოლება“, - განაცხადა მაიზლიშმა.
მაიზლიშმა მიუთითა კონკრეტულად ჩინეთის „კუნლუნის ბანკზე“ (Bank of Kunlun), რომელსაც ვაშინგტონმა 2012 წელს აშშ დოლართან წვდომა გადაუკეტა.
„ჩინეთის „კუნლუნის ბანკი“ სანქციების სიის სათავეში უნდა იყოს“, - განაცხადა მაიზლიშმა. მან ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის ადრინდელი ქმედება აღწერა, როგორც „დიდწილად სიმბოლური“ და აღნიშნა, რომ ახალმა სანქციებმა, შესაძლოა, გაზარდოს ზეწოლა მის მშობელ კომპანიაზე, ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციაზე (China National Petroleum Corporation), რათა გაწყვიტოს ბანკთან კავშირები.
ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ სანქციები და ზეწოლა ვერ გადაჭრის ირანის საკითხს, და ამის სანაცვლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევისკენ მოუწოდა მხარეებს.
„რაც შეეხება ირანის საკითხს, სანქციები და ზეწოლა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას“, - განაცხადა საელჩომ. - „ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, გადადგან პასუხისმგებლობიანი ნაბიჯები და ეს საკითხი გადაჭრან პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით.“
ბესენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ურეკავს მსოფლიო ლიდერებს კონკრეტული თხოვნით, რომ შეწყვიტონ ირანის მთავრობასთან ურთიერთქმედება. მას არ უთქვამს, ისაუბრებს თუ არა ტრამპი ამ საკითხზე უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინთან.
ასევე ნახეთ
"თუკიდიდეს ჩიხი" თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთშიჯიმ მალინაქსმა, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანმა თანამშრომელმა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გადადგა მას შემდეგ, რაც მანამდე სათავეში ედგა დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკისა და განხორციელების ოფისს, განაცხადა, რომ ჩინური ბანკების მიზანში ამოღების შედეგები დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ კერძოდ რომელი ინსტიტუტები იქნებიან ჩართული.
„დიდი ოთხეული“ არ ახორციელებს ირანულ ტრანზაქციებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“, - განუცხადა მალინაქსმა RFE/RL-ს და განმარტა: „ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და სხვებთან თანამშრომლობისთვის ჩინეთი ქმნის ხოლმე საგანგებო ინსტიტუტებს“.
ამან შესაძლოა ვაშინგტონს მისცეს სივრცე იმ ბანკების მიზანში ამოსაღებად, რომლებიც ჩართულნი არიან ირანულ ტრანზაქციებში, გლობალური ფინანსური სისტემის აუცილებელი დარღვევის გარეშე.
„ჩინეთის რეაქცია, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ბანკის სიდიდეზე. მაგრამ დაელოდეთ საპასუხო ზომებს... თუ ჩინეთი არ ითამაშებს წესების მიხედვით, მაშინ არც სხვები ითამაშებენ და ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს არ გადაიზარდოს დაძაბულობაში “, - განაცხადა მალინაქსმა.
ამან შესაძლოა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამერიკის საფინანსო ძალაუფლების ირგვლივ აშშ-ჩინეთის უფრო ფართო დაპირისპირებად აქციოს.
გაფრთხილება მათთვის, ვისაც სანქციებისთვის გვერდის ავლა სურს
ბესენტმა განაცხადა, რომ ქვეყნებს და სუბიექტებს დაუწესდებათ ვადები ირანთან ურთიერთობის შესაწყვეტად, ხოლო დრო განისაზღვრება ინდივიდუალური გარემოებების მიხედვით.
მალინაქსმა, რომელმაც წლები გაატარა სანქციების პოლიტიკასა და საერთაშორისო დიპლომატიაზე მუშაობაში, დაიცვა გაფრთხილების პერიოდის ტაქტიკა.
„თუ მიზანი ირანის მიერ ფულის გადაადგილების უნარის შეფერხებაა, მაშინ არხის ჩაკეტვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული თანხის გაყინვა“, - განაცხადა მალინაქსმა.
„როგორც ყოფილ დიპლომატს, მომწონს დიპლომატიური კამპანიის იდეა — გირჩევნიათ ქვეყნებმა თავად მიიღონ ზომები, ვიდრე სანქციები დაუწესოთ მათ ინსტიტუტებს“, - თქვა მან.
თუმცა მეიზლიშმა აღნიშნა, რომ ბესენტის გაფრთხილება შესაძლოა მაინც ისახავდეს მიზნად სხვა ამოცანას: ფინანსური ბაზრების მომზადებას პოტენციურად დამანგრეველი მოქმედებებისთვის.
ასევე ნახეთ
ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებგლობალური ვაჭრობა უკვე შეირყა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის, გათხევადებული ბუნებრივი აირისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ნაკადების მასშტაბური შეფერხებებით. ობლიგაციების მომგებიანობის მკვეთრმა ზრდამ კიდევ უფრო შეაშფოთა გლობალური ბაზრები.
„ბესენტის გაფრთხილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბაზრის შეგუებას იმასთან, რაც სხვა შემთხვევაში შოკი იქნებოდა“, - განაცხადა მეიზლიშმა.
რა იქნებოდა რეალური წარმატება?
ადმინისტრაციამ დასახა მაქსიმალისტური მიზანი: ირანის სრული ეკონომიკური იზოლაცია. RFE/RL-ს ექსპერტები მიუთითებენ წარმატების უფრო რთულ საზომზე.
მალინაქსისთვის, ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, სანქციებს განიხილავს როგორც ბერკეტს, რომელიც საბოლოოდ მიზნად ისახავს პოლიტიკური შედეგის მიღწევას.
„ჩემი აზრით, ადმინისტრაციისთვის წარმატება ის იქნება, თუ ირანი დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მზად იქნება შეთანხმების დასადებად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის, ტერორიზმის დაფინანსების და ბირთვული სამუშაოების შეწყვეტისა და რეგიონში თავდასხმებზე უარის თქმის შესახებ“, - თქვა მან.
თუმცა სანქციებს ასევე შეუძლია არასასურველი შედეგების მოტანა, განსაკუთრებით, თუ ირანზე ზეწოლა იმოქმედებს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე და რიგითი ირანელებისთვის აუცილებელი საქონლის დეფიციტს გააჩენს.
„ჩვენ უკვე გვაქვს გლობალური ეკონომიკური პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ჰუმანიტარული პრობლემაც ჰორიზონტზე მოჩანს“, - განაცხადა მალინაქსმა.
ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულია ჰუმანიტარული საქონლის, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები მიწოდება, თუმცა არაა დარწმუნებული, როგორ იმოქმედებს ამ კონვენციების დასაცავად ტრამპის ადმინისტრაცია.
უფრო ღრმა კითხვა არის ის, შეუძლია თუ არა ეკონომიკურ ზეწოლას პოლიტიკური დათმობების მოპოვება მთავრობისგან, რომელმაც უკვე აჩვენა მკაცრი სანქციების პირობებში გადარჩენის უნარი.
„რამდენად დაასუსტებს ეს რეჟიმს?“ - იკითხა მალინაქსმა, - „ვიფიქრებდი, რომ ისინი ისედაც სუსტები არიან, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არ მოქმედებს მათ უნარზე, ტკივილი მიაყენონ აშშ-ს და გლობალურ ეკონომიკას“.
ეს არის ოპერაცია „ეკონომიკურად მოკვეთილის“ ირგვლივ არსებული ფუნდამენტური გაურკვევლობა. თუ ირანი განაგრძობს მყიდველების, ბანკებისა და ქვეყნების პოვნას, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ მას შეზღუდვების გვერდის ავლაში, „ნულოვანი გაჟონვა“ შესაძლოა დარჩეს უფრო მისწრაფებად, ვიდრე პოლიტიკურ შედეგად.
ასევე ნახეთ
ირანზე აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მუქარის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შენელდადა თუ აშშ გადაწყვეტს, რომ „ნულოვანი გაჟონვის“ მიღწევა მოითხოვს მსხვილ ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან დაპირისპირებას, ირანის სანქციების კამპანია შეიძლება სწრაფად გადაიქცეს რაღაც ბევრად უფრო დიდ რამედ: გამოცდად იმისა, თუ რამდენად ფართოდ შეუძლია ვაშინგტონს თავისი ეკონომიკური ძალაუფლების გავრცელება ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ, სანქციების გატარების უფრო ფართო ეკონომიკურ დაპირისპირებად გადაქცევის გარეშე.