ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია სამ დოკუმენტზე:
- განახლებული სანქციები ირანის წინააღმდეგ: ევროკავშირმა სიიდან ამოიღო 3 ფიზიკური პირი და განაახლა მონაცემები ერთ ორგანიზაციაზე. მანამდე დაწესებული სხვა შეზღუდვები ძალაში დარჩა.
- ირანის მიერ რუსეთისა და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა: ევროკავშირმა მოქმედი სანქციები გაახანგრძლივა, ამასთან, სიიდან 4 ფიზიკური პირი ამოიღო. საუბარია „ირანის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფებისა და სუბიექტების სამხედრო მხარდაჭერაზე“.
- ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ირანში: ევროკავშირმა სანქცირებულთა სიას 6 ფიზიკური პირი დაამატა.
სამივე გადაწყვეტილებას შეუერთდნენ:
- ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია;
- ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა.
სიაში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების - საქართველოსა, თურქეთისა და სერბეთის გარდა - არ არიან ირანის მეზობელი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც - სომხეთი და აზერბაიჯანი.
ასევე ნახეთ
ირანიდან დუბაიმდე და საქართველომდე - ვინ არის აშშ-ის სანქცირებული „შელბითის“ მფლობელი„ქართული ოცნების“ პოზიცია
„საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება თუ არა, ან საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება - ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში, თუ არა“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სანქციებს არ შეუერთდა ევროკავშირის კანდიდატი კიდევ ორი ქვეყანა - თურქეთი და სერბეთი.
„თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს, ვის ინტერესებშია მერე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ უსამშობლოებს შორის, რომლებიც, პირველ რიგში, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ და მერე - საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ასევე ნახეთ
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშშიდაბალი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან
იმის შესახებ, რომ საქართველო არ უერთდება „რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის შეზღუდვითი ზომების (სანქციების) აბსოლუტურ უმრავლესობას“, საუბარი იყო გაფართოების შესახებ 2025 წლის 4 ნოემბრის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) 40%-მდე შემცირდა (2024 წლის 53%-თან შედარებით).