აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 თებერვალს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები არ გააგრძელებს რუსეთთან „New START“-ის ხელშეკრულებას, რომლის ვადაც იმავე დღეს ამოიწურა.
სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ძველის გაგრძელების ნაცვლად „ახალი, გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ხელშეკრულებაა“ გასაფორმებელი. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მიერ 2011 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას უწოდა „ცუდი შეთანხმება, რომელიც უხეშად ირღვევა“.
„ჩვენ უნდა დავავალოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს შეიმუშაონ ახალი, გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ხელშეკრულება, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში გაგრძელდება“, - დაწერა მან.
დონალდ ტრამპმა ახალი ხელშეკრულების საჭიროებაზე ისაუბრა 2026 წლის იანვარშიც:
„თუ მას (ძველ ხელშეკრულებას) ვადა ამოეწურება, ე.ი. ამოეწურება. ჩვენ უბრალოდ უკეთეს შეთანხმებას დავდებთ“.
ტრამპმა გამოცემა New York Times-აც განუცხადა, რომ ბირთვული იარაღის კონტროლის მომავალ ხელშეკრულებაში არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული ძალა უნდა შედიოდეს. პასუხად ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა „არაგონივრული და არარეალურია“, რადგან ჩინეთი თავის ბირთვულ არსენალს „მინიმალურ დონეზე“ ინარჩუნებს და არ მონაწილეობს შეიარაღების რბოლაში.
СНВ-III-ს (ასე უწოდებენ რუსეთში New START-ს) ვადის გასვლას უკომენტაროდ არ ჩაუვლია რუსეთშიც.
1972 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს არ აქვთ ბირთვული ძალების შემზღუდავი ხელშეკრულებები, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა X-ში.
„მორჩა. 1972 წლის შემდეგ პირველად, რუსეთს (ყოფილ სსრკ-ს) და შეერთებულ შტატებს არ აქვთ სტრატეგიული ბირთვული ძალების შემზღუდავი ხელშეკრულება. ОВ 1, ОСВ 2, СНВ I, СНВ II, ССНП, СНВ III (ინგ. SLA I, SALT II, START I, START II, START III) - ეს ყველაფერი წარსულშია“, - დაწერა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელმაც გამოქვეყნებულ პოსტს თან დაურთო სერიალ Game Of Thrones-ის კადრის სკრინშოტი და ციტატა „ზამთარი მოდის“ - ფრაზა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მზადყოფნას რთული დროისთვის.
მოკლე ისტორიული ექსკურსი
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა New START (СНВ-III) ხელშეკრულებას 15 წელზე მეტი ხნის წინ მოაწერეს ხელი, კრემლსა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობების დათბობისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებში „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფონზე.
ამერიკის მეცნიერთა ფედერაციის (American Federation of Scientists) შეფასებით, შეერთებულ შტატები და რუსეთი მსოფლიოში ბირთვული იარაღის დაახლოებით 86%-ს ფლობენ. თუმცა, New START-ის (СНВ-III) ვადის გასვლის შემდეგ, პირველად თითქმის 40 წლის შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს აღარ აქვთ მექანიზმი ახალი „გამალებული შეიარაღების“ თავიდან ასაცილებლად.
New START (რუს. СНВ III) - ხელშეკრულება - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული განიარაღების შესახებ ბოლო მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც 2010 წელს ხელი მოაწერეს აშშ-ისა და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა (ძალაში შევიდა 2011 წლის თებერვალში). ეს ხელშეკრულება ზღუდავდა რუსეთისა და აშშ-ის ბირთვული არსენალების მოცულობას და გათვლილი იყო ათ წელზე ერთი ხუთწლიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების შემცირებას თითოეული მხარისთვის 1550 ერთეულამდე (ცივი ომის დროს სსრკ-სა და აშშ-ს ჯამში 35 000-მდე ბირთვული ქობინი ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ New START-ი მათი არსენალების 20-ჯერ შემცირებას ითვალწინებდა).
ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი. 2010 წლის 8 აპრილი, პრაღა
ფორმალურად, ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ამოიწურა, მაგრამ ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მრავალი ანალიტიკოსის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გამოიყენეს ხელშეკრულების ერთჯერადად ხუთწლიანი გახანგრძლივების პუნქტი.
New START-ის (СНВ-III) შეთანხმება არ ითვალისწინებდა მრავალჯერად პროლონგირებას (გაგრძელებას). თუმცა, შესაძლებელი იყო შესწორების შეტანით მისი ვადის მრავალჯერადი გაგრძელება.
ყველაფერი კი СНВ-I-ით დაიწყო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, კრემლმა და თეთრმა სახლმა გააფორმეს შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ - СНВ-I. ხელშეკრულება ავალდებულებდა მხარეებს მომდევნო 15 წლის განმავლობაში არსებითად შეემცირებინათ თავიანთი ბირთვული არსენალები - 6 ათას ერთეულამდე. ცივი ომის წლებში არც საბჭოთა კავშირი და არც შეერთებული შტატები ოფიციალურად არ ასაჯაროებდნენ მონაცემებს თავიანთი ბირთვული არსენალების შესახებ. სხვადასხვა შეფასებით, 1990-იანი წლების დასაწყისში მოსკოვი ფლობდა დაახლოებით 10 000 ბირთვულ იარაღს, ხოლო ვაშინგტონი - დაახლოებით 12 000-ს. ათი წლის შემდეგ, 2001 წელს, ვაშინგტონმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ СНВ-I-ის მოთხოვნები შესრულდა და ერთმანეთში გაცვალეს მონაცემები, რომლებიც ადასტურებდა განთავსებული სტრატეგიული მატარებლებისა და ქობინების შემცირებას.
დიდწილად სწორედ ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით აიძულეს აშშ-მა და რუსეთის ფედერაციამ უკრაინა, გადაეცა რუსეთისთვის საკუთარი ბირთვული არსენალი, რომელიც ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა.
2006 წელს ვლადიმირ პუტინმა მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, შესთავაზა ახალი ხელშეკრულების დადება ბირთვული შეიარაღების ურთიერთკონტროლის შესახებ. თუმცა ვაშინგტონი არ ჩქარობდა ახალი ვალდებულებების აღებას, მით უმეტეს, რომ СНВ-I-ის მოქმედების ვადა მხოლოდ 2009 წელს იწურებოდა. მოლაპარაკებებისა და ახალი შეთანხმების მომზადების პროცესი დაჩქარდა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყნის ლიდერები გახდნენ დმიტრი მედვედევი და ბარაკ ობამა.
ჯორჯ ბუში (მარცხნივ) და ვლადმირ პუტინი
დოკუმენტის შესრულების ურთიერთკონტროლის მიზნით მოსკოვმა და ვაშინგტონმა შექმნეს მკაცრად რეგლამენტირებული ინსპექციების მექანიზმი, რომელსაც ავსებდა შეტყობინებების სისტემა სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების, მათი გადაადგილებისა და მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთი და აშშ-მა შეთანხმდნენ, რომ თავიანთი სტრატეგიული ბირთვული იარაღის ერთეულებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე არ განათავსებდნენ.
აშშ-ის ხედვა
„СНВ-3-ის ვადის ამოწურვა რეალურად დაკავშირებულია არა თავად ხელშეკრულებასთან, არამედ უფრო ფართო ტენდენციასთან - უნდობლობასა და შეიარაღების კონტროლისადმი ინტერესის ნაკლებობასთან“, - განუცხადა Financial Times-ს ამერიკელი მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორის მოადგილემ, მეთ კორდამ.
მიუხედავად ამისა, 2025 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კრემლი მზად არის СНВ-III-ის (New START) პირობები დაიცვას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებიც აიღებენ მსგავს ვალდებულებებს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული შეიარაღების კონტროლზე „სრული უარი“ „შეცდომად და არაშორსმჭვრეტელურ ნაბიჯად“ შეაფასა.
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, როცა განაცხადა, ხელშეკრულების ვადა ამოიწურება და ამოიწუროს, ჩვენ უბრალოდ უფრო ხელსაყრელ შეთანხმებას დავდებთო.
თუმცა ექსპერტთა ნაწილს ეჭვი ეპარება იმაში, რომ შესაძლებელია „უკეთესი შეთანხმების“ დადება. იმავე Financial Times-ს პაველ პოდვიგმა უთხრა, რომ ქვეყნები ვერ შეძლებენ ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მათ დიპლომატიურ ურთიერთობებზე უკეთესი იქნება.
დონალდ ტრამპი ჯერ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც სკეპტიკურად უყურებდა New START-ის (СНВ-III)-ის ვადის გაგრძელებას. 2019 წელს ასე ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონმა დატოვა კიდევ ერთი შეთანხმება - საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულება, რომლის დარღვევაში 2010-იანი წლების განმავლობაში რუსეთი და აშშ ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებდნენ. თეთრი სახლი მაშინ ამტკიცებდა, რომ ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულება სამმხრივი უნდა ყოფილიყო და მას შეერთებოდა ჩინეთიც - ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში საკუთარი არსენალი გააორმაგა.
დონალდ ტრამპი
როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ვაშინგტონში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ აშშ-მ უნდა განავითაროს საკუთარი ბირთვული შეიარაღება, რათა ერთდროულად შეაკავოს როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი.
„ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ცნობად უნდა მიიღოს ფაქტი, რომ New START-ის ვადა ამოიწურა", - ამბობს თომას კანტრიმენი, - "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და შეიარაღების კონტროლის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე.
„СНВ-III-ის გაგრძელება მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეებს აძლევს ხელს“, - დაწერა Washington Post-ში რობერტ პეტერსმა, ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის უფროსმა მკვლევარმა.
რუსეთის ხედვა
2023 წელს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციამ არ დაუშვა თავისი ბირთვული ობიექტებზე ამერიკელი ინსპექტორების დელეგაცია, რომელიც რუსეთში ჩავიდა New START-ით (СНВ-III) გათვალისწინებული გეგმური შემოწმების ჩასატარებლად. ურთიერთშემოწმებები კორონავირუსის პანდემიის დროიდან აღარ ტარდებოდა. თეთრი სახლის შეფასებით, კრემლი განზრახ აფერხებდა ინსპექციების ჩატარებას დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე. მალევე ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დროებით აჩერებს მონაწილეობას, თუმცა არ გამოდის ხელშეკრულებიდან.
2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსეთი კვლავ აგრძელებდა New START-ის შეზღუდვების დაცვას. ნახევარი წლის შემდეგ კი კრემლმა ოფიციალურად გამოაცხადა ბირთვული დოქტრინის ცვლილების შესახებ.
ამიერიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს „აგრესია რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით“. კერძოდ, რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა ასეთი აგრესიის მაგალითად ასახელებს უპილოტო საფრენი აპარატების (მოიერიშე დრონების) მასირებულ შეტევას.
ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინაბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საშუალო სიშორის ბირთვული შეიარაღება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ გამოცადა (არაბირთვული მუხტით) ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, რომლითაც იერიში მიიტანა უკრაინის სამხედრო ობიექტზე ქალაქ დნეპრში. ასევე რუსეთი აქტიურად ამუშავებს შეიარაღების ახალ სისტემებს (მაგ.ჰიპერბგერით უპილოტო საფრენ აპარატ „პოსეიდონს“ ), რომლებიც ფორმალურად არ ექცევიან СНВ-III-ის შეზღუდვების ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ბირთვული ქობინითაც იყვნენ აღჭურვილი.
კიდევ ერთი ახალი რუსული იარაღია ბირთვულ ენერგეტიკულ დანადგარზე მომუშავე საკონტინენტთაშორისო ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელზეც აქტიური მუშაობა ბოლო 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, კრემლს შესაძლოა მართლაც უნდა შეთანხმების ვადის გახანგრძლივება, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ბირთვული ობიექტების ურთიერთინსპექტირების განახლება. არა და, როგორც Financial Times-ს განუცხადა პროექტის „რუსეთის ბირთვული შეიარაღება“ ხელმძღვანელმა პაველ პოდვიგმა, СНВ-3-ის მთავარი ღირებულება მდგომარეობდა არა იმდენად თავად შეზღუდვებში, რამდენადაც ინსპექციების, ინფორმაციის გაცვლისა და შეტყობინებების სისტემაში.
ექსპერტის აზრით, არსებულ პირობებში ბირთვული შეკავებისთვის კარგ კომპრომისად შეიძლება იქცეს ბირთვული იარაღის რაოდენობის ზედა ზღვრის აწევა გამჭვირვალობის მექანიზმის შენარჩუნებით. თუმცა ამისათვის მხარეებმა უნდა გამოავლინონ თანამშრომლობის, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მაღალი ხარისხი.
ასევე ნახეთ ბირთვული იარაღის გამოყენება გადაარჩენს კაცობრიობას - "არც ისე მეცნიერული დასკვნა" კარაგანოვისგანპრაქტიკა კი იმას აჩვენებს, რომ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ დაგროვილი აქვთ პრეტენზიები. 2023 წლის მარტში რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. СНВ-III უკრძალავს ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას თავისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მხოლოდ სტრატეგიული (და არა ტაქტიკური) ბირთვული იარაღის განთავსებას. სავარაუდოდ, შეერთებულმა შტატებმა ასევე განათავსა თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიაში, თურქეთსა და იტალიაში მდებარე სამხედრო ბაზებზე.
ცხადია, ფორმალურად რუსეთს ამ ნაბიჯით (ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებით), არ დაურღვევია შეთანხმების პირობები, თუმცა შესამჩნევად გაზარდა დაძაბულობა კრემლსა და თეთრ სახლს შორის.
სპეციალისტთა თქმით, კრემლი ასევე უკმაყოფილოა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის „ოქროს გუმბათის“ შექმნით, რომლის ინიციატორიც ტრამპის ადმინისტრაციაა. ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება შეიძლება გახდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის კიდევ ერთი წყარო.
ასევე ნახეთ გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაგარდა ამისა, თუ აშშ-ს უნდა ახალ ხელშეკრულებაში ჩინეთის ჩართვა, ვლადიმირ პუტინის სურვილია, პოტენციურ ახალ ბირთვულ შეთანხმებაში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის გადახედვის შემდეგ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნაზე ან გაფართოებაზე. 2025 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა „ბირთვული ქოლგის“ პროექტს, რომელმაც ევროპა უნდა დაიცვას რუსეთის შესაძლო აგრესიისგან.
„ბირთვული ქოლგა“ - პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბირთვული სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ არაბირთვულ ქვეყნებს. ევროპაში ბირთვული არსენალის მქონე მხოლოდ ორ ქვეყანას საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შეუძლიათ ბირთვული რაკეტების გაშვება წყალქვეშა ნავებიდან ან თვითმფრინავებიდან, თუმცა ეს ქვეყნები არ ფლობენ სახმელეთო კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს.
„ბირთვული ქოლგის“ შექმნაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, - განაცხადა ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა. მოლაპარაკებების ფაქტი ასევე დაადასტურა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმაც.
როგორც გამოცემა Politico წერს, საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნაზე ფიქრობენ ასევე არაევროპული ქვეყნები: საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
„ვფიქრობ, რომ ახალი შეიარაღების რბოლის ზღურბლზე ვდგავართ. არ მგონია, რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში კიდევ დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომელიც შეიარაღების რაოდენობას შეზღუდავს“, - უთხრა „დოიჩე ველეს“ კარნეგის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანახელმძღვანელმა ჯეიმს ექტონმა.
გამალებული შეიარაღება 2.0
როგორც რუსეთი, ისე აშშ აქტიურად ავითარებენ სტრატეგიულ სისტემებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება იმ შეიარაღებას, რომელთა შემცირებასაც СНВ-III ითვალისწინებდა.
„რუსეთი ქმნის ბირთვული იარაღის მატარებლებს, რომლებიც თავიდანვე არ ექვემდებარება СНВ-3-ის კონტროლს. საუბარია სუპერ-ტორპედო „პოსეიდონსა“ და ფრთოსან რაკეტა „ბურევესტნიკზე“. პუტინს მიიჩნია, რომ ეს სისტემები უპირატესობას ანიჭებს რუსეთს ბირთვულ სფეროში. საკითხავია, უპასუხებს თუ არა ამ გამოწვევას აშშ. ჩაერთვება თუ არა ამ რბოლაში, საკუთარი ანალოგების შექმნით, ან დაუბრუნდება თუ არა ბირთვული იარაღის გამოცდას და ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდას“, - განუცხადა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელს მაქსიმ სტარჩაკმა, თავდაცვისა და საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის მუქარა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოცდისთვისახალი რუსული მძიმე კლასის ბირთვული რაკეტა „სარმატი“, რომლის გამოცდების პროცესი წარმატებულად არ გამოიყურება, განკუთვნილია არა მხოლოდ ბირთვული ქობინებისთვის, არამედ ჰიპერბგერითი პლანერის, „ავანგარდის“ გასაშვებადაც.
გარდა ამისა, რუსეთი ავითარებს ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკს“, რომელიც (არაბირთვული კომპონენტით) უკვე ორჯერ იქნა გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ეს საშუალო სიშორის მოქმედების რაკეტა არ იყო გათვალისწინებული СНВ-ის ხელშეკრულებით, რადგან სტრატეგიულ იარაღს არ წარმოადგენდა. (მისი შექმნა შეზღუდული იყო საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებით, რომლის შეწყვეტის შემდეგაც რუსეთმა დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა.
აშშ-იც უფრო აქტიურად მოქმედებს სტრატეგიული შეიარაღების სფეროში.
დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვის პროექტი, რომელსაც არაოფიციალურად „ოქროს გუმბათი“ ეწოდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ბირთვული შეკავების სისტემასთან.
აშშ ასევე აგრძელებს საკუთარი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების განახლებას. ეს გულისხმობს როგორც ახალი გადამტანების შექმნას, ისე არსებული ბირთვული ქობინების მოდერნიზაციას.
კონგრესის საბიუჯეტო მართვის ოფისის გათვლებით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში ბირთვული ძალების შენახვა და განახლება აშშ-ს თითქმის 946 მილიარდი დოლარი დაუჯდება, ხოლო 2026 ფისკალური წლის საბიუჯეტო მოთხოვნაში პენტაგონმა დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი გაითვალისწინა ბირთვული ტრაიადის სამივე ელემენტის საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად და გასაახლებლად.
ბირთვული ტრიადა - ამა თუ იმ ქვეყნის ბირთვული შეკავების სისტემა, რომელიც ეფუძნება ბირთვული იარაღის სამ დამოუკიდებელ პლატფორმას:
სახმელეთო კომპონენტი - მიწისზედა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები
- განთავსებულია შახტებში ან მობილურ პლატფორმებზე
- აქვთ ფრენის ძალიან მოკლე დრო
- მთავარი პლუსი: მყისიერი საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა
- მინუსი: ფიქსირებული ადგილმდებარეობა (შახტები)
საზღვაო კომპონენტი - ბირთვული წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტებით
- მოქმედებენ ოკეანეებში ფარულად
- ყველაზე ძნელად აღმოსაჩენი ელემენტია
- მთავარი პლუსი: გადარჩენის მაღალი ალბათობა
- ხშირად მიიჩნევა ტრიადის ყველაზე სტაბილურ ნაწილად
საჰაერო კომპონენტი - სტრატეგიული ბომბდამშენები
- ატარებენ ბირთვულ ბომბებს ან ფრთოსან რაკეტებს
- შეიძლება წინასწარ განლაგდნენ ან უკან დაბრუნდნენ
- მთავარი პლუსი: მოქნილობა და კონტროლი