Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის ერთდღიანი ბაზრობა და ეთერი ბებოს დანაბარები პარლამენტარებს


ერგნეთის ბაზრობა
ერგნეთის ბაზრობა

დიდი ხანია ერგნეთში ასეთი ხმაური და ჟივილ-ხივილი აღარ ყოფილა. ომის შემდეგ სოფლის მცხოვრებლები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე, მოსავლის მოყვანასა და პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. დღედაღამ შრომაში მყოფებს აღარც თეატრი ახსენდებოდათ და აღარც კონცერტი. 2004 წლამდე სოფელი ძლიერი იყო. ერგნეთში მოწყობილ ბაზრობაზე მყიდველები და გამყიდველები მთელი კავკასიიდან ჩადიოდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ კი სახლების 80 პროცენტი იქ შესულმა მაროდიორებმა გადაწვეს. ომიდან 6 წლის შემდეგ სოფელი ახალ ცხოვრებას იწყებს. კვირას, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა მოეწყო. ადგილობრივმა გლეხებმა სოფლის მეურნეობის და რძის პროდუქტები გამოიტანეს გასაყიდად.

მყიდველები კი თბილისელი და გორელი სტუმრები იყვნენ. სოფლის ცენტრში, რიტუალების სახლთან, სცენა მოაწყვეს. ერგნეთელები და მეზობელი სოფლების მცხოვრებლები დიდიან-პატარიანად სცენასთან შეიკრიბნენ. ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრმა პატარებს „ბურატინოს თავგადასავალი“ უჩვენა. ზღაპრის გმირებს ერგნეთელი პატარები თვალებგაფართოებულები უყურებდნენ. ახალგაზრდების ცეკვა-თამაშს 80 წლის ეთერ კასრაძე ყურადღებით აკვირდებოდა. ინტერვიუზე მისულს გამიღიმა, მაგრად ვდგავართო, მითხრა. მთავარია მშვიდობა იყოს და სოფელი ისევ აშენდებაო. ეთერი ბებიამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსაც შეუთვალა, რომ ჩხუბს თავი დაანებონ და მტერს ნუ ასეირებენ.

2014 წელს ერგნეთში დაზიანებული სახლების დიდი ნაწილი დანიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით აღადგინეს. ნაწილობრივ სარწყავი წყლის პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ სოფელს კიდევ მრავალი გადაუჭრელი საკითხი აწუხებს. ერგნეთის მცხოვრები მერი კასრაძე ამბობს, რომ ცხინვალიდან სროლის ხმა იშვიათად ისმის და ადგილობრივმა მოსახლეობამ დაისვენა. მისი აზრით, მთავარი მშვიდობაა და მერე სოფელიც აშენდება.

ნიქოზის მცხოვრები, გორის საკრებულოს წევრი გელა კაპანაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების მიმართ ყურადღება უნდა გაიზარდოს, რათა აქ მცხოვრებმა ადამიანებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ.

ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობის მოწყობას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს აქცია პროვოკაციის მცდელობად შეაფასეს. ერგნეთში მოწყობილ ღონისძიებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაემიჯნენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს გული დასწყდათ, რომ ამ ღონისძიებით მთავრობა არ დაინტერესდა. აქციის ორგანიზატორმა, კავშირ „მომავლის ცხინვალის“ ხელმძღვანელმა მარინე მეშვილდიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საოკუპაციო ხაზთან პატარა ბაზრობის მოწყობას და საახალწლო კონცერტს პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს და ის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად იმართება.

სპექტაკლის შემდეგ კონცერტი და ლატარია გაიმართა. სცენაზე თოვლის პაპაც გამოჩნდა, რომელმაც საახალწლო საჩუქარი ყველა პატარას გადასცა. ერგნეთელები სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ სოფელში ხშირად ჩავიდნენ და პრობლემებს თუ ვერ მოაგვარებენ, ხალხი მაინც მოიკითხონ.

XS
SM
MD
LG