„ახალი მგრძნობელობის თეატრი“ და „გახსნილი წრე“

პრაღის საგამოფენო ცენტრი

გულღიად, რეალური თეატრალური ტენდენციების ჩვენებით და მაქსიმალურად ელეგანტური შეფუთვით წარმოდგენილი ქართული თეატრის რეალობა პრაღაში და ქართველი სტუდენტების გამოფენის გამარჯვება. პრაღის კვადრენიელეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონთან ერთად წარმოადგენენ შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტები, რომელთა გამოფენას გადაეცა პრიზი "საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის" ფინელ და ტაივანელ ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად.

პრაღის კვადრიენალეს - სცენოგრაფიის ფესტივალს - ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1967 წლიდან მასპინძლობს “ოქროს ქალაქი“ ამ ფესტივალს, რომელიც მხოლოდ სცენოგრაფიისად იწოდებოდა, 2011 წლიდან კი სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალე ჰქვია. ამჟამინდელი, 2019 წლის, ფესტივალი 6 ივნისს დაიწყო და 16-მდე გაგრძელდება.

ადრე ფესტივალზე ოთხ წელიწადში ერთხელ იფინებოდა ქვეყნების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრები სათეატრო სფეროში, სცენოგრაფიაში, რომლის ნიმუშები აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მათ საგამოფენო ფორმით გამოიტანდნენ ხოლმე ფესტივალზე.

2019 წელს პრაღის კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სცენოგრაფიის ნიმუშებს გაეცნობით, საქართველო ორ ნაწილადაა წარმოდგენილი. ერთია საქართველოს ეროვნული ექსპოზიცია და მეორე - სტუდენტური პავილიონი, სახელწოდებით „მედეა/მედია“.

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, კვადრიენალეზე საქართველოს ნაციონალური კურატორი ნინო გუნია-კუზნეცოვა გვეუბნება, ქართული სკოლა, საბჭოთა სკოლის ფარგლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბალტიის პირველ სახელმწიფოებთან ერთადო. ხშირად, ნინო გუნია-კუზნეცოვას თანახმად, პრაღაში ფესტივალების პავილიონებში, ქართველი და, მათთან ერთად, ბალტიისპირელი ხელოვანები დომინირებდნენ. 1979 წელს თემურ ნინუამ, ქართველმა თეატრალურმა მხატვარმა, პრაღის კვადრიენალეზე ოქროს მედალი მოიპოვა კოსტიუმებისთვის. როცა საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა პრაღაში, ხელგაშლილები დაგვხვდნენ, რადგან იცოდნენ, თეატრალური ხელოვნების სფეროში რას წარმოვადგენდითო, თქვა ნინო გუნია-კუზნეცოვამ. 2007 წელს საქართველო მხოლოდ სტუდენტებით შემოიფარგლა, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტთა ნამუშევრების პავილიონით. 2011 წელს სახელმწიფომ გამოყო თანხა და პრაღის კვადრიენალეზე საქართველო ვაჟა-ფშაველას თემაზე გოგი ალექსი-მესხიშვილის პერსონალური ნამუშევრებით წარმოდგა.

2015 წელს გამოფენას საქართველოს ეროვნულ პავილიონში ეწოდებოდა „ქალის ხმა“, რომელშიც 12 სცენოგრაფი ქალი იყო წარმოდგენილი. ეროვნული პავილიონის გარდა, საქართველოს ჰქონდა სტუდენტური პავილიონიც.

საქართველო, წინა კვადრიენალეს მსგავსად, წელს აჩვენებს შვიდ სპექტაკლს ვიდეოკლიპების სახით და ამ სპექტაკლებიდან მცირე არტეფაქტებს.

2019 წლის პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს პავილიონებისთვის დამზადებულ ბუკლეტში სტატია „წინასიტყვაობის ნაცვლად“ - „ახალი მგრძნობელობის თეატრის” შესახებ - თეატრის ისტორიკოსმა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ბოკუჩავამ დაწერა. თეატრის მკვლევარი და პედაგოგი 2019 წლის კვადრიენალეს ვერ მოესწრო, უდროოდ გარდაიცვალა წელს, იანვარში. თამარ ბოკუჩავა წერს: „უკანასკნელ წლებში ქართულ თეატრში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც ფიზიკური და სულიერი ტანჯვისა და ტკივილის გადმოცემას უკავშირდება. საუბარია არა მხოლოდ სპექტაკლების ნარატიულსა და შინაარსობრივ მხარეზე, არამედ ახლებურ გამომსახველობაზე, ენაზე, სამსახიობო შესრულებისა თუ წარმოდგენის ფორმებზე. ტანჯვა „ახალ გამომსახველობაში“ სხეულისა თუ სულიერი ტკივილისა და ტრანსფორმაციის ნიშანი ხდება და ყოფიერების განცდის მთავარ ინდიკატორად წარმოგვიდგება. სწორედ ამ ტკივილის გაზიარებით იბადება მაყურებელსა და მონაწილეებში ახალი ან განახლებული ცოდნა, მათ შორის საკუთარი არსებობის განცდისა და წვდომის გზით.

ეს „ახალი მგრძნობელობა და აზროვნება“ მრავალი ფაქტორით არის განპირობებული და კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, ის ახალი თაობის თვითშეგნებასა და მსოფლგანცდას უკავშირდება და საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე მათ რეაქციასა და რეფლექსიას წარმოადგენს, თუმცა არც უფროსი და საშუალო თაობის რეჟისორებისათვის არის უცხო.

ეს ტენდენცია XX საუკუნის თეატრში გაბატონებულ რაციონალიზაციისა და კარნავალიზაციის ტენდენიციებს ეხმიანება. ქართული ინტელექტუალური თეატრი სტურუას, ჩხეიძის, გაწერელიასა და სხვების გამოცდილებაში მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებას ითხოვდა ჩვენგან, ის გვიბიძგებდა ვყოფილიყავით მამაცნი, მცოდნენი, ნონკონფორმისტები და ა.შ., მაგრამ ამის უკან იდგა ლოგოცენტრული სამყაროს დროებითი დეფორმაციის განცდა, რომელიც რაციოთივე გასწორდებოდა. ობიექტური ისტორიული მატერიალიზმი და რენესანსული ჰუმანიზმი ახალი დროების მორალის უტოპიური გამოსწორების მოლოდინში იყო. მაგრამ რა ხდება დღეს? რასთან გვაქვს საქმე ახალი მგრძნობელობის თეატრში?

„ლოგოცენტრიზმი“ დაირღვა, მაღალფარდოვნება დამთავრდა, სიცოცხლე ახალი გამოცდილებით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ეს გამოცდილება ცოცხალი მითის სიჯიუტით მოედინება, ეს მკაცრი კომპოზიციისა და ანალიტიკური დისტანცირების გარეშე ხდება, ხდება უეცრად, დაუნდობლად და უმაღლესი ტრაგიკულობის რეგისტრს აღწევს“, წაიკითხავთ პრაღის 2019 წლის კვადრიენალეს ბუკლეტში.

​კვადრიენალეზე ხუთი ხელოვანის ნამუშევრებს ნახავთ. ორი - მარტინ მაკდონას „ბალიშის კაცუნა“ და ჟან-ბატისტ მოლიერის „ტარტიუფი“ - ეკუთვნის დავით დოიაშვილს, ორი - თამთა მელაშვილის „გათვლა“ და ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“ - გურამ მაცხონაშვილს. პრაღაში ნახავთ სამეფო უბნის თეატრში დადგმულ დათა ფირცხალავას „დიდ შესვენებას“, შოთა ბაგალიშვილის სცენოგრაფიით, ასევე იმავე თეატრში დავით თავაძის რეჟისურით შექმნილ „ტროელ ქალებს“. ამასთან ერთად, 2019 წლის კვადრიენალეზეა ნიკოლოზ საბაშვილის მიერ თოჯინების თეატრში განხორციელებული წარმოდგენა საქართველოს ისტორიის შესახებ.

საქართველოს პავილიონის კურატორი ნინო გუნია-კუზნეცოვა ამბობს, საკურატორო ჯგუფმა თავს უფლება ვერც ერთხელ ვერ მივეცით გაგვეკეთებინა ინსტალაცია-ობიექტი პავილიონის სახით, თუმცა ბოლო სამ კვადრიენალეზე ეს ტენდენციაა, რაც კრიტიკის საგანიც იყოო. როგორც ნინო გუნია-კუზნეცოვა განგვიმარტავს, 2007 წლიდან პრაღის კვადრიენალეს ჰყავს ახალი საკურატორო ჯგუფი, რომელმაც ვენეციის ბიენალესკენ წაიყვანეს აქაური კვადრიენალე, ანუ წმინდა სცენოგრაფიის ნაცვლად, შოუსა და ინსტალაციას აჩვენებენ: არის პერფორმანსი, რომელიც საკურატორო ჯგუფმა შექმნა ან შეარჩია.

არსებული სპექტაკლების ბაზაზე შექმნა ახალი არტი, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ამბობს ნინო გუნია-კუზნეცოვა, მაგრამ იქვე დასძენს, ასეთი ძალიან ცოტააო. რასაც დღეს ვხედავთ, სცენო-ტექნიკური ილეთების ჩვენებაა ან შოუს მცირე მონაკვეთისა. წლევანდელ ფესტივალზე ტექნოლოგია ჭარბობს. საქართველოს პავილიონის ავტორები დელიკატურ გზას დაადგნენ: წარმოადგინეს შვიდი ნამუშევარი, მაგრამ შეფუთეს ის იმ თანამედროვე ფორმით, რომელსაც კვადრიენალე ითხოვს. სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ქართული სცენოგრაფიის ნიმუშები მონიტორებზე, რომელთა ჯგუფს წარმოადგენს ქართული პავილიონი. იქ არ არის ნაჩვენები მთლიანად სპექტაკლები, მხოლოდ ამონარიდებია, სადაც სცენოგრაფიული დრამატურგია ჩანს.

ნაციონალურ პავილიონებში პერფორმანსები იშვიათი იყო, მაგრამ ბოლო ხანს ეს ტენდენცია გაჩნდა. 2019 წლის კვადრიენალეზე ამის მაგალითია დანიური პავილიონი, პერფორმანსი, სახელწოდებით „1987 წელს დაბადებული ქალწულის სისხლი“. გამჭვირვალე ყუთში მოთავსებულია არსება. ყუთი გამუდმებით ტრიალებს და მასში მყოფი ადამიანი პოზებს იცვლის. არსებას გარკვეული სიხშირით უღებდნენ სისხლს და თამაშდებოდა ლატარეა - შეგეძლოთ მოგეგოთ ერთი წვეთი ქალწულის სისხლი, რომელიც, დანიურ-დასავლური წარმოდგენით, მაგიური ძალის მქონეა, განმკურნებელი და ბედნიერების მომტანი.

იტალიური ექსპერიმენტიც მინდა აგიწეროთ. მოხალისეს საკანში შესვლამდე უსინჯავენ პულსს, შემდეგ - შიგნით, როცა მსახიობების ზეგავლენას განიცდის, ინტერაქციის, ფიზიკურად მოახლოების შედეგად (არაფერი გესმის, რადგან დაცული გაქვს ყურები), უკვე გარეთ გასვლის შემდგომ კვლავ გასინჯავენ პულსს და გპირდებიან, რომ მომავალში პულსის ამ ცვლილების მიხედვით შექმნილ მუსიკას გამოგიგზავნიან.

საქართველოს თეატრალური სცენა არ არის განებივრებული სცენოგრაფებით, გვიყვება ნინო გუნია. საქართველო პრაღაში წარმოდგენილია ახალი თაობის ხელოვანებით. ამ ხუთიდან სამი 1989 წელს არის დაბადებული, ანუ ეს არიან არტისტები, რომლებიც აღიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოში. მათეული სიცოცხლის ხედვა განსხვავებულია. ეს ე.წ. „ახალი მგრძობელობის თეატრია“, რომელშიც ფიზიკური თეატრის ელემენტიც არის, გროტესკის ელემენტიც, მაგრამ ბევრად უფრო უშუალო და ცოტა უფრო ლირიკულია. აქ პირველადია ადამიანის, სიცოცხლის ფასეულობის ჩვენება.

ნინო გუნია-კუზნეცოვას თქმით, ტერმინში ყველა ჯგუფს ვერ ჩატევ, ეს არის გარკვეული ჯგუფის შესაბამისი ტერმინი.

ამ ახალგაზრდებს სხვა სათქმელი აქვთ, ბევრად უფრო სოციალური თემები ადარდებთ. ეს არ არის თეატრი, რომელიც ჰეროიკულია და ჭკუას გარიგებთ, ესაა თეატრი თანაგრძნობისა. მაგალითად, კვადრიენალეზე წარმოდგენილი დათა თავაძის „ტროელი ქალები“ თავისი ფორმით პანაშვიდია, დატირება.

მასში ევრიპიდეს ტექსტია, მაგრამ ჩართულია ნარატივები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებგამოვლილი ქალებისა, რომლებიც ძალიან სადად ჰყვებიან თავიანთ საშინელ ტრაგედიას და მსახიობი გოგოები იმდენად განიცდიან, რომ არ აღიქვამ ამას, როგორც თამაშს. ეს არის განცდილი და ორგანული და სწორედ ეს ორგანული, გათავისებული და ავთენტური თავისი გრძნობით თუ მგრძნობელობით, ქმნის ხიბლს, თორემ ვიზუალურად ეფექტური - ამას განზრახ ემიჯნებიან ავტორები - არაფერი აქვს, გვითხრა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.

პრაღის კვადრენიელეზე, როგორც ითქვა, საქართველოს წარმოადგენენ ასევე შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტები, 2019-წლის კვადირიენალეს პრიზიორები "საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის". პავილიონის კოორდინატორმა შოთა ბაგალიშვილმა, რომელიც ნაციონალური პავილიონის მონაწილეცაა, თავიდან აგვიხსნა, რომ წარმოდგენილი პავილიონი ცდილობს გააერთიანოს ორი თემა - აფხაზეთის ოკუპაციისა და მედეასი. მედეას მსოფლიოში იცნობენ, მით უმეტეს თეატრის სფეროში, ხოლო აფხაზეთის რეგიონი შეიძლება ძველი კოლხეთის ნაწილად წარმოვიდგინოთ. პავილიონის ერთ მხარეს გამოფენილია ამ რეგიონიდან დევნილი რეალური პირების ფოტოები. იქმნება წარმოსახვითი ახალი რეალობა, რომელიც ისტორიულ და პირად მეხსიერებას ეფუძნება.

ფოტოები წარმოადგენს კვადრატულ სტენდს, რომლის შუაში მონიტორია. პავილიონი, როგორც დღეს უწოდებენ, ინტერაქტიული ბუნებისაა. ამ სურათებიანი კედლის მეორე მხარეს მწვანე ფონზე მოწყობილია, ასე ვთქვათ, სტუდია, სადაც შეიძლება ნებისმიერი მსურველი დაჯდეს და წაიკითხოს ტექსტი მედეას შესახებ ტრაგედიიდან. კითხვის მომენტი მონიტორზე მოჩანს, ანუ აფხაზეთის ოკუპაციის ნაწილი ხდება, ხოლო ჩანაწერი ქვეყნდება ამ პროექტის, „მედეა/მედიის“, ფეისბუკის გვერდზე. კვადრიენალეს მოთხოვნა იყო ახალგაზრდული მომავლის თეატრის ჩვენება, იმის ჩვენება, თუ როგორი უნდა იყოს თეატრი ახლა და მომავალში. სტუდენტური გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე ხაზს უსვამს, რომ ამ ფესტივალზე სტუდენტებს მიცემული აქვთ ცალკე სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაცულია სუბორდინაცია: ნახევარი ნაციონალური პავილიონია და ნახევარი - სტუდენტური. ძალიან ცოტაა ისეთი ფესტივალი, სადაც ასეთი გაქანება ეძლევათ სტუდენტებს, ამბობს ის და განმარტავს, რომ დღეს სცენოგრაფია სხვა რამაა. ამ ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ მომავლის საქმე, დაგეგმონ ახალი სცენოგრაფია, რომელიც ხვალ იქნება თეატრი. სცენოგრაფიას, სცენის ხატვას დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ მან მოჭამა დრო, გვითხრა ქეთი შავგულიძემ, სტუდენტებმა უნდა შექმნან მომავლის, ახლებური სცენოგრაფია.

პრაღაში წარმოდგენილი პროექტი, გვეუბნება ქეთი, პოლიტიკურ-ვირტუალური თეატრია, რომელსაც არ აქვს კედელი, შენობა და მსგავსი რამ, არ დაიხარჯება მატერიალური რესურსი და, თანაც, იარსებებს დიდხანს, მომავალშიც.

სოფია შარია სოხუმიდანაა, ის სტუდენტური პავილიონის თანაავტორია და გვიხსნის, როგორც აფხაზეთიდან დევნილები არიან თავიანთ სამშობლოს მოწყვეტილნი, ასევე იყო მედეაცო. ევრიპიდეს დრამაში სწორედ ასეა ნათქვამი, ყველაზე მიუსაფარი არის მედეა, უსამშობლო ადამიანიო. ამქვეყნად, სოფია შარიას თანახმად, ყველაზე ტრაგიკულია სამშობლოსგან შორს ყოფნა და ამ პროექტის დედააზრიც ესაა. სოფია შარიას გარდა პროექტში ჩართული არიან ნინა ჯანდიერი, გიორგი ორახელაშვილი, თიკო მეგრელიშვილი, მარიამ ხაჭაპურიძე, ილია საჯაია, ნანკა ესიავა და მარი ნაკანი. პროექტის მენეჯერია ვათა მატარაძე.

2019 წლის პრაღის კვადრიენალეს ქართული ნაციონალური პავილიონის ბუკლეტში, რომლის სახელწოდებაა „გახსნილი წრე“, ბოლოს თამარ ბოკუჩავა წერს:

„ახალი მგრძნობელობის თეატრში” ფიზიკურობა, ტკივილი, ტანჯვა, აზროვნება, მორალი, შემეცნება და შეფასება, სხეული და ფსიქე ყველაფერი ერთად იყრის თავს და თეატრს უთანაბრდება. მხოლოდ აქ, ჩვენს წინაშე, აქ და ამწუთას ყოფიერებაში საცნაურდება მითების საზრისები, საკაცობრიო ლიტერატურის ინტერტექსტი კი ჩვენთვის თავისი სისრულით და თანადროულობით იხსნება. თეატრი საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის, თავისუფლების აღმოჩენისა და განხორციელების ადგილია. ამდენად, ზეიმისა და განსჯის თეატრი ახალი განცდის თეატრმა შეცვალა, რომელიც ლირიკულია, ნარატიული... დღეს წინა პლანზე მოდის სიცოცხლის საკრალურობის შეგრძნება, რომელიც მის გამძაფრებულ განცდაში გამოიხატება...“