უგზო-უკვლოდ გაუჩინარება: გაერომ ბელარუსის ციხეები ადამიანების გატაცებას გაუთანაბრა

ფოტოგამოფენის „საზღვრის“ ფრაგმენტი, რომელიც ეძღვნება ბელარუსელებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ბელარუსი ზეწოლის შედეგად.

ბელარუსში უგზო-უკვლოდ გაუჩინარება მხოლოდ 1990-იანი წლების პოლიტიკური მკვლელობების ისტორია არ არის. გაეროს შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების ხანგრძლივი იზოლაცია და მათი გარე სამყაროსთან სრული კავშირის გაწყვეტაც შესაძლოა, იძულებით გაუჩინარებას გაუთანაბრდეს.

30 აგვისტოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა იძულებით გაუჩინარების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე. ბელარუსში ამ თემას ორი ასპექტი აქვს: 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტების გატაცებები და თანამედროვე პრაქტიკა - პოლიტიკური პატიმრების სრული იზოლაცია, ანუ გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე დატოვება, - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი „ვიასნა“.

ზახარანკა, ჰანჩარი, კრასოუსკი, ზავადსკა

2004 წელს კვიპროსელმა იურისტმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქრისტოს პურგურიდესმა მოამზადა მოხსენება სახელწოდებით „უგზო-უკვლოდ დაკარგულები ბელარუსში“ – 1999-2000 წლებში ხელისუფლების ოთხი მოწინააღმდეგის გატაცების დეტალური გამოძიება. ქრისტოს პურგურიდესმა შემდეგი საქმეები შეისწავლა:

  • იური ზახარანკა - ბელარუსის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი;
  • ვიქტარ ჰანჩარი - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • ანატოლ კრასოვსკი - ბიზნესმენი და ჰანჩარის ახლო მეგობარი;
  • დზმიტრი ზავადსკა - ჟურნალისტი.

პურგურიდესმა დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია „კრიმინალურ დაპირისპირებას“, რომ ეს იყო პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად წინასწარ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციები.

„პურგურიდესმა დაასკვნა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ამ გაუჩინარებებში ეჭვმიტანილია მაღალი თანამდებობის არაერთი პირი. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად ჩადენილი გაუჩინარებები“, - იხსენებს „ვიასნას“ უფლებადამცველი ვალიაცინ სტეფანოვიჩი.

ეს მოხსენება საფუძვლად დაედო ევროკავშირის სანქციებს შემდეგი პირების მიმართ:

  • ულადიმირ ნავუმაუ - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი;-
  • დზმიტრი პაულიუჩენკა - სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის ყოფილი მეთაური;
  • ვიქტარ შეიმანი - ყოფილი გენერალური პროკურორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა პირები.


ასევე ნახეთ

სრული იზოლაცია - წამების ფორმა და სისტემური რეპრესიის მექანიზმი ბელარუსის ციხეებში

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრები დღემდე არ უპოვიათ. დამნაშავეები კი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ.

„ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით ამ ფაქტებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე და სასტიკ დარღვევებად. არსებობს ეჭვი, რომ ეს გაუჩინარებები სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასთან არის დაკავშირებული. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“, - ამბობს უფლებადამცველი ვალიაცინ სტეფანოვიჩი.

სტეფანოვიჩი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებითი ბაზა დღემდე არსებობს - გენერალ ლაპაციკის, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოხსენება, რომელშიც პაულიუჩენკაზეა მითითებული - კგბ-ის გადაწყვეტილება „გაუჩინარებების ორგანიზებაში ეჭვის საფუძველზე“ მისი დაკავების შესახებ; ასევე მინსკის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსის, ალკაევის ჩვენება, რომელშიც მან განაცხადა, რომ იარაღს გასცემდა იმ თარიღებში, რომლებიც ადამიანების გაუჩინარების დღეებს ემთხვეოდა.

2026 წლის სექტემბერში შვეიცარიაში, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის საფუძველზე, განიხილავენ იური ჰარაუსკის საქმეზე სააპელაციო საჩივარს.

იური ჰარაუსკი ბელორუსის სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმის (САХР) ყოფილი მებრძოლია, რომელმაც საჯაროდ აღიარა მონაწილეობა 1990-იანი წლების ბოლოს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გატაცებებსა და მკვლელობებში.

2020 წლის შემდეგ: გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დატოვების ("ინკომუნიკადო") რეჟიმი

მეორე ასპექტი უკავშირდება 2020 წლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების ფართომასშტაბიან იზოლაციას. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სექტემბრის სესიის წინ გამოქვეყნდა გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია:

„ხანგრძლივი პატიმრობა გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე შეიძლება, იძულებით გაუჩინარებას გაუთანაბრდეს“.

სესია 2026 წლის 7 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გაიმართება.

ვალიაცინ სტეფანოვიჩი, რომელმაც თავადაც გამოიარა გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე პატიმრობის პერიოდი, ამ პრაქტიკის მექანიზმს ასე განმარტავს: ადამიანს ათავსებენ საგამოძიებო იზოლატორში ან დაკავების ცენტრში, სადაც ეკრძალება წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო ზარები, ხოლო მისი ოჯახის წევრებმა შესაძლოა თვეების განმავლობაში არც კი იცოდნენ, საერთოდ ცოცხალია თუ არა ის.

სტეფანოვიჩის თქმით, ამ პრაქტიკის მიზანია პატიმარზე ზეწოლა, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო შურისძიება და დარღვევების დამალვა.

ასევე ნახეთ

მილიონი „მტერი“ და განდევნილი. ბელარუსი და ბელარუსელები 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ
  • 2026 წელს აღინიშნება იძულებითი გაუჩინარებებისგან ყველა პირის დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღების მე-20 წლისთავი. ბელარუსს ამ კონვენციისთვის ხელი არ მოუწერია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ქვეყანაში კვლავ გრძელდება პატიმართა იზოლაციის პრაქტიკა, ხოლო 1999–2000 წლებში მომხდარი საქმეები დღემდე გამოუძიებელია.
  • 22 სექტემბერს შვეიცარიის სასამართლო განიხილავს ჰარაუსკის გამამართლებელ განაჩენზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ზახარანკასა და კრასოვსკის ნათესავებმა შეიტანეს. იური ჰარაუსკი გაიქცა შვეიცარიაში, სადაც საჯაროდ აღიარა, რომ მონაწილეობდა 1999 წლის მაისსა და სექტემბერში გაუჩინარებული პოლიტიკოსების გატაცებაში. საქმე უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის ფარგლებში განიხილებოდა, რადგან იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კლასიფიცირდება. საბოლოოდ სასამართლომ ჰარაუსკი უდანაშაულოდ ცნო, რადგან მისი დანაშაულის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ადვოკატებმა მსხვერპლთა ნათესავების სახელით სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრეს.