დამრგვალების მეთოდი: 1 და 2 თეთრიანებთან დამშვიდობება

1 იანვრიდან 1 და 2 თეთრიანებს ხურდად აღარ გვიბრუნებენ?

ამის მიზეზი ეროვნული ბანკის დადგენილებაა, რომელიც ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებას ეხება: 2019 წლის პირველი იანვრიდან 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდმა“ შეცვალა.

ეს "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოხდა.

ეროვნულმა ბანკმა დადგენილების გამოცემისას დამრგვალების წესიც ახსნა.

როგორ ხდება დამრგვალება?

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება. ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

  • 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
  • 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
  • 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
  • 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე უცვლელი დარჩება. დამრგვალების პრინციპი გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე. მაგალითად:

  • 0.21₾ ან 0.22₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.20₾ - მდე;
  • 0.23₾ ან 0.24₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.25₾ - მდე;
  • 0.26₾ და 0.27₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალება 0.25₾ - მდე;
  • 0.28₾ და 0.29₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.30₾ - მდე.

რატომ გახდა საჭირო 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება?

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ ნომინალის მონეტების დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ვერ ხერხდება მათი შემდგომი გამოყენება, არ ხდება ბრუნვა, მიმოქცევიდან გადის და ილექება. 1-თეთრიანი მონეტისათვის დალექვის კოეფიციენტი 98 %-ზე მეტია, ხოლო 2 თეთრიანი მონეტისათვის - დაახლოებით 74 %-ს შეადგენს. ამასთან, ბანკის მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ისედაც არ იღებდნენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ხურდად დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს.

მსყიდველობითი უნარის გარდა, ბანკის განმარტებით, მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი საშუალოდ - 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.

რა გავლენას მოახდენს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე? გამოიწვევს თუ არა იგი ფასების ზრდას?

კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე უცვლელი დარჩება. დამრგვალების პრინციპი გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ფასების საერთო ჯამზე.

გამოიწვევს თუ არა დამრგვალება ინფლაციას?

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ იმ ქვეყნების პრაქტიკის გამოცდილებით, სადაც დამრგვალების მეთოდი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, ნაღდი ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ინფლაციას არ იწვევს.

როგორ ხდება დამრგვალების მეთოდის გამოყენება კომუნალური გადასახადების გადახდისას?

მომხმარებლის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის პროცესი, მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს გადახდის ოპერაციას და არ განეკუთვნება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესს, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება დამრგვალების მეთოდი და მათი გადახდა განხორციელდება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

როგორ ხდება დამრგვალების მეთოდის გამოყენება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას?

ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე ვრცელდება დამრგვალების არსებული მეთოდი, ანუ გადასახდელი თანხის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

კონვერტაციის ორდერებში რა თანხა უნდა ჩაიწეროს დამრგვალებული თუ რეალური?

ნაღდი ფულით კონვერტაციის დოკუმენტში უნდა მიეთითოს როგორც რეალურად გადასახდელი, ისე დამრგვალებული თანხა (ასევე მიზანშეწონილია მათ შორის განსხვავებული-დამრგვალების თანხის დაფიქსირება).

მაგალითი 1.

თუ 5 დოლარის ყიდვა უნდა კლიენტს, რომლისთვისაც საჭიროა 10.13 ₾, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა დამრგვალდება მეტობით და შესაბამისად, ორდერში ჩაიწერება:

შემოსავალი - 10.13₾

დამრგვალება - 0.02 ₾

სულ შემოსავალი - 10.15 ₾;

მაგალითი 2.

თუ 5 დოლარის ყიდვა უნდა კლიენტს, რომლისთვისაც საჭიროა 10.12 ₾, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით და შესაბამისად, ორდერში ჩაიწერება:

შემოსავალი - 10.12₾

დამრგვალება - 0.02 ₾

სულ შემოსავალი - 10.10 ₾;

​თუ მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს საერთო თანხის დამრგვალებაზე, რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს მოლარემ?

მოლარემ უნდა აუხსნას მომხმარებელს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დამრგვალების მეთოდის გამოყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სავალდებულოა და რეგულირდება კანონით.

როგორ შემეძლება 1 და 2-თეთრიანი მონეტებით სარგებლობა ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში?

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდამდე:

ა) მომხმარებელს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების შეუზღუდავად გამოყენება შეუძლია ნაღდი ფულის თავის ანგარიშზე შეტანის, ანგარიშიდან თანხის გატანის, სასესხო ვალდებულების დაფარვის ან მესამე პირის მიმართ ვალდებულების გასტუმრების და სხვა მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას.

ბ) მომხმარებელს შეუძლია 5-ის ჯერადი (5, 10, 15, 20, 25 და ა.შ) ნებისმიერი ოდენობის 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გამოყენება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამური ფასის გადახდისას და მათ შორის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს.

სად და როდემდე იქნება შესაძლებელი 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა?

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.

არის თუ არა დაგეგმილი 5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება?

5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება არ იგეგმება.