ეკლესია ამოსარჩევად. როგორ იმუშავებს უკრაინის კანონი რელიგიური გაერთიანებების შესახებ

​უკრაინის უმაღლესმა რადამ 17 იანვარს მიიღო ცვლილებები კანონში, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლის საშუალებას აძლევს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო, უკრაინის მართლმადიდებელმა გაერთიანებებმა უნდა აირჩიონ, რომელ ეკლესიას მიუერთდნენ.

კანონში აღწერილია, როგორ უნდა მოხდეს ეს.

„კარენტ ტაიმმა“ ახსნა, როგორ იცვლება კანონი, რა მოუვა საეკლესიო ქონებას და რა რეაქცია აქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

რა წერია კანონის ცვლილებებში?

მოქმედი კანონის მიხედვით უკრაინელებს შეუძლიათ ნებისმიერი რელიგიის აღმსარებლობა და სურვილისამებრ ეკლესიების შეცვლა - გადასვლა ერთი ეკლესიიდან მეორეში.

დღეს ყველა ეკლესია უკრაინაში, იქნება ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია, კათოლიკური ეკლესია თუ სხვა, შედგება ათასობით გაერთიანებისგან, თემისგან, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს.

ცალკეული მორწმუნისთვის წესები, როგორ გადავიდეს ერთი თემიდან მეორეში, არ არსებობს. მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს რელიგიურმა გაერთიანებამ, მისმა თანამშრომლებმა და მრევლმა, კანონში არ იყო გაწერილი.

მიღებულ ცვლილებებში უკრაინის პარლამენტმა დაადგინა, რომ გაერთიანებებს ახლა ეკლესიის გამოცვლა კოლექტიურად შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა მოიწვიონ კრება და კენჭი უყარონ სხვა ეკლესიაში გადასვლას. გადაწყვეტილების მისაღებად კრებაზე დამსწრეთა ორი მესამედის დადებითი ხმაა საჭირო.

თუ მორწმუნეთა ნაწილი უარს იტყვის სხვა ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ გადასვლაზე, მათ უფლება რჩებათ, ახალი გაერთიანება ჩამოაყალიბონ და ეკლესიის შენობის მორიგეობით გამოყენებაზე შეთანხმდენ.

რა მოუვა უძრავ ქონებას?

იურიდიული პირის სტატუსი საშუალებას აძლევს ყოველ ეკლესიას და ტაძარს საკუთარი შინაგანაწესი ჰქონდეს და ან ფლობდეს უძრავ ქონებას, ან ქირაობდეს სახელმწიფოსგან, მაგალითად, თუ ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი კანონის მიხედვით, ეკლესიის და სხვა შენობა-ნაგებობები რელიგიური გაერთიანების, თემის კუთვნილებად დარჩება.

მოსალოდნელია თუ არა ტაძრების ძალით დაკავება, დაპყრობა?

არა. ახალი კანონის მიხედვით, ეკლესიის შეცვლის თაობაზე კენჭისყრაში მხოლოდ რელიგიური გაერთიანების წევრები მონაწილეობენ. ამ ხალხის განწყობაზე იქნება დამოკიდებული ტაძრების ბედი. ამავე დროს კანონი არ განსაზღვრავს რელიგიურ გაერთიანებაში გაწევრიანების წესებს, ეს თავად თემის გადასაწყვეტია.

რა ბედი ელის ტაძრების და ეკლესიების ქონებას?

რელიგიური გაერთიანება თავად იცავს საკუთარ ხატებს, წმინდა ნაწილებს და სხვა რელიგიურ რელიკვიებს. თუ ერთი გაერთიანება გადადის სხვა ეკლესიაში, თან მიჰყვება ქონება.

რას ამბობენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში?

მოსკოვის ეკლესიაში არაერთხელ გააკრიტიკეს კანონპროექტის ადრინდელი ვერსიები. თავად პატრიარქი კირილე „ნორმანდიული ოთხეულის“ მისამართით გაგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ ამ კანონის გამო ეკლესიების ძალით დაკავება მოხდებოდა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც შეიტანა დამატებითი პუნქტები დებულებებში, რომელშიც აღნიშნა, რომ სხვა ეკლესიაში რელიგიური გაერთიანებების გადასვლა საეკლესიო მეთაურებთან უნდა იყოს შეთანხმებული. შეცვლილი დებულებების რეგისტრაციაზე კულტურის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უარი უთხრა და ამის შემდეგ საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყო.

საერთაშორისო გამოცდილება

რელიგიური გაერთიანების და მთლიანად ეკლესიის სხვა იურისდიქციაში გადასვლის საკითხები არაერთხელ გამხდარა ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს განხილვის საგანი. მაგალითად, 2003 წელს საქმეში : „ბესარაბიის მიტროპოლია მოლდავეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ აღიარა მოლდავეთის ეკლესიის უფლება, გადასულიყო რუსეთის საპატრიარქოდან რუმინეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

2007 წელს ევროპის სასამართლომ ასევე კანონიერად გამოაცხადა რელიგიური გაერთიანების გადასვლა მოსკოვის საპატრიარქოდან კიევის საპატრიარქოში. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა როგორც რუსული ეკლესია, ისე უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი ვეღარ შეუშალეს.

მომზადებულია „კარენტ ტაიმის“ მიხედვით.