ბაქოს „შავი იანვარი“: თვითმხილველები იხსენებენ 1990 წლის სისხლიან ტრაგედიას

„ქალაქის ცენტრში ასიათასობით ადამიანი მიჰყვებოდა დაღუპულთა კუბოებს. ისინი დაკრძალეს მთიან პარკში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქსა და ზღვაზე. ახალგაჭრილ საფლავებს გროვებად აყრიდნენ მიხაკებს. მას მერე აზერბაიჯანელებისთვის ეს სამგლოვიარო ყვავილებია“. ასე იხსენებს ბაქოელი ემილია რაჰიმოვა ქალაქში 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის ფინალს.

1990 წელს,19-დან 20 იანვრის ღამით, საბჭოთა არმიის რამდენიმე ჯავშანსატანკო ნაწილი ბაქოში შევიდა, რათა კონტროლი დაემყარებინა ვითარებაზე: ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, ეთნიკური წმენდის ნიადაგზე იფეთქა ძალადობამ. ოფიციალური მონაცემებით, 20 იანვრის მოვლენებისას ბაქოში დაიღუპა 133 ადამიანი და დაიჭრა 611, კიდევ ხუთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1990 წლის 20 იანვრის თარიღი თანამედროვე აზერბაიჯანის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად ითვლება და მას „შავი იანვარი“ ეწოდა.

კვანძის სისხლიანი გახსნა

ის ღამე ბაქოსა და მთელს აზერბაიჯანში გამწვავებული ვითარების ერთგვარ კულმინაციად იქცა. ეს მოხდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, უამრავი ლტოლვილის ფონზე, ასევე იმ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მზარდი უკმაყოფილების გამო, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს კონფლიქტი.

1988 წელს აზერბაიჯანში შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა „სახალხო ფრონტი“. ადამიანის უფლებების დამცველები ლეილა და არიფ იუნუსები მისი ერთ-ერთი დამაარსებლები იყვნენ. ლეილას თქმით, თავდაპირველად მოძრაობა მიზნად ისახავდა არა აზერბაიჯანის გასვლას სსრკ-ის შემადგენლობიდან, არამედ სისტემის დემოკრატიზაციას. დამოუკიდებლობის საკითხი უკვე 1990 წლის იანვრის შემდეგ დადგა, როცა ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირში შეუძლებელია დემოკრატიზაცია.

1989 წლის ბოლოს ბაქოში ვითარება დაძაბული იყო. მთავარ მოედანზე თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა მრავალათასიანი მიტინგები, იგებოდა ბარიკადები, სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა ხელისუფლების გადადგომის და სსრკ-დან გასვლის მოთხოვნები, სანამ 1990 წლის 20 იანვარს ღამით ყოველივე ეს იარაღით არ ჩაახშეს.

ლეილა იუნუსი მიტინგზე გამოსვლისას.

„ბაქოდან სომხების სისხლიანი განდევნის შემდეგ ნიადაგი მომზადდა მოსკოვსა და „სახალხო ფრონტს“ შორის ურთიერთობების საბოლოოდ გასარკვევად. ჯერ კიდევ დარბევების დროს, 14 იანვარს, ბაქოში ჩამოვიდა სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს დელეგაცია გორბაჩოვის პოლიტიკური თანამებრძოლის, ევგენი პრიმაკოვის ხელმძღვანელობით, რათა ეცადა სიტუაციის გაკონტროლება. ჩამოფრინდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვიც, რათა პირადად ეხელმძღვანელა მრავალათასიანი საჯარისო კონტინგენტისთვის, რომელიც ყაზარმებსა და ქალაქის გარეუბნებში იყო დაბანაკებული. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საგანგებო ვითარება შემოღებულიყო მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რაიონებში და ქალაქ განჯაში - მაგრამ რატომღაც არა თავად ბაქოში“, წერს ტომას დე ვაალი მთლიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ თავის წიგნში „შავი ბაღი“.

საგანგებო ვითარება და კომენდანტის საათი ბაქოში 20 იანვარს შემოიღეს. მაგრამ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ამის შესახებ მეორე დილას შეიტყო, ვინაიდან სატელევიზიო ეთერი გათიშული იყო.

„ის, რომ ხელისუფლებამ არ შემოიღო საგანგებო ვითარება, რათა შეეწყვიტა სომხების რბევა და ეს გააკეთა უკვე მას შემდეგ, რაც ქალაქში აღარ დარჩნენ სომხები, მეტყველებს ან მათ ცინიზმზე, ან მათ არაკომპეტენტურობაზე, ან ერთზეც და მეორეზეც“, წერს დე ვაალი.

იმ ღამით დაღუპულთაგან ბევრს საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდა საპროტესტო გამოსვლებთან. ეს იყვნენ ისინი, ვინც ეხმარებოდა დაჭრილებს, ეს იყვნენ შემთხვევითი გამვლელები და ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები.

ავტობუსი, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს საბჭოთა სამხედროებმა. ბაქო, 1990 წ. 21 იანვარი.

დღესაც კი, 30 წლის შემდეგ, ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. გრძელდება დავა იმაზე, კონკრეტულად რამ გამოიწვია ტრაგედია და ვინ არის მასში დამნაშავე. საბჭოთა ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ჯარები ქალაქში შევიდნენ, რათა აღეკვეთათ არეულობა. მაგრამ იმდროინდელი მოვლენების ბევრი თვითმხილველი ამბობს, რომ არმია უკიდურესი სისასტიკით მოქმედებდა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხი Current Time-ი შეეცადა, მაშინდელი მოვლენები აღედგინა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა თვალით, ასევე იმათი მონათხრობით, ვინც უკანასკნელ მომენტამდე არ იცოდა, რაში იყო საქმე.

„უცნაური დრო“

იანვრის მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია, რამდენად სერიოზულად იყვნენ შეიარაღებული სახალხო მოძრაობის მონაწილეები. სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი აცხადებდა, რომ მათ შორის იყო ავტომატებით შეიარაღებული 40 ათასი მებრძოლი. მაგრამ ჟურნალისტები, რომლებიც იმ დროს ქალაქში იმყოფებოდნენ, მაქსიმუმ ას ერთეულ იარაღზე ლაპარაკობენ.

ფოტოგრაფი სანან ალესქეროვი მაშინ 34 წლის იყო: „მიტინგებზე თითქმის ორი დღე-ღამე გავატარე 20 იანვრის წინ, მაგრამ არცერთი შეიარაღებული ადამიანი არ მინახავს“.

სანან ალესქეროვი დღეს

„უცნაური დრო იყო. მიტინგებზე დავდიოდი, ვინაიდან მწამდა, რომ ეს იყო დემოკრატიის, ახალი სახელმწიფოს დასაწყისი. არასოდეს მყვარებია სსრკ და ცვლილებები მსურდა. და კიდევ - ეს იყო არაჩვეულებრივად შეკავშირებული ხალხი: კაცები, ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ინტელიგენტები და მუშები... ასეთი შეკავშირებულობა, ასეთი ერთიანობა, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მინახავს - არც მანამდე, არც მას შემდეგ. მართალია, ამ მიტინგებზე პრაქტიკულად არ ვიღებდი ფოტოებს - რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ კამერა წამართვეს და გამიტეხეს. ხალხს ეშინოდა, ვინაიდან იცოდნენ, რომ მათ შორის ჟურნალისტების ან უბრალოდ ფოტოგრაფების სახით დადიოდნენ კგბ-ს აგენტები, რომლებიც მიტინგის მონაწილეებს უღებდნენ“.

ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ უჯრედები იმ პერიოდში მრავალ ქარხანაში, ფაბრიკასა და სასწავლო დაწესებულებაში იქმნებოდა. ენერგეტიკის ტექნიკუმში ასეთი უჯრედი შეიქმნა ზამინა ჯაბაროვას ინიციატივით. ის მაშინ 42 წლის იყო, ტექნიკუმში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და „სახალხო ფრონტის“ პირველ შემადგენლობაში შედიოდა.

ზამინა ჯაბაროვა (80-იანი წლების ბოლო)

„19 იანვარს, დღისით, უჯრედის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ჩემი სტუდენტები შემეგროვებინა და წამეყვანა სალიანის ყაზარმებთან, ვინაიდან ღამით ჯარების შეყვანა იყო მოსალოდნელი. მაგრამ მე კატეგორიულად შევეწინააღმდეგე ამას. ყველა სტუდენტი სახლებში გავუშვი და ტელეფონით გავაფრთხილე მშობლები, რომ არსად გაეშვათ ისინი. თვითონ კი ყაზარმებთან წავედი. საღამო იყო, კოცონების გარშემო რამდენიმე ათეული ადამიანი იჯდა. მოვიდა ნეიმათ ფანაჰოვი - მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის დაგვპირდა, რომ მალე მოვიდოდა სატვირთო მანქანა იარაღით. დაგვპირდა და წავიდა. მაგრამ იმ ღამით არცერთი შეიარაღებული ადამიანი არ მინახავს“, იხსენებს ზამინა.

ერთ-ერთი, ვინც იმ დროს კოცონთან იჯდა ტანკების მოლოდინში, იყო 22 წლის შაჰბაზ ხუდუოღლუ, რომელიც ხელოვნების ინსტიტუტის თეატრალურ განყოფილებაზე სწავლობდა.

შაჰბაზ ხუდუოღლუ (90-იანი წლების დასაწყისი)

„მე აქტიური სტუდენტი ვიყავი. ყოველდღე დავდიოდი ეროვნული მოძრაობის მიერ მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვმონაწილეობდი მიტინგებში, მსვლელობებში, საპროტესტო აქციებში, სხვადასხვა შეკრებებში. იმ დროს, როცა ხალხი იკრიბებოდა და ერთად გაიძახდა: „თავისუფლება!“, „დამოუკიდებლობა!“, აღელვებისგან გვაჟრიალებდა“.

საღამო: გაფუჭებული ტელევიზორი

რამდენიმე დღე დადიოდა ხმები, რომ ქალაქში ტანკები შემოვიდოდნენ. მაგრამ თავად ეროვნული მოძრაობის მონაწილეებმაც არ იცოდნენ, კონკრეტულად საიდან შეიძლებოდა შემოჭრილიყვნენ ისინი. ბაქოელების უმრავლესობამ კი საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა.

ტატიანა კოვალიოვა 1990 წელს 11 წლის იყო. მისი ოჯახი ბაქოს ცენტრში ცხოვრობდა. 19 იანვარს ტატიანას მამა ხანგრძლივ მივლინებაში უნდა გამგზავრებულიყო.

ტატიანა კოვალიოვა (1990)

„მამა რადისტი იყო, სავაჭრო ფლოტში მსახურობდა. 19 იანვრის საღამოს მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო ოდესაში და იქიდან ზღვაში გასულიყო. მაგრამ მანამდე ჩვენი გაფუჭებული ტელევიზორის შეკეთებას აპირებდა. ტელევიზორი ოთახის შუაგულში დადგა, დაშალა, უკირკიტა, ააწყო, ჩართო... ტელევიზორი არ მუშაობდა. დედა აყვირდა: ერთი რაღაც ვერ შეგიკეთებია, ახლა წახვალ, ჩვენ კი რამდენიმე თვე უტელევიზოროდ დავრჩებითო. სკანდალი მოხდა. მამამ აიღო ჩემოდანი და სადგურზე წავიდა, ლამის კარი მოიჯახუნა. დაშლილი ტელევიზორი ასე დარჩა შუა ოთახში. ის უკვე მე ავაწყვე, ალალბედზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მამა არ იყო იმაში დამნაშავე, რომ ტელევიზორი არ ამუშავდა“.

19 იანვარს, საღამოს, ბაქოში მუშაობა შეწყვიტა ტელევიზიამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტელეცენტრში ენერგობლოკი ააფეთქეს. ვინ ააფეთქა, დღემდე გაუგებარია. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს გააკეთეს ან სამხედროებმა, ან სპეცსამსახურებმა.

ღამე: ტანკები ქალაქში

ჯარები ქალაქში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათ გადაკეტეს აეროპორტთან და ზღვის უბესთან მისასვლელი. სამხედრო კოლონის მოძრაობის მთავარი ვექტორი იყო ჩრდილოეთის გარეუბნიდან ცენტრისკენ: რამდენიმე გამზირი, სალაინის ყაზარმები და ტერიტორია მეტროს სადგურის გარშემო, რომელსაც მოგვიანებით „20 იანვარს“ დაარქმევენ.

„20 იანვარს, ღამით, კანონადის ხმამ გამაღვიძა“, იხსენებს ემილია რაჰიმოვა. მაშინ ის 47 წლის იყო, საბავშვო პოლიკლინიკის განყოფილების გამგედ მუშაობდა და დედასთან და პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა იმ ადგილებთან ახლოს, სადაც მოხდა ყველაფერი.

ემილია რაჰიმოვა (80-იანების ბოლო)

„ისროდნენ სულ ახლოს, მაგრამ ბინის ფანჯრები ეზოში გადის და არა ქუჩაში. ამიტომ ვერაფერი დავინახე, მხოლოდ გარეთ გამოცვენილი მეზობლების ხმაური მესმოდა. ძალიან მეშინოდა, თუმცა ვხვდებოდი თუ ვგრძნობდი, რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა. უკვე რამდენიმე დღე დადიოდა ხალხი ეზო-ეზო და მეგაფონებით უხმობდა ახალგაზრდებს მიტინგებზე. 19 იანვარს მთელი დღე ჰაერში დაძაბულობა იგრძნობოდა“, განაგრძობს ემილია რაჰიმოვა.

„როცა სროლა დაიწყო, ჩვენთან ეზოში ერთი ამბავი ატყდა. უფროსები ყველანი შეიკრიბნენ მეზობელი ქალის ბინაში, რომელსაც რადიო ჰქონდა, ბაშვებს კი - მათ შორის მე და ჩემს ძმას - შინ დარჩენა გვიბრძანეს. არ მეშინოდა. უფრო რაღაც „სიურრეალისტური“ გრძნობა მქონდა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა მესმის, რომ ის ყველაზე მეტად მიესადაგება მაშინდელ გრძნობებს. ალბათ შიში უკვე მოვასწარი მთელი წინა კვირების და თვეების განმავლობაში, როცა ქალაქში თითქმის ყოველდღე ხდებოდა რაღაც“, ჰყვება ტატიანა კოვალიოვა.

„ცოტა ხანს სალიანის ყაზარმებთან ყოფნის შემდეგ შინ დავბრუნდი. შუაღამით კი ცა განათდა. ხმაურზე ჩემმა ბიჭმა გაიღვიძა. „ალბათ სალუტის პისტოლეტია...“ ვთქვი მე. რაზეც ვაჟმა მომიგო, რომ ახლახან დაბრუნდა ჯარიდან და შეუძლია სალუტის გარჩევა სატრასირებელი ტყვიებისგან“, იხსენებს ზამინა ჯაბაროვა.

„ჩაიცვა და წავიდა, მე კი რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ტყვიებია და ჩემი შვილი იქ წავიდა. უკან გავეკიდე. მაშინ ყაზარმების მახლობლად ვცხოვრობდით. ქუჩაში ვირბინე, სანამ გზის პირას დავინახავდი მას. შემოტრიალდა და უცებ დავინახეთ ტანკი, რომელიც ჩვენკენ მოემართებოდა. ლიუკი ღია იყო და იქიდან მოჩანდა უცნაური გარეგნობის კაცი, გრძელთმიანი, უფრო დაქირავებულს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ სამხედროს. ელდა მეცა, მინდოდა ტანკს მივვარდნოდი, ვყვიროდი: „მკვლელებო! ფაშისტებო!“ მაგრამ შვილმა გზისპირა ბუჩქებისკენ მკრა ხელი და ზემოდან გადამეფარა. მერე კი, როცა საფრთხემ გადაიარა, სახლში წამიყვანა“, ჰყვება ზამინა ჯაბაროვა.

საბჭოთა ჯანვშანმანქანა ბაქოში. 1990 წ. 20 იანვარი.

საბრძოლო ვაზნები

„უკვე დაახლოებით შუაღამე იყო, როცა დავინახე, რომ გამზირზე ზემოდან ჩვენკენ ტანკები მოემართებოდნენ“, იხსენებს შაჰბაზ ხუდუოღლუ, რომელიც იმ დროს სალიანის ყაზარმებთან იმყოფებოდა. „ისმოდა სროლის ხმა, მაგრამ ჩვენ გარშემო ხალხი ამბობდა, რომ ეს არ იყო საბრძოლო ვაზნები, რომ უბრალოდ ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ. და გვჯეროდა, რომ ასე იყო, რომ ეს არ იყო ნამდვილი ტყვიები. ვინაიდან იქ ისეთს არც არაფერს ვაკეთებდით - უბრალოდ შევიკრიბეთ კოცონის გარშემო, უიარაღოები და გადაწყვეტილი გვქონდა, არაფრის დიდებით არ დავშლილიყავით“.

მაგრამ ვაზნები საბრძოლო აღმოჩნდა: „ტანკები ჯერ ზევით ისროდნენ, თავებზე ბევრად უფრო მაღლა, შემდეგ სულ უფრო და უფრო ქვევით. რაც უფრო ახლოს იყო ტანკი, მით უფრო დაშვებული იყო ლულა და ტყვიები უკვე ჩვენ დონეზე მოფრინავდა. ვიღაც მიწაზე დაეცა. ეს რომ დაინახეს, დანარჩენები აღმართისკენ გაიქცნენ და ვერ მოისაზრეს, რომ კიდევ უფრო მეტად ხდებოდნენ ტყვიების სამიზნე. კიდევ ერთი ადამიანი დაეცა, ახლა უკვე ჩემთან მთლად ახლოს. დაჭრილი იყო, ვიღაცასთან ერთად გადავათრიე გვერდზე და ახლომდებარე საავადმყოფოს ღობის იქით გადავაგდეთ. როცა უკან დავბრუნდით, დავინახეთ, რომ რამდენიმე ტანკი უკვე ცენტრალურ გამზირებზე მიემართებოდნენ“.

შაჰბაზი ჰყვება, რომ დარჩენილი ღამე ნაცნობებთან ერთად გაატარა ქუჩებში: „სიკვდილს ერთი ნაბიჯი მაშორებდა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვგრძნობდი ან ვაცნობიერებდი ამას. შიში არ ყოფილა. მაგრამ არ ყოფილა არც რაღაც ფანტასტიკური სიმამაცე, რომელიც ტანკების მუხლუხებში ჩავარდნისკენ მიბიძგებდა. და კიდევ ასეთი მომენტი: გასროლის ხმები, რომლებიც შორიდან მოისმის, ბევრად უფრო მეტ შიშს ბადებს, ვიდრე ისინი, რომლებიც ახლოს ისმის“.

„მაშინ სწავლის შემდეგ ფულის კეთება დავიწყე, თანხას მოვუყარე თავი და თეთრი ლაბადა ვიყიდე. იმ დროისთვის მოდური, უცხოური ლაბადა იყო“, იხსენებს შაჰბაზი. „იმ დღეს ის ლაბადა მეცვა. ამის შემდეგ გადასაგდები გახდა - ბოლომდე იყო გაჟღენთილი იმ დაჭრილი ბიჭის სისხლით“.

„დაგეგმილი პროვოკაცია“

ლეილა და არიფ იუნუსები (1989)

ლეილა იუნუსი მაშინ 35 წლის იყო და მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. იქვე მუშაობდა მისი ქმარი არიფი. 1990 წლის იანვრის დამდეგს მან დატოვა „სახალხო ფრონტი“ შიდა კონფლიქტების გამო, რომლებმაც, მისი თქმით, ისე შეცვალა მოძრაობის თავდაპირველი კურსი, რომ მისი ცნობაც კი შეუძლებელი იყო. ლეილა იუნუსი ქმართან, ქალიშვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა ბინაში, სადაც 20 იანვარს ღამით ფანჯარაზე ტყვიამფრქვევის ჯერმა გაიარა.

ლეილა და არიფ იუნუსები ამჟამად

"ჩვენი სახლი ბაქოს ცენტრში მდებარეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ. ისე ისროდნენ, რომ ჩაიმსხვრა ფანჯრები, რომლებიც გადიოდა არა ქუჩაში, არამედ ეზოში,“ იხსენებს ლეილა. „არიფი ქალაქში წავიდა, რათა პირადად ენახა, რა ხდებოდა და მსოფლიო მედიისთვის მოეყოლა სიმართლე. ის მიდიოდა, ბრუნდებოდა, კვლავ მიდიოდა და ბრუნდებოდა მთელი დილა და მთელი 20 იანვრის დღე. ჰყვებოდა, როგორ ჭყლეტდნენ და ესროდნენ ტანკები ყველას და ყველაფერს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანებს. ყველას ესროდნენ, ბავშვებსა და მოხუცებსაც. ტყვიები ხვდებოდათ აივანზე შემთხვევით გასულებსაც. არიფი ჰყვებოდა, რომ ზოგიერთს კვლავ ესროდნენ, ბოლომდე მოეკლათ. დილით ჩვენი ბინის ტელეფონი გასკდომაზე იყო ჟურნალისტების ზარების გამო ევროპიდან, რუსეთიდან, აშშ-დან. რამდენიმე დღეში კი უცხოელი ჟურნალისტები უკვე ჩვენთან იყვნენ სახლში. ჩვენ ვაგროვებდით მაქსიმალურად სანდო ინფორმაციას, რათა ისინი მიგვეწოდებინა მსოფლიო მედიისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის“.

ყოველივე ეს, ასევე ტრაგედიის მიზეზთა საკუთარი ხედვა ლეილა და არიფ იუნუსებმა აღწერეს წიგნში „საბჭოთა ბანაკიდან აზერბაიჯანის ციხეში“, რომელიც 2018 წელს გამოვიდა რუსულ და გერმანულ ენებზე.

„ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციული აქცია აზერბაიჯანის შიგნით არსებული ორი დამოუკიდებელი ძალისა, რომელთა ინტერესები იმ მომენტში ერთმანეთს დაემთხვა. ერთი მხრივ იყვნენ ალიევის კლანის წარმომადგენლები (1969 წლის შემდეგ, მას მერე, რაც აზერბაიჯანის კომპარტიას სათავეში ჩაუდგა კგბ-ს გენერალი ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანში მმართველობის კლანური სისტემა დამკვიდრდა), რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ, კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის პოსტიდან გადაეყენებინათ აბდულრაჰმან ვეზიროვი და ჰეიდარ ალიევი დაებრუნებინათ ხელისუფლების სათავეში.

გარდა ამისა, იყვნენ მიხაილ გორბაჩოვის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მის კომპრომეტირებას ცდილობდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბაქოს 20 იანვრის ხოცვა-ჟლეტა იმ წლებში საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნულ მოძრაობაზე ზეწოლის ყველაზე სისხლიანი, მაგრამ არა ერთადერთი შემთხვევა იყო. 1989 წლის აპრილში იყო სისხლისღვრა თბილისში, 1991 წლის იანვარში კი - ვილნიუსში“, ამბობს ლეილა იუნუსი.

დილა: მეწამული ცა და შავი ქალაქი

„გარიჟრაჟზე ცა სისხლისფრად გაწითლდა. არ ვაჭარბებ, არასოდეს მინახავს ასეთი წითელი განთიადი იანვარში. ქუჩები კი შავი იყო - შავი დროშები და ბაფთები ყველგან, ხალხს შავები ემოსა... და ენით აუწერელი დამთრგუნველი ატმოსფერო. დადუმებული, დაცარიელებული, გასრესილი ქალაქი“, იხსენებს ემილია რაჰიმოვა 20 იანვრის დილას ბაქოში.

„მეზობელ ქალთან ერთად მივდიოდით ქუჩაში, ის ჩემი კოლეგა იყო. ფეხით ჩავუარეთ ტანკებს, რომლებზეც ავტომატიანი ჯარისკაცები ისხდნენ. მეზობელი - ახალგაზრდა ემოციური ქალი - სულ მიიწევდა, რომ მათთვის რამე დაეყვირა, გამოელანძღა, მე კი ძალით ვაკავებდი. მაშინ მხოლოდ ბუნდოვნად ვიცოდით, რა მოხდა. დეტალები მერე შევიტყვე, სამსახურში მისვლისას. შევიტყვე, რომ სხვებთან ერთად მოკლეს ერთ-ერთი მედდის შეყვარებული და ერთ-ერთი „მამიკო“, როგორც ეძახდნენ პაციენტების მამებს. მძღოლი კი მომიყვა, რომ ღამით მთავარი ექიმი პოლიკლინიკაში მიჰყავდა ტყვიების წვიმაში, როგორც კინოში“, ჰყვება ემილია.

გაჭყლეტილ მანქანასთან შეკრებილი ხალხი

20 იანვარს დილით შაჰბაზ ხუდუოღლუ მეგობრებთან ერთად წავიდა ქალაქის ცენტრში: „გზაში ტანკების მიერ გაჭყლეტილი რამდენიმე მანქანა შეგვხვდა. როცა ცენტრამდე მივაღწიეთ, შადრევნების მოედნამდე, სადაც ჩვეულებრივ ბაქოელები დასეირნობენ ხოლმე, დავინახეთ, რომ მთელი მოედანი შავით იყო „მოსილი“ - ხალხმა ყოველ ხეს შეაბა შავი თავსაფრები, ბაფთები, შარფები, თითქოს წინასწარ ჰქონოდათ მომზადებული. და თავად ქალაქიც - ხეები, შენობები - თითქოს გრძნობდა, რაც მოხდა და გლოვით იყო აღსავსე“.

„ერთ-ერთ მეზობელს მოზარდი ვაჟი ჰყავდა, დაახლოებით თექვსმეტი წლის. იმ ღამით სახლში არ დაბრუნდა, არავინ იცოდა, სად იყო. მეზობელი დარწმუნებული იყო, რომ შვილი მოუკლეს,“ იხსენებს ტატიანა კოვალიოვა. „მაგრამ დილით დაბრუნდა - ცოცხალი, საღ-სალამათი და ნამთვრალევი. თურმე არც იცოდა, რა მოხდა: მთელი ღამე მეგობრებთან ერთად გაატარა რომელიღაც ვიდეოსალონში, სვამდა და კინოს უყურებდა“.

ხალხი დაღუპულის ცხედართან

როცა ზამინა ჯაბაროვამ მრავალი დაჭრილის შესახებ შეიტყო, საავადმყოფოში წავიდა სისხლის ჩასაბარებლად: „მაგრამ ექიმებმა უარი თქვეს - ამბობდნენ, რომ დონორების სისხლი საკმარისზე მეტი იყო, ძალიან ბევრს სურდა დაზარალებულთა დახმარება“.

„ქუჩებში ვხედავდი სისხლის გუბეებს და მათ გარშემო დაწყობილ მიხაკებს,“ განაგრძობს ის. „ქალაქის ცენტრში კი ტანკები იდგნენ, მათში ისხდნენ უკვე სულ სხვა ადამიანები, ისინი არა, ღამით რომ იყვნენ. ეს იყვნენ ახალგაზრდები სრულიად სხვა სახეებით, ჩვეულებრივი გაწვეული ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, მათ არ უსვრიათ“.

ბაქოელები დაცხრილულ მანქანასთან

„ისე მოხდა, რომ მიტინგებზე თითქმის ორი დღე-ღამე გავატარე და ისე დავიქანცე, რომ 19-დან 20-ის ღამით მთელი ღამე მეძინა სახლში. როცა სროლა დაიწყო, მამამ არ გამაღვიძა, იქ რომ არ წავსულიყავი. ასე რომ, ქუჩაში უკვე 20 იანვარს დილით გავედი“, ამბობს ფოტოგრაფი სანან ალესქეროვი.

„რამდენიმე მეგობართან ერთად მივედით ცკ-ს შენობასთან და უცებ ჩვენკენ ტანკი წამოვიდა. მისკენ გავექანეთ, რაღაცას ვუყვიროდით... ტანკი გაჩერდა. არავის უხლია ჩვენთვის ხელი, მაგრამ გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა“, ჰყვება ის. „სახლში მარტო დავბრუნდი, ცარიელი ქუჩებით. და უკვე თითქმის შინ მისული კვლავ „გადავეყარე“ ტანკს, რომელმაც კუთხიდან შემოუხვია. და, აი, აქ უკვე შემეშინდა. ცხოვრებაში არასოდეს შემშინებია ისე, როგორც მაშინ. როცა რამდენიმე ხართ, არაფრის გეშინიათ - არც ტანკისთვის გზის გადაჭრის, სიკვდილისაც კი არა. მაგრამ როცა მარტო ხარ და როცა ლულა პირდაპირ შენ შემოგყურებს... უახლოეს ეზოში შევვარდი, უკანასკნელ სართულზე ავფრინდი და იქ მოვიცადე, სანამ ტანკი წავიდოდა“.

საბჭოთა ჯავშანმანქანა და შინაგანი ჯარების მეომრები ბაქოს ქუჩებში.

შემდეგ: სასაფლაოდ ქცეული პარკი

„20 იანვრის საღამოს მამა დაბრუნდა,“ ამბობს ტატიანა კოვალიოვა. „თქვა, რომ ვერ შეძლო მატარებელში ჩაჯდომა და ღამე და თითქმის მთელი დღე სადგურში გაატარა. მოჰყვა, რა ხდებოდა ქალაქში. შეჭამა, დაიბანა და ამჯერად მაინც გაემგზავრა ოდესაში. ჩვენ კი თითქმის ერთი კვირა არ გამოვდიოდით სახლიდან, ბოსტნეულის კონსერვებით ვიკვებებოდით - მადლობა ღმერთს, სახლში დიდი მარაგი გვქონდა. უკვე 90-იანი წლების შუაში მივედი სტუმრად ახალ ნაცნობებთან, მიკრორაიონში, რომელიც ახლოს მდებარეობს იმ ადგილთან, საიდანაც შემოვიდნენ ტანკები. და პირველად ვნახე საკუთარი თვალით ნატყვიარები „ხრუშჩოვკის“ კედლებზე. ნაცნობები მომიყვნენ, რომ ორი მათი მეზობელი ისე დაიღუპა, რომ ქუჩაშიც არ გასულან. უბრალოდ ფანჯარასთან მივიდნენ და ტყვიები მოხვდათ“.

ბაქოში დაღუპულების გლოვა. 1990 წ. 28 იანვარი.

20 იანვარს საღამოს ფოტოგრაფი სანან ალესქეროვი წავიდა საავადმყოფოში, სადაც დაჭრილები და მოკლულები მიჰყავდათ: „იქ გადაღება შევძელი, მაგრამ მეორე დღეს ჩემთან სახელოსნოში რამდენიმე ადამიანი მოვიდა, „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლები ვართო და ფირების გადაცემა მომთხოვეს. მითხრეს, რომ საჭიროა მათი დასავლეთში გადაგზავნა. პირველად ვხედავდი ამ ადამიანებს, მაგრამ ვენდე, გადავეცი ფირები და დღემდე არ ვიცი, სად წავიდა ის ფოტოსურათები და რა ბედი ეწია. იქნებ მართლაც დასავლეთში გააგზავნეს“.

„მაშინ დავრწმუნდით, რომ არ არსებობს არმია, რომელიც ჩვენ გვიცავს. არის არმია, რომელიც მზადაა, გაგვანადგუროს. არმია, რომელშიც ვმსახურობდით, უცებ ჩვენ წინააღმდეგვე შემოგვიტრიალდა. და ასეთი არმიის იმედის ქონა უკვე შეუძლებელი იყო. მაგრამ, ამასთან, იმ ყველაფრის მერე, რაც გადავიტანე, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, ამას არ შევურყევივარ“, ამბობს შაჰბაზ ხუდუოღლუ.

22 იანვარს ტელევიზია კვლავ მუშაობდა და დაღუპულთა დაკრძალვას გადასცემდა. ისინი გამოასვენეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედნიდან, მაშინ მას ლენინის მოედანი ერქვა, დღეს - თავისუფლების მოედანი. ზღვა ხალხმა გაიარა მთელ ცენტრში და მივიდა მთის პარკში, რომელიც იმ დღეს შაჰიდების ხეივნად იქცა (აზერბაიჯანში შაჰიდებს უწოდებენ საბრძოლო მოქმედებებში ან თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულებს).

ბაქოში დაღუპულთა დაკრძალვა. 1990 წ. 27 იანვარი.

„ძალიან ბევრი ხალხი იყო, ყველა შავებში, ძალიან დამთრგუნველი სურათი იყო, ტელევიზორში საყურებლადაც,“ განაგრძობს ემილია რაჰიმოვა. „ფონად ისმოდა სიმღერა „განშორება“, რომელიც მაშინ ეროვნული მოძრაობის ერთგვარი არაოფიციალური ჰიმნი იყო. ეს არის 50-იანი წლების სიმღერა, ლამაზი სიმღერაა, მაგრამ ჩემში დღემდე ბადებს იმ დაკრძალვის ასოციაციებს. ისევე, როგორც მიხაკები, რომლებიც მას მერე აღარ მიყვარს“.

„დაკრძალვის დღეს გადაღების თავი არ მქონდა - უბრალოდ არ შემეძლო. წესიერად გადაღება შევძელი მხოლოდ მეორმოცე დღეს, როცა ხალხი კვლავ შეიკრიბა შაჰიდების ხეივანში დაღუპულთა გასახსენებლად, როგორც ეს ისლამშია მიღებული. და ეს ფოტოსურათები ერთადერთია, რაც შემომრჩა იმ დღეებიდან“, ამბობს სანან ალესქეროვი.

მიტინგი ბაქოში. 1990 წ. 28 იანვარი.

ბევრი იხსენებს, რომ მთელი ამ 40 დღის განმავლობაში ქალაქში ნებაყოფლობითი გლოვა იყო. მამაკაცები წვერს არ იპარსავდნენ, ეზოებში დაღუპულთა მოსახსენებლად იკრიბებოდნენ.

ტრაგედიის მიზეზების გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა რამდენიმე წელს გაგრძელდა. იგი ჩაატარა სსრკ-ის გენპროკურატურამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის გენპროკურატურამ. საბჭოთა პროკურატურამ სამხედროთა ქმედებებში ვერ აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები და საქმე დახურა. რამდენიმე წლის შემდეგ აზერბაიჯანის პროკურატურამ განაახლა საქმე და 1994 წელს დამნაშავედ გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე აიაზ მუთალიბოვი (რომელიც ერთი წლის შემდეგ აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი გახდა), აზერბაიჯანის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი აბდულ-რაჰმან ვეზიროვი, სსრკ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვი, სსრკ-ის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, სსრკ-ის კგბ-ს თავმჯდომარე ვლადიმირ კრიუჩკოვი და აზერბაიჯანისა და საბჭოთა კავშირის კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკი. მაგრამ ეს ბრალდებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩა - არავინ დაუსჯიათ.

ემილია რაჰიმოვა ამჟამად პენსიაზეა და ცხოვრობს თავის სახლში, რომლის მახლობლადაც მდებარეობს 20 იანვრის მსხვერპლთა მემორიალი.

ზამინა ჯაბაროვა პენსიონერია და ჯერაც მუშაობს.

ტანია კოვალიოვა გაიზარდა და ეკონომისტი დადგა.

შაჰბაზ ხუდუოღლუ გამომცემლობა Qanun-ს ხელმძღვანელობს.

სანან ალესქეროვი განაგრძობს ფოტოგრაფიას.

ცოლ-ქმარი იუნუსები განაგრძობდნენ უფლებადამცველ საქმიანობას უკვე დამოუკიდებელ აზერბაიჯანში, სანამ 2014 წელს ციხეში აღმოჩნდნენ თაღლითობის, გადასახადებისთვის თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალრიცხოვანი პროტესტების, პირველ რიგში ევროკავშირის აქტიურობის შედეგად, ციხე პირობითი პატიმრობით შეუცვალეს. 2016 წელს ცოლ-ქმარი ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. სამშობლოში მათ წინაშე სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

(მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეახის, Current Time-ის მასალების მიხედვი)