ბერნი სანდერსს გაეზარდა შანსი, დასახელდეს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად

ბერნი სანდერსი მეუღლესთან და ნათესავებთან ერთად

ნევადის შტატში დემოკრატიული პარტიის პირველად კენჭისყრაში (ე.წ. კოკუსი) გამარჯვება მოიპოვა ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 40%-ზე მეტი მიიღო.

ნევადის "კოკუსში" გამარჯვებით გაიზარდა უკიდურესად მემარცხენე ფრთის წარმომადგენლის, სენატორ სანდერსის შანსი - დასახელდეს დემოკრატიული პარტიის კანდიდატად აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ეგზიტ-პოლის შედეგებით, ბერნი სანდერსს ხმა მისცა ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ყველა კატეგორიიდან, გარდა - 65 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფისა.

ნევადა უკვე მესამე შტატია, სადაც დემოკრატიული პარტიის პირველადი კენჭისყრა ჩატარდა. აიოვისა და ნიუ-ჰემპშირის შტატებისგან განსხვავებით, ნევადაში ეთნიკური უმცირესობა ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ დრომდე სენატორ სანდერსს არ ჰქონია ამ კატეგორიის ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერა.

"კოკუსში" მეორე ადგილზე გავიდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან ხმების 20%-ზე ნაკლების მოგროვება შეძლო. ბაიდენისთვის კრიტიკული იქნება მომდევნო პირველადი კენჭისყრა, რომელიც სამხრეთ კაროლინაში უნდა გაიმართოს. მეთვალყურეთა შეფასებით, მას ახლა მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

აიოვისა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში დამარცხება და ნევადის შტატის მოკრძალებული შედეგი უკვე აისახა ჯო ბაიდენის ნაციონალურ რეიტინგებზე. მთელი 2019 წლის განმავლობაში ის ითვლებოდა ფავორიტად დემოკრატიული პარტიის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პროცესში.

ამჟამად, საშუალოდ, ჯო ბაიდენს დემოკრატების 18% უჭერს მხარს, ხოლო ბერნი სანდერსს - 29%.

ოპონენტებისთვის, რომლებიც დემოკრატიული პარტიის ცენტრისტების ფრთას წარმოადგენენ, კანდიდატად ბერნი სანდერსის დასახელება ნიშნავს დემოკრატების მარცხს აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. მათი შეფასებით, ამერიკელების დიდი ნაწილი არ დაუჭერს მხარს კანდიდატს, რომელიც საკუთარ თავს „დემოკრატიულ სოციალისტს“ უწოდებს, ხოლო ამომრჩევლებს რადიკალურ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს სთავაზობს.