ანგარიშის გაუქმება დროში ემთხვევა თამუნა მონაწილეობას დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების სოლიდარობის აქციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს და ანგარიშის გაუქმების სავარაუდო საფუძველსაც ამაში ხედავს.
„ზოგადად ვერ მიტანენ [მთავრობა], რადგან შშმ პირების ყველა აქციაზე დავდივარ... მეც შეიძლება დამჭირდეს სოლიდარობა, სულ ვამბობ - ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს და ერთად უნდა ვიდგეთ... დამინახეს ახლა აქციაზე და... სხვა რა უნდა ვიფიქრო, რა უნდა ვთქვა?!“, - ეუბნება თამუნა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ
თამუნა იარაჯული ამბობს, რომ ის საბანკო ანგარიში „გაუუქმეს“, რომელზეც შვილებისთვის დახმარებას აგროვებდასაბანკო ანგარიშის აღდგენის შემდეგ, მან შიმშილობით გამოცხადებული პროტესტი დროებით შეაჩერა და, როგორც გვეუბნება, ბანკს შშმ შვილების სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზები, საზღვარგარეთ სამგზავრო ბილეთების ყიდვისა თუ სასტუმროს ნომრების დაქირავების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა; თუმცა შესაძლოა ეს ბანკისთვის არ იყოს საკმარისი - „აუცილებელია ქვითრების წარდგენა“.
„მედიკამენტებს რასაც ვყიდულობ, ჩეკები არ მაქვს - ხშირად არც გაძლევენ და არც არასოდეს მქონია ფიქრად, თორემ მოვითხოვდი. მაგრამ მაქვს ბევრი მედიკამენტი სახლში, მაცივარში. ჩეკზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის?! რასაც ვყიდულობ, სახლში მაქვს. ეს ძვირადღირებული მედიკამენტებია, საქართველოში არ იყიდება. საზღვარგარეთ ვყიდულობ და ჩამომაქვს. 3 წელია, გაბრიელის [უმცროსი ვაჟი] ოპერაციის შემდეგ, თითქმის ყოველ 3-6 თვეში ერთხელ გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა, რადგან აქვს ძალიან ბევრი ცუდი დაავადება. არასოდეს ვინახავდი ჩეკებს, რაღაცეებს აქაც ხომ ვყიდულობ, რაც იშოვება - მაგრამ არ ვინახავდი“ - თამუნა იარაჯული რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბანკს ის არასოდეს გაუფრთხილებია - ქვითრების წარდგენის ვალდებულების შესახებ, თორემ თადარიგს აუცილებლად დაიჭერდა.
თამუნა იარაჯული გვეუბნება, რომ ოჯახში ორი მაცივარი შვილების წამლებით აქვთ სავსე
თამუნას ორივე შვილი რთულ დაავადებებს ებრძვის. უფროს ვაჟს - 29 წლის გიორგის - ექინოკოკი ხერხემალზე დაუდგინეს, რაც განსაკუთრებით რთული ფორმაა, ოპერაციაც დასჭირდა და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს; ხოლო 15 წლის გაბრიელს, აუტიზმის გარდა, 2023 წელს, მძიმე დაავადება - ხოლედოხის კისტა აღმოუჩინეს - რაც სასწრაფო ოპერაცია და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ამასობაში, თამუნას თქმით, ოჯახმა გაყიდა სამი ბინა და სხვა ქონება.
სოციალურ ქსელებში დედა ხშირად დებს პოსტებს გაბრიელის შესახებ - მასთან ერთად ბევრი განიცდის, როდესაც მოზარდის მდგომარეობა პერიოდულად მძიმდება.
დედა გვეუბნება, რომ შვილების „კვლევების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს“, მაგრამ მედიკამენტები სრულად ოჯახის საყიდელია, რადგან - იმ ქვეყნის წარმოების პრეპარატი, რაც სახელმწიფოს შემოაქვს [HUMIRA] გაბრიელს ალერგიულ რეაქციებს უვითარებს.
„უფროსი შვილის მედიკამენტზე კი სახელმწიფომ მკითხრა - იმდენად ძვირია, ამას სახელმწიფო ვერაფრით ვერ შემოგიტანსო. ასე რომ ყველაფრის ყიდვა გვიწევს“.
გაბრიელი დედასთან ერთად
ცალკე საზრუნავია ხარჯები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ აუცილებლად უნდა წაიყვანოს.
„როდესაც მიმყავს საზღვარგარეთ გიორგი, მივდივართ სამნი, რადგან დამხმარე მჭირდება - მისი მდგომარეობაც მძიმეა, ყველაფერს საჯაროდ ვერ ვიტყვით; მაგრამ გაბრიელი როცა მიგვყავს - 9 ადამიანი მივყვებით, იმიტომ, რომ, აუტისტური სპექტრის გამო, მასთან ერთად მარტო მგზავრობა, შეუძლებელია. მაქვს თვითმფრინავში გადაღებული ვიდეოები, როცა მას უბრალოდ ვერ ვაკავებთ. 9 ადამიანი რომ მიგყავს, შესაბამისად - 9 ადამიანი უნდა დააძინო, იზრუნო მათ კვებაზე და თანხაც უნდა მისცე... გაბრიელს ჰყავს 4 ასისტენტი, რომლებსაც სახელმწიფო უხდის ხელფასს... ვერცკი წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთს გავდივართ ყოველ ჯერზე, როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ და ახლა ამ ყველაფერს თითქოს თავიდან გავდივარ, ამ ქვითრებზე ფიქრში“, - დედა გვეუბნება, რომ შვილები საზღვარგარეთ ოჯახს არცერთხელ არ წაუყვანია საკუთარი ინიციატივით და ყოველ ჯერზე ამას მხოლოდ ექიმებისა და კონსილიუმის რჩევით აკეთებენ - რადგან საქართველოს სახელმწიფო მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.
ახლა კი ბანკში თამარს უთხრეს, რომ - საზღვარგარეთ მგზავრობაში - ბილეთებში თუ სასტუმროში დახარჯულ თანხებს არ ჩაუთვლიან. „რატომ? მე ხომ გასართობად და სამოგზაუროდ არ დავდივარ?!“.
„ახლა ეძებენ, სად დაიხარჯა ქეშად [ნაღდი ფული] გამოტანილი თანხა. არ არის მგზავრობისას ქეშის წაღება სასიამოვნო, მაგრამ მე რომ ყველაფერი ბარათით ვიხადო, 20% დამეკარგება და ეს დიდი ფულია ჩვენი მდგომარეობისთვის“ - გვეუბნება თამუნა იარაჯული.
თვითმხილველებიც ადასტურებენ და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თამუნას სახლში ორი მაცივარი მუდმივად მედიკამენტებით არის სავსე და ასევე მედიკამენტებით სავსე ჩანთები ჩამოაქვთ - როცა უცხოეთიდან საქართველოში ბრუნდებიან.
"წამლებს საზღვარგარეთ ვყიდულობთ" - ამბობს თამუნა იარაჯული
იარაჯულის ადვოკატს, მარიამ ხაჭაპურიძეს თავისი პრაქტიკიდან არ ახსოვს არცერთი შემთხვევა, როდესაც ბანკს საქველმოქმედო ანგარიში იმავე მიზეზით გაეუქმებინოს. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ითხოვს ბანკი ქვითრებს - 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდზე, როდესაც თამუნა იარაჯულის ეს კონკრეტული ანგარიში - 9 თვის წინ არის გახსნილი.
„ბანკმა ანგარიშის გაუქმებაზე წერილობითი პასუხი არ მოგვცა, რომ გაგვესაჩივრებინა სასამართლოში და მოგვეთხოვა უკანონოდ ცნობა. როცა თამუნა მივიდა ბანკში წერილობითი პასუხისთვის, იქ უთხრეს, რომ - ბანკი არაფერ შუაშია, ეს სახელმწიფო კონტროლის სამსახურიდან გამომდინარე ხდებაო. რომელ უწყებას გულისხმობდნენ, არ აუხსნეს, მაგრამ - უთხრეს, რომ ეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ხდება... გამოვიდნენ თვითონ შემომწირველები და თქვეს - ხარჯვის ქვითრებს ჩვენ არ ვითხოვთ და ბანკი რატომ ითხოვსო?! “, - ადვოკატი ხაჭაპურიძე ამბობს ასევე, რომ - თუკი ბანკი ანგარიშს ერთ კვირაში ისევ დაბლოკავს და წერილობით პასუხს არ გასცემს, ის მაინც იპოვნის გზას, რომ მიმართოს სასამართლოს და თამუნა იარაჯულის სიმართლე დაამტკიცოს.
რადიო თავისუფლება თიბისი ბანკს დაუკავშირდა, თუმცა დეტალების დაზუსტება ვერ მოხერხდა. ბანკში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ - „მომხმარებელთან კომუნიკაცია მიმდინარეობს“. არ აკონკრეტებენ - რის საფუძველზე.
ადვოკატ ხაჭაპურიძის თქმით, თიბისი ბანკი მიუთითებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის“ 21-ე პრიმა მუხლზე, რაც - „კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოებას“ შეეხება. ამ მუხლის თანახმად:
- კომერციულმა ბანკმა, თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას, უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე.
- კომერციული ბანკი აგრეთვე ვალდებულია “დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ”
- ასევე - “ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია”.
- „ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე“.
- “კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას ან არსებული ანგარიში დაუხუროს” - თუ პირი უარს აცხადებს კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, თამუნამ შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მას ანგარიში გაუუქმეს; თუმცა რამდენიმე საათში მიიღო შეტყობინება - რომ ბანკი ერთი კვირა დათმობაზე წავიდა.
ამ ერთი კვირის განმავლობაში, თამუნას შესაძლებლობა აქვს გაიტანოს ბანკიდან ამ ანგარიშზე არსებული თანხა, რადგან მას ამის შესაძლებლობა აღარ ექნება ერთი კვირის შემდეგ, თუკი ბანკი მის ანგარიშს კვლავ გააუქმებს.
„ამ ანგარიშზე ერთი თეთრიც არ მქონდა, როცა გააუქმეს“ - გვეუბნება თამუნა და ამატებს, რომ მისთვის მთავარია - საქველმოქმედო ანგარიშის შენარჩუნება.
„თუ ისევ გააუქმებენ, აუცილებლად გავაგრძელებ აქციას, შიმშილობას - სხვა რა დამრჩენია. სხვაგვარად ჩემი შვილები ვერ იცოცხლებენ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.