აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ - ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის?

ფოტოილუსტრაცია. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია და თვითმფრინავებისთვის დაკეტილი საჰაერო სივრცე აბასთუმანში - ჟურნალისტური გამოძიება

2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება. თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება აბასთუმნის თავზე - მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბის გარშემო 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

სარჩევი


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ცვლის რამდენიმე ისეთ საერთაშორისო ტრასას, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

ასეა თუ არა ეს? ობსერვატორიის დირექტორი ამბობს, რომ კი. მაგრამ რადიო თავისუფლების წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან ირწმუნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა “ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა. “ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.

ამ სტატიაში გიყვებით, რა რისკები ახლავს აბასთუმნის თავზე საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას და როგორ შეიცვალა სახელმწიფო პრიორიტეტები აბასთუმანში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.


“აბასთუმანი-2” - აკრძალვა მიწიდან უსასრულობამდე

სარჩევზე დაბრუნება

თვეების წინ, როდესაც ინფორმირებულმა წყარომ სახელმწიფო უწყებიდან, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესთან, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ივანიშვილის სურვილით აბასთუმნის ცა ავიახომალდებისთვის დაიკეტებოდა, საჰაერო სივრცის მომწესრიგებელ არცერთ სამართლებრივ აქტში, მათ შორის მთავრობის დადგენილებებში, ასეთ ცვლილებებს არაფერი მოასწავებდა.

არადა იგივე წყარო ასახელებდა დაკეტვის ზუსტ თარიღს - 2026 წლის 16 აპრილს.

მოგვიანებით, 2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოსცემს დადგენილება №52-ს, რომელიც ნაწილობრივ ცვლის ძველ, 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების” შესახებ.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილება, რომლითაც აიკრძალა აბასთუმნის თავზე თვითმფრინავების შესვლა

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა “აბასთუმანი-2”. ამ ცვლილებით, აბასთუმნის თავზე, დაახლოებით 28 საზღვაო მილის (52 კმ.) დიამეტრის საჰაერო სივრცეში აიკრძალა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, რაც საავიაციო რუკის პროექტში შესაბამისი კოდებით არის აღნიშნული - GND-UNL.

ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.

აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.

ადვილად რომ წარმოიდგინოთ, ამ აკრძალვის ცენტრი თბილისის შუაგული რომ ყოფილიყო, ზონა მოიცავდა თბილისს, რუსთავსა და მცხეთას და მისწვდებოდა კასპის, მარნეულისა და გარდაბნის მხარეს მდებარე დასახლებებსაც.

52-კილომეტრიანი არასაფრენი ზონა აბასთუმნის თავზე, რომელიც 16 აპრილიდან იკეტება.

აბასთუმნის თავზე დახურული ცის მასშტაბის კიდევ უფრო უკეთ აღსაქმელად, უნდა იცოდეთ, რომ ამ მონაკვეთში საქართველოს საჰაერო სივრცის სიგანე — თურქეთის საზღვრიდან კავკასიონის ქედამდე — დაახლოებით 90 საზღვაო მილია. ახალი აკრძალვა მის თითქმის მესამედს ფარავს, რაც მნიშვნელოვნად ავიწროებს მანევრირების სივრცეს და ფრენებს ჩრდილოეთის მიმართულებით აჩოჩებს.

პრობლემა მხოლოდ ფართობი არ არის — არასაფრენი ზონა ზუსტად იმ მონაკვეთში ჩნდება, სადაც სივრცე ისედაც შეზღუდულია კავკასიონის რელიეფის გამო.

მთავრობის დადგენილების შემდეგ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მაკონტროლებელმა უწყებამ - "საქაერონავიგაციამ" - გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც ადგილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებს ატყობინებს 16 აპრილიდან საქართველოს ცის ნაწილის დახურვას.

ევროპული ავიაციების გაერთიანება “ევროკონტროლის” წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქართულმა მხარემ მოსალოდნელ ცვლილებებზე კომუნიკაცია მათთან 2023 წელს დაიწყო და 2026 წლის აპრილში დაგეგმილი აკრძალვები მათ გაითვალისწინეს საჰაერო მარშრუტების ახალი დაგეგმარებისას.

აკრძალული ზონის გაფართოებამდე იქ არსებული, სულ მცირე, სამი ტრასიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული N644 ტრასა იყო, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას და აზიას აკავშირებს.

ფრენების შეზღუდვის დანიშნულება მთავრობის დადგენილებაში ასეა განმარტებული:

“ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის”.

და რა შუაშია ივანიშვილი?

ივანიშვილი აბასთუმანში

სარჩევზე დაბრუნება

თბილისიდან 250 კმ-ში, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1250-1500 მეტრის სიმაღლეზე მდინარე ოცხის ვიწრო ხეობაში გაშენებული დაბა აბასთუმანი ულამაზესი და უნიკალური წიწვოვანი ტყითაა გარშემორტყმული.

აქ სამთო-ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება უკავშირდება მეფის რუსეთის პერიოდს, როდესაც აბასთუმანი რუსეთის სამეფო ოჯახის - რომანოვების - საზაფხულო რეზიდენცია გახდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ტუბერკულოზით დაავადებული შვილისთვის, გიორგისთვის, აბასთუმანში ააშენა სასახლე და აბანოები. კურორტი პოპულარული გახდა - აბასთუმანში მოხვედრას ცდილობდა ყველა, ვისაც სასუნთქი გზების რაიმე პრობლემა აწუხებდა.

პირველი სამკურნალო დაწესებულებებიც მაშინ გაიხსნა.

1932 წელს კი ასტრონომმა ევგენი ხარაძემ აბასთუმანში, მთა ყანობილზე საბჭოთა კავშირში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დააარსა. ეს ადგილი შემთხვევით არ შეირჩა - აბასთუმნის ცა განსაკუთრებული გამჭვირვალობითა და სტაბილური ატმოსფერული პირობებით - ასტროკლიმატით - გამოირჩეოდა.

რადიო თავისუფლებას წყაროები სახელმწიფო უწყებიდან და საავიაციო ინდუსტრიიდან ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცაზე ახალი შეზღუდვები ასტროკლიმატზე მეტად აბასთუმნის კლიმატით ივანიშვილის დაინტერესებას უკავშირდება. ეს დაინტერესება ბიზნესკლიმატსაც ცვლის.

პირველად ივანიშვილის ოჯახის აბასთუმანში სტუმრობის შესახებ რადიო თავისუფლება 2018 წლის აგვისტოში წერდა. ადგილობრივები მაშინ ამბობდნენ, რომ “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი მათ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა - ეს ერთ დროს პოპულარული კურორტი, იმ დროისთვის მივიწყებული და გაღარიბებულია.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში. 2018 წლის აგვისტო

ერთი წლის შემდეგ, უკვე 2019 წლის აგვისტოში, ივანიშვილი კვლავ გამოჩნდა აბასთუმანში, ეკლესიაში ის წირვას დაესწრო და რიტუალის დასრულების შემდეგ იქვე თქვა: “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოსი, არა მარტო საქართველოსი. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო [ადგილი] მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს“.

მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ იმ დროისთვის “ქართული ოცნების” ლიდერის ოჯახს აბასთუმანში უძრავი ქონების შეძენა უკვე დაწყებული აქვს.

Your browser doesn’t support HTML5

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანზე 2019 წელს

“18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული - მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა 6,417,200 ლარად შეიძინეს”, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კვლევაში “კორუფციის რისკები აბასთუმანში.” ეს კვლევა, რომელიც აბასთუმანში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო უწყებების ქმედებებს აღწერს, აჩვენებს, რომ 2018-22 წლებში სახელმწიფომ ივანიშვილზე გაცილებით მეტი - დაახლოებით 250 მლნ ლარი დახარჯა საკურორტო ზონაში დაწყებულ პროექტებში.

ამავე პერიოდში ივანიშვილმა აბასთუმანში მდინარე ოცხეს ხეობის რამდენიმე კილომეტრის გაყოლებაზე მეზობლად მცხოვრები ადგილობრივებისგან მიწები და სახლები შეისყიდა, ტერიტორიის ნაწილს ხელოვნური კლდე შემოარტყა, სიმწვანეში ჩაფლული საცხოვრებელი სივრცე მოაწყო. ივანიშვილმა “აბასთუმნის ექსპერიმენტის” შესახებაც გამოაცხადა და თქვა, რომ გაზაფხულიდან “აბასთუმანი მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი გახდებოდა”.
ივანიშვილის ამ დაპირების შესასრულებლად, 2019 წელს შეიცვალა აბასთუმანი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის გეგმები - მთავრობამ ახალი, შემოვლითი გზის აშენება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდა, ახალი გზის გასაყვანად კი ხელუხლებელი წიწვოვანი ტყე გაიჩეხა.

ბაღდათი-აბასთუმნის მშენებარე გზა, რომელიც აბასთუმანს გვერდს უვლის. 2025 წელი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” 2020 წელს წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტის “დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის სხვადასხვა დონის საჯარო უწყებებმა ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა”. “მწვანე ალტერნატივის” თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრომ გზის მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები კანონდარღვევით ჩაატარა.

საჯარო წყაროების მიხედვით, ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბასთუმანში ეკუთვნით ათასობით კვ.მ. მიწა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მშენებარე სასტუმრო. იგი ასევე ფლობს ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.

ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი აბასთუმანში. წყარო: "ტვ პირველი"

ცის “დროებითი” ჩაკეტვა - 2019 წელი

სარჩევზე დაბრუნება

“ქართული ოცნების” ლიდერის აბასთუმანში გამოჩენის დროს, 1932 წელს დაარსებული ობსერვატორია ტექნიკურად სავალალო დღეშია, ტელესკოპების გუმბათები დაზიანებულია, შენობებში წყალი ჩადის, რაც საფრთხეს უქმნის ისედაც მოძველებულ ინსტრუმენტებს და აღჭურვილობას.

მართალია ობსერვატორიის ნაწილობრივი რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ეს სამეცნიერო დაწესებულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, თუმცა ტექნიკური გადაიარაღება იქ მხოლოდ 2018 წლიდან იწყება.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ჩამოართვა და განათლების სამინისტროს დაუქვემდებარა. ობსერვატორიის მაშინდელმა დირექტორმა ცვლილების შესახებ ერთი კვირით ადრე შეიტყო.

რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის სურვილით, აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავების მიმოსვლა იკრძალებოდა.

ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებმა თავდაპირველად დამალეს, თუმცა რამდენიმე დღეში, 17 ოქტომბერს, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ აბასთუმნის თავზე ცას, ობსერვატორიის თხოვნით, დროებით, რამდენიმე თვით კეტავდნენ. ოფიციალური განმარტებით, თვითმფრინავები მეცნიერებს ხელს უშლიდა დაკვირვებაში.

17 ოქტომბერსვე bmg-მ აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელზე დაყრდნობით დაწერა, რომ ობსერვატორია ცის დახურვას წლების განმავლობაში ითხოვდა, “კაციშვილი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდა აქამდე, ახლა წამოიწყეს იმიტომ, რომ ინიციატივა წამოვიდა სამინისტროდანაც. ამასთან დაკავშირებით დირექტორს ესაუბრნენ და დირექტორმა გვაცნობა, რა კოორდინატები გვჭირდება ჩვენ, რომ ცა იყოს თავისუფალი. ჩვენ კოორდინატები გვაქვს მიცემული, რომ ეს უნდა გასუფთავდეს. შეიძლება, [საჰაერო] ტრასა იყოს ისე ჰორიზონტიდან, რომ ჩვენ ხელს არ შეგვიშლის", - უთხრა ობსერვატორიის მთავარმა მკვლევარმა შოთა ინასარიძემ მაშინ გამოცემის ჟურნალისტებს.

იმავე დღეს, "საქაერონავიგაციამ" გაავრცელა განცხადება, რომ ცას კეტავდნენ დროებით - სამი თვით - ობსერვატორიის გარშემო რვა კილომეტრის გარშემოწერილობით და ისე, რომ აბასთუმნის ახლოს (10 და 17 კმ-ში) გამავალ საჰაერო ტრასებს აკრძალვა არ შეეხებოდა.


UGR-24 - არაფერია დროებითზე მუდმივი - 2019-2025 წლები

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა არაერთი დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს, რომ 2019 წელს დროებით ჩაკეტილი 8 კმ-იანი სივრცე ნელ-ნელა მუდმივად აკრძალულ ზონად გადაიქცა. სანავიგაციო რუკაზე აბასთუმნის თავზე ჩაკეტილ ზონას მიენიჭა სახელი აბასთუმანი-1 და აღინიშნა კოდით - UGR-24.

აბასთუმანი-1, რომელიც ფარავს აბასთუმანს და მის მიმდებარე ტყეებს, ჩაკეტილი ზონაა, სადაც პრაქტიკულად ვერაფერი დაფრინავს. რიგითი სამოქალაქო, ტურისტული თუ კომერციული ფრენა სრულად არის აკრძალული 24 საათის განმავლობაში.

თუმცა "საქაერონავიგაციის" დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.

ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

Your browser doesn’t support HTML5

ივანიშვილის ვერტმფრენის დაჯდომა აბასთუმანში, 2024 წელი - წყარო: "აიფაქტი"

თუკი ობსერვატორიის მიერ მიწოდებული კოორდინატებით, აბასთუმნის ცა ისედაც დახურული იყო უკვე შვიდი წელია, მაშ რატომ გახდა საჭირო არასაფრენი ზონის მნიშვნელოვნად გაფართოება 2026 წელს?


UGR-58 - ცის ჩაკეტვა უსასრულობამდე - 2026 წელი

სარჩევზე დაბრუნება

ახალი აკრძალვა - აბასთუმანი-2, UGR-58, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში 16 აპრილს შედის - კურორტის გარშემო არასაფრენ ზონას მნიშვნელოვნად აფართოებს - ფარავს ძველ აკრძალულ წრეს - UGR-24-ს და დაახლოებით 2000 კვ.კმ.-ზე იჭიმება.

ახალი ჩაკეტილი წრის დიამეტრი 28 საზღვაო მილი ანუ 52 კილომეტრია. აკრძალული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და აბასთუმნამდე პირობითად პირველ 25 კილომეტრს ფარავს, მეორე 25 კილომეტრი უკვე აბასთუმნის ობსერვატორიიდან იწყება და ეს ზონა ფარავს ადიგენის რაიონს სრულად და ახალციხის ნაწილს - მოიცავს სოფლებს: ვარხანი, არალი, უდე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ზეკარის უღელტეხილამდეა გადაჭიმული. ეს ტერიტორია საერთაშორისო საჰაერო ტრასებისთვის იკეტება. თურქეთის მხრიდან შემოსულ ყველა საჰაერო ხომალდს მოუწევს გვერდი აუაროს UGR-58-ს - აბასთუმანი-2-ს.

აბასთუმანი-2 (წითლად მონიშნული სივრცე), ახალი ჩაკეტილი ზონა საქართველოს ცაში. წყარო: "საქაერონავიგაცია"

აკრძალვა ეხება IFR-ის წესებით (IFR Instrument Flight Rules) ანუ ხელსაწყოების გამოყენებით მფრინავ საშუალებებს. სწორედ ამ წესებით დაფრინავს ყველა დიდი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი, ამიტომაც საერთაშორისო ტრანზიტული ავიაცია ამ ზონას ვეღარ გამოიყენებს.

16 აპრილიდან აკრძალულ ზონაში ფრენის უფლება ექნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბორტებს, რომლებითაც პრეზიდენტი ანდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოძრაობენ და კვლავ დაშვებული რჩება ვერტმფრენისთვის აბასთუმანში დაჯდომა-აფრენა.

რამდენ ტრასას ეხება აბასთუმნის ცის ჩაკეტვა

სარჩევზე დაბრუნება

2019 წელს, როდესაც პირველად გავრცელდა ცნობები აბასთუმნის ცის ჩაკეტვის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ, რომელიც სამოქალაქო ავიაციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებს იკვლევს, “ნეტგაზეთთან” ქვეყნისთვის მოსალოდნელ ზარალზე ისაუბრა.

“ამ თანხას ავიატორები ციდან ჩამოვარდნილ ფულს ვეძახით, რადგან ყველა სახელმწიფო ცდილობს ტრანზიტულმა მიმართულებებმა მის ცაზე გაიაროს. ფაქტობრივად არაფერში, უბრალოდ, ამ ფრენების კოორდინაციაში ვიღებთ ფულს. ამასთან, ეს საჰაერო ტრასები დამტკიცებულია და EUROCONTROL-ის რუკებზეა დამატებული… ცვლილების შემდეგ თუ დაგრძელდა მარშრუტი, ავიაკომპანიას ტარიფი ეზრდება, რაზეც წინააღმდეგნი იქნებიან. თუ მარშრუტის გადაწევა მოხდება, შეიძლება საქართველოს ტერიტორიას გასცდეს, რადგან ავიაკომპანიები ტარიფს გავლილ ყოველ 100 კმ-ში იხდიან. ასე თუ მოხდა, საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს”, - ამბობდა მაშინ კოდუა.

ის ქართული ავიაკომპანია “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი და სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის პოლიციის მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმაცაა, რომლის წინააღმდეგ ივანიშვილის ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული.

კოდუას განცხადებებიდან რამდენიმე დღეში, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ (ახლა ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტია) თქვა, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი ისე დაწესდა, არცერთი თეთრი არ იკარგება და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოსო - “არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი”, - თქვა თურნავამ.

მაშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა "საქაერონავიგაციამაც", სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელსაც საჰაერო ტრასების შემუშავება და მათი მართვა ევალება.

"გვსურს განვმარტოთ, რომ ობსერვატორიის ადგილმდებარეობის თავზე არ გადის არცერთი საერთაშორისო საჰაერო კორიდორი. აბასთუმნის მიმდებარედ, ფუნქციონირებს ორი საჰაერო ტრასა, რომელთაგან ერთი გადის აბასთუმნის ჩრდილოეთით - 17 კილომეტრის, ხოლო მეორე, სამხრეთით, 10 კილომეტრის მოშორებით”.

განმარტებები, რომლებიც 2019 წელს გაკეთდა, მხოლოდ 8 კმ-იანი ზონის შეზღუდვას ეხებოდა. 2026 წლის 16 აპრილიდან გათვალისწინებული შეზღუდვა უკვე ფარავს იმ საჰაერო ტრასებს, რომლებზეც შვიდი წლის წინ "საქაერონავიგაცია" ამბობდა, საფრთხე არ ემუქრებათო.

ახალ აკრძალულ ზონაში საერთაშორისო მნიშვნელობის, სულ მცირე, ორი საჰაერო ტრასა ხვდება, რომლებსაც ყოველდღიურად ათეულობით საერთაშორისო კომპანია იყენებს:

საჰაერო ტრასები (სტაფილოს და მელნისფრად დატანილი წყვეტილი ხაზები), რომლებიც ახალ ჩაკეტილ ზონაში ხვდებიან. წყარო: "საქაერონავიგაცია"

ტრასა M747 - ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჰაერო მაგისტრალი საქართველოს ცაში, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელია საქართველოს გავლით. ამ ტრასაზე ხდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ჩინეთს შორის და თურქეთს, კავკასიასა და რუსეთს შორის.
მეორე მნიშვნელოვანი ტრასა, რომელიც აკრძალულ ზონაში ხვდება და შეცვლა მოუწევს, N644-ია.
მარშრუტები ასეთია - აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა, თურქეთი. ახლო აღმოსავლეთი-ევროპა. სპარსეთის ყურე. ეს ხაზი საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველაზე დატვირთულია.

კიდევ ერთი მაგისტრალი, რომელიც აკრძალულ ზონაში გადის L125-ია, ის შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, თუმცა სომხეთს საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს.

ტრასებს, რომლებიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ხშირად იყენებენ საერთაშორისო საჰაერო სამგზავრო და სატვირთო კომპანიები: Lufthansa, Turkish Airlines-ი, Emirates-ი, Qatar-ი, FlyDubai Cargolux-ი, Silk Way, აგრეთვე რუსული და ცენტრალური აზიის ოპერატორები.


რად დაუჯდება საქართველოს დახურული ცა

სარჩევზე დაბრუნება

ბოლო წლებში რუსული და ნაწილობრივ ირანის საჰაერო სივრცის შეზღუდვების გამო კავკასია გახდა ერთ-ერთი მთავარი დერეფანი ევროპა–აზიას შორის.

აბასთუმნის ზონის გაფართოება (52 კმ დიამეტრი) გლობალურ კონტექსტში კიდევ უფრო სენსიტიურია, რადგან საქართველოს საჰაერო ტრასების დატვირთვა იზრდება და ნებისმიერი შეზღუდვა პირდაპირ აისახება საერთაშორისო ავიაკომპანიებზე.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლიდან დღემდე საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 52%-ით გაიზარდა, ზრდა ყოველწლიურია. წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა, 2-ჯერ გაიზარდა ბოლო წელს სატვირთო გადაზიდვებიც.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს 305 ათასზე მეტი რეისი შესრულდა საქართველოს ცაზე, რაც დღე-ღამეში საშუალოდ 850-მდე გადაფრენაა. 2020 წლიდან 2025 წლამდე თითქმის გაორმაგდა სატვირთო გადაფრენების რაოდენობა.

ნებისმიერი შეზღუდვა საქართველოს ცაში პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს შემოსავლებზე, ასევე საერთაშორისო ავიაციაზე.


ინფორმირებული წყარო საავიაციოო ინდუსტრიიდან, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს და ახალი აკრძალვის დოკუმენტსაც კარგად იცნობს, ამ ცვლილების უარყოფით მხარეებს ხსნის. წყარო საუბარზე მხოლოდ ვინაობის გაუთქმელობის პირობით დაგვთანხმდა: “საქართველო იყენებს ე.წ. თავისუფალი მარშრუტების სისტემას (FRA) — ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავები არ არიან მიბმული კონკრეტულ „ჰაერის გზებზე“ და შეუძლიათ პირდაპირ, უფრო მოკლე გზით იფრინონ.

ამ ცვლილებით, გარკვეული არეალის ჩაკეტვით, ქრება პირდაპირი, ოპტიმალური მარშრუტები. ფრენები ისევ იძულებით გადადის წინასწარ განსაზღვრულ ტრასებზე. თანამედროვე, მოქნილი სისტემა ნაწილობრივ ბრუნდება ძველ, შეზღუდულ მოდელზე.

იზრდება საჰაერო მეთვალყურეების (რასაც ჩვენთან “დისპეტჩერებს” ეძახიან) დატვირთვა, იზრდება მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცის დატვირთვაც. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრენების დაგვიანება, გამტარუნარიანობის შემცირება. ბევრი თვითმფრინავი იყრის თავს ვიწრო „დერეფნებში“, იზრდება მარშრუტების გადაკვეთის რაოდენობა, ლოკალურად (ზონაში) უსაფრთხოების რისკიც იზრდება.”


გაზრდილი საფრთხე, შემცირებული შემოსავალი?

სარჩევზე დაბრუნება

კარგად ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ვინაიდან საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ცვლილებისგან მოსალოდნელ როგორც ფინანსურ, ასევე უსაფრთხოების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:


“რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დაწყების დღიდან ჩვენს რეგიონზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ვინაიდან უმრავლესი ქვეყნის ავიაციამ უარი თქვა რუსული საჰაერო სივრცის გამოყენებაზე და საქართველო ფაქტობრივად ევროპა-აზიის შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი ხიდი გახდა. ამას პერიოდულად ემატება კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში და ამის ფონზე ფაქტობრივად ერთადერთი უსაფრთხო (თურქეთის გავლით სომხეთ-საქართველო და შემდეგ აზერბაიჯანი, და პირიქით უკუგზა აზიიდან მომავალი ნაკადისთვის) ევრაზიული კორიდორი რჩება”, - გვიხსნის ის.

ანონიმური წყაროს განმარტებით, კოვიდამდე პერიოდის სტატისტიკა 24 საათში 400 ერთეულ ბორტს მოიცავდა, პოსტკოვიდურ პერიოდში რიცხვი პიკურ დღეებში და საზაფხულო სეზონზე ხშირად 1000 ერთეულს ცდება, ამის ფონზე ჩნდება ახალი შეზღუდული ზონა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საჰაერო ტრასას - N644-ს - პირდაპირ ეხება.

“საქართველოს სამხრეთ საზღვრიდან ქვეყნის სიღრმისკენ შეჭრილი ზონა ფრენის ნაკადებს ქვეყნის ჩრდილოეთით გადაანაცვლებს, რაც, თავის მხრივ, ავიაკომპანიებისთვის ნაკლებ ხელსაყრელია. დაგრძელებული მარშრუტი, ფრენის დროის გაზრდა, საწვავის ხარჯის გაზრდა, - ეს ერთ ერთეულ ფრენაზე შეიძლება საგრძნობი არ იყოს ავიაკომპანიებისთვის ხარჯის მხრივ, მაგრამ მრავალი ფრენა გამრავლებული მრავალ დღეზე და საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვებს მივიღებთ.

ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება. ბევრმა ავიაკომპანიამ შესაძლოა უარი თქვას გაზრდილი ხარჯების გამო ტრანზიტად ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, გადაიწიოს თურქეთისკენ, ანდა ეძებოს ალტერნატიული მარშრუტები”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან წყარო სახელმწიფო უწყებიდან.

ქართულ საჰაერო სივრცეს სახელმწიფო ორგანიზაცია, "საქაერონავიგაცია", მართავს. ის უზრუნველყოფს ქართული ცის საერთაშორისო სტანდარტებით უსაფრთხოებას. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოში გაფანტული სარადარო სადგურებია.

აბასთუმნის ცის ჩაკეტვა შესაძლოა პირველ რიგში “საქაერონავიგაციის” საქმიანობაზე აისახოს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცის ტრანზიტად გამოყენებით მიღებული შემოსავალი 2024 წელს 120 მლნ ლარი იყო. 2025-26 წლებში გახშირებული ფრენების გამო ეს რიცხვი გაზრდილია, თუმცა განახლებული ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

“საქაერონავიგაცია” 2010 წლიდან ევროპული ავიაციების გაერთიანების, “ევროკონტროლის” წევრია. “ევროკონტროლში” 40 ქვეყანაა გაერთიანებული და ავიაციის “ერთგვარი ევროკავშირია”. ეს ორგანიზაცია მართავს საერთაშორისო ტრასებს, კრეფს ტრანზიტისთვის დაწესებულ მოსაკრებელს და შემდეგ წევრ სახელმწიფოებს ურიცხავს.
რადიო თავისუფლებამ ორგანიზაციისთვის გაგზავნილი კითხვებიდან მხოლოდ ნაწილზე მიიღო პასუხი.

“ევროკონტროლის” საპასუხო წერილით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ აბასთუმნის თავზე საჰაერო შეზღუდვის შესახებ მათთან კომუნიკაცია 2023 წელს დაიწყო და აპრილში დაგეგმილი ცვლილება მათ გაითვალისწინეს საჰაერო მარშრუტების დაგეგმარებისას.

ორგანიზაციის წარმომადგენელი წერს, რომ საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, “წევრი სახელმწიფოები თავად ადგენენ საჰაერო ტრასის სტრუქტურას, როდესაც ასეთი სტრუქტურები პასუხობენ ეროვნულ-სამხედრო და უსაფრთხოების მოთხოვნებს (National military and security requirements), “ევროკონტროლმა” უცვლელად უნდა ასახოს სახელმწიფოების მოთხოვნის შესაბამისად.“

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცვლილება გამოიწვევს მარშრუტების დაახლოებით 10 კმ-ით დაგრძელებას, რაც ძირითადად შორ მანძილზე შესასრულებელ (Long-haul) რეისებს შეეხება.


“ბოთლის ყელი”

სარჩევზე დაბრუნება

ყველა ექსპერტი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ყურადღებას დავიწროებულ დერეფანში ავიანაკადების მართვასა და უსაფრთხოების დაცვაზე ამახვილებს. ისინი ადასტურებენ, რომ აბასთუმნის ცაზე თურქეთის საზღვრიდან დაწყებული შეზღუდვა, სამხრეთის დერეფნებს და შესაბამისად მანევრირებას ამცირებს, სატრანზიტო ხომალდებს მოუწევთ ან თურქეთის საჰაერო სივრცეში დარჩნენ, ანდა აბასთუმნის თავზე გაჩენილ 52-კილომეტრიან ზონას შემოუარონ და საქართველოს ცის ჩრდილოეთ ნაწილში იფრინონ, სადაც კავკასიონის მთათა სისტემა ამ სივრცეს ისედაც ავიწროებს და ე.წ. ბოთლის ყელი რჩება ხომალდებისთვის.

“წარმოიდგინეთ სცენარი - ქუთაისზე აღმოსავლეთიდან მიმფრენი ბორტი (ყაზახეთიდან დაფრინავენ), თბილისზე დასავლეთიდან მომფრენი ბორტი, თბილისიდან დასავლეთისკენ გამფრენი ბორტი და ჰორიზონტალური სივრცე ფაქტობრივად აღარ რჩება მათი უსაფრთხო/ეფექტური განცალკევების, იმის ფონზე, რომ ერთ სიმაღლეზე ორ ბორტს შორის უსაფრთხო ეშელონირების ნორმა 10 საზღვაო მილია…

ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან.

ახალი შეზღუდვა დაახლოებით 30 მილით შეამცირებს საფრენ სივრცეს გრძედზე, სადაც, გარდა აზია-ევროპის ნაკადისა, თბილის-ქუთაისი-ბათუმზე მიმფრენ-მომფრენი ბორტებიც დაფრინავენ (იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონიდან მოფრინავენ).

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია


ობსერვატორია საჰაერო ტრასების წინააღმდეგ

სარჩევზე დაბრუნება

მთავრობის დადგენილებასა და “საქაერონავიგაციის” ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ აბასთუმნის ცაზე 52-კილომეტრიანი აკრძალული ზონა ასტრონომებს დაეხმარება დაკვირვებაში.

ცის სრული ჩაკეტვა GND-UNL (მიწიდან - უსასრულობამდე, განუსაზღვრელად) საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიის გარშემო ვრცელდება. მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საჰაერო ზონებში შეზღუდვებს ადგენს, ასეთი მკაცრი აკრძალვა სხვაგან არ გვხვდება. საქართველოში უსასრულო სიმაღლეზე აკრძალვა არც სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზეა დაწესებული.

როგორც წესი, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულებით (წვრთნები, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობისთვის) ფრენების შეზღუდვა გარკვეულ სიმაღლემდე, დაახლოებით 3000 მეტრამდე ხდება და არ ვრცელდება ყველა საფრენ დონეზე. საერთაშორისო ავიალაინერებს, რომლებიც მიწიდან 10-11 კილომეტრზე ფრენენ, აქამდე ფრენას არავინ უკრძალავდა.

აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, ასტროფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე, რომელიც დაწესებულებას 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფრენების აკრძალვა დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროს კიდემდე ობსერვატორიის მოთხოვნა იყო. ეს დასტურდება წერილით რომელიც მან რადიო თავისუფლებასაც გამოუგზავნა.

ალექსანდრე თევზაძე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი

ალექსანდრე თევზაძე ასტროფიზიკაში ევგენი ხარაძის სახელობის პრიზის ლაურეატია, აქვს სამეცნიერო პროექტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2017-2018 წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019-2024 წლებში ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუს“ მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.


“კარგი ამბავია”

სარჩევზე დაბრუნება

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ საჰაერო ტრასების გადატანას ობსერვატორია წლების განმავლობაში, მის დანიშვნამდეც ითხოვდა. მან ოფიციალური წერილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გასული წლის შემოდგომაზე გაუგზავნა. განახლებულ მოთხოვნას სამეცნიერო დაწესებულების დირექტორი ახალი ტელესკოპის დამონტაჟებას უკავშირებს.

აბასთუმნის ობსერვატორიას 2024 წლიდან ახალი, ავსტრიული ტელესკოპი ASA-1.5 აქვს, რომელიც სახელმწიფომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა. ეს ტელესკოპი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სენსორებითა და პროგრამული უზრუნველყოფით. სისტემას შეუძლია ასეულობით კადრის ერთმანეთზე „დაშენება“ და ნებისმიერი ანომალიის, მათ შორის თვითმფრინავის ნაკვალევის ავტომატური ამოცნობა და გამოსახულებიდან წაშლა. გამოსახულებების დაშენების ამ მეთოდს (Stacking) იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ობსერვატორიებიც. ციფრული ფილტრაციის ეს შესაძლებლობა თანამედროვე ასტრონომიასა და ავიაციას „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ საშუალებას აძლევს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ, ახალი ტელესკოპის დაკვირვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელახლა გავაკეთეთ ეს მოთხოვნა... პრობლემა არის არა თავად ფრენა, არამედ კონდენსაციის (ორთქლის ან გაზის სითხედ გადაქცევა - რ.თ.) ნაკვალევი. დაბალ ტემპერატურაზე ეს კვალი 1-დან 3 საათამდე რჩება. ღამე ორმა-სამმა თვითმფრინავმაც რომ გაიფრინოს, ფართოკუთხიანი და სპექტრული დაკვირვებები აღარ გამოდის. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო და არის... ველოდებით მთავრობის პასუხს, რომელიც ჯერ არ მიგვიღია“.

ინტერვიუს მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ დირექტორმა რადიო თავისუფლებისგან შეიტყო, რომ საქართველოს მთავრობამ მათი თხოვნა ორი თვის წინ დააკმაყოფილა და შეზღუდვები მალე ამოქმედდება.

„კარგი ამბავია“, - გვითხრა თევზაძემ და განაგრძო, რომ 2019 წელს დაწესებული შეზღუდვა ობსერვატორიის საჭიროებებს არ ჰყოფნიდა, რადგან გამართული მუშაობისთვის 30-კილომეტრიანი რადიუსია საჭირო: „ჩვენ სამინისტროს ვთხოვეთ შუამავლობა და წერილში მოვიყვანეთ საერთაშორისო, ევროპული და ამერიკული ობსერვატორიების პრაქტიკა... 30 კმ-იან რადიუსში რეგულარული ფრენებისთვის გვერდის ავლით“.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ რამდენიმე ობსერვატორია დაგვისახელოთ, სადაც იდენტური შეზღუდვებია, რასაც აბასთუმანში ითხოვთ?

ალექსანდრე თევზაძე: სადაც შეზღუდვაა, ყველგან ასეთია…

რადიო თავისუფლება: რამდენიმე რომ დამისახელოთ?

ალექსანდრე თევზაძე: კი ბატონო…

მიუხედავად რამდენჯერმე თხოვნისა, 45-წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში დირექტორმა არ დაასახელა კონკრეტული უცხოური ობსერვატორია, სადაც მსგავსი მასშტაბის შეზღუდვები მოქმედებს. მოგვიანებით ობსერვატორიამ მოგვაწოდა განათლების სამინისტროში გაგზავნილი წერილი, თუმცა არც ამ წერილშია დასახელებული მსოფლიოში არსებული სხვა ობსერვატორიები, სადაც ცა ისეა ჩაკეტილი, როგორც აბასთუმანში.

ობსერვატორიის დირექტორმა ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ ასეთი ობსერვატორიების სიას მოგვაწვდიდა, თუმცა ამ სტატიის გამოქვეყნებამდე სია არ გამოუგზავნია.

რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად ვერ იპოვა მსოფლიოში გამორჩეული ობსერვატორიების თავზე მსგავსი შეზღუდვების მაგალითი. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ობსერვატორიების თავზე, როგორც წესი, კრძალავენ ფრენებს დაბალ სიმაღლეზე, 5000-6000 ფუტამდე (1500-1800 მ.), რათა მფრინავი საშუალებების ხმამ, გამონაბოლქვმა, ტურბულენტობამ ხელი არ შეუშალოს ასტრონომებს დაკვირვებაში.

მსოფლიოს წამყვანი ობსერვატორიები, როგორც წესი, არ სარგებლობენ ისეთი მასშტაბური საჰაერო აკრძალვებით, რომლებიც ტელესკოპების თავზე საერთაშორისო ტრანზიტულ ფრენებს ზღუდავს.
მსოფლიოს ბევრი ცნობილი ობსერვატორია ევროპასა და აშშ-ში მუშაობს ისე, რომ მათ თავზე საჰაერო ტრასები გადის, ხოლო ასტრონომები მონაცემებს ციფრულად ამუშავებენ და თვითმფრინავების კვალს გამოსახულებებიდან ფილტრავენ.

“თვითმფრინავი არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი კომპონენტი, არც ყველაზე მეტი და არც ყველაზე ნაკლები, ერთ-ერთი კომპონენტია. თუმცა გადაღებული მასალის დამუშავებისთვის დიდი ხანია უკვე არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, სოფთი, რომელიც ითვალისწინებს ამ პრობლემას და იძლევა იმის საშუალებას, რომ რეჯექცია (ციფრული გაფილტვრა/ამოშლა - რ.თ.) მოხდეს ისეთი ობიექტების, რომლებიც შემთხვევით არის მოხვედრილი კადრში. ეს ავტომატურად ხდება და ამაზე არანაირი დროის დახარჯვა არ ჭირდება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით დვალი, საქართველოში პირველი კერძო ასტრონომიული ობსერვატორია “ჯეო ასტროს” დამფუძნებელი.

დავით დვალი, "ჯეო ასტროს" დამფუძნებელი, მოყვარული ასტროფოტოგრაფი

დვალი 15 წელზე მეტია ასტროფოტოგრაფიითაა გატაცებული და აბასთუმნიდან ცას არაერთხელ დაჰკვირვებია.

“გადასარევი იქნება ცა მოწმენდილი იყოს, არაფერმა არ იფრინოს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მთელ მსოფლიოში ასტროფიზიკოსები წუწუნებენ ამ თემაზე, განსაკუთრებით სატელიტებზეა საუბარი”, - ამბობს დვალი და მასაც ეჭვი ეპარება, რომ ცის ჩაკეტვა მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიის ინტერესებისთვის ხდებოდეს.

ობსერვატორიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე თევზაძეს, ვეკითხებით, აბასთუმანში ვერტმფრენების გადაადგილებაც შეუშლიდა თუ არა ხელს მეცნიერებს დაკვირვებაში.

“ყველაფერმა შეიძლება შექმნას პრობლემა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვერტმფრენები ჩვენი გუმბათის თავზე არ იფრენენ. თუმცა ჩვენ ვითხოვთ რეგულარული ტრასების გადატანას და არა ინდივიდუალური ბორტების აკრძალვას. მიფრენ-მოფრენას ამ ეტაპამდე ხელი არ შეუშლია…”

“როცა ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული “რეფორმები” აჩვენებს, რომ მეცნიერება პრიორიტეტი არ არის ჩვენს ქვეყანაში, ამ ფონზე აბასთუმნის ობსერვატორიას ამ მოთხოვნას მოულოდნელად უკმაყოფილებენ, ჩემთვის ეს ბევრ კითხვებს, ეჭვს აჩენს.
არის კი ნამდვილად აბასთუმნის ობსერვატორია რეალური მიზეზი, რის გამოც ეს საჰაერო გზები იქედან გადადის, თუ აბასთუმნის ობსერვატორია საბაბია, რომ ამ გზების გადატანა მოხდეს?

კარგი ადგილია ნამდვილად აბასთუმანი, თუმცა დღევანდელი ტექნიკური აღჭურვილობით ბევრად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო დონეს, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს უნდა ითქვას.
მართალია დაიდგა ახალი დიდი ტელესკოპი, თანამედროვე, რაც სასიხარულოა, მაგრამ არ მგონია, ეს რაიმე ისეთ სერიოზულ ამინდს ქმნიდეს, რომ ამისთვის ახლა მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები ასე იქცეოდნენ. მართალი გითხრათ, მოულოდნელი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში ობსერვატორიის თანამშრომლები საუბრობდნენ აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე, არავინ აინუშში არ ჩააგდო ეს და ახლა უცებ წყდება ეგ პრობლემა”, - ამბობს დავით დვალი.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. 2025 წელი

რადიო თავისუფლებამ 7 აპრილს გაუგზავნა შეკითხვები “საქაერონავიგაციას”. პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

რადიო თავისუფლებამ პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურსაც მიმართა კითხვით, უკავშირდება თუ არა აბასთუმნის ცის ჩაკეტვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს აბასთუმანში. პასუხი არც ამ შეკითხვაზე არ მიგვიღია.

16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცა საბოლოოდ ჩაიკეტება. თუ რომელიმე საჰაერო ხომალდი ამ სივრცეში უნებართვოდ შემოვა, მას პირველ რიგში „საქაერონავიგაციის“ მეთვალყურე დაუკავშირდება და ზონის დაუყოვნებლივ დატოვებას მოსთხოვს. წესების დარღვევა სოლიდური ფულადი ჯარიმებითა და საერთაშორისო სანქციებით ისჯება. თუმცა, თუ ხომალდი მოთხოვნას არ დაემორჩილება და საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას, პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები ჩაერთვება. სამხედროებს ექნებათ უფლება, გამოიყენონ ყველა საჭირო ზომა, მათ შორის — ძალისმიერი მეთოდები „საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტის“ შესაჩერებლად.

საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკაში აკრძალვის ტიპი GND-UNL-ი (მიწიდან უსასრულობამდე) არის უსაფრთხოების უმაღლესი ზომა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების თავზე თითქმის არასდროს გამოიყენება.

ამ ტიპის სრული ჩაკეტვა, როგორც წესი, მხოლოდ განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებისთვისაა დაწესებული — ასეა დაცული აშშ-ში ბირთვული იარაღის საცავები, საფრანგეთში ატომური რეაქტორები და საიდუმლო სამხედრო ბაზები.

აბასთუმნის შემთხვევაში კი საქართველომ ასტრონომების სახელით ცა იმაზე მკაცრად ჩაკეტა, ვიდრე ეს საქართველოს სამხედრო და სტრატეგიული სამხედრო ობიექტების თავზეა.