ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი კახეთში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

თელავი

ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი კახეთში გელა სამხარაული აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. მიზეზებად სახელდება არჩევნებში მიღებული შედეგი, თანამდებობის პირების მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია, ქვეყანაში არსებული პრობლემები და შეფერხებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ვინ დატოვებს თანამდებობას ამ ეტაპზე, არ კონკრეტდება. პარალელურად მმართველი გუნდი საკადრო ცვლილებებთან ერთად მოსახლეობას დაპირებებს აძლევს. სჯერა თუ არა მოსახლეობას ახალი დაპირებების და რას ფიქრობენ ექსპერტები რეგიონში დაანონსებულ მოსალოდნელ ცვლილებებზე?

Your browser doesn’t support HTML5

ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი კახეთში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველი გუნდისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები რეგიონების აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც განხორციელდება. ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გამოწვეულია იმითაც, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კარგად ვერ მუშაობს, ამიტომ სამხარაული რეგიონის აღმასრულებელ ორგანოებში საკადრო ცვლილებებს აანონსებს, თუმცა ვინ შეიძლება დატოვოს თანამდებობა, არ აკონკრეტებს.

8 მილიონზე მეტია გამოყოფილი იმისათვის, რომ ახმეტაში წყალმომარაგება გაუმჯობესდეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მოსახლეობა კმაყოფილი იყოს და ეს სიკეთე ყველაზე გავრცელებულიყო, მივიღეთ საპირისპირო შედეგი...
გელა სამხარაული

სამხარაულის თქმით, კახეთში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კუმუნიკაციის ნაკლებობაა. გარდა ამისა, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ვადების დარღვევით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. სამხარაულმა მაგალითად ახმეტა დაასახელა, სადაც 8 მილიონი იხარჯება სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა სამუშაოები, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება:

„8 მილიონზე მეტია გამოყოფილი იმისათვის, რომ ახმეტაში წყალმომარაგება გაუმჯობესდეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მოსახლეობა კმაყოფილი იყოს და ეს სიკეთე ყველაზე გავრცელებულიყო, მივიღეთ საპირისპირო შედეგი. კომპანიას სამუშაოები უნდა დაემთავრებინა ჯერ კიდევ გასულ წელს, თუმცა დღესაც არ არის დამთავრებული. ცალკე, გადათხრილია ქუჩები. სწორედ აქედან გამომდინარე ვსაუბრობ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებეზე. უფრო მეტად თუ გააქტიურდებიან და მეტ დროს დახარჯავენ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაში, უკეთესი იქნება. მაგიტომაც ვთქვი, რომ აუცილებელია ბევრი მიმართულებით ცვლილებები როგორც მენეჯმენტის, ასევე საკანონმდებლო დონეზე“.

იმის შესახებ, თუ რა სახის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს, საუბარი არ სურს, თუმცა ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს იმ შეცდომებზე, რომლებიც მმართველმა გუნდმა დაუშვა და რის შედეგადაც არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. ხანდამაშვილი იმასაც გვეუბნება, რომ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც შედეგები გააანალიზეს:

„დღეს „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ძირითადი აქცენტები ანალიზზე გაკეთდა. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რასაც შეეძლო გამოეწვია ეს ყველაფერი[არჩევნების შედეგები]. კახეთში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ ვინაწილებ იმ პასუხისმგებლობას, იმ შეცდომებს, იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას და რასაც ჩვენ მოსახლეობას შევპირდით“.

ირაკლი მელაშვილი

„დეპუტატებისა და მთავრობის მხრიდან აქცენტის გადატანა ადგილობრივ ხელისუფლებაზე ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაურბიან“, - ასე ფიქრობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მელაშვილის თქმით, მოსახლეობის უკმაყოფილება ძირითადად გამოწვეულია ცენტრალური ხელისუფლების მუშაობით და მთავრობის პოლიტიკით. ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, კონკრეტული საკადრო გადაადგილებებით დაინტერესებული იყვნენ თავად მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებენ:

„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის დეპუტატები გარკვეულ ვაჭრობას აწარმოებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ თავის დროზე ძალიან ბევრს უნდოდა ჩარეულიყო მერების დანიშვნის საქმეში. მაშინ დეპუტატები არ ჩარიეს და ახლა ისინი ეცდებიან ამ ტალღაზე როგორმე მოახერხონ მათთვის არასასურველი მერების გამოცვლა და თავიანთი სასურველი კანდიდატურების გაყვანა. შესაძლოა, მერებს უთხრან, რომ წასვლაზე განცხადებები თავად დაწერონ და გადადგნენ“.

დაანონსებული ცვლილებებისა და ახალი დაპირებების არ სჯერა კახეთში გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას საკმარისი დრო ჰქონდა ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებები მოეხდინა, თუმცა რეგიონში სხვაგვარადაც ფიქრობენ:

თელავი

„არ არის დასაჯერებელი მათი დაპირებები. 6 წელი არაფერი აკეთეს და ახლა კიდე გამოდიან და გვეუბნებიან, გვენდეთო. რა ნდობაზეა ლაპარაკი? ერთი ის არის, რომ სიწყნარეა და ვითომ დემოკრატიულობაა. ამ დემოკრატიული ფარდის უკან რა იმალება? საშინელი კორუფცია“.

„რა ვიცი, შეიძლება ეხლა კიდე დავუჯერო და ვენდო“.

„ამდენი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს და ახლა, მით უმეტეს, არაფერს გააკეთებენ“.

როდის დაიწყება კახეთში დაანონსებული საკადრო ცვლილებები, კონკრეტული დრო ცნობილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის ნაწილს ახალი დაპირებების არ სჯერა, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ და მოქალაქეობრივ ვალს მოიხდიან.