1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა - მას ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას: პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ახლა კი დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.
ელიზბარაშვილს პატიმრობა ემუქრება რესტორან „სხვაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელშიც, ელიზბარაშვილის განცხადებით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ
ადვოკატი: თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყორას ამბობს გამოძიება?
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა:
- „მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით“.
- „მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია“.
- „ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს“.
- „დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“.
- „დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“.
პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი „განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა“.
„აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს
თამაზ ელიზბარაშვილი „არ ეთანხმება ბრალში მითითებულ გარემოებებს“, - უთხრა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა.
„მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია... თავს უდანაშაულოდ ცნობს“, - თქვა ადვოკატმა.
სვიმონიშვილის თქმით, ელიზბარაშვილს „ბევრჯერ აქვს უკვე მოყოლილი, რომ მოხდა კონფლიქტი, იყო პროვოკაცია. ჩავიდა ურთიერთობის გასარკვევად, თუმცა იქ აღარავინ დახვდა“.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში შვიდი დაზარალებულია, თუმცა მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ისინი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები.
სვიმონიშვილის თქმითვე, „იარაღთან დაკავშირებით“ ელიზბარაშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს. მისი სახლიდან ამოღებული იარაღი, ადვოკატის განმარტებით, ელიზბარაშვილის სახელზე კანონიერად არის რეგისტრირებული და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ასევე ნახეთ
„ერთ ადვოკატზე თავდასხმა ყველა ადვოკატზე თავდასხმაა“ - ელიზბარაშვილის ადვოკატზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო- თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს დააკავეს;
- მისი ადვოკატი ია სირანაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციამ მასზე იძალადა: საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აღიძრა;
- ბინაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ცხოველთა უფლებადამცველი და მისი ავტომობილი პოლიციამ გაჩხრიკა. მისი ავტომობილი ლისის ტბის მიმდებარედ მაშინ შეაჩერეს, როცა ცოლთან და რამდენიმე თვის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა;
- 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“;
- მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი პოლიციამ შეაჩერა, მისი ცოლი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოყვა, რა უძღოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას;
- მისი სიტყვებით, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ;
- ელიზბარაშვილის სიტყვებით, „იმედის“ და იმ მოძალადეების დაკვეთით პოლიცია ჩემს ოჯახზე ახორციელებს ტერორს... პოსტი რომ დავწერე, პოლიციამ ხომ წაიკითხა?! - რეაგირება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ამ მოძალადეებიდან რვავე მივიდა პოლიციაში, დაწერა განცხადება და ეგრევე გამოვარდა პოლიცია“.