აშშ-ს ამჟამად საქართველოში ელჩი არ ჰყავს. დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ვინ ვინ არის საელჩოში
აშშ-ის ბოლო ელჩმა, რობინ დანიგანმა, - რომლის ელჩობისას, 2024 წლის ნოემბერში, აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება 2025 წლის 5 ივნისს გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს- მას შემდეგ 2026 წლის 30 ივლისამდე ელჩის მოვალეობას ასრულებდა მისიის ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე (DCM), ალან პერსელი;
- 2026 წლის 30 ივლისს კი აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ (DCM) დაინიშნა ემი დიაზი.
ზოგადად, დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს ელჩი, მისი არყოფნის პირობებში კი - საქმეთა დროებითი რწმუნებული.
- საქმეთა დროებითი რწმუნებულის არყოფნის გათვალისწინებით, ამ მოვალეობის შესრულებას სწორედ ემი დიაზი შეუდგა;
- იგი 26 აგვისტოს შეხვდა „ქართული ოცნების მთავრობის“ მეთაურ ირაკლი კობახიძეს;
- ხოლო 8 სექტემბერს აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოში „ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული - კორტნი ოსტრიანი“;
- შესაბამისად, ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
- ელჩი კვლავ არ არის დანიშნული, - როგორც შეერთებული შტატების საელჩოებში სხვა არაერთ ქვეყანაში.
ასევე ნახეთ
კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდავინ არის კორტნი ოსტრიანი
თბილისში ჩამოსვლამდე იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში.
იგი, საელჩოს ცნობით, არის „კარიერული დიპლომატი“ და წარსულში უმუშავია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, - სადაც იკავებდა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას ეუთო-ში აშშ-ის მისიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში მას სხვადასხვა დროს უმუშავია აშშ-ის მისიებში გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინასა და რუსეთში, - ასევე საქართველოში.
კორტნი ოსტრიანი
შეხვედრა ბოჭორიშვილთან
2026 წლის 8 სექტემბერსვე საქართველოს საგარეო უწყებამ მინისტრისა და აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქორთნი ოსტრიანთან“, - დაწერა სამინისტრომ.
მოკლე ცნობაში წერია მხოლოდ ის, რომ:
- „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები“;
- „ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს;
- „მხარეებმა გამოხატეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა“.
სხვა დეტალები უცნობია. ამერიკულ მხარეს შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.
თბილისი „გადატვირთვას“ ელის
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებულია.
ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
- საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
- ფინანსური სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც.
- ოფიციალურ თბილისს იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა.
- ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.
ასევე ნახეთ
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო- 2026 წლის 28 ივლისს შტატების საელჩომ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
- საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
- ირაკლი კობახიძემ ამ კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ეს „მათი საქმეა“.