დავით ჯიშკარიანი - ისტორიკოსი

კვირა, 26 აგვისტო

ჩემი ცხოვრება რუტინულია. ამ რუტინის ნაწილია დღიურების ყოველდღე წერა. მიმაჩნია, რომ ეს ისტორიკოსის პროფესიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. 2009 წელს პროფესორ მარკ იუნგესთან ერთად არქივებში სიარული და მასალების მოძიება დავიწყე. ყველაზე ხშირად ერთ სიტყვას იმეორებდა რუსულად - „პიში“, ე.ი წერეო. თავად უზარმაზარ ბლოკნოტს დაათრევდა და ყველა იდეას ან შეკითხვას, რომელიც ებადებოდა, იწერდა. ასაკმა თავისი მოიტანა და ახლა ბლოკნოტის ზომაში ნამდვილად დავეწიე. დღიურების წერა ორი რამითაა კარგი: იმით, რომ ნაკლები რამ გავიწყდება და წერაში ვარჯიშობ. წერა ძალიან ძნელად გამომდის. დღეს კვირაა, თუმცა აუცილებელი ერთი გვერდი მაინც დავწერე.

ხვალიდან ახალი კვირა იწყება და ამიტომ ტვინში გრანდიოზულ გეგმებს ალაგებ - ამას ვიზამ, იმას ვიზამ. ყველაფერს ვასწრებ, ჩემი აზრით. ამ დღეს აუცილებელი რუტინა სასწორზე დადგომაა. ნაჩვენები ციფრები აუცილებლად უნდა დაიკიდო, ყურადღება არ მიაქციო, იმიტომ რომ ყოველ ორშაბათს დიეტა უნდა დაიწყო, მერე კარგა გემრიელად ჭამო. ამ რიტუალს პირნათლად ვასრულებ და ვგეგმავ, მაგრამ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ მაძლევს მისი განხორციელების საშუალებას. ეს მწარე ხუმრობითაა ნათქვამი.

ლისის ტბას ველოსიპედით რამდენიმე წრე დავარტყი. ასე მეგონა, დიეტა საჭირო აღარაა, გამხდარი და ფორმაში ჩამდგარი ვარ. ნათიამ, ანუ ცოლმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქვე მელოდებოდა, არ აღნიშნა ჩემი წონის კლება, რაც ფრიად მეწყინა. სახლში მოვედით, ცოტა დავისვენე და ამასობაში დღეც დამთავრდა.

ორშაბათი, 27 აგვისტო

დილით თინიკო და ანდრო მოვიდნენ - ჩემი და და სიძე. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და მერე ყველანი ჩვენს საქმეებზე წავედით.

ბოლო ერთი თვეა არქივში სისტემატურად დავდივარ. თემა, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ბევრი დოკუმენტის მოძიებას საჭიროებს. ყოფილი კომუნისტური პარტიის არქივი ადრე რუსთაველზე, დღეს რომ სასტუმრო ბილტმორია, იქ იყო. შემდეგ მიიერთა შსს-ს არქივმა. დოკუმენტები მუხიანში ყოფილი 64-ე ატეესის მეოთხე სართულზეა განთავსებული. ამას იმიტომ ვწერ, რომ კარგად დაინახონ ადამიანებმა, რა დღეშია უნიკალური დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიას ასახავენ. შენობაში არაა კლიმატკონტროლი და ეს უნიკალური მასა ინფორმაციისა ცუდ პირობებში ინახება. არქივში კარგი თანმშრომლები არიან. ნინოს საქმეების გამოტანა არ ეზარება და ძალიან მეხმარება. ვანოს ჩემთვის საინტერესო თემაზე თუ რამე შეხვდება, აუცილებლად მახვედრებს და მეხმარება. ეს დამოკიდებულება ძალიან სასიამოვნოა. სამუშაოდ არნახული დრო მეხარჯება, ფოტოს და ქსეროქსის გადაღება ძალიან ძვირი ღირს: გვერდი - 3 ლარი. მე ბევრი დოკუმენტი მჭირდება და, რადგან ბევრი ფული არ მაქვს, ხელით ვიწერ ყველაფერს.

მოკლედ, რას არ ნახავ აქ: მაგალითად, 1953 წელია, გაქანებული ბერიას კრიტიკა მიმდინარეობს ცკ-ში. რაც დააშავა და არ დააშავა, ყველაფერს მას აბრალებენ. ამ დროს, ერთი პარტიული ამხანაგი აკრიტიკებს მეორეს: წყნეთში „დაჩა“ აიშენა, მასალები არალეგალურად მოიპოვა, მერე წყალი გადაუკეტა ნახევარ წყნეთს, რომ მისი მშენებლობა დაჩქარებულიყო, მოთხრილი ორმოები არ ამოავსო და ასე დატოვაო. ამ კაცის ცოლს ბრილიანტებიც ჰყვარებია და ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორიც ყოფილა და ამაზე იყო კამათი, ეკუთვნოდა თუ არა მას სამეცნიერო ხარისხი. საოცარია, მაგრამ ეს საკითხი 4 საათი განიხილებოდა და დოკუმენტს გრიფი ედო „სრულიად საიდუმლოდ“. უცებ გადავთვალე, 2018-ს გამოვაკელი 1953 და შემრჩა 65. სსრკ აღარაა, არც ის ჩინოვნიკია ცოცხალი. სამაგიეროდ, პრობლემები იდენტურია 65 წლის მერეც.

„სოვლაბი“ ახლა ოდნავ ინერტულია - ზოგი სადაა, ზოგი სად, ზაფხულის გამო. ანას ვალი გავუსტუმრე და დაწერილი ბლოგი გადავუგზავნე. საღამოს ყვავილები მოვრწყე. ეს ჩემთვის დიდი რიტუალია. ნახევარზე მეტი ყვავილები გამიხმა, მაგრამ მაინც თავი წარმატებული დამწყები მეყვავილე მგონია.

სამშაბათი, 28 აგვისტო

დღეს მარიამობაა. ნათია არ მუშაობს, ამიტომ მთელი დღე სახლში რაღაცებს აკეთებს. მერე ცოტა ვისეირნეთ. ამ დღეს საინტერესო არც არაფერი მომხდარა.

ოთხშაბათი, 29 აგვისტო

სახლში ვარ და ვწერ. ნაწერს რუსიკოს ვუგზავნი გასასწორებლად. რუსიკო „სოვლაბის“ თანამშრომელია, პროფესიით ფილოლოგი. ენის მიმართ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და ძალიან განიცდის ენის ნორმებს რომ არღვევენ. ტექსტი გადავუგზავნე, დარედაქტირებული გამომიგზავნა უკან.

ამასობაში ოფისში გათბობა დაგვიყენეს და მაგდამ მოიწერა: ოთახები დაწკრიალებულია და მოდითო. კარგი ხალხი მუშაობს ამ „სოვლაბში“. ყველა თავისებურად უცნაურია, მაგრამ კარგები არიან.

სახლში სტუმრებს ველოდებოდით. საფირმო უზბეკური ფლავი გავაკეთე, რომლის მომზადებაც ტაჯიკმა ორაზმა მასწავლა. ამით ძალიან "ვტრიპაჩობ" და დემონსტრირებას ვახდენ, რა მაგარი საჭმელია ფლავი. საღამოს ბევრი ჩვენიანი შეიკრიბა. დიდხანს ვილაპარაკეთ, კარგი იყო.

ამასობაში, მამაჩემმა სოსომ დამირეკა. თან გაბრაზებული ხმა ჰქონდა და თან ოდნავ ცინიკური. მომიყვა, ჩვენს მეგობარს სამწვერა ნერვი ასტკივდა და ექიმებმა ჯანსაღი კბილი ამოუღესო; ახლა არც კბილი აქვს და სამწვერა ნერვის ანთება ისევ აწუხებსო. ზურიკოს კბილს ვერ აღვუდგენდი, მაგრამ ცოტა კი გამეცინა ამ ტრაგედიაზე.

ხუთშაბათი, 30 აგვისტო

ბორჯომში უნდა წავიდე. დილით დიდუბის ავტოსადგურზე გავედი, იქ „მარშრუტკაში“ ჩავჯექი და გავუდექით გზას ბორჯომისკენ. ლექცია უნდა ჩამეტარებინა აჭარის მაღალმთიანი რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. მათთან ურთიერთობის 2 საათი ძალიან დიდი სიამოვნება იყო. გონებაანთებული, მოტივირებული, ენერგიული, ჭკვიანი ახალგაზრდები - მეტი რა უნდა ინატროს ამ ქვეყანამ, არ მესმის. ცუდი ისაა, რომ ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები ამ ახალგაზრდებს ნელ-ნელა უმსხვრევს ოცნებებს და აიძულებს ყოველდღიურობამ ჩაყლაპოს. ერთი რამ კი ნამდვილად ჩანს: ამ თაობას გაასმაგებული მოტივაცია აქვს მეწარმეობისა და წარმოებისთვის. შეკითხვების დიდი ნაწილიც ამას ეხებოდა: რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის წარმოება რომ საქართველოში იყოსო. ის პრობლემები, რომლებზეც მესაუბრნენ, ძალიან დამრთგუნველია. ეკონომიკური სიდუხჭირე ბევრი რამის უფლებას ართმევს ადამიანს, თუმცა მადლობა ილიას და ციალას, რომ ამ საზაფხულო სკოლის ორგანიზება შეძლეს.

უკან ისევ „მარშრუტკით“ წამოვედი ბორჯომის ავტოსადგურიდან. ავტოსადგურის შენობა ძალიან ორიგინალურია - საბჭოთა კინოში რომ გვინახავს, ისეთი. სალარო სუფთა და მოწესრიგებულია. კარგი იქნება, თუ არ დაანგრევენ. ჩემი მისვლა ხალხს ძალიან გაუხარდა - მე ის ერთი ვიყავი, რომელსაც ყველა ელოდება, რომ აღსრულდეს ნანატრი დათქმა: „ერთი კაციც და გავდივარ“.

სამარშრუტო ტაქსი, რასაკვირველია, გაუმართავი იყო. მათ გამართულობას ხომ ბაზარი არეგულირებს ჩვენს ქვეყანაში. მძღოლი რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩა და, საბოლოოდ, საბურავი გაუსკდა. მგზავრები შეშინდნენ. დაგვამშვიდა, 10 წუთში იქნება ყველაფერიო. თეთრი შარვლითა და თეთრი „სოროჩკით“ შეძვრა მის ქვეშ და ნახევარ საათში ბორბალი გამოცვალა. ამასობაში მგზავრები ავტობანზე იდგნენ მზეში და სიცხეში. მორჩა მძღოლი საქმეს და ე. წ. „ზაპასკა“ ვერ იყო მთლად წესრიგში. ამიტომ ძალიან ნელა მიდიოდა. ჯამში, ხაშურიდან ჩამოსვლას 2 საათი მოანდომა.

საღამოს სტუმრები იყვნენ და კარგა გემრიელად ვილაპარაკეთ

პარასკევი, 31 აგვისტო

ნუკრიმ დარეკა, სტატიაზე რა ხდებაო. ნუკრი ისტორიკოსია და ახლა საინტერესო პროექტს აკეთებს. ეს სტატიების წერა კიდევ სულ მეწელება და მეწელება. დროში ვერ ვეტევი. იმედია, მოვრჩები ამასაც.

გამოფენის შავ ვერსიას მოვრჩით, რომელიც საბჭოთა ყოფას ეხება. ძალიან ბევრი ვიშრომეთ. გამოფენაზე მუშაობას თითქმის 3 თვე მოვანდომეთ. ბევრი ფოტო ვნახეთ. დეტალების დასაზუსტებლად ფოტოგრაფ შახ აივაზოვთან მივედი. სანამ საქმეს დავიწყებდით, მთავარი შეკითხვა დამისვა:

რამეს დალევ, ჯიგარ?

ვერ გავქაჩავდი და უარი ვუთხარი. ერთხელ დავთანხმდი და მერე სახლში მისვლა ძლივს შევძელი, ისეთ დღეში ჩამაგდო.

შინ მოვბრუნდი. ნათია ისევ სახლში იყო და ამბებს მიყვებოდა. ყველაფერი მაინც მომავალი შვილის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც ჯერ არ გაჩენილა, მალე გაჩნდება და უკვე ყველაფერი შეცვალა.

შაბათი, 1 სექტემბერი

დილა უცნაური იყო. ვინ საიდან დარეკა, ვერც მივხვდი. პაველ პოლიანმა, მოსკოვში სამხედრო არქივში მეთერთმეტე არმიის შესახებ რა გაინტერესებთო? - ვუთხარი, რაც გვინდოდა. ეგრევე ირაკლი ხვადაგიანს დავურეკე რაჭაში. დიდი ხანია ამ დოკუმენტებს ელოდება. მამაჩემმა დარეკა, ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა და პანაშვიდზე უნდა წავიდეთო. ჩვენი მეზობელი სულაც არ ნიშნავს მეზობლებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. მეზობელი სოსოს ცნობიერებაში მხოლოდ სოხუმში, ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები არიან.

დღიურების გამართვას მოვუნდი. ბევრი რამე ამოვიღე. ვის რაში აინტერესებს ყველა დეტალი ჩემი ცხოვრებისა? ამასობაში კალენდარმა, დღეს 1 სექტემბერიაო. ამ დღეს სკოლაში მივდიოდი. დღეს სკოლაში აღარ მივდივარ, მაგრამ ის, რაც მთელი ბავშვობა ძალიან არ მინდოდა, ახლა ძალიან მინდა, მაგრამ სადაა!..

Your browser doesn’t support HTML5

დავით ჯიშკარიანის თავისუფლების დღიურები