შეიძლება საერთაშორისო გამოძიების დაწყება წყლის ჭავლში გარეული ქიმიკატების საქმეზე? - რა უნდა ვიცოდეთ

პროევროპული აქცია რუსთაველზე, 1 დეკემბერი, 2024 წელი

რამდენად მოსალოდნელი ან შესაძლებელია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ტოქსინის დასადგენად დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების დაწყება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა?

საერთაშორისო გამოძიებამდე მიმავალ გზებსა და მექანიზმებზე რადიო თავისუფლება საერთაშორისო სამართლის რამდენიმე ექსპერტს ელაპარაკა.

ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ საერთაშორისო გამოძიების პროცესი - ვის ან/და რომელ საერთაშორისო სტრუქტურას, ორგანოს, სასამართლოს შეუძლია მოკვლევის დაწყება, ფაქტების დადგენა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის გამოძიება. რა წინაპირობებია საჭირო?

ვინ და რატომ ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას?

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ს მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში რამდენიმე წყაროზე - შსს-ის მამხილებლების მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ჯანმრთელობის კვლევასა და საერთაშორისო ტოქსიკოლოგების მოსაზრებაზე - დაყრდნობით, გამოითქვა ვარაუდი, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცავებმა შესაძლოა გამოიყენეს პირველად I მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ.

„კამიტი“ ქიმიური იარაღია - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება. სწორედ ხანგრძლივი მოქმედებისა და მაღალი ტოქსიკურობის გამო ის არ გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს გამოძიების მიგნებებს "აბსურდული" უწოდა და საპასუხოდ საკუთარი გამოძიება დაიწყო. საქართველოში ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა (ევროკავშირი, აშშ-ის ჰელსინკის კომისია) ფაქტების დასადგენად დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

ასევე ნახეთ რა შეურიეს წყლის ჭავლს? - ხელისუფლება ალაპარაკდა, თუმცა არ ამბობს მთავარს

25 არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს ოფიციალურად სთხოვონ "შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფების" საქართველოში გამოგზავნა, რათა "დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა“.

განცხადება გაავრცელა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან 2 დეკემბერს მიმართა ქიმიური იარაღის აკრძალვის (OPCW) ორგანიზაციას, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესასწავლად.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გაავრცელა განცხადება და გამოაქვეყნა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახელზე გაგზავნილი მიმართვა, თხოვნით - დაიწყონ გამოძიება ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს ოპოზიციაც.

რას ნიშნავს საერთაშორისო გამოძიება?

როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო გამოძიებას, ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს:

  • კლასიკური გამოძიება - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, იწყება გამოძიება, ბრალს წარუდგენენ კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს და სასამართლო ან პასუხისგებაში მიცემს მათ, ან გაამართლებს.
  • ფაქტების დამდგენი მოკვლევა, რაც შემდგომ ეხმარება კლასიკურ გამოძიებას.

ყველა საერთაშორისო გამოძიებას, რომელი სტრუქტურაც და ორგანოც არ უნდა იყოს ის, სჭირდება სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. ანუ გამოძიების პროცესში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო უწყებებთან უნდა ითანამშრომლოს: „გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოიკითხონ დაზარალებულები, ექიმები, ჩატარდეს კვლევები და ეს ინფორმაცია არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მთავარი მტკიცებულებები დევს იმ უწყებებში, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციების დაშლაზე, ნივთიერებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე“, - ამბობს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი დათა ჯავახიშვილი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

ორგანო, რომელსაც თეორიულად შეუძლია, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწორედ კლასიკური ტიპის გამოძიება დაიწყოს, პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს და შემდგომ მათი დანაშაული დაადგინოს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა (ICC), თუმცა ამ სასამართლოს აქამდე არასდროს განუხილავს ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქციების დაშლისას ჩადენილი შესაძლო დანაშაულები.

საქმე ჰააგის სასამართლომდე რომ მივიდეს, კონკრეტულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ICC-ს აქვს თავისი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც აწარმოებს გამოძიებას.

ანუ მომხდარი უნდა იყოს სისხლის სამართლის ოთხი დანაშაულიდან ერთ-ერთი მაინც:

  • აგრესიის დანაშაულები;
  • ომის დანაშაულები;
  • კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
  • ან გენოციდი.

როგორც წესი, ICC-ის გამოძიებები ძირითადად ეხება კონფლიქტის პირობებში ჩადენილ დანაშაულებს - ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო ან ქვეყნის შიგნით, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტები.

თუმცა შარშან, ზუსტად დეკემბრის დასაწყისში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებდა, რომ ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა, შესაძლებელი იყო გასთანაბრებოდა სწორედ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

თამარ ონიანი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი

„ანუ მთავრობა დღეების განმავლობაში კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ იყენებდა სხვადასხვა ძალადობრივ საშუალებას და სისტემურ წამებას. ეს ჩვენთვის იყო ნიშანი, რომ თუკი პროცესი ასე გაგრძელდებოდა, ქმედება შესაძლებელია დაკვალიფიცირებულიყო, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რადგან ის უკვე იყო ფართომასშტაბიანი და სისტემური. ამიტომ ვთვლიდით, რომ საქმე შესაძლოა გვქონოდა სწორედ ამ ტიპის დანაშაულთან", - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, საიას იურისტი თამარ ონიანი და იქვე განმარტავს:

"პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, რომ აქციების დაშლის საქმეზე ICC-ს გამოძიება დაეწყოს, თუმცა, კიდევ ერთხელ, იმის აღქმით, თუ რა იარაღი იყო გამოყენებული, რა საშუალება, რა ინტენსივობით და ა.შ., პოტენციურად, შესაძლოა მიხვიდე ლოგიკურ შედეგამდე, რომ ეს ქმედება შეიძლება გაუტოლდეს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“.

როგორ იწყებს გამოძიებას ჰააგის სასამართლო?

გამოძიების დაწყება შეუძლია ICC-ის პროკურორს პროპრიო მოტუ (ლათ. Proprio Motu), ანუ თავისი ინიციატივით. მაგალითად, როგორც ეს მოხდა 2008 წლის ომის საქმეზე, როდესაც 2016 წელს ICC-ის პროკურორმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და 2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის, დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა

არსებობს მეორე გზაც, მას რეფერალი ჰქვია - როდესაც ICC-ის წევრი სხვა სახელმწიფოები მიმართავენ კოლეგიას, რომ დაიწყოს გამოძიება.

ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში, როდესაც 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაეწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით.

გამოძიების დაწყებას ICC-ში აქვს ორი ეტაპი. წინასწარი მოკვლევა და შემდეგ უშუალოდ გამოძიების დაწყება. წინასწარი მოკვლევა გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ პროკურორი ამოწმებს, რამდენად აქვს საქმეს პერსპექტივა, რომ ICC-ის რომელიმე მუხლის კვალიფიკაცია დააკმაყოფილოს.

მაგრამ პროპრიო მოტუსა და რეფერალის შემთხვევაშიც არსებობს ერთი კონკრეტული პირობა და გამოწვევა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფუნქციონირებს ე.წ. კომპლემენტარობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ან არ უნდა არსებობდეს საგამოძიებო მექანიზმი, ან თუკი ეს მექანიზმი არსებობს, ის უნდა იყოს არაეფექტიანი.

ანუ ICC-მ გამოძიება რომ დაიწყოს, უნდა იყოს დადასტურებული ადგილობრივ დონეზე გამოძიების არაეფექტიანობა ან სახელმწიფოს მიერ გამოძიების ნების არარსებობა.

ამ დროს საქართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება.

როგორ დაიწყო გამოძიება საქართველომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმეზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ერთი მხრივ, გამოძიება დაიწყო „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით, მაგრამ, მეორე მხრივ, წამოიწყო კიდევ ერთი გამოძიება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით და გამოკითხვებზე დაიბარა BBC-ს საგამოძიებო ფილმში მონაწილე ქართველი რესპონდენტები, მათ შორის, ექიმები, დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოძიება დაინტერესდა და უკვე გამოჰკითხა ამ სტატიის რესპონდენტიც, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი თამარ ონიანიც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქციების დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ასობით საქმეზეა გამოძიება დაწყებული, მაგრამ გამოძიებას, ამ დრომდე, ერთი სამართალდამცავიც კი არ გამოუვლენია და არავინ მიუცია პასუხისგებაში ამ მუხლით.

დათა ჯავახიშვილი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი

„ძალიან კარგია დასაკვირვებლად ის, თუ როგორ იძიებენ საქმეს საქართველოს ხელისუფლება და რა ნაბიჯებს დგამენ. რა ქნეს მათ? დაიწყეს BBC-ს რესპონდენტების დაბარება გამოკითხვებზე. იმით კი არ დაიწყეს, რომ იმდროინდელი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოეკითხათ, არამედ პირიქით", - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო სამართლის ექსპერტი დათა ჯავახიშვილი.

მისი განმარტებით, გამოძიებას უნდა დაეწყო სხვა, "შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, უნდა დალუქულიყო ის კონკრეტული მოწყობილობები, რასაც იყენებდნენ აქციებზე, რომ დადგინდეს, რა ქიმიკატზეა საუბარი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ახლა უნდა დაადგინონ, ეს უკვე ძალიან დიდი დარღვევაა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად გაჩნდა მოთხოვნა საერთაშორისო მექანიზმების ჩართვის აუცილებლობაზე. უბრალოდ ყველა ამ მექანიზმის ამოქმედებას აქვს თავისი წინაპირობა, ყველას ჰყავს თავისი ინიციატორი, აქტორი“.

ასევე ნახეთ BBC-ს ფილმის გამო გამოჰკითხეს გიორგი ჩახუნაშვილი, ეკა გიგაური და თამარ ონიანი

ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში შექმნილი აღმასრულებელი საბჭო (OPCW)

OPCW-ის მთავარი ოფისი ჰააგაში

კიდევ ერთი უწყება, რომელსაც შეუძლია დაიწყოს საერთაშორისო მოკვლევა კონკრეტულად ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ, ეს არის OPCW.

საქართველო 1997 წლის გაზაფხულიდანაა ქიმიური იარაღის კონვენციის წევრი, ამ დოკუმენტის ხელშემკვრელი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია, არ აწარმოოს, არ შეიძინოს, არ შეინახოს და არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი.

ამ კონვენციას 190-ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს.

კონვენციით გაწერილი პირობების აღსრულებას აკონტროლებს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში შექმნილი აღმასრულებელი საბჭო (OPCW).

საჭიროების შემთხვევაში, ამ საბჭოს აქვს შესაძლებლობა, შექმნას ფაქტების დამდგენი მისია.

ვის შეუძლია მიმართოს OPCW-ს მოკვლევის დაწყების მოთხოვნით?

ამ საბჭოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით დაიწყოს მოკვლევა, ანუ ფაქტების დადგენაზე მუშაობა.

საჭიროა, რომ „საკითხი დაძრან“ კონვენციის სხვა ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა, ანუ 190-ზე მეტი ქვეყნიდან რომელიმემ მიმართოს საბჭოს, აამოქმედოს ფაქტების დადგენის მექანიზმი.

„საბჭოს აქვს უფლება, მოსთხოვოს შსს-ს სრული დოკუმენტაცია, რაც ფაქტის დასადგენადაა მნიშვნელოვანი და შსს ვალდებულია, მათ ეს დოკუმენტაცია მიაწოდოს. ამ ორგანოს ძირითადი ფუნქცია ისაა, რომ კონვენციამ იმოქმედოს და შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რაც არღვევს ამ კონვენციის საზრისს და დებულებებს, არის მათი მოკვლევის საგანი“, - გვიხსნის დათა ჯავახიშვილი.

ამ ეტაპზე OPCW-ში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიმართვაა გაგზავნილი.

მოკვლევის კიდევ ერთი გზა - გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია (CAT)

კიდევ ერთი კონვენცია, რომლის ფარგლებშიც არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, ეს არის გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია (CAT) და მისი პროცედურა, რომელიც კონვენციის მეოცე მუხლის ფარგლებშია გაწერილი და გულისხმობს ე.წ. კონფიდენციალურ მოკვლევას და ამ მოკვლევის დაწყება მას შეუძლია საკუთარი ინიციატივით.

თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ერთ რამ - CAT-ი კონფიდენციალურ მოკვლევას იწყებს სახელმწიფოსთან. ანუ, სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს მათთან:

„ეს მექანიზმი მუშაობს ასე - სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს კეთილსინდისიერება. ან სახელმწიფო შეიძლება არ იყოს კეთილსინდისიერი, მაგრამ რატომღაც უღირდეს, რომ გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს სიმართლე“, - გვეუბნება თამარ ონიანი.

გაეროს საგანგებო მომხსენებლების მექანიზმი

საერთაშორისო სამართლის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო მოკვლევის ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმის შემქმნელები არიან გაეროს სპეციალური მომხსენებლები.

გაეროს სპეციალური მომხსენებლები ჰყავს სხვადასხვა თემატურ დარგში, მაგალითად:

  • წამება და არაადამიანური მოპყრობა;
  • თვითნებური დაკავება;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა;
  • ადამიანის უფლებადამცველთა მდგომარეობა;
  • აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • შეკრების თავისუფლება;
  • რწმენისა და რელიგიის თავისუფლება.


მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა რამდენიმე მომხსენებელმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეთა პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან, მშვიდობიან მოქალაქეებზე ნიღბიანი პოლიციის ძალადობრივი თავდასხმები, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის არასათანადო გამოყენების ამსახველი მასალა.

ასევე ნახეთ გაეროს ექსპერტები: პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან. ...რეპრესიები შესაძლოა გაძლიერდეს...

BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ალის ედვარდსი, ამბობს, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე მკაცრი რეგულაციების ნაკლებობა გადასახედია: „ეს მაფიქრებინებს, რომ ასეთი პრაქტიკა ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას ჰგავს. და მოსახლეობაზე არასდროს უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტები. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სამართალს.“

ედვარდსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული ნებისმიერი საშუალების ეფექტი დროებითი უნდა იყოს, ხოლო საქართველოში აღწერილი სიმპტომები „მეტისმეტად სცდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად მიიჩნევა. ამიტომ ეს ყველა შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის კუთხითაც.“

გაეროს საგანგებო მომხსენებლები არიან ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო პროცედურების ნაწილი. ისინი მთელ მსოფლიოში მუშაობენ ცალკეული ქვეყნის სპეციფიკურ სიტუაციებსა და თემატურ საკითხებზე. საგანგებო პროცედურების ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე. ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს თავიანთი საქმიანობისთვის. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობისა და ორგანიზაციისგან და მსახურობენ ინდივიდუალურ საფუძველზე.

ეუთოს „ვენის მექანიზმი“

ეუთოს მთავარი ოფისი ვენაში

ეს მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

გასული წლის დეკემბერში, ეუთოს წევრმა 38-მა ქვეყანამ პირველად გაააქტიურა „ვენის მექანიზმი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ 1991 წლის „მოსკოვის დოკუმენტში“ (ეს დოკუმენტი „ვენის მექანიზმს“ ეყრდნობა), ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ “ადამიანური განზომილების სფეროში” აღებული ვალდებულებები არის ყველა მონაწილე სახელმწიფოს პირდაპირი და ლეგიტიმური შეშფოთების საკითხი და არ ეკუთვნის მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს შიდა საქმეებს. მათ მოითხოვეს კონკრეტული პასუხები რამდენიმე მთავარ კითხვაზე:

  • მაგალითად, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბრალდებების გამოსაძიებლად, რომ ირღვევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება, თვითნებურად აკავებდნენ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და პოლიცია მოქმედებდა იდენტიფიკაციის გარეშე?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდების გამოსაძიებლად?
  • რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და დაუდგენელი ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება განხორციელდეს რეპრესიების გარეშე?


თამარ ონიანი ამბობს, რომ "ვენის მექანიზმის" ფარგლებში ხელისუფლებამ უკვე წარადგინა გარკვეული ანგარიშები და დღევანდელ მოცემულობაშიც, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ საერთაშორისო მოკვლევის სწორედ ეს მექანიზმი ამოქმედდეს:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოკვლევის მექანიზმია, რადგან შარშან დეკემბრამდე "ვენის მექანიზმი" ჩვენთან არასდროს ყოფილა გააქტიურებული. თუმცა აქაც შემოდის თანამშრომლობის ელემენტი, რადგან სწორედ ხელისუფლების თანამშრომლობა წყვეტს გამოძიების ეფექტიანობას. "ვენის მექანიზმში" სახელმწიფომ ნაწილობრივ „ითანამშრომლა“, წარუდგინა გარკვეული ანგარიში. ახლაც გამოძიების მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეს, თუკი თანამშრომლობა შედგება“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში

ეს არის კიდევ ერთი გზა საერთაშორისო გამოძიებისა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ამოწმებს და ადგენს, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციით დაცული უფლება.

სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ იურიდიულ პირს.

იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს საქმე, მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანმა მხარემ ამოწუროს ყველა შიდა სამართლებრივი გზა, ანუ ყველა სასამართლო ინსტანცია.

თუმცა, როგორც იურისტები გვიხსნიან, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში სხვა შემთხვევაშიც შეიძლება გაიგზავნოს - როდესაც გამოძიება ჭიანურდება:

„გამოძიების ლოდინი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წლები უნდა ველოდოთ მის დასრულებას. თუკი ცხადი ხდება, რომ გამოძიების პროცესი არ არის მზარდი, არ პროგრესირებს, ეს საკითხი იურიდიულად უნდა დაასაბუთო და მიდიხარ სტრასბურგში. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს. 2019 წლის 20 ივნისის საქმე სწორედ ასე წავიდა სტრასბურგში 2021 წლის აპრილში და 11 დეკემბერს გადაწყვეტილებასაც ველოდებით“, - ეუბნება თამარ ონიანი რადიო თავისუფლებას.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დათა ჯავახიშვილი ყველას, ვინც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლისას, გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ურჩევს, რომ დროულად დაიწყონ დავა ჯერ ეროვნულ დონეზე და შემდეგ აუცილებლად გააგრძელონ ეს დავა სტრასბურგში:

„რა თქმა უნდა, რეალისტურები თუ ვიქნებით, ეროვნულ დონეზე დავა არანაირ შედეგამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ყველა ინსტანციის ამოწურვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდეგ საჩივარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლოს. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, გამოითხოვოს სახელმწიფოსგან ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელსაც ის დავის განხილვის მიზნებისთვის მიიჩნევს საჭიროდ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფომ, ეს რისკი ყოველთვის იარსებებს და ამას ვერ გადააზღვევ, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ქმედება თავად არის კონვენციის დარღვევა და პირდაპირ აყენებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დათა ჯავახიშვილი.

"ქართული ოცნების" პასუხი ბრალდებებზე

მას შემდეგ, რაც BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გაავრცელა, ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ „კამიტი“ შსს-ს ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა შეძენილი, მოქმედი შსს მინისტრი, გელა გელაძე ამბობს, რომ ამგვარი ნივთიერება არასდროს შეუსყიდია შსს-ს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დაშლისას, წყლის ჭავლში "გარეული" იყო გარკვეული ნივთიერება, თუმცა უარყოფს, რომ ეს იყო „კამიტი“ და ამბობს, რომ დანარჩენ დეტალს გამოძიება დაადგენს.

იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით, ფაქტობრივად, შეუძლებელია სამედიცინო კვლევებით დადასტურებულად დამტკიცდეს, რა ნივთიერების გამოყენებით დაშალეს აქციების მონაწილეები და გამოიყენეს თუ არა მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი - ბრომობენზილ ციანიდი - დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში დადგინდეს ე.წ. დოკუმენტური კვალი - მათ შორის, შესყიდვების დოკუმენტები, სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოყენებული ინვენტარის სია, შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები. ეს დოკუმენტები სახელმწიფო უწყებების ხელშია, მათ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებასთან.

6 დეკემბერს ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა - "რეჟიმი გვწამლავს".

ასევე ნახეთ ტოქსიკური "კამიტი": ისტორია, თვისებები, საფრთხეები, საერთაშორისო კონტროლი