ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტაბატაძემ პოსტერს შემდეგი წარწერა დაურთო: "სირცხვილი ყველას, ვისაც ომი უნდა ქვეყანაში. ღმერთმა დაიფაროს საქართველო".
პოსტერი პირად გვერდებზე ასევე გააზიარეს: ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია გოგატიშვილმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ასპინძის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ანი ტივაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
რადიო თავისუფლების ზარებს არცერთმა მათგანმა არ უპასუხა. ხოლო ოდნავ მოგვიანებით, ბორჯომის მერიის თანამშრომელმა, მაკა კიკაბიძემ თავისსავე გვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა.
„ბევრი მწერს - რატომ? იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ ომის ზღვარზე ყოფნას, იმიტომ რომ საკუთარი თავებისთვის კეკლუცობთ, იმიტომ რომ არ შეგიძლიათ საღი ანალიზი და ბოლომდე თავს ნუ დამალანძღინებთ... და ბოლოს გვინდა მშვიდობა! დიდება ჩემს სამშობლოს! სოლიდარობა უკრაინას! რუსეთი ოკუპანტია! ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - წერს კიკაბიძე.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ ვისი ინიციატივითა თუ ორგანიზებით მოხდა პოსტერების გავრცელება სოციალურ ქსელში.
1 მარტს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყო უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია, რომელიც, უკვე რამდენიმე დღეა, ყოველ საღამოს იმართება. აქციის მონაწილეები მწვავედ აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პასიურობას უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და ასევე, მის გადაწყვეტილებებს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან და უკრაინის დახმარების მსურველ მოხალისეებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ
მდინარაძე: სახელმწიფოს ნებართვით მოხალისეების გაგზავნა ომში ჩართვის განაცხადი იქნებოდა1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. მიზეზად მან დაასახელა თბილისის მიერ მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციების დაწესებაზე უარის თქმა.
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებდა; ხოლო საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაშვება ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა.
„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - წერს ტვიტერზე შშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში.