24 წლის მარიამი ევა შაშიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ის ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურება. თუ მას გამოწერენ, ერთადერთი მეურვის და მხარდამჭერის - დედის - გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს.
46 წლის ევა შაშიაშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა წინასწარ პატიმრობაშია, თავადაც ონკოპაციენტია და ციხეში საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევას მდგომარეობას ართულებს მძიმე სანიტარული პირობები ახალ საკანში, სადაც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილის მსგავსად, ევას პროკურატურა ედავება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას [სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი] და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას [225-ე მუხლის მეორე ნაწილი].
ეს მუხლები, თუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ევა შაშიაშვილის და მასთან ერთად კიდევ 14 ბრალდებულის მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 დეკემბერს არის დანიშნული.
ასევე ნახეთ რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავიევა შაშიაშვილს ერთი ძმა ჰყავს, მამუკა მარკოზაშვილი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა ბოლო დროს, რადგან ბინის ქირის გადახდას თავად ვეღარ ახერხებდა.
მამუკა გვიყვება, რომ დისშვილისთვის, რომელიც უკვე მეექვსე თვეა სამკურნალო დაწესებულებაშია, მხოლოდ აუცილებელი ნივთების ან დამატებით საკვების მიწოდება შეუძლია, ნახვა - არა.
მარიამმა იცის დედის დაპატიმრების ამბავი. საავადმყოფოში მისი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ ის ან სახლში (ბიძის ბინაში) უნდა გაუშვან, სადაც მას დამხმარე არავინ ეყოლება, ან რომელიმე უფრო დიდ (უცნობია სად) დაწესებულებაში გადაიყვანონ.
“იქნებ სოციალურ სამსახურს დაელაპარაკოთ, რომ კიდევ დატოვონ იქ რაღაც ხნითო, მაგრამ რა ვიცი… სახლში რომ გამოუშვან, არავინ ეყოლება მომვლელი. მე დღეს სახლში ვარ, ხვალ - მივლინებაში. ევას გარდა, მაგას სხვა არავინ ჰყავს”, - ეუბნება მამუკა მარკოზაშვილი რადიო თავისუფლებას.
მამუკა დას ბოლოს ორი დღის წინ ელაპარაკა. ევამ უთხრა, რომ როგორც ონკოპაციენტს, ციხეში ვერ მკურნალობენ, უბრალოდ “რაღაც წამლებს აძლევენ, წნევის დამწევს თუ დამამშვიდებელს".
ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ სასამართლოს ევა შაშიაშვილისთვის, თავად ევასა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 5000- ლარიანი გირაოს შეფარდების თხოვნით ერთხელ უკვე მიმართა, ყველა საჭირო სამედიცინო დოკუმენტიც წარადგინა, თუმცა მოსამართლისგან უარი მიიღო:
“სხვა საქმეებზე ან გირაოზეა ხოლმე სასამართლო თანახმა, ან შინაპატიმრობაზე, ახლა კი აბსოლუტურად შეუვალია! ცხადია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა და პოლიტიკური ნების საკითხია… გირაოდ 5000 ლარიც იმიტომ მოვითხოვეთ, რომ მეტის გადახდას ევა ვერ შეძლებდა, ეგ თანხაც შშმ პირების მშობლებს უნდა აეგროვებინათ, მაგრამ სასამართლო არაფერს ითვალისწინებს”, - ამბობს ხაჭაპურიძე.
სასამართლოს პოზიციაა, რომ ევა შაშიაშვილის მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემით უამრავი ადამიანია პატიმრობაში და გამონაკლისს ვერ დაუშვებს.
4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულების საქმე რამდენიმე ჯგუფად დაიყო - ევა შაშიაშვილის ჯგუფში, 15-დან 10 ბრალდებულს მაინც, როგორც მარიამ ხაჭაპურიძე გვეუბნება, ჯანმრთელობის ძალიან მძიმე პრობლემა აღმოაჩნდა (ევა ამ ჯგუფში ახლა ერთადერთი ქალია. ია დარახველიძე გირაოთი გაათავისუფლეს).
“ამ ფონზეც კი, ყველამ, ბრალდებულმა კაცებმაც და მათმა ადვოკატებმაც, ევას სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს სთხოვეს გირაოთი მისი გათავისუფლება. თუმცა მოსამართლისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი. ისიც კი ვთქვი, რომ სასამართლო იქნებოდა დისკრიმინაციული, თუ ამ საქმეზე დაკავებულ სხვა ადამიანს გაუშვებდა ფორმა 100-ის საფუძველზე, მაგრამ უშედეგოდ”.
ადვოკატის მონათხრობით, ევას, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი აქვს, ყოველ ექვს თვეში სჭირდება სამედიცინო შემოწმება - სკრინინგი. აქვს სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებაც. აწუხებს ღვიძლი, რის გამოც ციხის საკვებს, ფაქტობრივად, ვერ ინელებს. აძლევენ წამლებს, რომელთა ზუსტი სია არც ევასთვის არ არის ცნობილი და არც მისი ადვოკატისთვის:
“გამოვითხოვე და ვნახოთ, თუ მომაწვდიან”.
ერთი კვირის წინ, ევა საპატიმროს სხვა კორპუსში გადაიყვანეს, სადაც, როგორც მარიამ ხაჭაპურიძე ამბობს, ცუდი სანიტარული პირობები დახვდა. რეაგირების თხოვნით, ამის გამო სახალხო დამცველსაც მიმართეს.
ომბუდსმენის აპარატში დაადასტურეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ევა რამდენიმე დღის წინ მოინახულეს ციხეში და საპატიმროში მისი პირობების გაუმჯობესების რეკომენდაციით შესაბამის სამსახურებს მიმართავენ.
ასევე ნახეთ მოსამართლეებმა კალიჩენკომ და მელქიძემ პატიმრობაში დატოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 24 დემონსტრანტირა მოხდება, თუ ევას შვილი ქუჩაში აღმოჩნდება?
ვეკითხებით ადვოკატს, რომელიც თავადაც შშმ ბავშვის დედაა:
“ჩათვალეთ, რომ დაიღუპება, რადგან ის ევას გარეშე ვერც გადაადგილდება და ვერც თავს მოუვლის. ეს ყველაზე კარგად გვესმის შშმ შვილების მშობლებს”.
“ამიტომაც ვიბრძვით”, - მპასუხობს ნელი აკობიაც, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი.
სამკურნალო დაწესებულებაში მარიამ შაშიაშვილის ყოფნის ვადა (მეექვსე თვე) დეკემბერში იწურება. ის მეორე, სამთვიანი ვადით, როგორც ადვოკატიც ვარაუდობს, საავადმყოფოში სწორედ ევას დაპატიმრების გამო დატოვეს, თუმცა მუდმივად იქ ვერ გააჩერებენ - პროცესში, წესით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უნდა ჩაერთოს, რომ 24 წლის ქალისთვის თავშესაფარი მოიძებნოს. თუმცა ამისათვის სააგენტოს სამკურნალო დაწესებულებამ უნდა მიმართოს.
ადვოკატმა ჯერ არ იცის, რა ბედი ელის ევას ქალიშვილს.
“მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან იდარდა დედის ამბავი და კარგად არ უნდა იყოს. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ევა მიდიოდა ხოლმე მასთან კვირაში ერთხელ და აწესრიგებდა. ახლა ასეთი მას აღარავინ ჰყავს”.
შშმ პირთა თემის წევრებმა პროკურატურას ევა შაშიაშვილის მხარდამჭერი წერილით მიმართეს და წინასწარი პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
წერილის ხელმომწერები შიშობენ, რომ დედის არყოფნის შემთხვევაში, მარიამის ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება - პროკურატურას სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებას სთხოვენ.
ნელი აკობიაც გვეუბნება, რომ ევას პატიმრობის გაგრძელების შემთხვევაში, მისი შვილი, შესაძლოა, გადაიყვანონ „რაიმე დიდი ზომის დაწესებულებაში“, ეს კი განსაკუთრებით მტკივნეული თემაა საქართველოს შშმ თემისთვის, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იბრძოდა შშმ პირების ასეთი დაწესებულებიდან გამოყვანისთვის.
ნელი წუხს იმაზეც, რომ დღეს სახელმწიფო ევას გამო, ფაქტობრივად, სჯის მის უდანაშაულო შვილსაც, რომლისთვისაც, როგორც შშმ ადამიანისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დედასთან კავშირს - ემოციური, უსაფრთხოების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. თან იმ ქვეყანაში, სადაც შშმ პირების შემთხვევაში - დედას ვერავინ ცვლის. სახელმწიფოს კი არანაირი მხარდაჭერის სერვისები არ გააჩნია.
„სამწუხაროდ, მარადიულად ამ სირთულის წინაშე ვდგავართ - ასეთი შვილების დედები მათთვის შეუცვლელები ვართ. ევა საერთოდაც მარტოხელა დედაა და მამა ამ სურათში საერთოდ არ ჩანს. არც ოჯახის სხვა ისეთი წევრი არსებობს, ვინც მარიამთან მუდმივად იცხოვრებდა, სანამ ევა ციხეშია... ეს ამბავი შშმ ბავშვების მშობლებისთვის გამანადგურებელია. ყველა რაღაც დოზით საკუთარ თავს ხედავს, რა მოხდება, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ ჩვენი შვილების გვერდით?“ - გვეუბნება ნელი აკობია.
მხოლოდ სამი გამოშვებული გირაოთი - რა ნიშნით?
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რამდენიმე ათეული დემონსტრანტიდან სასამართლომ მხოლოდ სამს შეუფარდა გირაო და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათ შორის არიან:
ია დარახველიძე - 10 000-ლარიანი გირაო. კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაათავისუფლეს.
72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - 20 000-ლარიანი გირაო. ცნობილ ექიმს მხარდაჭერა გამოუცხადეს მედიკოსებმა. პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა, მზად იყო, თავდებში ჩასდგომოდა კოლეგას.
მარიამ მეყანწიშვილი - 10 000-ლარიანი გირაო. აქტივისტი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა.
4 ოქტომბრის აქცია
წინასწარი პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა 2024-2025 წლებში აქციებზე დაკავებული ადამიანების სასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგები (სულ 69 პირის 300-მდე სისხლის სამართლის სასამართლო სხდომა) და დაასკვნა, რომ სასამართლო, თითქმის ყოველთვის, პირველ ეტაპზე იყენებდა და შემდეგაც უცვლელად ტოვებდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას.
მოსამართლე არ ითვალისწინებდა ბრალდებულთა არც ასაკს, არც საქმიანობას, ჯანმრთელობის თუ ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას - ის იზიარებდა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდებაზე.
საიას იურისტების შეფასებით, ამ ადამიანებისთვის შეფარდებული დაუსაბუთებელი, გრძელვადიანი საპატიმრო ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს და მისი ამოცანა, რეალურად, აქციებში მონაწილეთა დასჯა ან/და მათზე ზემოქმედებაა.
სასჯელის ეს ზომა, როგორც წესი, “პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეების უმრავლესობაში გამოიყენება”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას და გულისხმობს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ვადით ბრალდებულის მკაცრ იზოლაციას გარე სამყაროსგან. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ამ საკითხს არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ თუ სხვა პირობებს, თუმცა ეს არ წარმოადგენს პატიმრობის გამოყენების დამაბრკოლებელ გარემოებას.
პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იყოს აცილებული:
- ბრალდებულის მიმალვა და მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლა;
- ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლა;
- ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
თუ პროკურატურის ანგარიშებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოს პროკურატურის მიერ, ბრალდებულ პირთა მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან, პატიმრობა მოითხოვეს ბრალდებულთა მხოლოდ 34,7%-ის, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - 65,3%-ის მიმართ.
საგამოძიებო უწყების მონაცემებით, ბოლო წლებში ასევე გაზრდილია პროკურატურის მიერ განრიდების გამოყენების პრაქტიკა - ნაკლებად მძიმე კატეგორიის და არაძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ და ამ შემთხვევებში, პროკურატურა მათთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა.
2023 წლის მონაცემებთან შედარებით, 2024 წელს მხოლოდ 1%-ით გაიზარდა ოჯახურ დანაშაულებზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი.
რაც შეეხება არაოჯახურ დანაშაულებს, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია 3%-ით.
2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 758 პირი, მათ შორის 10 238 კაცი და 520 ქალი.
4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", სასახლის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.