ექსტრემალური თვითიზოლაცია? ხევსურეთის იდუმალებით მოცული სამარხი

ხევსურეთის სოფელ შატილის მცხოვრებთ რომ ჰკითხოთ მათი სოფლის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა სამარხზე, რომელიც ადამიანის ძვლებითაა სავსე, გიამბობენ უკვე ცნობილ ვერსიას, რომ ადრე - არავინ იცის, ზუსტად როდის - იქ ჭირი გაჩნდა და რომ ის ერთმა ვაჭარმა მიიტანა სოფელში, რომელსაც ანატორი ერქვა.​

სოფელი შატილი ხევსურეთში, ანატორის სამაროვანი სოფლის აღმოსავლეთით, სამ კილომეტრშია

როცა ჭირი გავრცელდა, ჟამიანობის დროს, სოფლის თავგანწირული მცხოვრებნი, როგორც კი ავადმყოფობის პირველ სასიკვდილო ნიშნებს იგრძნობდნენ, მარტო გაემართებოდნენ ხოლმე იქით, სადაც ორი მდინარის შესართავი იყო.

ზოგიერთი მდინარეში ვარდებოდა, ზოგიც მიაღწევდა საგანგებოდ წინასწარ გამზადებულ ქვის სათავსოს. იქ, კლდოვან სამარხში, ელოდნენ სიკვდილის მოსვლას და ფიქრობდნენ, რომ მათი თავგანწირვა სოფელს გადაარჩენდა. - ეს იყო თავისებური თვითიზოლაცია, რომელიც გმირულ უკიდურესობამდე იყო მიყვანილი.

ქვის ქოხებზე ამბობენ, რომ ეს იყო ჟამიანობის დროს ჩადენილი ჯგუფური გმირობის ადგილი.

ადამიანის თავის ქალები და ძვლები ქვის მიწისქვეშა სამარხში, ანატორის აკლდამაში.

ქვის თარო და ადამიანის ძვლები. აქედან რუსეთის - ჩეჩნეთის - საზღვრამდე ნახევარი კილომეტრია.

ანატორის სამარხების შესახებ დაიწერა საქართველოს, ასევე ინგლისურენოვან მედიაში. სხვათა შორის, National Geographic-იც შეეხო თემას. ამტკიცებდნენ, რომ მომაკვდავი ანატორელები იქ ნელ-ნელა იმარხავდნენ თავს, რაც დაუჯერებლად ჟღერდა. 2019 წელს გავრცელდა ცნობა, რომ დაწყებული იყო ანატორის ამბავზე დაფუძნებული ფილმის გადაღება.

თავდაცვითი კოშკის ნანგრევი შატილისკენ მიმავალ გზაზე. ხევსურები მეომრობით განთქმული ქართული ტომია, რომელიც, ზოგიერთი წარმოდგენით, ევროპელი ჯვაროსნების შთამომავლები არიან.

საქართველოში დაბადებული შორენა ქურციკიძე, შატილის რეგიონის ადათ-წესებზე გამოქვეყნებული წიგნის ერთ-ერთი ავტორი, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“ იმისა, რომ ეს ამბავი სინამდვილე იყოს. მისი აზრით, კავკასიონის ქედს იქით მცხოვრებ ხალხთა ტრადიციებში შეიძლება მოიძებნოს იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდა ადამიანის ძვლები ქვის ქოხებში.

ხევსური ქალი, 1881 წლის ფოტო და ხევსური მეომრები, 1901 წლის ფოტო.

ქურციკიძე ამბობს, რომ ნეკროპოლისები, სადაც ადამიანის გვამები დამარხვის ნაცვლად ქვის სტრუქტურებშია მოთავსებული, „ფართოდაა გავრცელებული მეზობელ (რუსეთის რეგიონებში) ჩეჩნეთსა და ინგუშეთში“ და ანატორის აკლდამები, ალბათ, ერთადერთი ასეთი ნიმუში საქართველოში, შეიძლება მსგავსი რიტუალებისთვის გამოიყენებოდა.

„მიცვალებულთა ქალაქი“ დარგავსში, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის, ალანიის, რეგიონში, სადაც გარდაცვლილებს ქვის სტრუქტურებში ასაფლავებდნენ. ანატორი აქედან 65 კილომეტრშია.

მიზეზი, თუ რატომ აგებდნენ ნეკროპოლისებს დასაფლავების ნაცვლად, არ არის ცნობილი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მიცვალებულის ქვიან სივრცეში მოთავსება მიწისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო.

ქურციკიძის აზრით, ჟამიანობის ვერსია მცდარია, მაგრამ... „მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება“, - დასძენს ის. –„ვისურვებდი, რომ მეტი მეცნიერული ფაქტი და მტკიცებულება გვქონოდა“.

რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მონაწილეობით