ტელეგრამის შემქმნელი საქართველოში: ვიზიტი, რომელმაც კითხვები გააჩინა

დუროვი საქართველოში - ფოტოილუსტრაცია

ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება. 25 ივნისს მოულოდნელად მისი ფოტოებით ქართული სოციალური ქსელები აივსო - დუროვი შენიშნეს თბილისში და ბათუმში. ის ქალაქებში დაცვის თანხლებით და მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ერთად გადაადგილდებოდა.

ასეთი ფიგურის ვიზიტმა მაშინვე გააჩინა კითხვები: რა მიზანით ჩამოვიდა საქართველოში?

მთაწმინდის პარკი, „სტამბა“, „პარაგრაფის“ რესტორანი თბილისში, ბათუმის სანაპირო – ეს ის ადგილებია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე უჩინარი და საკამათო რუსი მილიარდერი ბიზნესმენი პაველ დუროვი შეამჩნიეს. ყველა ეს კადრი სოციალურ ქსელებში 25 ივნისს გავრცელდა. უმეტესობა დუროვს იცნობს, როგორც სოციალური ქსელის „ვკონტაქტეს“ და ტელეგრამის შემქმნელს, ზოგი კი – როგორც ასზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ მამას.

პოლიტიკურ წრეებში ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ის ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოხვდებოდა. სხვები კი ამბობენ – რაში ჭირდებოდა ვინმეს ნებართვა, თუ საქართველოს კანონები არ დაურღვევია.

“ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი. მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი. ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას", – უთხრა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს.

და მაინც, რატომ გამოიწვია დუროვის საჯარო გამოჩენამ ასეთი ვნებათაღელვა? და რამ მოიყვანა თბილისში ადამიანი, რომელსაც საფრანგეთში ათეულობით წლით პატიმრობა ემუქრება?

დუროვის ვიზიტის დეტალები მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გაამხილა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ ჯერ სოციალურ ქსელებში ტელეგრამის დამფუძნებელთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. შემდეგ კი Business Insider Georgia-ს უთხრა, რომ დუროვს პირადად მასპინძლობს და მას ქართული IT სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს. პოლიტიკაში წასვალმდე, ვაკო თურნავას ტექნო-მეწარმედ იცნობდნენ. სწორედ თურნავამ ერთი წლის წინ დააანონსა IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის მიღების ახალი გამარტივებული სქემა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში ეწერა, რომ ეს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს.

თავად პაველ დუროვს თავის ვიზიტზე არსად არაფერი უთქვამს – არც იმაზე, რამდენ ხანს დარჩება საქართველოში და არც იმაზე რატომ ჩამოვიდა.

ბოლო წლებში პაველ დუროვი სხვადასხვა სამართლებრივი დავების ეპიცენტრში მოექცა. ორი წლის წინ ის პარიზის აეროპორტში დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ მას 12 ბრალდება წაუყენა. აქედან ყველაზე მძიმე მუხლები 10 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ბრალდებებს შორის არის ის, რომ ტელეგრამი კრიმინალის ინსტრუმენტი გახდა – მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის და ნარკოტიკებით ვაჭრობის გავრცელებისთვის. ტელეგრამმა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე, უფრო ზუსტად კი მომხმარებლების მონაცემების გათქმაზე უარი თქვა. დუროვი, ის საფრანგეთის მოქალაქეა, ბრალდებებს იურიდიული აბსურდი უწოდა.

„მაკრონის საფრანგეთში, გამოძიების ქვეშ ყოფნა, საპატიო ლეგიონის (Légion d’honneur) ორდენის ახალი ვერსია გახდა“,დაწერა დუროვმა თავის ტელეგრამ არხში.

დუროვი ხშირად აკრიტიკებს საფრანგეთის ხელისუფლებას. 2026 წლის აპრილში მან საფრანგეთი ბიზნესმენების პერსონალური მონაცემების დამნაშავეებისთვის გადაცემაში დაადანაშაულა. ტელეგრამი ამ ქვეყნის ბაზარს უფრო დატოვებს (Телеграм скорее покинет рынок страны, чем…), ვიდრე ხელისუფლებას მომხმარებლების პირად მიმოწერაზე წვდომას მისცემს, განაცხადა ბიზნესმენმა.

დაკავების შემდეგ დუროვი 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საფრანგეთის დატოვება აუკრძალეს. თუმცა 2025 წელს მას ჯერ დუბაიში, მის მუდმივ საცხოვრებელში გამგზავრების უფლება მისცეს, ხოლო წლის ბოლოს, AFP-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლომ სრულად მოუხსნა გადაადგილების შეზღუდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია იმყოფებოდეს საქართველოში და სხვა ქვეყნებში, მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

დუროვმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ იგი თანამშრომლობდა საფრანგეთის კონტრდაზვერვასთან - "ლიბერასიონი"

მალევე პაველ დუროვმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთშიც აღიძრა „ტერორიზმის ხელშეწყობის“ ბრალდებით. თითქოს ტელეგრამის საშუალებით ქვეყანაში დივერსიები მზადდებოდა. დუროვმა ამაზე დაწერა რომ რუსეთი ის ქვეყანაა, „რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია“. ოფიციალურ წყაროებს დღემდე ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.

ტელეგრამი რუსეთში დღეს შეზღუდულად მუშაობს. ოფიციალური ვერსიით – მესენჯერი რუსულ კანონს არ ითვალისწინებს და ხელისუფლებასთან „მოქნილ თანამშრომლობაზე“ უარს ამბობს.

რუსეთი პაველ დუროვმა ჯერ კიდევ 2014 წელს დატოვა. მისი თქმით, 2011–2012 წლებში „ვკონტაქტეს“ სთხოვდნენ ოპოზიციურ პროტესტებთან დაკავშირებული ჯგუფების დაბლოკვას, თუმცა კომპანიამ უარი თქვა სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით. შემდგომში, დუროვის განცხადებით, მას ასევე მოსთხოვეს „ევრომაიდნის“ მონაწილეთა პერსონალური მონაცემების გადაცემა. უარის შემდეგ, მისი თქმით, ხელისუფლებამ მას ულტიმატუმი დაუყენა: ან ყველა მოთხოვნის შესრულება, ან კომპანიის დატოვება და ქვეყნიდან წასვლა.

ასევე ნახეთ

რუსეთში Telegram-ის დამაარსებლის ძველ მისამართზე მივიდა უწყება, რომელშიც ის ეჭვმიტანილადაა მოხსენიებული

„მე ავირჩიე მეორე. ეს ცოტა მტკივნეული იყო, რადგან ეს იყო ჩემი პირველი კომპანია, სადაც ბევრი შრომა და დრო იყო ჩადებული, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა დუროვმაამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში 2024 წლის აპრილში.

დუროვის რეპუტაცია არაერთგვაროვანია. ჟურნალისტური გამოძიებები, რომლებიც ფეესბეს გაჟონილ ბაზებს ეყრდნობა, ამტკიცებენ, რომ რუსეთიდან წასვლის შემდეგ ის თითქოს 2015–2021 წლებში ფარულად 50-ზე მეტჯერ იყო ჩასული ქვეყანაში. ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ხელისუფლება საჯაროდ ცდილობდა ტელეგრამის დაბლოკვას. ჟურნალისტების აზრით, 2020 წელს შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა კრემლთან არაფორმალური შეთანხმებების შედეგი ყოფილიყო.

2024 წელს ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დუროვი პირადად მხოლოდ ერთხელ, წლების წინ, კრემლში გამართულ ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე ჰყავს ნანახი. სხვათაშორის პუტინმა საფრანგეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და დუროვის წინააღმდეგ წარმოწყებული გამოძიება „შერჩევით მიდგომა“-დ შეაფასა.

„თუ დუროვს ასე ექცევიან, მაშინ სხვებიც უნდა დააკავონ ან დააპატიმრონ… ასეთი რამ ყველა მსგავს პლატფორმას ახასიათებს“, – თქვა პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე (ВЭФ) გამოსვლისას.

ასევე ნახეთ

ბავშვთა პორნოგრაფიის და კრიმინალის ხელშეწყობა - რას ედავება პაველ დუროვს საფრანგეთი

პაველ დუროვი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა იმიჯი, რომ ის ციფრული თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის თანმიმდევრული დამცველიადა სახელმწიფო სტრუქტურებთან არ თანამშრომლობს. თუმცა ზოგი ტელეგრამს დღემდე „რუსეთის მთავრობის ნაწილად“ მიიჩნევს. თავად მას, ეს კონკურებტების ცილისწამებად მიაჩნია.

ამ ყველაფრის ფონზე დუროვის ჩასვლა საქართველოში ბევრისთვის მხოლოდ ჩვეულებრივი ვიზიტი არ არის - ეს მისი საერთაშორისო აქტივობის გაგრძელებად აღიქმება, რომელიც ხშირად პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი ხდება.