აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში "ტვიტერში" პოსტს ავრცელებს და წერს, რომ შეშინებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს.
„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - წერს ჯიმ რიში.
1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს ნებართვით მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ომში ჩართვის განაცხადი იქნებოდა.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციებისადმი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება ამ სანქციებს "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით. მის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
გუშინ, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების დაწესებაზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.
1 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას.
"საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს.
დაწერეთ კომენტარი