ბათუმი: „ლუჟკოვის სახლის“ მომავალი უკმაყოფილებას იწვევს

ბათუმის ზღვის სანაპიროსთან კომპანია „ალიანს სიტი“ ე.წ ლუჟკოვის სახლის დანგრევას და მის ნაცვლად ახალ მშენებლობას გეგმავს.

Your browser doesn’t support HTML5

ბათუმი: „ლუჟკოვის სახლის“ მომავალი უკმაყოფილებას იწვევს

ლუჟკოვის სახლი ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. იგი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, ოჯახის კომპანიამ ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ააშენა, თუმცა რუსთაველის ქუჩაზე რვასართულიან სახლში დღემდე არავის უცხოვრია.

დღეს ამ ქონების მესაკუთრე კომპანია „ბათუმი სიტია“, რომლის 100 % წილს 2011 წლის შემდეგ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, ამ კორპორაციის დირექტორი 2013 წლამდე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისას განცხადების წარმდგენად ჩანს.

სახლი, რომელსაც მოსკოვის ყოფილი მერის, ლუჟკოვის სახელს უკავშირებენ, დგას მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობი 18 000 კვ/მ-ია.

ამ ტერიტორიაზე განაშენების რეგულირების გეგმის წარმოების დაწყებაზე, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით, შპს „ალიანს სიტიმ“ ბათუმის მერიაში განაცხადი შეიტანა. ბათუმის მერიის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი ამბობს, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძველი შენობის დანგრევა და მისი ახლით ჩანაცვლება:

კარგია, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელსაც მიზნად აქვს ამ კონკრეტულ ადგილას აშენდეს სასტუმროს ტიპის აპარტოტელი. 250-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
ლაშა სირაბიძე

„ამ ტერიტორიაზე კომპანიას დაგეგმილი აქვს განახორციელოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს როგორც ტურისტულ ობიექტებს, ასევე საოფისე ფართებს, რესტორნებს, საცურაო აუზებს, მაღაზიებს და ამისთვის შემოიტანა განაცხადი, რომლითაც წარმოება იწყება - მიეცეს თუ არა გეგმარების დავალება კომპანიას, რომ შემდეგ უკვე წარადგინოს საპროექტო წინადადება“.

საპროქეტო წინადადების განხორციელებისთვის ინვესტორმა უნდა მოითხოვოს აგრეთვე ქალაქის ამ ნაწილს, რომელსაც დღეს საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, შეეცვალოს ფუნქცია, ხოლო შეიცვლება თუ არა იგი საზოგადოებრივ საქმიანი ზონით, ეს ბათუმის საკრებულომ მომავალში უნდა გადაწყვიტოს. ამჯდერად კი საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შესაბამისი განაშენიანების რეგულირების მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ლაშა სირაბიძემ დადებითი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:

„კარგია, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელსაც მიზნად აქვს ამ კონკრეტულ ადგილას აშენდეს სასტუმროს ტიპის აპარტოტელი. 250-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. იქნება იქ რესტორნები, იქნება დასასვენებელი ადგილები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ინვესტიცია პრიორიტეტია და კიდევ ბევრ სხვა ადგილას თუ მოხდება ასეთი ჩანაცვლებები, მე ნამდვილად მივესალმები“.

ქალაქის სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მშენებლობა ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის პროტესტს იწვევს. ე.წ. ლუჟკოვის სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ცათამბჯენების აშენების პერსპსექტივას მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში უარყოფითად გამოეხმაურა.

საკითხს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, მათ შორის დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ, რომლისთვისაც მიუღებელია ბათუმის სანაპირო ზოლში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რითაც, მისივე თქმით, იგებს ინვესტორი და აგებს ქალაქი:

„250-მილიონიანი ინვესტიცია იდებაო და 500 ადამიანი დასაქმდებაო და ა.შ - ეს არის საკითხის შეფუთვა იმისთვის, რომ კარგად წარმოჩნდეს. მაგრამ იქ სასტუმრო და აპარტოტელი იქნება. აპარტოტელი რას ნიშნავს? მაღალი ღირებულების კორპუსი უნდა აშენდეს და ბათუმის სანაპირო ზოლი, სამწუხაროდ, იქცა კორპუსებად. თან, არ ვიცით, რა სიმაღლის აშენდება. მესმის, რომ რეგულაცია არსებობს ე.წ. კ2 კოეფიციენტი, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ქ. ბათუმის მერს უფლება აქვს ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს და სიმაღლე შეუზღუდავად მისცეს. შედეგად კი ვხედავთ იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, 55-60-სართულიანი შენობებია“.

რა მასშტაბის განაშენიანება გაჩნდება ბათუმის ზღვისპირა ზოლის ამ მონაკვეთში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ის, რომ კომპანია ცათამბჯენებს ააშენებს, ამას არც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში უარყოფენ.

მერიაში შეტანილი საინვესტიციო წინადადება კომპანია „სიტი ალიანსს“ ეკუთვნის, რომელიც 2019 წლის 14 იანვარს დაფუძნდა. მისი 100 % მფლობელი მედეა ბოჭორიშვილია. იგი კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის, მეუღლეა. კომპანია „ალიანსმა“ კი, თავის მხრივ, ბათუმის სანაპიროზე უკვე ააშენა 41-სართულიანი აპარტოტელი, ახლა კი 54-სართულიან ცათამბჯენს ბათუმის დელფინარიუმთან აშენებს.

ქალაქის სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მშენებლობა ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის პროტესტს იწვევს. ე.წ. ლუჟკოვის სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ცათამბჯენების აშენების პერსპსექტივას მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში უარყოფითად გამოეხმაურა.