Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეებმა კალიჩენკომ და მელქიძემ პატიმრობაში დატოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 24 დემონსტრანტი


თბილისი, პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე. 4 ოქტომბერი
თბილისი, პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე. 4 ოქტომბერი

მოსამართლეებმა ლელა კალიჩენკომ და მეია მელქიძემ პატიმრობაში დატოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 24 დემონსტრანტი. თავიანთი კოლეგების მსგავსად, რომლებიც იმავე საქმეს განიხილავენ, მათ სრულად დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობა.

  • ლელა კალიჩენკოს განსახილველად ჰქონდა 12 დემონსტრანტის (აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი, მარიამ მეყანწიშვილი, თემურ ქურციკიძე) საქმე. მათგან მარიამ მეყანწიშვილს გირაო აქვს შეფარდებული, დანარჩენი 11 კი პატიმრობაშია;
  • მეია მელქიძემ 15 დემონსტრანტის (დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია) საქმე განიხილა. მათგან გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს გირაო აქვთ შეფარდებული.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", სასახლის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

გამოძიება დაიწყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG