რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახსნა, რატომ არ იყო ჩართული საბრძოლო ტექნიკა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ აღლუმში - მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრებებით, არამედ იმ გარემოებითაც, რომ "შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი ყურადღება უნდა მიაპყრონ მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებას, საგანგებო საომარი ოპერაციის [ანუ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის] მიმდინარეობის ფარგლებში".
პუტინის განცხადებების თანახმად, 9 მაისს უკრაინის არმიის დარტყმების საფრთხის გამო რუსეთის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ინდოეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს და მათ უთხრეს, რომ რუსეთის არმია კიევის ცენტრზე მიიტანდა იერიშს, უკრაინის მხრიდან "პროვოკაციების" შემთხვევაში. პუტინის თქმით, ამგვარ დარტყმას შესაძლოა გამოეწვია ურთიერთობის გაუარესება სხვა ქვეყნებთან, რადგან ზიანი კიევში მათი საელჩოებსაც მიადგებოდა. პუტინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მისთვის 9 მაისს არ უცნობებია რაიმე "პროვოკაციაზე" უკრაინის მხრიდან.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მხარე უკრაინას სთავაზობდა ტყვეთა გაცვლას ფორმატით 500-500-ზე, თუმცა უკრაინა ამას არ დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ იქნა შეთანხმება 9 მაისიდან 11 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტაზე და ტყვეების გაცვლაზე ფორმატით 1000-1000ზე - თუმცა პუტინი ამბობს, რომ უკრაინის მხარეს სიები ჯერაც არ გაუგზავნია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მოსკოვში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აცნობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირადად შეხვედრისთვის მზადყოფნაზე. პუტინი კვლავ ამბობს, რომ მზადაა ასეთი შეხვედრისთვის მოსკოვში. "შესაძლებელია მესამე სახელმწიფოში შეხვედრაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე" - განაცხადა პუტინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკების გამართვა არ სურს და მზადაა მხოლოდ ხელი მოაწეროს წინასწარ შეთანხმებულ დოკუმენტებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ პროცესი უახლოვდება ომის დასრულებას - თუმცა მას არ დაუზუსტებია რატომ ფიქრობს ასე. მან კიდევ ერთხელ დასდო ბრალი დასავლელ "გლობალისტებს" რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში და გადმოსცა 2022 წლის მოვლენების თავისი ვერსია - პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნები რამდენიმე თვეში ელოდნენ "რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნგრევას", მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ.
უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ფინეთის ნატოში გაწევრიანება პუტინმა დაუკავშირა ამ ქვეყნის მიერ თითქოს განზრახვის ქონას რუსეთისთვის "რაღაც აეწაპნა". პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის გამართვა შესაძლებელი იყო გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის დახმარებით. (შრიოდერმა გერმანიაში დაკარგა პოლიტიკური გავლენა, მას ბევრი წამყვანი პოლიტიკური ძალა პრორუსული პოზიციის ქონაში ადანაშაულებს).
პუტინს პირდაპირ არ ულაპარაკია ომის ბოლო მოვლენებზე, მათ შორის უკრაინის მხრიდან გახშირებულ დარტყმებზე რუსეთის ძალების ზურგში. მან მხოლოდ თქვა - "რუსეთი ისე უნდა მოიქცეს, რომ მას ვერავინ დაემუქროს". ერთ-ერთი ჟურნალისტის ვარაუდს, რომ საამისოდ, შესაძლოა, საჭირო იყოს უკრაინის დასავლეთის საზღვრებამდე მისვლა, პუტინმა უპასუხა - "აი თქვენ თავად უპასუხეთ ამ კითხვას".
პუტინმა სომხეთთან ურთიერთობაზეც ილაპარაკა - აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, და ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთი მზადაა დაიწყოს "ცივილიზებული გაყრის" პროცესი. პუტინის თქმით, რუსეთი "მხარს დაუჭერს ყველაფერს, რაც ხელსაყრელია სომეხი ხალხისთვის". ამავე დროს, მისივე სიტყვებით, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის სწრაფვას თავის დროზე მოჰყვა კონფლიქტი და შემდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებები.
9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა აღლუმი, პუტინის მონაწილეობით. აღლუმში არ მონაწილეობდა საბრძოლო ტექნიკა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ აღლუმის ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში კიევის ცენტრზე განხორციელდებოდა დარტყმა.
8 მაისს, საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ზავზე შეთანხმდნენ 9-დან 11 მაისის პერიოდში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა მოსკოვში აღლუმის ჩატარების "ნებართვის" ბრძანებას. დღის განმავლობაში ორივე მხარე იუწყებოდა ზავის დარღვევის შემთხვევებზე.
ფორუმი