გეების დევნა ჩეჩნეთში: ეული მოწმის უშედეგო ძალისხმევა

2017 წლის 21 მარტს რუსეთის პერმის რეგიონის ომბუდსმენის ოფისმა მიიღო იმეილი. წერილის მიხედვით, მისი ავტორის ნათესავი, მაქსიმ ლაპუნოვი, ერთი კვირით ადრე გამქრალიყო ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში.

„მეგობრების თქმით, ის სამართალდამცავებმა წაიყვანეს და მის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ მის პოვნაში!“ - წერდა ავტორი წერილისა, რომლის ასლიც მოეპოვება რადიო თავისუფლებას.

ლაპუნოვის გაუჩინარების თაობაზე მსგავსი განცხადებით იმავე დღეს მიმართეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაუჩინარებულის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ლაპუნოვის ახლობლებს მაშინვე გაუჩნდათ ეჭვი იმაზე, თუ რატომ გაქრა ის: ლაპუნოვი გეია.

ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ჩეჩნეთი, რომელმაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორი ომი გადაიტანა, ცნობილია სასამართლოსთვის გვერდის ავლით ანგარიშსწორებისა და მკვლელობის შესახებ ცნობებით. ამიტომ ზოგმა იფიქრა, რომ ლაპუნოვი აღარ იყო ცოცხალი.

„აღარ გვქონდა იმედი, რომ მას ცოცხალს ვიხილავდით,“ უთხრა რადიო თავისუფლებას ლაპუნოვის მეგობარმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის საჯაროდ გაცხადება.

მაქსიმ ლაპუნოვი

მაგრამ ლაპუნოვი, პარტიის ორგანიზატორი და ხელოვანი, გადარჩა. ჩეჩნეთიდან გაქცევის შემდეგ ის ექვსი თვის შემდეგ მოსკოვში გამოჩნდა პრესკონფერენციაზე, რომელზეც საჯაროდ მოჰყვა თავისი გაუჩინარების მიზეზს: უცნობმა პირებმა ის შეიპყრეს და გაიტაცეს, როცა ქუჩაში ბუშტებს ყიდდა. იგი 12 დღის განმავლობაში ჰყავდათ დამწყვდეული გროზნოს პოლიციის შენობის სარდაფში.

ლაპუნოვის თქმით, პატიმრობის განმავლობაში მას სასტიკად სცემდნენ და მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. ის ხედავდა და ესმოდა, სხვებსაც როგორ სცემდნენ და აწამებდნენ სარდაფში. ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, ეს ხდებოდა ჩეჩნეთში გეი და ბისექსუალი მამაკაცებისგან წმენდის კამპანიის ფარგლებში.

„ყველა მადანაშაულებდა, რომ გეი ვარ და რომ ჩემნაირები უნდა მოკვდნენ. საკნიდან გაყვანისას თავზე ცელოფნის პარკს ჩამომაცვამდნენ ხოლმე. თავზე სკოჩს მახვევდნენ ისე, რომ პატარა ღრიჭოს მიტოვებდნენ სასუნთქად. ფეხებსა და მკლავებზე მირტყამდნენ,“ ჰყვებოდა ლაპუნოვი მოსკოვში შარშან ამ დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როცა საბოლოოდ გაათავისუფლეს, მან 2017 წლის მარტში ჩეჩნეთი დატოვა. როგორც ლაპუნოვმა ჟურნალისტებს უთხრა, მაშინ ის „ძლივს ხოხავდა“.

ლაპუნოვი არის პირველი - და ჯერჯერობით ერთადერთი - ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, საჯაროდ ეთქვა, რომ იგი არის 2017 წლის მარტში ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნის მსხვერპლი - კამპანიისა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა აღშფოთება.

სხვა ჰომოსექსუალებისგან განსხვავებით, რომლებმაც რადიო თავისუფლებასა და სხვა მედიასაშუალებებს ანონიმურად უთხრეს კამპანიის პროცესში მათ წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და სხვა კანონდარღვევების შესახებ, ლაპუნოვმა უკიდურესად დეტალურად, წერილობით აღწერა თავისი ამბავი და ოფიციალური საჩივარი შეიტანა თავისი სავარაუდო ჯალათების წინააღმდეგ.

„მინდა, რომ დაისაჯონ,“ განუცხადა მან „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ელენა მილაშინას, რომელიც პირველი იუწყებოდა ჩეჩნეთში გეების დევნის კამპანიისა და ლაპუნოვის საჩივრის შესახებ.

მაგრამ თავისი ამბის სააშკარაოზე გამოტანიდან 12 თვის შემდეგ სულ უფრო და უფრო იკლებს იმის ალბათობა, რომ ლაპუნოვი სამართალს იპოვის რუსეთში.

ომბუდსმენისთვის გაგზავნილი მეილი

რუსეთის გამომძიებლებმა ლაპუნოვის საჩივრის საფუძველზე დაიწყეს მოკვლევა, მაგრამ უარი თქვეს ოფიციალური სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ თითქოს ვერ შეძლეს ლაპუნოვის ბრალდებების დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით. ლაპუნოვის ადვოკატმა ეს გაასაჩივრა, მაგრამ აგვისტოში სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი.

უფრო მეტიც, საქმეს არ შველის არც ის საჯარო, თუმცა ფრთხილი თანადგომა, რომელიც ლაპუნოვს გამოუხატა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მხარდაჭერილმა სახალხო დამცველმა.

ლაპუნოვმა, რომელმაც უარი გვითხრა ამ პუბლიკაციისთვის ინტერვიუზე, რუსეთიდან გაიქცა უსაფრთხოების მოსაზრებებით. ლაპუნოვის მიერ წამოყენებული ბრალდებები კი, მისი ნაცნობების თქმით, რუსეთის სისხლის სამართლის სისტემაში ჩაიკარგა. „სასამართლო პროცესის შეწყვეტის მიზეზია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ნების არქონა,“ უთხრა რადიო თავისუფლებას „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და აზიის განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ტატიანა ლოკშინამ.

ლოკშინამ, რომელიც ლაპუნოვის გვერდით იჯდა 2017 წლის 16 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ აპირებს, მისი საქმე გადასცეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში.

„ის სამართალს ეძებს. მაგრამ ცხადია, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,“ დასძინა ლოკშინამ.

“ჩვენთან გეები არ არიან“

მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში გავრცელდა ცნობა ჩეჩნეთში გეების სასტიკი დევნის შესახებ, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, აღშფოთებულებმა, იუარეს ბრალდება: ასეთი დევნა, უბრალოდ, შეუძლებელია, აქ მასეთი ხალხი არ გვყავსო.

„ჩეჩნეთში გეები არ არიან“, გამოაცხადა რამზან კადიროვმა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ლამის აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილმა ლიდერმა. „თუ აქ მართლა არის ვინმე, წაიყვანეთ კანადაში. დიდება ღმერთს! ჩვენგან შორს წაიყვანეთ, აქ რომ არ გვყავდეს, სისხლი რომ გავიწმინდოთ“, უთხრა კადიროვმა 2017 წლის ივლისში ამერიკის საკაბელო და სატელიტურ სატელევიზიო ქსელ HBO-ს.

მას შემდეგ, რაც ლაპუნოვი საჯაროდ ალაპარაკდა რეპრესიებზე, ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა ის დაადანაშაულა „საკუთარი თავისთვის რეკლამის“ კეთებასა და „ნოვაია გაზეტასთან“ გარიგებაში, რომ გაევრცელებინათ გამოგონილი ამბავი გეების შესახებ დისკუსიის გასაჩაღებლად.

„ამდენი ხანი ხმა არ ამოუღია მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოსკოვში იყო და უცებ, როცა მთელი ეს საკითხები განულდა, როცა ყველამ გაიგო, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გეები არ არიან, რასაკვირველია, „ნოვაია გაზეტას“ დასჭირდა ასეთი ამხანაგის გამოგონება“, თქვა ჯამბულატ უმაროვმა რუსეთის დამოუკიდებელ ტელევიზია „დოჟდთან“ ინტერვიუში.

მართალია, ლაპუნოვი საჯაროდ მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ ალაპარაკდა იმაზე, რაც თავს გადახდა, მაგრამ ახლობლებს მანამდეც უამბობდა, ჩეჩნეთიდან გამგზავრების შემდეგ, რა სასტიკად უსწორდებოდნენ პოლიციელები გროზნოში, როცა დააკავეს.

მაქსიმმა მაშინვე დაიწყო მოყოლა, რაც დაემართაო, უთხრა ლაპუნოვის მეგობარმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის თხოვნით.

მაგრამ თუ მოინდომე იმის დაჯერება, რასაც ჩეჩენი ოფიციალური პირები ამბობენ, და ირწმუნე, რომ ლაპუნოვმა თავიდან ბოლომდე გამოიგონა თავისი ამბავი, გაოცებული დარჩები დეტალების მრავალფეროვნებით.

თავის ადვოკატს, „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ წარმომადგენელ ვლადიმირ სმირნოვს, ლაპუნოვმა დაუსახელა რამდენიმე ჯალათის სახელი, აღუწერა მათი გარეგნობა. ლაპუნოვი ამბობს, რომ ახსოვს ის ადგილიც სარდაფში, სადაც გამომძიებლებს არ გაუჭირდებათ მისი სისხლის კვალს მიაგნონ. მან გაიხსენა იმავე სარდაფში ნაცემი და ნაწამები სხვა მამაკაცების სახელები და გარეგნობაც. მათაც ჰომოსექსუალობისათვის სჯიდნენ. მათგან ერთ-ერთი, ლაპუნოვის თქმით, იყო მისი ნაცნობი, რომელიც აიძულეს ლაპუნოვისათვის მახე დაეგო პაემანის დანიშვნით. მოგვიანებით ნაცნობიც დააკავეს და, ლაპუნოვის თქმით, მისივე თანდასწრებით სასტიკად სცემეს.

ლაპუნოვმა თავის ადვოკატებს გადასცა იმ ადგილის დეტალური ნახაზი, რომელსაც მოიხსენიებს სარდაფად, სადაც დაკავებული იყო. ეს ნახაზი მან მისცა კრემლის ომბუდსმენსაც, ტატიანა მოსკალკოვას, რომელსაც შეხვდა საჯარო განცხადებით გამოსვლამდე ექვსი კვირით ადრე.

ლაპუნოვის მიერ დახაზული რუკა, რომელიც ასახავს მისი წამების ადგილს

2017 წლის შემოდგომაზე ლაპუნოვი სამი კვირა იმყოფებოდა ქალაქ ესენტუკში. რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ჩრდილოეთ კავკასიის განყოფილების გამომძიებლები ამოწმებდნენ მის ბრალდებას წინასწარი გამოძიების ფარგლებში, ამბობს ადვოკატი ვლადიმირ სმირნოვი.

„უბრალოდ, იქ ვისხედით და ყოველდღე ვცდილობდით დაგვერწმუნებინა გამომძიებელი, წავეყვანეთ გროზნოში შემთხვევის ადგილის შესამოწმებლად“, ამბობს სმირნოვი. „პირადად მაქსმა უთხრა მას, რომ მზად იყო იქ ჩასასვლელად, სარდაფის საჩვენებლად და იქ მყოფი პოლიციელების სახეების ამოსაცნობად“.

მაგრამ ლაპუნოვი არ წაუყვანიათ სავარაუდო დაკავებისა და ძალადობის ადგილას. გამოძიებას მისთვის რამის გაკეთება რომ ნდომებოდა, გააკეთებდაო, ამბობს სმირნოვი.

საქმის გამომძიებელმა მარტში უარი თქვა ლაპუნოვის ჩვენების მიხედვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რასაც დაეთანხმა ესენტუკის საქალაქო სასამართლო 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ვერ იპოვეს გროზნოში ადგილი, რომელიც შეესაბამებოდა ლაპუნოვის მიერ აღწერილ სარდაფს, სადაც ის თითქოს დაკავებული იყო, ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

დადგენილებაში წერენ აგრეთვე, რომ გამომძიებლებმა ვერ გაამყარეს ლაპუნოვის ბრალდებები მთელი რიგი პოტენციური მოწმეების, მათ შორის გროზნოელი პოლიციელების ჩვენებებით.

ცნობები დაშინების შესახებ

ლაპუნოვის დამცველები აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. მათ, როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, სასამართლოს მიმართეს შეკითხვით, ხომ არ ახდენდნენ მოწმეებზე ზეწოლას ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.

თვითონ ლაპუნოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის დატოვების შემდეგ თვეების განმავლობაში ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. მან მოსკალკოვას, რომელსაც 2017 წლის აგვისტოში შეხვდა, უთხრა, რომ სანამ მისი დამკავებლები გაუშვებდნენ, ის აიძულეს დაეტოვებინა თავისი თითის ანაბეჭდები პისტოლეტზე და დაემუქრნენ, რომ თუ ხელისუფლებას მიმართავდა, შურს იძიებდნენ.

ლაპუნოვმა მოსკალკოვას უთხრა ასევე, რომ გაშვებამდე მას ხელი მოაწერინეს „განცხადების“ შეუვსებელ ანკეტებზე. ამას მოსკალკოვა ამცნობს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს თავის წერილში, რომელიც 2017 წლის სექტემბრითაა დათარიღებული.

როგორც გაირკვა, ჩეჩნეთის პოლიციამ ფედერალურ საგამოძიებო უწყებას მართლაც გაუგზავნა ეს განცხადება, რომელიც ვითომ ლაპუნოვმა დაწერა განთავისუფლებამდე სამი დღით ადრე. როგორც საქმის რადიო თავისუფლების მიერ ნანახი მასალებიდან ირკევა, ჩეჩნეთის პოლიციამ განცხადება 2017 წლის ნოემბერში მიაწოდა გამომძიებელს, რომელიც ლაპუნოვის საჩივარს იკვლევდა.

დოკუმენტი ჩართული იყო იმ საქმის მასალებში, რომელიც უკავშირდებოდა დაკარგული პირის შესახებ ანგარიშს, შექმნილს ჩეჩენი პოლიციელების მიერ მას მერე, რაც ლაპუნოვი დაიკარგა.

2017 წლის 25 მარტის განცხადებაში ლაპუნოვი, სავარაუდოდ, აცხადებს, რომ მას არ დაურეკავს ნათესავებისთვის, რადგან დაკავებული იყო, და რომ არ ჰქონდა დრო შეეკეთენიბინა თავისი გაფუჭებული მობილური ტელეფონი. „ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ყოფნისას ჩემ მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ მომხდარა. კარგად ვარ. მე მაშინვე დავურეკავ დედას და ნათესავებს, როცა შევაკეთებ ჩემს ტელეფონს“, წერია განცხადებაში, რომელსაც ლაპუნოვის ხელმოწერა აქვს, თუმცა ამ განცხადებას ვერ ნახავთ პერმის რეგიონის ხელისუფალთა მიერ გახსნილ საქმეში.

არათუ არ აღმოჩნდა უფლებების დარღვევის ფაქტები, ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც ვერ მივაკვლიეთ ჩეჩნეთში. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მათ პოვნაში.
რუსეთის იუსტიციის მინისტრი ალექსანდრ კონოვალოვი

პერმის პოლიციამ მიმართა ჩეჩნეთის შესაბამის ორგანოებს დახმარებისთვის მას მერე, რაც ლაპუნოვის ნათესავებმა მიმართეს ადამიანის უფლებების სახალხო დამცველს, ტატიანა მარგოლინას. სამაგიეროდ, გროზნოს პოლიციამ წარადგინა ანგარიში, სადაც იტყობინება, რომ მათ პერმის რეგიონში დაურეკეს ნათესავს, რომელმაც ამცნო, ლაპუნოვი ოჯახში დაბრუნდაო. დოკუმენტის თანახმად, ტელეფონით საუბრისას მათ მოქალაქე წარუდგა ლაპუნოვის გვარით და უთხრა, რომ ის ნათესავებთან არის და კარგად გრძნობს თავს.

ლაპუნოვის ადვოკატმა ესენტუკის სასამართლოს განუცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი განცხადების ავთენტიკურობასთან დაკავშირებითო, მაგრამ სასამართლომ ძალაში დატოვა გამომძიებლების გადაწყვეტილება, არ გაეხსნათ სისხლის სამართლის საქმე მისი ჩვენების საფუძველზე.

"მტკიცებულება არ არსებობს"

რუსეთის მთავრობაც იმ აზრზეა, რომ არ არსებობს აუცილებლობა საქმე აღიძრას მხოლოდ ლაპუნოვის ჩვენების საფუძველზე,. ივლისში ვალერი მაქსიმენკომ, რუსეთის გენერალური პროკურატურის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევაში წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტის წინაშე განაცხადა: არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ლაპუნოვი უკანონოდ დააკავეს და დაპატიმრებული ჰყავდათ, და არც იმისა, რომ მას სხეულის დაზიანება მიაყენეს. აქედან გამომდინარე, გამოძიებამ უარი თქვა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეო“.

მაქსიმენკომ ისიც თქვა, რომ „გამოძიების დასკვნა მთლიანად ემთხვევა კრემლის ადამიანის უფლებების სახალხო დამცველის, მოსკალკოვას, დასკვნას“. არადა, ლაპუნოვის საჩივართან დაკავშირებით მოსკალკოვას ადრინდელი ნათქვამი ჟენევაში გაკეთებული განცხადების საწინააღმდეგოა. მას მერე, რაც „ნოვაია გაზეტამ“ გაახმაურა ჩეჩნეთში გეების დევნის ამბავი, მოსკალკოვამ თავიდან თქვა, ეს ინფორმაცია შეიძლება პროვოკაცია იყოსო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ უცილებელია ჩატარდეს გამოძიება ლაპუნოვის ჩვენების საფუძველზე.

მაისში მან უთანხმოება გამოუცხადა გამომძიებლებს: „ამის თაობაზე ჩემი აზრი მაქვს, რომ არსებობს საფუძველი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უნდა მივმართო პროკურორს, რათა გადასინჯოს ეს გადაწყვეტილება“.

მოსკალკოვას წარმომადგენლებმა ჩვენს თხოვნას, განემარტათ, შეიცვალა თუ არა მისი პოზიცია ლაპუნოვის თაობაზე, რაზეც მაქსიმენკო ლაპარაკობდა, არ უპასუხეს.

„საშინელი რისკი“

რუსეთის უფლებადამცავი ლგბტ ქსელი იტყობინება, რომ მან მოახერხა 2017 წლის აპრილის შემდეგ ჩეჩნეთიდან მოსკოვში სექსუალური უმცირესობის 130 წარმომადგენლის ევაკუირება. მათი უმეტესობა რუსეთში წავიდა.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობები განაგრძობენ ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის გამო რუსეთზე ზეწოლას.

აგვისტოში ეუთოს 15-მა წევრმა გააკრიტიკა რუსეთის იუსტიციის მინისტრი ალექსანდრ კონოვალოვი იმის გამო, რომ განაცხადა, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ჩეჩნეთშიო.

კონოვალოვმა მაშინ თქვა: „არათუ არ აღმოჩნდა უფლებების დარღვევის ფაქტები, ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც ვერ მივაკვლიეთ ჩეჩნეთში. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მათ პოვნაში“.

ეუთოს 15-მა ქვეყანამ ლაპუნოვის ქმედებას გმირობა უწოდა და აამოქმედა მექანიზმი, რომელიც ავალდებულებს რუსეთს ნაცისტების მიმართ ეუთოს ჩარჩოებში იმოქმედოს.

ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ლიტვის წარმომადგენლის, ეგლე მაერის, თანახმად, რუსეთმა ეუთოს პასუხი გაუგზავნა, მაგრამ არ შეხებია არც ერთ შემაშფოთებელ ფაქტს, რომლებზეც იყო ლაპარაკი.

Human Rights Watch-ის რუსეთის პროგრამის დირექტორმა ტატიანა ლოკშინამ განაცხადა, რომ ლაპუნოვისთვის ეს იყო საშინელი რისკი: მისი თქმით, ლაპუნოვი ერთადერთი მსხვერპლი იყო, რომელმაც გაბედა ოფიციალურად საჩივრის შეტანა. ლოკშინა ფიქრობს, რომ ეთნიკური ჩეჩნისთვის ასეთი ქმედება კიდევ უფრო საშიში იქნებოდა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი (მარცხნივ) და მომღერალი ზელიმხან ბაკაევი

იანვრის თვეში კადიროვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩეჩენი მომღერალი, რომელიც 2017 წელს გროზნოში დაიკარგა, ნათესავებმა მოკლეს. უფლებადამცავები ფიქრობენ, რომ ზელიმხან ბაკაევი პოლიციამ გროზნოში გააჩერა ეჭვის გამო, რომ იყო გეი და რომ ის ცოცხალი აღარ არის.

ლოკშინა ფიქრობს, რომ, მართალია, ჩეჩნეთში გეების წმენდა თითქოს შეჩერდა, საერთაშორისო სკანდალი და ჩეჩნეთის ხელისუფლების მრისხანე რიტორიკა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ სექსუალურ უმცირესობას.

ეს ტაბუდადებული თემაა. ადრე მას საერთოდ არ განიხილავდნენ, ახლა კი უცბად იქცა საზოგადოების ყურადღების საგნად და ხალხმა დაიწყო თავის წრეში გეების ძებნა - ვინ როგორ იცვამს, როგორ იქცევა… დაიწყო ჭორების გავრცელება. ჩეჩნეთში გეები არასოდეს ცხოვრობდნენ ღიად, მაგრამ თავიანთ დახურულ წრეში როგორღაც არსებობდნენ. ახლა ეს უფრო სახიფათო გახდა.