„ჩემი სახლი ქურდების სამიზნე რომ გახდეს, იღებთ პასუხისმგებლობას მომხდარზე?.. სახლში არასრულწლოვანი შვილი მყავს. დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ“, - მოგვწერა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, როცა პარლამენტარს ვაცნობეთ, რომ მისი ფინანსური, უფრო კონკრეტულად კი - ნაღდი ფულის სახით შენახული რესურსებით დავინტერესდით.
2026 წლის ქონების დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანი 35 000 ლარს და 50 000 დოლარს, ჯამში 169 250 ლარს [კონვერტირებული თანხა], არა საბანკო ანგარიშზე, არამედ ნაღდი ფულით ინახავს. გასულ წელს მას თითქმის სამჯერ მეტი დანაზოგი ჰქონდა ასეთი სახით - 338 500 ლარი [100 000 დოლარი და 70 000 ლარი].
ნინო წილოსანის მიერ 2026 წელს შევსებული დეკლარაცია
ნინო წილოსანის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
ეს თანხები მან თავად ასახა ქონების დეკლარაციაში. ფულის წყაროდ „დანაზოგი“ მიუთითა. ის, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყოველ წელს საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ქონების შესახებ.
„აკრძალულია ნაღდი ფულის ფლობა? რამდენად ეთიკური და უსაფრთხოა ჩემს სახლში ნაღდი ფულის შესახებ სტატიებს რომ გააკეთებთ და ამ ფაქტის ტირაჟირებას რომ ცდილობთ? რამე შემთხვევა რომ მოხდეს და ჩემი სახლი ქურდების სამიზნე გახდეს, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარზე? ვფიქრობ, თქვენი მხრიდან ამ საკითხის ტირაჟირებას 2 ნეგატიური მიზანი აქვს - საზოგადოების მოსაზრებების არასწორი მიმართულებით წაყვანა და შესაძლო ქურდობის ფაქტების პროვოცირება“, - მოგვწერა ნინო წილოსანმა.
ე.წ. ქეში არის ფიზიკური ფული ბანკნოტებსა და მონეტებში, რომელიც მაგალითად, ხელში გაქვთ და არა - საბანკო ანგარიშზე. "ქეშის" ფლობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი შესანახი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სახლია, ნაღდ ფულს, შესაძლოა, მაგალითად, სახლის გარეთ, დაცულ სეიფებშიც ინახავდნენ მფლობელები.
„არა, ნაღდი ფულის ფლობა აკრძალული არ არის, მთავარია, დადასტურდეს კანონიერება“, - ამბობს კორუფციის მკვლევარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ის წლებია სახელმწიფო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებს იკვლევს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ „თანამდებობის პირები, განსაკუთრებით პარლამენტში, არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები“.
ანუ, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ, ისინი ბიზნესში მმართველ თანამდებობებს ფორმალურად თმობენ, რადგან კანონით მათ სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ. ამის მიუხედავად, შემოსავალს მაინც იღებენ.
„შემდეგ კი დეკლარაციაში წერენ, რომ აქვთ [დანაზოგი] დიდი ოდენობით თანხა შენახული ქეშად“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლებამ შეისწავლა პარლამენტის დეპუტატებისა და მინისტრების ბოლო ორი წლის [2025 და 2026] დეკლარაციები და გაარკვია, რომ 2026 წელს, 101 დეპუტატიდან 13-ს ნაღდი ფული აქვს შენახული, 2025 წელს კი - 44-ს.
მათგან, ოთხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატია ან უმრავლესობაშია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ სახელით. ამ პარტიებს ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნებისგან“ არ განასხვავებენ.
დიდი რაოდენობით „ქეშს“ ინახავენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. 14 მინისტრიდან - შვიდი 2026 ან 2025 წლებში 10 000 ლარზე მეტ ნაღდ ფულს ინახავდა.
შენიშვნა: 2026 წლის იმ მომენტისთვის, როცა ეს სტატია გამოქვეყნდა, ახალი დეკლარაციები მხოლოდ დეპუტატებისა და მინისტრების ნაწილს ჰქონდა შევსებული. შესაბამისად, დამუშავებული მონაცემები სრულყოფილი არაა და წლის ბოლომდე შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.
პოლიტიკოსები ნაღდ ფულს სხვადასხვა ვალუტაში ინახავენ [დოლარი, ევრო, ლარი]. მონაცემების დამუშავებისას ცხრილებში ასახული თანხები ჯერ ლარშია დაკონვერტირებული [კურსი - 23 აპრილი, 2026] და შემდეგ - შეკრებილია.
ნაღდი ფულის მფლობელთა სიაშია ოთხი დეპუტატი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“. მაგალითად, დეპუტატ დაჯი კოვზირიძეს 2025 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 15 800 დოლარს „ქეშად“ ინახავს.
„დეპუტატი დეკემბრიდან ვარ, მანამდე ბიზნესში ვიყავი, საკმაოდ წარმატებული. პროფესიით ექიმი ვარ. უძრავი ქონება მქონდა, რომელიც გავყიდე, თანხა ქეშად მომცეს და ახალი ბინა უნდა მეყიდა. ვინაიდან ყოველდღიურად ველოდი, რომ ამ თანხის გაცემა მომიწევდა, ამის გამო მქონდა ნაღდი ფულის სახით შენახული, მე არაფერი მაქვს დასამალი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატმა.
დამატებით განმარტა, რომ ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ბანკშიც შეიტანა, თუმცა, როცა გამოტანა დასჭირდა, პროცენტის გამო დიდი თანხა დაუკავეს.
„ძალიან გავბრაზდი, სიმართლე გითხრათ, ეს იყო ჩემი მოტივი, თუ შევიტანდი ამ თანხას და შევინახავდი, ვიცოდი რომ ნაწილს დავკარგავდი, შენახვის ნაცვლად“, - ამბობს დეპუტატი.
ყველაზე მეტ ნაღდ ფულს, ჯამში თითქმის მილიონ ლარს (947 950 ლარი) „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ალადაშვილი ინახავს. დეკლარაციის თანახმად, 760 000 ლარი შპს ტრანსპორტერში კუთვნილი წილის გაყიდვით მიიღო. დანარჩენი ფული კი დანაზოგია.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, მისი ცოლი სოფიკო კიკვაძეც სოლიდურ თანხებს ფლობს. ორივე ერთად კი ჯამში ნაღდი ფულის სახით მილიონ ლარზე მეტს ინახავენ.
„წარმატებას გისურვებთ გამოკვლევაში, კარგად ბრძანდებოდეთ“, - გვითხრა აკაკი ალადაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რატომ ამჯობინებს ნაღდი ფულის ფლობას საბანკო ანგარიშს.
დეპუტატ ალადაშვილის ცოლი „თიბისი ბანკის“ „თიბისი კონცეპტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელია. მისი ხელფასი გასულ წელს 121 ათასი ლარი იყო.
აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
აკაკი ალადაშვილი იურისტი და სპორტის სფეროს მენეჯერია. 2023 წლიდან არის უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი, 2016 წლიდან – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. პარალელურად, 2021–2024 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბიზნესთან („გეოპრომაინინგში“ იურიდიული და კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი) და საერთაშორისო იურიდიულ პრაქტიკასთან (გერმანიაში – სასამართლო, პროკურატურა, მერია და იურიდიული ფირმები).
ასევე მუშაობდა სამოქალაქო სამართლის ექსპერტად და არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ავტორი.
დეკლარაციების მიხედვით, 10 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული დეპუტატების ოჯახის წევრებსაც აქვთ. ყველაზე ხშირად ესენი: ცოლები და მშობლები არიან. მაგალითად, 2026 წლის დეკლარაციით, პარლამენტარ გელა სამხარაულის ცოლს, ნატალია თხლაშიძეს 25 000 დოლარი და 30 000 ევრო აქვს "ქეშად" შენახული.
„ჩვეულებრივი ამბავია, რაღაცაში ნაღდი ფული გჭირდება ადამიანს, რაღაცაში საბანკო ოპერაციები. წინა დეკლარაციებიც ნახეთ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც 2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, 126 605 ლარს ინახავს, ოჯახის წევრი 102 030 ლარს, 2025 წელს კი 73 330 ლარის ნაღდი ფული ჰქონდა.
ეკონომიკის დოქტორი და ეკონომიკასა და ფინანსებზე "64-ის" იუტუბ-პროექტის წამყვანი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ დეკლარაციაში „ნაღდი ფული“ ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე კატეგორიაა. საბანკო ანგარიშისგან განსხვავებით, მისი გადაადგილება და წყარო რთულად მოწმდება.
„ზოგი ძველი ყაიდის მდიდარია, 90-იან წლებში ნაშოვნი ფულით, რომელიც შეიძლება უფრო ენდობა სახლში შენახულ ფულს. „ქეშის შენახვის“ მეორე მიზეზი შეიძლება იყოს თანხების დივერსიფიცირება, მილიონერებს საბანკო ანგარიშებზეც ბევრი უდევთ და ნაღდი ფულიც აქვთ. რა თქმა უნდა, ნაღდი ფულის წარმოშობაზე წესიერ ქვეყნებში უამრავი კითხვა გაჩნდებოდა - მაგალითად, რად უნდათ ამდენი ნაღდი ფული? ნაწილი შეიძლება არ ენდობოდეს საბანკო სისტემას, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ დეპუტატები და ანგარიშვალდებულები არიან“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქონების ნაღდი ფულით შენახვა უკანონო არ არის, როდესაც „ქეში“ დიდია და მას საჯარო პირები ფლობენ, ეს ე.წ. „წითელ ალმად“ აღიქმება - ანუ სიგნალად, რომ დამატებითი კითხვები შესაძლოა გაჩნდეს.
რატომ?
- საბანკო გადარიცხვებს აქვს ისტორია - ვინ, როდის, ვისგან მიიღო თანხა. "ქეშს" - არ აქვს.
- "ქეში" ფულის გათეთრების კლასიკური ინსტრუმენტია და არალეგალური შემოსავლის „გასუფთავებისთვის“ იყენებენ.
- ბანკები ვალდებულები არიან საგამოძიებო სტრუქტურებს საეჭვო ტრანზაქციებზე შეატყობინონ (AML წესები). „ქეში“ ამ ხილვადობას მთლიანად აცდენილია.
- ფინანსური მონიტორინგის სტანდარტებში (AML/CFT) დიდი მოცულობის "ქეში" ითვლება მაღალი რისკის ფაქტორად - ანუ ავტომატურად საჭიროებს დამატებით შემოწმებას.
- დიდი თანხის სახლში შენახვა ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხითაც სარისკოა.
ამიტომ ლოგიკური კითხვა ჩნდება - რატომ აკეთებს ამას ადამიანი?
„თქვენ ხდით არაუსაფრთხოს )) თქვენი აქცენტირებით, ტირაჟირებით და მინიშნებების მიცემით...“ - გვპასუხობს ნინო წილოსანი.
ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
დეკლარაციების შემოწმება და კონტროლი აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა. ამ უწყებას შეუძლია საჯარო პირს ნაღდი ფულის წარმომავლობის დასაბუთება მოითხოვოს, ამოიღოს მისი საბანკო გადარიცხვების ისტორიაა და შეისწავლოს ნაღდი ფულის წარმოშობის კანონიერება.
დეკლარაციების შემოწმება ყოველთვის ამ უწყების საქმე არ იყო. თავიდან ეს საჯარო სამსახურის ბიურო პასუხისმგებლობა იყო, შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროსი, რომელიც, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, გაუქმდა და აუდიტის სამსახურს შეუერთდა.
როგორ უნდა შემოწმდეს ნაღდი ფულის კანონიერება?
რადიო თავისუფლებას ამ უწყებას კითხვები 15 აპრილს გაუგზავნა. დავინტერესდით, როგორ ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო პირების ქონების დეკლარაციებში მითითებული ნაღდი ფულის რაოდენობის სიზუსტესა და წარმომავლობას, არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც რეალურად ადგენს ამ თანხის არსებობას. ასევე, რა სიხშირით მოწმდება დეკლარაციები და რას აკეთებს უწყება იმ შემთხვევაში, როცა დეკლარირებული „ქეში“ მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ შემოსავალს.
აუდიტის სამსახურიდან გამოგზავნილი წერილობითი პასუხები „კორუფციის შესახებ საქართველოს კანონისა“ და „დეკლარაციების შემოწმების შესახებ“ ბრძანების შინაარსის ანალიზია. უწყებას არ გაუცია პასუხი კითხვაზე:
- ითვლება თუ არა მათთვის მაღალი ოდენობის ნაღდი ფული „წითელ ალმად“ (red flag) ანტიკორუფციული მონიტორინგისთვის?
- ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც ნაღდი ფულის დიდი ოდენობა გახდა გამოძიების საფუძველი?
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილების მიხედვით, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი იწყება შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც ელექტრონული სისტემა თანამდებობის პირს შემთხვევით შეარჩევს;
- როდესაც არსებობს დასაბუთებული წერილობითი განცხადება;
- თუ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზი 1 თვეში არ გამოსწორდება;
ასევე, ყოველწლიურად მოწმდებიან ის პირები, რომლებიც შეარჩია გენერალური აუდიტორის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ.
შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალ კორუფციულ რისკს, საზოგადოებრივ ინტერესსა და უკვე გამოვლენილ დარღვევებს.
უწყება ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ თანამდებობის პირებს.
შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეული თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს. მოწმდება მოხელის ბოლო წარდგენილი დეკლარაცია.
„წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით, რაც იძლევა საშუალებას შეფასდეს დეკლარანტის შემოსავლები და ხარჯები (მათ შორის, ბალანსი), რაც სხვა ქონებრივ სიკეთესთან ერთად, გულისხმობს, ასევე ნაღდ ფულს, რომლის დეკლარირების ვალდებულებაც თანამდებობის პირს აქვს, თუ ეს ოდენობა აღემატება 10 000 ლარს“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
უწყების ცნობით, ნაღდი ფულის დეკლარირების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ვალდებულია შესაბამის ველში ასახოს:
- ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა,
- ფულადი თანხის წყარო და
- ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში.
თუ საჯარო მოხელე შემოსავალს ვერ ასაბუთებს და იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, აუდიტის სამსახური ვალდებულია ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნოს.
„არასდროს ჩვენ არ გვსმენია, რომ რომელიმე პასუხისმგებელ უწყებას მოეთხოვა განმარტებები სახლში არსებულ ქეშზე, ეს არის ერთგვარი შავი ხვრელი, რითაც ნებისმიერ თანამდებობის პირს შეუძლია დაწეროს, რომ აქვს ამდენი თანხა და დააბალანსოს დეკლარაცია, თუ მინუსშია ხარჯი და შემოსავალი მინუსში აქვს და აკლდება თანხა. როცა საჯარო მოხელემ იცის, რომ არ შეამოწმებენ, შესაძლოა დაწეროს თანხა, რომელიც სახლში არც კი უდევს, ანუ მოიტყუოს“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
სანდრო ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) მკვლევარი
კორუფციის მკვლევრის ნათქვამს ადასტურებს „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაჭერებიც. ამ მაგალითებმა აჩვენა, რომ მაკონტროლებელმა ორგანოებმა სავარაუდო დარღვევები ვერ/არ შეამჩნიეს/შეიმჩნიეს.
- 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნაღდი ფულის სახით სახლში 115 000 დოლარს ინახავდა. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა ოქროს ზოდები და მონეტები ამოიღეს.
2026 წლის 16 მარტს რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების მრავალჯერ ბოროტად გამოყენებასა და ამ გზით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ცნეს დამნაშავედ და 10 წლით დააპატიმრეს.
- 6 მილიონ-ნახევარი ლარი ამოიღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან.
დეკლარაციაში, ისევე როგორც წინა წლებში, ღარიბაშვილი უთითებდა, რომ ფინანსურ დახმარებას იღებდა მშობლებისგან:
- 2025 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა მას 200 000 ლარი აჩუქა.
- 2024 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.
- 2023 წელს მშობლების საჩუქარი 180 000 ლარი იყო.
2024 წლის 23 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა 109 500 ლარიც ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში.
ამ წელს მისი ხელფასი პრემიერი პოსტზე 45 104 ლარი იყო, ოჯახის მოგზაურობაში დახარჯული თანხა კი 20 000 დოლარი.
არადა, ბრალდების წაყენებამდე ანტიკორუფციულმა ბიურომ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია სამჯერ შეამოწმა და სამივე შემთხვევაში თქვა, რომ „დარღვევები ვერ აღმოაჩინა“.
ასევე ნახეთ
5 ამბავი, რომელთა გამოძიებაც ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს დაასწრესჯამში, სამართალდამცველებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისა და მათთან დაახლოებული პირების სახლების ჩხრეკისას ჯამში 7 002 200 დოლარი და 136 000 ლარი ნაღდი ფული ამოიღეს.
2025 წლის დეკლარაციები
2025 წლის დეკლარაციის თანახმად, 1 154 550 ლარს ინახავს "ქეშად" „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვახტანგ თურნავა. ის მილიონერია. ვახტანგ თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ახლო ნათესავია.
მისი 2025 წლის დეკლარაცია ძვირადღირებული საათების კოლექციითაც იპყრობს ყურადღებას. ამ კოლექციაში ყველაზე იაფიანი Rolex Datejust 41-ია. მასში 2023 წლის 1 სექტემბერს 10 346 ევრო გადაიხადა. იმავე წელს იყიდა 47 312 ევროდ შეფასებული Audemars Piguet Royal Oak Chronograph-ი.
მასვე ეკუთვნის 200 000 დოლარის ღირებულების „ბიტკოინები“, მის საბანკო ანგარიშებზე იყო 270 ათას ლარზე, 75 ათას ევროსა და 16 ათას დოლარზე მეტი.
ვახტანგ თურნავას მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
ვახტანგ თურნავას მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
ვახტანგ თურნავამ რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სამაგიეროდ, ყველა ჩვენს კითხვას წერილობით გასცა პასუხი კიდევ ერთმა მილიონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ანტონ ობოლაშვილმა.
ვახტანგ თურნავა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
2025 წლის დეკლარაციის თანახმად, ანტონ ობოლაშვილს ჯამში, 447 535 ლარი აქვს "ქეშად". აქედან 110 000 ლარია, 55 000 დოლარი, 60 000 ევრო.
კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2024 წელს შემოსავლის სახით თითქმის ხუთი მილიონი ლარი მიიღო.
ანტონ ობოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ნაღდი ფულის წყარო მის მიერ დაფუძნებული კომპანიიდან მიღებული დივიდენდია, რომელიც არის „სრულად დეკლარირებული, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადასახადების გადახდის შემდეგ მიღებული თანხა“.
„ეს თანხა ასახულია როგორც დეკლარაციაში, ასევე ასახულია შემოსავლების სამსახურში. ნაღდი ფორმა ჩემთვის არანაირი პრიორიტეტი არაა, იმ დროისთვის როდესაც იყო დეკლარაციის ჩაბარების დღე, იყო ეს მოცემულობა, რადგან მქონდა გასასტუმრებელი ნაღდი ანგარიშსწორებით გარკვეული თანხები, როგორც პირადი და ოჯახური საჭიროებებისთვის ასევე სხვადასხვა და მათ შორის, საქველმოქმედო (ჩამოთვლას არ დავიწყებ)“, - ამბობს ობოლაშვილი.
მისთვის „სრულიად უადგილოა კითხვა“, ხომ არ უკავშირდება ფულის "ქეშად" შენახვა სანქციების რისკს და „დეკლარაციაში მითითებულ თანხასთან კავშირში არაა“.
ანტონ ობოლაშვილის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
„ამ თანხას არ ვინახავ სახლში, როგორც მოგახსენეთ, დეკლარაციის შევსების დღეს მქონდა, რომლითაც გასტუმრებულია ვალდებულებები. დივიდენდს ვიღებ ქეშად და ვიღებ ანგარიშზე ჩარიცხვითაც, თუმცა, რაც ბოლოს მახსენდება, უფრო მეტად ქეშის სახითაა. დეკლარაციის შევსების თარიღი არის წლის დასაწყისი ანუ თებერვლის ბოლოს და ამ პერიოდს ემთხვევა ხოლმე გარკვეული ხარჯების გასტუმრება“, - ამბობს მილიონერი დეპუტატი.
ანტონ ობოლაშვილი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. ის წარმოადგენს მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" და ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ანტონ ობოლაშვილი ფლობს კომპანია "გლობალფარმის" 100-პროცენტიან წილს. წლებია ის ამ კომპანიიდან შემოსავალს იღებს. ის და მისი ცოლი, ლია ობოლაშვილი, ფლობენ ქონებას თბილისში, ბორჯომში, მცხეთასა და ადიგენის მუნიციპალიტეტში. მათ ეკუთვნით ძვირადღირებული ავტომობილები და საათები.
ანტონ ობოლაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში დუბაისა და პარიზში ნაყიდი ბინები მხოლოდ „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ასახა. დუბაიში 2015 წელს შეძენილი ორი ბინის ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება. მასვე ეკუთვნის პარიზში 1,2 მილიონ ევროდ ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი.
ანტონ ობოლაშვილმა ორსაძინებლიანი ბინა 2012 წელს ელირ რეზიდენსის 56-ე სართულზე 1 626 562 დირჰამად შეიძინა, რაც მიმდინარე კურსით, მილიონ 200 000 ლარზე მეტია.
86-სართულიანი "ელიტ რეზიდენსი" დუბაი მარინას რაიონშია და მსოფლიო ცნობილ ხელოვნურ კუნძულს პალმ ჯუმეირას გადაჰყურებს, სადაც ანტონ ობოლაშვილს კიდევ ერთი ბინა აქვს, რომელიც 2015 წელს 2 816 847 დირჰამად შეიძინა, რაც ორ მილიონ ლარზე მეტია. ორივე ბინას აქირავეს წელიწადში 22 000 და 11 100 ევროდ. რაც შეეხება პარიზს 130 მ² ბინა 2014 წელს მილიონ 165 000 ევროდ იყიდა, 2019 წელს კი 58 000 ევროდ ნაყიდი ავტოფარეხიც მიამატა.
ნაღდ ფულს ლარში, დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგშიც კი ინახავს კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი, რაც ჯამში 849 953 ლარია. მხოლოდ მისი ცოლი - 164 284 ლარს ინახავს "ქეშად", რაც 46 000 დოლარისა და 15 300 ევროს ეკვივალენტია.
გიორგი ბარვენაშვილის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
დეპუტატს ეკუთვნის „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ კრიპტოვალუტები, რომელთა ნომინალური (პირობითი) ფასი 3 350 660 დოლარია.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავლის ერთადერთი წყარო გასულ წელს ბიზნესი იყო - მან შპს „ოდადან" 2 630 559 ლარი მიიღო.
გიორგი ბარვენაშვილზე ქართულ მედიაში პირველად 2019 წლის ნოემბერში დაიწერა და მომზადდა სიუჟეტები. „მთავარ არხსა“ და „ფორმულის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი იტალიის მდიდრულ კურორტ კომოს ტბაზე გამართული წვეულების შესახებ, რომლის მასპინძელი გიორგი ბარვენაშვილი იყო, სტუმრები კი მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.
ამ მოგზაურობის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართებოდა იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ არ შეასრულა არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების დაპირება.
გიორგი ბარვენაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
„დეკლარაციის სისტემა და დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თუ თანამდებობის პირს ფეხი დაუცდება და კორუფციაში ჩაეფლობა, ამ სისტემამ ეს აღმოაჩინოს… 2024-2025 წლების დეკლარაციები შევისწავლეთ საჩუქრების ნაწილში და იგივე ვითარებაა - 34 მილიონი ლარის საჩუქრები აქვთ დადეკლარირებული მაღალი თანამდებობის პირებს. ზუსტი ანალოგია ირაკლი ღარიბაშვილთან, მაგრამ თუ ღარიბაშვილის შემთხვევაში ჩაითვალა, როგორც კორუფციის ნიშანი, სხვა შემთხვევაში არაფერი მოიმოქმედეს, იგივე ანალოგიაა ქეშად დიდი თანხა“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
მისი შეფასებით, ყველა შემთხვევაში გამოძიების დაწყება საჭირო არაა. თუ მონიტორინგის სისტემა იმუშავებს, სანდო მონაცემები გაიცხრილება და მხოლოდ იმაზე დაიწყება რეაგირება, ვინც შემოსავალს ვერ დაასაბუთებს.
„სახლში ქეშს არავინ არ ამოწმებს, სტანდარტული პროცედურა მონიტორინგის დოკუმენტების მოთხოვნაა. ამას ვამბობთ, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა და დახურა ინფორმაცია იმის შესახებ ვის ამოწმებენ და აჯარიმებენ, რაც წლების განმავლობაში საჯარო ინფორმაცია იყო და ხელი მიგვიწვდებოდა“ , - ამბობს ექსპერტი.
2025 წლის დეკლარაციის თანახმად, "ქეშად" 350 000 ლარს ინახავს სპორტის მილიონერი მინისტრი შალვა გოგოლაძე. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებითაც 350 000 ლარი ჰქონდა; 2022 წლის მაისის მონაცემებით - 200 000 ლარი; იგივე თანხა (200 000 ლარი) ჰქონდა ნაღდი ფულის სახით წინა წლებშიც.
68 000 დოლარს ინახავს „ქეშად“ კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე. რეგიონული განვითარების მინისტრი, რეზი სოხაძე კი - 45 000 დოლარს, რისი ეკვივალენტიც 120 600 ლარია. დეკლარაციის თანახმად, ნაღდი ფულის წყაროებია: წილის გასხვისება, ბინის გაყიდვა და დანაზოგი.
მინისტრებიდან მხოლოდ ერთი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი უთითებს: „აღნიშნული თანხა [60 000 დოლარი] მერიცხებოდა ანგარიშზე და ვარჩიე შემენახა ნაღდი ფული“.
კახაბერ გულედანის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაცია
რატომ? - ვკითხეთ სამინისტროს პრესცენტრს. დაპირების მიუხედავად, პასუხი ერთი კვირის თავზეც არ მიგვიღია.
60 000 დოლარის გარდა, კახაბერ გულედანს აქვს დანაზოგი 15 000 ევრო და 65 000 დოლარი, რომელიც, მისივე მითითებით, 2021 წელს წილის გაყიდვით მიღებული შემოსავალია.
ფინანსების ნაღდი ფულით შენახვა კანონს არ არღვევს, მაგრამ კითხვებს აჩენს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საჯარო ძალაუფლებასთან ერთად არსებობს. დეკლარაციებში ჩაწერილი "ქეში" შეიძლება იყოს დანაზოგიც, კომფორტიც ან უბრალოდ ჩვევა, თუმცა ის კვლავ რჩება ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე სივრცედ, თანაც იმ დროს, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები არალეგალური შემოსავლებისთვის სამართლდებიან.
სტატიაზე მუშაობის დროს რადიო თავისუფლებამ ათობით პოლიტიკური თანამდებობის პირთან სცადა დაკავშირება. მათ, ვინც არ გვიპასუხა, შეტყობინებებიც დავუტოვეთ. თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, რადიო თავისუფლება მზად არის, მათი პოზიციები სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ასახოს.