ბაღდათში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და მიყენებული ზიანის შეფასება.

უხვი ნალექის შედეგად, 27 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაზიანდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. შეფერხებულია აბონენტთა ნაწილის გაზ- და ელექტრომომარაგება.

ადგილზე ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე პროექტი.

„კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები - დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ასევე ნახეთ

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 500-მდე გაიზარდა

უწყების ცნობითვე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.