ვალერი ჭალიძე - პირველი ქართველი უფლებადამცველი საბჭოეთში: დისიდენტის დაბრუნება

მალე საქართველოში ჩამოვა ეროვნებით ქართველი საბჭოთა დისიდენტის, საბჭოთა კავშირში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, პუბლიცისტის და ფიზიკოსის, ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი. თბილისს მაისში ესტუმრება მისი მეუღლეც, ლიზა ბარნარდტი-ჭალიძეც, რომელმაც ეს არქივი განადგურებას გადაარჩინა.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვალერი ჭალიძის შესახებ ბევრი არაფერი იძებნება. ძირითადად, საბჭოთა ცენზურაგამოვლილი, მშრალი ცნობები. დასავლურმა პრესამ კი არაერთი სტატია მიუძღვნა კაცს, რომელმაც თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, საბჭოთა კავშირში, ღიად დაიწყო პოლიტპატიმრების, ქალების, ჰომოსექსუალების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების და სხვათა უფლებების დაცვა.

ვალერი ჭალიძე შარშან, 2018 წლის იანვარში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის თავზე, მის მეუღლეს, ლიზა ჭალიძეს შინ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაცია ესტუმრა და არქივის საქართველოში დაბრუნებაც მაშინ გადაწყდა.

ჭალიძის თავგადასავლით ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი დაინტერესდა და ქართველი ფიზიკოსის და უფლებადამცველის შესახებ, საბჭოთა სივრცეში გამქრალი ცნობების მოგროვებას შეუდგა.

მაია დარწმუნებულია, რომ როდესაც ჭალიძის არქივი საქართველოში ჩამოვა, ეს მასალები დღესაც ისეთივე მწვავე იქნება, როგორც მაშინ, საბჭოთა პერიოდში.

„ჩვენ მასზე უკვე ბევრი რამ ვიცით - მაგალითად ის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ყოფნისას ჭალიძე აპროტესტებდა ქართული ძეგლების ნგრევასაც, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლასაც, არილის ზღვის დაშრობასაც, უზბეკეთში ბამბის კორუფციასაც, პატიმრების წამებასაც, აზერბაიჯანსა და საქართველოში განათლების პრობლემებსაც, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, ჰომოსექსუალების დასჯას, ქალების უფლებების დარღვევას - შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში“, - მოგვითხრობს მაია.

საბჭოთა კანონების თვითნასწავლი ექსპერტი

ვალერი ჭალიძე 1938 წელს, მოსკოვში დაიბადა. მამამისი, ნიკოლოზ ჭალიძე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, დედამისი, ფრანჩესკა, პოლონელი ემიგრანტის შვილი იყო, პროფესიით არქიტექტორსა და ურბანისტს, კურორტ სოჭის დაგეგმარებაში მიუღია მონაწილეობა.

ვალერი ჭალიძემ ფიზიკა მოსკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში ისწავლა და ერთხანს ფიზიკოსადაც იმუშავა. მისი პირველი ცოლი იყო ვერა სლონიმი, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ლიტვინოვის შვილიშვილი. აშშ-ში ჭალიძე მეორედ დაქორწინდა იურისტ ლიზა ბარნჰარდტზე...

თუმცა საბჭოთა ფიზიკოსობიდან საბჭოთა დისიდენტად ქცევამდე მან გრძელი გზა გაიარა.

პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტი საბჭოთა კავშირში

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მან და მისმა მეგობარმა ფიზიკოსმა, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ანდრეი სახაროვმა გენერალ გრიგორენკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პოლიტიკური მიზნით გამომწყვდევის ამბავი გააპროტესტეს. მაია სიმონიშვილმა გვიამბო, რომ მაშინ, თურმე, საპროტესტო ნოტაც დაიწერა და ხელმოწერების მოგროვება დაიწყო.

ჭალიძემ, სახაროვმა და კიდევ ერთმა მათმა მეგობარმა ფიზიკოსმა ანდრეი ტვერდოხლებოვმა 1970 წლის 4 ნოემბერს საბჭოეთში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტი დააარსეს - ეს უკვე პოლიტიკაში წასვლას ნიშნავდა. კომიტეტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაარღვია.

ამ ჯგუფის თვითგამოცემებს შორის პირველი იყო ჟურნალი „სოციალური პრობლემები“, რომლითაც კომიტეტის დამფუძნებლები მოითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სამოქალაქო უფლებების თემაზე არაერთ კრიტიკულ კითხვას სვამდნენ.

მაია სიმონიშვილი

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მთელი კავშირიდან აგროვებდნენ. მიზანი სისტემის შეცდომების გამოსწორება იყო.

„ჭალიძეს ასე სჯეროდა, რომ ცვლილება შესაძლებელი იყო. ის კარგად იცნობდა საბჭოთა კანონებს და მიიჩნევდა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრებისთვის დასჯა - პოლიტიკური მანიპულაცია იყო. სექსუალური უმცირესობების დაცვაც სწორედ ამიტომ დაიწყო - საბჭოთა კავშირში ამისთვის ადამიანებს აპატიმრებდნენ“, -ამბობს მაია სიმონიშვილი.

იცავდა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს, რომელთაც თავიანთი ხარჯებით, ერთ-ერთ რეგიონში ეკლესიის აშენება სურდათ, მაგრამ მათ მთავრობა ხელს უშლიდა.

იცავდა იმ ებრაელების უფლებებს, ვინც საკუთარ ენაზე განათლების უფლების მოპოვებას ცდილობდა. ამ თემაზე დაწერილი წერილის გამო ჭალიძე და მისი და, რომელიც ასევე მეცნიერი იყო, სამსახურიდან დაითხოვეს კიდეც. თავად ებრაელები, ვის უფლებებსაც ვალერი ჭალიძე იცავდა, მას უწოდებდნენ „პოლონური და ქართული ნაზავის ფეთქებად ელემენტს ქვეყნისთვის“.

„ერთმა აღშფოთებამ იმის გამო, რომ ვიღაცას უსამართლოდ მოექცნენ, გამოიწვია მისი ასეთი მასშტაბური მოღვაწეობა“, - ამბობს მაია სიმონიშვილი.

ბრალდება: საბჭოთა ადამიანის სახის შერცხვენა

1972 წელს ვალერი ჭალიძემ აშშ-ს ვიზა მიიღო და ჯორჯტაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციის წასაკითხად წავიდა. თუმცა ის უკან, საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა. მას ჩამოართვეს საბჭოთა პასპორტი და მოქალაქეობა. ბრალდება, რომელიც მას საბჭოთა კავშირის კონსულმა გააცნო ასე ჟღერდა: საბჭოთა ადამიანის სახის შერცხვენა.

როგორც ჩანს, ჭალიძის მოსალოდნელი დისიდენტობა ძნელი ამოსაცნობი არც საბჭოთა სივრცეში იყო - ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირიდან წასვლისას მას ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა კიდეც, შეძლებდა თუ არა უკან დაბრუნებას. ვალერი ჭალიძემ მას დადებითად უპასუხა, თქვა, რომ მას ნორმალური მსოფლიოსი სჯეროდა. თუმცა ის სამშობლოში არასოდეს დაბრუნებულა.

ჭალიძეს აქტივისტობა არც დევნილობაში შეუწყვეტია.

ვალერი ჭალიძე

საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებას და კანონებს მან არაერთი წიგნი მიუძღვნა. მათ შორის, „კრიმინალური რუსეთი“, „ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში“ და სხვები.

ამერიკაშიც გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დაარსა გამომცემლობა “Chalidze-Publication”, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა.

მაია სიმონიშვილი მოგვითხრობს, რომ აშშ-ში ცხოვრებისას ის „ჰიუმან რაითს უოჩის“ მაშინდელ დირექტორსაც კი აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა კავშირში არსებული დარღვევების თაობაზე. რა ხდებოდა რკინის ფარდის მიღმა, დასავლეთი ამას ვალერი ჭალიძის მოხსენებიდან და წიგნებიდანაც იგებდა.

1985 წელს მან მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო - ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდებაც მიიღო.

ჭალიძეს, თურმე, სულ კუდში დაყვებოდა უშიშროების სამსახურის მანქანა. ათას ჭორს უვრცელებდნენ. კამა-სუტრა აკრძალვის მიუხედავად, ეს წიგნი გასართობად მაინც გამოსცა, საბჭოთა ხალხს გამოადგებაო, რის გამოც, მეგობრები სულ აფრთხილებდნენ, შეგარცხვენენო.

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერასოდეს ვერავის გადაარჩენ დუმილით“, - წერდა ვალერი ჭალიძე.

დისიდენტის დაბრუნება

ვალერი ჭალიძის არქივის ნაწილი დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტშია დაცული და ამ არქივის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სურვილია ვალერი ჭალიძის სახელობის კაბინეტის მოწყობაც, სადაც მისი არქივი მოიყრის თავს. ლიზა ჭალიძე ახლა მეუღლის სრულ ბიოგრაფიას წერს - ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმედი აქვთ, რომ ამ წიგნში პირველი ქართველი საბჭოთა დისიდენტისა და უფლებების დამცველის შესახებ ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.