მოსკოვში ე.წ. გამარჯვების აღლუმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინი პირველად შეეხო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების თემას. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები „დასრულებას უახლოვდება“, თუმცა კონკრეტულად რით დასრულდება ომი, ამის შესახებ პუტინს არაფერი უთქვამს.
ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას, რომელიც, მისი თქმით, მოსკოვში ან შესაძლოა რომელიმე მესამე ქვეყანაში გაიმართოს. ამასთან, პუტინმა მოულოდნელად უკრაინის ლიდერს „ბატონი ზელენსკი“ უწოდა და არა „კიევის ხუნტის მეთაური“ ან „ნარკომანთა ხროვის თავკაცი“, როგორც ამას კრემლი წლების განმავლობაში აკეთებდა. თუმცა, პუტინმა ისიც თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე და იქცეს საბოლოო წერტილად“.
ასევე ნახეთ
პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე გამოსვლისას: რუსეთი ებრძვის ნატოს მხარდაჭერილ, "აგრესიულ" ძალასპუტინის ამ განცხადებების შემდეგ დასავლურ პრესაში მასობრივად გაჩნდა სათაურები უკრაინაში ომის მალე დასრულებისა და პუტინის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ.
რუსი პოლიტოლოგის, დმიტრი ორეშკინის დაკვირვებითაც, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი მართლა ფიქრობს იმაზე, როგორ დააღწიონ თავი ამ ომს.
„ყველამ დაინახა, რომ პუტინი დაწერილს არ კითხულობდა. ამიტომ წელავდა სიტყვებს, ასწორებდა საკუთარ ნათქვამს, ოხრავდა და ასე შემდეგ", - ამბობს ორეშკინი, რომლის თქმითაც, ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის და ის კი, როგორ განმარტავს მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის სიტყვებს.
თუმცა ბევრი ექსპერტი ომის დამთავრებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს ნაადრევად და ზედმეტად ოპტიმისტურად მიიჩნევს და არგუმენტად მოაქვს სწორედ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის მიერ გაკეთებული შემდეგი კომენტარი:
“სანამ კიევი ჯარებს არ გაიყვანს, შეიძლება მოლაპარაკებების ათობით რაუნდი ჩატარდეს და ყველა მათგანი უაზრო იქნება. და ყველას ესმის ეს და კიევსაც კარგად ესმის. თუმცა ჯერჯერობით, ევროპელების მხარდაჭერით, ისინი უარს ამბობენ გონივრული ნაბიჯის გადადგმაზე. ყოველ შემთხვევაში, ისინი უარს ამბობენ ამ ნაბიჯის განხილვის დაწყებაზეც კი. თუმცა უკრაინულმა მხარემ იცის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და რომ ისინი ამას ადრე თუ გვიან გააკეთებენ“.
იური უშაკოვი
თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინამ „უჯიკა“ პუტინს ორი ლიდერის შეხვედრისკენ, თუმცა ორმხრივი შეხვედრის რეალისტურობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.
„ლევადა ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ომით დაიღალა. ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც წერენ, რომ რუსეთის არმიაც დაიღალა და, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას ან არ შეუძლია, ან არ სურს ამ საკითხის გამარჯვებამდე მიყვანა.
როგორ უნდა წავიკითხოთ პუტინის განცხადებები უკრაინასთან ომის შესაძლო დასრულებაზე?
არის თუ არა რუსეთის ლიდერი რეალურად მზად მოლაპარაკებებისთვის და ზელენსკისთან შეხვედრისთვის, თუ სინამდვილეში მისი რიტორიკა არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ აპირებს უკრაინაში ომის გაგრძელებასა და მისი კაპიტულაციის მიღწევას?
და რას ნიშნავს სიტყვა „ბატონი“, როდესაც პუტინი მას ზელენსკის მიმართ იყენებს?
სკეპტიკური ხედვა
2026 წლის 9 მაისამდე პუტინს ომის „მალე დასრულების“ შესახებ არანაირი მკაფიო განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში სრულად იყო შეწყვეტილი არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები, არამედ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტისკენ გადადგმული ნებისმიერი მოძრაობა. თუმცა, მოსკოვისგან განსხვავებით, მთელი ამ დროის განმავლობაში კიევი საკმაოდ აქტიურ განცხადებებს აკეთებდა და კრემლს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უბიძგებდა. ექსპერტთა თქმით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის სრული დუმილის ფონზე, პუტინის მიერ 9 მაისს გაკეთებულმა განცხადებამ გლობალურად მიიქცია მედიისა და ანალიტიკოსების ყურადღება. არადა, რუსეთის პოლიტიკის მკვლევართა თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პუტინი ომის „დასრულებაში“ იმას გულისხმობდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს და ომიც მისი გამარჯვებით დასრულდება.
„დიახ, სინამდვილეში სწორედ ასეა", - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულ The CurrentTime-თან საუბარში, - "სამხედრო ექსპერტები და ისინი, ვინც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას აკვირდებიან, ერთხმად სწორედ ამას აღნიშნავენ და ეყრდნობიან იმ გეგმებს, რომლებსაც პუტინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელები საჯაროდ აჟღერებენ. ამ გეგმების მიხედვით, 2026 წელს რუსეთი აპირებს სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის შტურმს, ხარკოვის ოლქში „ბუფერული ზონის“ გაღრმავებას ან გაფართოებას და ზაპოროჟიეში ომის გაგრძელებას. ყველა ეს გეგმა ზაფხულის სამხედრო კამპანიისთვის უკვე შეთანხმებულია. “ამიტომ კრემლის მიმდინარე თამაშსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გარშემო მანევრებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ვფიქრობ, პუტინის სიტყვების ინტერპრეტაციაც ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს”.
ალექსანდრ მოროზოვი
ექსპერტის თქმით, თავად პუტინი არ მიიჩნევს, რომ რაიმე მანევრირებას ეწევა, რადგან პუტინის აზრით, ომი მალე დასრულდება იმიტომ, რომ კიევი მალე გავა დონბასიდან, ან მალე დათმობს დონბასს ან რუსეთი მალე დაიპყრობს მთელ დონბასს.
„პუტინს არასოდეს უთქვამს, რომ რამე იცვლება", - ამბობს პოლიტოლოგი, - "პუტინის მიზნები იგივეა: ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული დაპყრობა, ხარკოვის ოლქში „ბუფერული ზონის“ შექმნა. შემდეგ მოდის მთელი ჩამონათვალი მოთხოვნებისა, რომელსაც კრემლი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებიდან აყენებს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ეს ჩამონათვალი მხოლოდ ტერიტორიულ საკითხებს არ მოიცავს და, რომ კრემლს ამ მოთხოვნებზე უარი არ უთქვამს“.
ანალიტიკოსების თქმით, კრემლს არც ის უთქვამს, რომ თუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა, რუსეთის არმია წინ აღარ წავა, მაგალითად, დნეპრის მიმართულებით. მეტიც, როგორც კი კიევი შესაძლო ზავის მიმართულებით მზადყოფნას ავლენს ხოლმე და აქტიურ დიპლომატიას იწყებს, კრემლი მაშინვე თავისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის დაყენებას იწყებს, საუბრობს იმაზე, თითქოს ეს ომი, რომელსაც კრემლი აწარმოებს, თავად დასავლეთმა გააჩაღა, ამიტომ დასავლეთმა კრემლს გარკვეული გარანტიები უნდა მისცეს. რუსეთის ასეთ მიდგომას ეგრევე ჩიხში შეჰყავს ვითარება, რადგან კრემლი ომის დასრულებას გარკვეულ გლობალურ შეთანხმებებზე დამოკიდებულს ხდის.
ასევე ნახეთ
პუტინი დროის წინააღმდეგ: ომი, კრიზისი და ბრძოლა ელიტებს შორის - ინტერვიუ ეკატერინა შულმანთან„რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლოა მართლაც არსებობდეს მსგავსი მოლაპარაკებების მიმართულებები, რადგან გლობალური უსაფრთხოების რეალური საკითხები არსებობს - ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს ან თავიდან დაიდოს. მაგრამ ამ შეთანხმებებს რუსეთის კონკრეტულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგ არანაირი კავშირი არ აქვს! თუმცა კრემლი დაჟინებით მოითხოვს ამას“, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი.
ოპტიმისტური ხედვა
პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, ბოლო დროს ყველასთვის აშკარა გახდა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ პრობლემას აწყდება როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში და, რომ კრიზისი და კატასტროფა გარდაუვალია, რასაც, ექსპერტებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობაც ხედავს.
„ეს ყველაფერში ჩანს, მათ შორის ეკონომიკაშიც", - ამბობს ორეშკინი რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში, - "პრობლემებია დემოგრაფიაშიც: თვეში უკვე 100 ათასზე ნაკლები ადამიანი იბადება, ხოლო 150 ათასზე მეტი იღუპება. რუსეთი ჩამორჩება თავდაცვით ინდუსტრიაშიც, პრობლემებია დრონებთან დაკავშირებით. ჩამორჩება საჰაერო თავდაცვის სფეროშიც, რადგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვას ვერ ახერხებს. ხალხი ამ ომით დაიღალა და ვფიქრობ, პუტინმაც იცის ეს. ანუ ის იმდენად მოწყვეტილი არ არის რეალობას, რომ ვერ ხვდებოდეს - სამხედრო რესურსები იწურება. პუტინს გულწრფელად სჯეროდა, რომ გამოფიტვის ომი რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებდა. მაგრამ მოხდა პირიქით - ის უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. უბრალოდ იმიტომ, რომ პუტინმა ამ ომის დაწყებისას არასწორი გათვლა გააკეთა”.
დმიტრი ორეშკინი
დმიტრი ორეშკინის თქმით, რუსეთის დღევანდელი მდგომარეობის თვალსაჩინო ილუსტრაციაა 9 მაისის აღლუმის უსუსური სანახაობა, რაც პუტინის მომხრე Z-პატრიოტულ საზოგადოებასაც აღიზიანებს.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც ომის მეხუთე წელს დაიწყო. დგება იმის გაცნობიერების ეპოქა, რომ პუტინს არანაირი „ეშმაკური გეგმა“ არ აქვს. ამას ნორმალური ადამიანები დიდი ხანია ხვდებიან. ახლა ამის გაცნობიერებას იწყებენ პუტინის მხარდამჭერებიც, ე.წ. „Z-პატრიოტებიც“ და სხვებიც. არანაირი ეშმაკური გეგმა არ არსებობს, მთავარი ამოცანაა, ამ სისხლიანი ჭაობიდან და ხორცსაკეპი მანქანიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა, რადგან საერთოდ დანაკარგების გარეშე გამოსვლა უკვე შეუძლებელია”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი.
სამხედრო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ მძიმე ზამთრისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შემდეგ ომში გარდატეხა გამოიკვეთა: ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ინიციატივა უკრაინის არმიის ხელში გადავიდა. თავად რუსეთში კი, სოციოლოგების მონაცემებით, იზრდება ომით მოსახლეობის გადაღლა, მაგრამ გაითვალისწინებს კი პუტინი რუსების განწყობების ცვლილებას?
„საქმე ხალხის გაწყობის ცვლილებაში არ არის", - ამბობს ორეშკინი, - "მთავარი ისაა, შეუძლია თუ არა პუტინს ამ ომის მოგება. სინამდვილეში, როდესაც პუტინი ამ ომს იწყებდა, დარწმუნებული იყო, რომ ათმაგი უპირატესობა ჰქონდა. ჰქონდა უამრავი საბჭოთა ტანკი, უამრავი საბჭოთა ჰაუბიცა და ქვემეხი, უამრავი საბჭოთა თვითმფრინავი. რუსეთის არმია რამდენჯერმე აღემატებოდა უკრაინულს, ერთი შეხვედით ყველაფერი მზად იყო. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ყირიმის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, სწრაფ იერიშს მიიტანდა და აიღებდა კიევს, ხოლო შეშინებული ევროპა, რომელსაც ომი არ უყვარს, უკრაინას არ დაეხმარებოდა. გავიდა ოთხი წელი და ვხედავთ, როგორ შემცირდა რუსული ამბიციები. უკვე აღარავინ საუბრობს „დემილიტარიზაციაზე“, რადგან აშკარაა, რომ უკრაინის არმია დღეს საერთოდ არ ჩამოუვარდება რუსულს“.
ასევე ნახეთ
რა ზიანს აყენებს რუსეთს უკრაინის შორი მანძილის საჰაერო თავდასხმებისამხედრო ექსპერტთა თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო ბოლომდე დონბასის დაკავება, რადგან გადამწყვეტი იერიშისთვის რესურსები აღარ ჰყოფნის. ცალკე მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ ეფექტურად ვეღარ მუშაობს ე.წ. ტრადიციული შეიარაღება: ტანკები და ქვემეხები. ომი მთლიანად სარაკეტო და დრონების ომად გადაიქცა, და ამ დრონების ომში უპირატესობა უკრაინას აქვს.
„უკრაინა უფრო სწრაფად ვითარდება", - ამბობს დმიტრი ორეშკინი, - "ამ ახალ იარაღს უფრო ეფექტიანად იყენებს, უკრაინული დრონები სულ უფრო შორს დაფრინავენ. ვფიქრობ, უახლოეს კვირებში ვიხილავთ გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ბოლო სასოწარკვეთილ მცდელობას, სიტუაცია გამოასწოროს. მას მოუწევს ან ლანგარზე მიართვას პუტინს თვალსაჩინო, მკაფიო და დამაჯერებელი გამარჯვება, რაც, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება ან შექმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობს“.
„ბატონი ზელენსკი“... - ახლა არა?!
პოლიტიკის ანალიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პუტინის რიტორიკის ცვლილება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმართებით. 9 მაისის აღლუმის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდა „ბატონი ზელენსკი“ და არა „კიევის ხუნტის“ ან „ნარკომანთა ბანდის“ თავკაცი, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
„ამ გარემოებას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი", - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი, - "რა თქმა უნდა, პუტინის ყველა სიტყვაში ცდილობენ რაიმე პოზიტიური სიგნალის პოვნას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ კარგად ვიცით და უკვე მივეჩვიეთ კიდევ იმას, რომ დღეს ერთს იტყვის პუტინი ზელენსკიზე, ხვალ კი - სხვას, დღეს ზელენსკი „ბატონი“, ხვალ კი იტყვის, რომ კიევში „ხუნტაა“, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ვნახოთ, რა იქნება ერთ-ორ თვეში“.
თუმცა დმიტრი ორეშკინისთვის ორთვიანი დაკვირვების გარეშეც ნათელია, რომ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ რიტორიკა შეარბილა - აღარ აყენებს შეურაცხყოფას და „ბატონ ზელენსკის“ უწოდებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად. პოლიტოლოგის თქმით, პუტინი რომ წინ მიიწევდეს, სულ სხვაგვარად ილაპარაკებდა.
ასევე ნახეთ
პუტინის ოფიციალური რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა 2022 წლის შემდეგ„პუტინის რიტორიკა სულ უფრო სასაცილოდ და სულ უფრო ნაკლებად საშიშად ჟღერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი საშიში აღარ არის. პირიქით - ძალიან საშიშია, მით უმეტეს, რომ ატომური ბომბები აქვს. თუმცა ამგვარი რიტორიკა ადამიანებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. სახელისუფლებო სოციოლოგიურმა ცენტრებმა - ВЦИОМ-მა და ФОМ-მა - მოულოდნელად დაიწყეს პუტინის პოპულარობისა და რუსეთში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერის კლების დაფიქსირება. თუ მსგავსი რამ ქვეყნდება, ეს ნიშნავს, რომ პუტინის ელიტის ერთი ნაწილი ცდილობს მეორე ნაწილს მიაწვდინოს კრიტიკული ხმა. პირობითად რომ ვთქვათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ცდილობს ФСБ-ს აუხსნას, რომ პუტინისთვის სიტუაცია უარესდება“, - დარწმუნებულია პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი.