დღეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია კვლავ უკაცრიელია. ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ მიზანი თავიდანვე მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის მშენებლობა იყო, მაგრამ პროექტი გაიყინა საქართველოში გამართული მასობრივი პროტესტების გამო.
ვეცდებით გავარკვიოთ, რეალურად რა იგეგმებოდა ერგნეთში?
პროექტი ქაღალდზე
ერგნეთის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე სიჩუმე სუფევს. ცხინვალის რეგიონში - გამყოფ ხაზთან მდებარე ეს ადგილი, სადაც 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ერთმანეთს კვეთდნენ სავაჭრო ნაკადები, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, კონტრაბანდა და ქართველებისა და ოსების ყოველდღიური ურთიერთობა, ახლა კერძო კომპანიას ეკუთვნის. წესით აქ ახალი კომერციული ობიექტი უნდა აშენდეს, თუმცა პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა. მშენებლობის კვალი არ ჩანს - არც ღობე და არც იმის ნიშნები, რომ სამუშაო შეიძლება დაიწყოს. ამის შესახებ საუბარია გამოცემა iFact-ის ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის სათაურია „ბაზარი ერგნეთში, ტერმინალი გალში - მტრის კოორდინირებული გეგმა?“.
2023 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე 17 ჰექტარი მიწა გადაეცა კომპანია Kazbegi Hills LLC-ს, რომლის მფლობელია პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი (გივი) ჯალაბაძე. iFact-ის ჟურნალისტების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, გარიგება გაფორმდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ორი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 168 736 კვადრატული მეტრი, კომპანიამ სახელმწიფოსგან შეიძინა 1 კვ.მ. - 1 ლარად. კიდევ ერთი ნაკვეთი — 2 670 კვადრატული მეტრი — კერძო პირისგან იქნა ნაყიდი 5 200 ლარად.
სანაცვლოდ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ სამი წლის განმავლობაში აითვისებდა ტერიტორიას: ააშენებს კომერციულ ობიექტებს, მათ შორის სასაწყობე და სავაჭრო შენობებს, ასევე მოაწყობს მინიმუმ 200 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტიციების საერთო მოცულობა 6 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. როგორც iFact-ი აღნიშნავს, მთავრობის განკარგულება, რომელიც ამ გარიგების საფუძველი გახდა, დღემდე არ გამოქვეყნებულა.
ვალდებულებების შესრულების ვადა 2026 წლის ივლისში იწურება, მაგრამ „ადგილზე არაფერი ხდება: ტერიტორია მცენარეულობითაა დაფარული და ღობეც კი არ არის შემოვლებული. სულ მცირე, ასე ჩანს სატელიტურ რუკაზე. ადგილზე მისვლა და ტერიტორიის დათვალიერება ვერ შევძელით, რადგან ის ქართული მხარის ბლოკპოსტის მიღმა მდებარეობს“, - წერენ iFact-ის გამოძიების ავტორები.
სოფელ ერგნეთის მცხოვრები, აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე კი "ეხო კავკაზას“ უდასტურებს იმას, რაც ჟურნალისტებმა სატელიტის მეშვეობით დაინახეს - ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე მშენებლობის რაიმე ნიშანწყალი არ ჩანს.
„შავი ხვრელიდან“ „ნდობის ხიდამდე“
2004 წელს ანუ დახურვამდე, ერგნეთის ბაზარი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ადგილად ითვლებოდა. ბაზარი სპონტანურად გაჩნდა და დროთა განმავლობაში იქცა გაცხოველებული ვაჭრობის ცენტრად, სადაც კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ყიდდნენ და ყიდულობდნენ ყველაფერს.
ერგნეთის გავლით მოძრაობდა სიგარეტი, საწვავი, ფქვილი, შაქარი და სხვა საქონელი საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე. ზოგი ექსპერტი ბაზარს ეკონომიკის „შავ ხვრელს“ უწოდებდა, რადგან საქონლის დიდი ნაწილი კონტრაბანდით ხვდებოდა იქ. მაგრამ თან ეს იყო ადგილი, სადაც, მიუხედავად პოლიტიკური კონფლიქტისა, ქართველები და ოსები ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ.
ერგნეთის ყოფილი ბაზარი
2004 წელს, საქართველოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაზარი დახურეს. ხელისუფლება ამას ხსნიდა კონტრაბანდასთან და დიდ საბიუჯეტო დანაკარგებთან ბრძოლით. თუმცა ექსპერტთა ნაწილი სხვა დანაკარგზე მიუთითებდა - დახურვას შეცდომად მიიჩნევდა. მათი აზრით, საქართველომ დაკარგა ოსურ მოსახლეობასთან შერიგების ერთ-ერთი იშვიათი მექანიზმი.
ერგნეთზე ილაპარაკა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ივანიშვილი აცხადებდა, რომ ერგნეთის ბაზარი იყო „მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად“, მისი დახურვა კი - “წინა ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის შედეგი." მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდა:
„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზარს. ყველაფერს დეტალურად გავთვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ.“
მოგვიანებით, 2018 წელს, ეს იდეა ნაწილობრივ აისახა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. ინიციატივის ეკონომიკური ნაწილი ითვალისწინებდა გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობის გამარტივებას და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.
„შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სპეციალური ეკონომიკური სივრცის მოწყობა შესაძლებელია გამყოფი ხაზის გასწვრივ სხვა მონაკვეთებზეც (მაგალითად, სოფელი ხურჩა), ასევე ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების უზრუნველყოფის შემთხვევაში, სოფელ ერგნეთთან“, - ნათქვამი იყო დოკუმენტში.
ბაზარი, ტერმინალი თუ გზა
კომპანია Kazbegi Hills LLC-ს ძირითადი საქმიანობის სფეროები, წესდების მიხედვით, არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვები, ასევე ხე-ტყით, ლითონებით, ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ოპერაციები. გამოცემა iFact-ი წერს, რომ კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია საკონტაქტო ელფოსტა: terminalikazbegi@gmail.com. თავისთავად ელ. ფოსტის ეს მისამართი ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, რომ ერგნეთის ყოფილი ბაზრის ადგილზე სატრანსპორტო ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა გარკვეულ ვარაუდებს ბადებს.
„ეხო კავკაზამ “ კომპანიას გაუგზავნა კითხვები განმარტებისთვის, კონკრეტულად რა პროექტებს გეგმავს ამ ტერიტორიაზე და რა ეტაპზეა ისინი ახლა. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მას და ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს სმენოდათ ამ ტერიტორიის გაყიდვის შესახებ. მისი თქმით, ცნობილი იყო ისიც, რომელ კომპანიას გადაეცა მიწა და ვინ გახდა მისი მფლობელი.
ლია ჩლაჩიძე
„ჭორის დონეზე ვიცოდით, რომ ერგნეთის ბაზრის აღდგენა იგეგმებოდა. რამდენადაც ვიცი, ცხინვალის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობდა“, - ამბობს ის.
ორგანიზაციის, „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ განხილული გეგმები არც ძველი ბაზრის აღდგენას არ ჰგავს და არც კლასიკური თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას. მისი თქმით, ასეთი ზონები სრულიად სხვა პრინციპებით მუშაობს და განსხვავებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფუძველს მოითხოვს.
ბენდიანიშვილის თქმით, თუ ადრე ბაზრის გავლით გადიოდა უზარმაზარი რაოდენობის კონტრაბანდული საქონელი, რომელიც შემდეგ მთელ საქართველოში ვრცელდებოდა, ხოლო ვაჭრობაში ასიათასობით ადამიანი იყო ჩართული, ახლა ვითარება შეცვლილია: ვაჭრობა ლეგალური გახდა და საქონელი რუსეთიდან ქვეყანაში ოფიციალური არხებით შემოდის, მაგალითად, ზემო ლარსის გამშვები პუნქტით.
ზურაბ ბენდიანიშვილი
„თუ ერგნეთის ბაზარი კვლავ გაიხსნება, როგორც კონტრაბანდის არხი, ეს ფაქტობრივად მთლიანად თავდაყირა დააყენებს საქართველოს ეკონომიკას და ლეგალურ ბიზნესსაც დააზარალებს. მეორეს მხრივ, თუ იქ საბაჟო პროცედურები დაწესდება, ეს უბრალოდ ლოგისტიკის ზედმეტი რგოლი იქნება, რის გამოც საქონელი მხოლოდ გაძვირდება“, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.
ბენდიანიშვილი ამბობს, რომ მიწის მფლობელის გარემოცვასთან დაკავშირებული ადამიანებისგან სმენია სხვა პროექტის შესახებაც. საუბარი იყო ავტომაგისტრალის მშენებლობასა და სატვირთო ტრანსპორტის ტერმინალის შექმნაზე.
„მსგავსი სატვირთო ტერმინალები უკვე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე. იქ შედიან სატვირთო მანქანები, რეგისტრაციას გადიან, იხდიან გადასახადებს, გადიან კონტროლს და შემდეგ გზას აგრძელებენ. ასეთი ტერმინალები არსებობს, მაგალითად, ყაზბეგისა და სადახლოს მიმართულებებზე. ჩემი ინფორმაციით, აქაც სატრანსპორტო ტერმინალი იგეგმებოდა. ვარაუდობდნენ, რომ გზას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახსნიდნენ, რადგან რუსეთისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
„სულ სხვა საქმეა აფხაზეთი“
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. ასეთ პირობებში მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ახალი ლოგისტიკური მარშრუტების მოძიება, მათ შორის, როგორც ექსპერტი ამბობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური სახმელეთო კავშირი მხოლოდ ზემო ლარსის გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი, რომელიც პერიოდულად გადატვირთვით მუშაობს, ამიტომ, ბენდიანიშვილის თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქონლის სტაბილური ტრანზიტის, მათ შორის თურქეთიდანაც, უზრუნველყოფა.
კონფლიქტოლოგის თქმით, ცხინვალში უკვე ემზადებოდნენ გზის გახსნისთვის. ამის შესახებ მას უყვებოდნენ ცხინვალელი ნაცნობები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც იქ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ. თუმცა, მისი აზრით, ერგნეთთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებას, სულ მცირე, ორი სერიოზული დაბრკოლება შეხვდა.
- პირველი - საპროტესტო გამოსვლები საქართველოში. მასობრივი აქციები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა, ვიდრე ხელისუფლება ელოდა.
- მეორე - სამართლებრივი პრობლემა. რუსეთი არ ცვლის თავის პოზიციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
ცხინვალზე გამავალი გზის ამოქმედება კი რთულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ფაქტობრივად, ეს შეიძლება ნიშნავდეს ამ რეგიონების ცალკე სუბიექტებად აღიარებას, რაც საქართველოსთვის პირდაპირ დაკავშირებულია სუვერენიტეტის საკითხთან.
„საქართველოს ხელისუფლება, თავისი არაანტირუსული პოლიტიკიდან გამომდინარე, ელოდა რუსეთისგან უფრო დიდ ლოიალობას ტერიტორიული კონფლიქტებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხებში, მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთს არ შეუცვლია პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და კვლავაც აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ასეთ ვითარებაში უკიდურესად რთულია სამართლებრივი ფორმულის პოვნა, მაგალითად, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზისთვის ან ცხინვალზე გამავალი ტრანსკავკასიური მაგისტრალისათვის. რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკუთარი სუვერენიტეტის სერიოზულად შეზღუდვა მოუწევდა“, - მიიჩნევს ბენდიანიშვილი.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სკეპტიკურად აფასებს სამხრეთ ოსეთის მარშრუტის პერსპექტივას რუსეთის ლოგისტიკისთვის:
პაატა ზაქარეიშვილი
„იქ სუსტი გზაა - ორი ტრაილერი ერთმანეთის გვერდს ვერ აუვლის, არც პორტებია და არც აეროპორტები. ფაქტობრივად არაფერი არ არის, და შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთები შეიძლება ჰაერში „დაკიდებული“ დარჩეს. სულ სხვა საქმეა აფხაზეთი.“
ზაქარეიშვილის აზრით, ამჟამად მოსკოვი სწორედ აფხაზეთის მიმართულებაზე აკეთებს მთავარ გათვლას. იქ უკვე გახსნილია სოხუმის აეროპორტი, მოდერნიზებულია ოჩამჩირის პორტი (რომელიც, ექსპერტის თქმით, უფრო სავაჭროა, ვიდრე სამხედრო), ასევე შენდება სატვირთო ტერმინალი გალში, საკონტროლო პუნქტ „ენგურის“ მახლობლად.
„ჩანს, რომ იქ გარკვეული მოძრაობაა. აფხაზეთის გავლით შესაძლებელია ტვირთების მიწოდება ზღვით, ჰაერით, შემდეგ კი მათი შემდგომი გადანაწილება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ძირითადი დატვირთვა სწორედ ამ მიმართულებაზე გადავა“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.
ასევე ნახეთ ენგურის ტერმინალი და იგორ გიორგაძეკონფლიქტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, დაელოდება ქვეში-კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულებას. თუ ეს მარშრუტი სერიოზული პრობლემების გარეშე იმუშავებს, ალტერნატიული გზების საჭიროება შეიძლება საერთოდაც გაქრეს. თუმცა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გეგმები მაინც განიხილებოდეს.
ახალი საავტომობილო გზის, ქვეშეთი-კობის მშენებლობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოში. დაახლოებით 23-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი შენდება საქართველოს სამხედრო გზის მიმართულებით და მან უნდა შემოუაროს ჯვრის უღელტეხილის სახიფათო მონაკვეთს, რომელიც ზამთარში ხშირად იკეტება ზვავებისა და ძლიერი თოვის გამო. პროექტის ცენტრალური ელემენტი იქნება დაახლოებით 9-კილომეტრიანი გვირაბი. ახალი გზა უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში მოძრაობას თბილისსა და ყაზბეგს შორის და მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობას საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით.
ზეწოლის სტრატეგია
iFact-ის ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ ორი მოვლენის დროში დამთხვევაზე: 2023 წელს დაწყებულ სატვირთო ტერმინალის მშენებლობაზე გალის რაიონში და მიწის პრივატიზაციაზე ერგნეთში.
2025 წლის დეკემბერში აფხაზურმა მხარემ პირველად ისაუბრა ღიად ენგურის გამშვებ პუნქტთან მშენებარე სატვირთო ტერმინალის დანიშნულებაზე. სატრანზიტო-ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელმა ასტამურ ახსალბამ თქვა, რომ ობიექტი მესამე ქვეყნებიდან რუსეთში მიმავალი ტვირთების სატრანზიტო რგოლად იმუშავებს. ახალი ობიექტი წარმოადგენს აფხაზი და რუსი მეწარმეების კერძო ინვესტიციას. სოხუმში განაცხადეს, რომ მშენებლობა თითქმის დასრულებულია, თუმცა იურიდიული გაფორმების საკითხები ჯერ კიდევ განიხილება. ოფიციალურ კომენტარებში საქართველოს ხელისუფლებამ პროექტისგან დისტანცირება მოახდინა და აღნიშნა, რომ საქართველო მის განხორციელებაში არ მონაწილეობს, არ აღიარებს ამ ტერიტორიაზე რაიმე „სახელმწიფო საზღვარს“ და არ დაუშვებს ტვირთების გატარებას ამ მარშრუტით.
ასევე ნახეთ ენგურის ტერმინალი და იგორ გიორგაძეზურაბ ბენდიანიშვილის ინფორმაციით, ცხინვალში განხილული პროექტისგან განსხვავებით, ენგურის ტერმინალი ცალმხრივი ინიციატივაა. თუმცა, მისი აზრით, მსგავსი პროექტები მთლიანობაში ჯდება რუსეთის უფრო ფართო სატრანზიტო სტრატეგიაში. ისინი ასევე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია, რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება შესთავაზოს რუსეთმა, რათა ამ გზებმა იმუშაოს. ამ საკითხებზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. თუმცა ჩვენ ვხედავთ ცალმხრივ ნაბიჯებს: აფხაზეთში უკვე დაიწყეს რკინიგზის რეაბილიტაცია და ააშენეს სატრანსპორტო ტერმინალი“, - ამბობს ბენდიანიშვილი და ამატებს, რომ ამ გზით ისინი ფაქტობრივად ამოწმებენ, „რამდენად მზად არის საქართველო გაუძლოს და წინ აღუდგეს თავისი სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობებს“.
ასევე ნახეთ ერგნეთის ერთდღიანი ბაზრობა და ეთერი ბებოს დანაბარები პარლამენტარებს