„ულიმიტო მეგობრობის“ მკაცრი საზღვრები - ვაჯამებთ პუტინის ვიზიტს ჩინეთში

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, 20 მაისი 2026 წელი, პეკინი (ალექსანდერ კაზაკოვი/PO

"ჩვენი შეხვედრა ღირსშესანიშნავ დღეს იმართება. როგორც მახსოვს 1972 წლის 20 მაისს მაო ძედუნმა მსოფლიოს ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლისკენ მოუწოდა" - იხუმრა ვლადიმირ პუტინმა პეკინის სახალხო კრების დიდ დარბაზში სი ძინპინთან შეხვედრის დროს.

მალევე რუსეთის პრეზიდენტმა გაიმეორა მისი ძველი მანტრა, რომ "მოსკოვი და პეკინი" არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ.

მიუხედავად ამისა, პუტინის ხუმრობაში შესაძლოა სიმართლის უფრო დიდი მარცვალი ყოფილიყო, ვიდრე ჩვეულებრივ. მით უფრო, რომ რამდენიმე დღით ადრე პეკინში ამერიკელ პრეზიდენტს მასპინძლობდნენ, რამაც მის ვიზიტსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

ვლადიმირ პუტინი დაა სი ძინპინი ჩინეთში

სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის ლიდერის რიგით 25-ე ვიზიტმა აჩვენა ერთის მხრივ ჩინეთთან 2022 წლის თებერვალში გაფორმებული "ულიმიტო მეგობრობის" და მეორეს მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. "რევერსული ნიქსონის" მიდგომის ლიმიტებიც.

საინტერესოა, რომ მაოს ხსენებული გამოსვლიდან მალევე მისი ხელმძღვანელობით ჩინეთმა დიდი გეოპოლიტიკური ბრუნი განახორციელა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს დაუმეგობრდა.

გასულ თვეებში ამერიკულ აკადემიაში არსებობდა აზრი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდებოდა ნიქსონის ადმინისტრაციის მანევრის გამეორებას, ოღონდ ამჯერად ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთთან დამეგობრებით.

ასევე ნახეთ

თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში

ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა აჩვენა, რომ პეკინი აკონტროლებს ვითარებას და არ დაუშვებს მსგავს გადათამაშებას, მით უფრო, როდესაც მოსკოვის დამოკიდებულება ჩინეთზე პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდება.

ამასთანავე, ვიზიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ უპირატესობას უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობაშიც.

ხმაურიანი განცხადებები, მოკრძალებული შინაარსი

ტრამპის მსგავსად ვლადიმირ პუტინსაც პომპეზურად უმასპინძლეს, თუმცა პეკინის აეროპორტში წითელ ხალიჩასთან ვიცე-პრეზიდენტის ნაცვლად რუსეთის ლიდერს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

იდენტური იყო სამხედრო ყარაულიც და საზეიმო ზალპების რაოდენობაც (21), თუმცა ტრამპისგან განსხვავებით პუტინს ამჯერად ჯონგნანჰაის დახურულ კომპლექსში არ უმასპინძლეს.

სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინი ჩაის ცერემონიაზე მიიწვიეს და სი ძინპინისგან პერსონალურად თბილი გზავნილები შეაგებეს. სიმ რუს კოლეგას "ძველი მეგობარი" უწოდა და მასთან ურთიერთობების აღსაწერად ჩინური ანდაზა გამოიყენა, რომლის მიხედვითაც "მეგობრის გარეშე გატარებული 1 დღე 3 შემოდგომას უდრის."

მეგობრობის ტონი მეორდებოდა ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ 10 ათასსიტყვიან განცხადებაში, რომელშიც ნახსენები იყო პრაქტიკულად ყველაფერი გეოპოლიტიკური დაპირისპირებებიდან, გადაშენების პირას მყოფი ვეფხვის სახეობის გადარჩენის აუცილებლობამდე.

ასევე, მიიღეს დეკლარაცია მსოფლიოში მრავალპოლუსიანი წესრიგის დამყარების შესახებ. ერთობლივ განცხადებაში პუტინმა და სიმ შეერთებული შტატების პირდაპირი ხსენების გარეშე დაგმეს "მუხანათური სამხედრო დარტყმები და მოლაპარაკებების საფრად გამოყენება ამ დარტყმების მოსამზადებლად."

ასევე ნახეთ

სტრატეგიული მოკავშირეები თუ ფარული მეტოქეები? – სიორენ ურბანსკი ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობაზე

ლიდერებმა კატეგორიულად მიუღებელი უწოდეს "სუვერენული ქვეყნების ლიდერების მკვლელობებს," ასევე "შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისა და რეჟიმის ცვლილებების მცდელობებს." მათ დაგმეს "ეროვნული ლიდერების თავხედური გატაცებაც."

ასევე ამერიკის პირდაპირი ხსენების გარეშე განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ "ჰეგემონიზმი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს და მსოფლიო ჯუნგლის კანონებთან დაბრუნების რისკის წინაშე დგას."

პეკინმა კიდევ ერთხელ გაიზიარა რუსეთის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია "კონფლიქტის პირველადი მიზეზების" აღმოფხვრა.

სანაცვლოდ რუსეთმა დაგმო ტაივანის დამოუკიდებლობის მისწრაფებები, ხაზი გაუსვა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი და ყურადღება გაამახვილა "იაპონიის მილიტარიზაციით" გამოწვეულ საფრთხეებზე.

შეერთებული შტატები განცხადებაში მხოლოდ რამდენიმეჯერ იყო ნახსენები, მათ შორის გაკრიტიკებული იყო დონალდ ტრამპის ახალი სარაკეტო თავდაცვის ინიციატივა, რომელიც "ოქროს გუმბათის" სახელით არის ცნობილი. მათი შეფასებით, "ოქროს გუმბათი" საფრთხეს უქმნის "სტრატეგიულ სტაბილურობას."

ხელი მოეწერა 20-მდე ხელშეკრულებას ორმხრივი თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში, თუმცა მსხვილი კომერციული შეთანხმებების შესახებ არ გამოცხადებულა.

ვიზიტის მცირერიცხოვან ხელშესახებ შედეგებს შორის იყო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ორმხრივი გაგრძელება.

პომპეზური დახვედრისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მიღმა შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - ჩინეთი კვლავ არ დათანხმდა ახალი გაზსადენის მშენებლობის შესახებ ვადების განსაზღვრას.

ასევე ნახეთ

ირანის ომი მწვანე სინათლეს აუნთებს რუსეთის პროექტ "ციმბირის ძალა-2"-ს?

"ციმბირის ძალა 2-ის" მშენებლობაზე ჩინეთის დათანხმებას რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს და გასული წლის სექტემბერში იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

მიუხედავად ამისა, გაზსადენი არ იყო ნახსენები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალ ხუთწლედში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში მიიღეს.

რუსეთში მიიჩნევდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა კრიზისმა და გაძვირებულმა ენერგომატარებლებმა ჩინეთის ახალ გაზსადენზე დაყოლიების შანსი გაზარდა. ენერგეტიკულ სფეროში "ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი შეთანხმების" მოლოდინზე საუბრობდა ვიზიტის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი.

მიუხედავად ამისა, ამის შესახებ ლიდერებს არაფერი უთქვამთ. იმის შესახებ, რომ გაზსადენის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა კრემლის პრესსპიკერისგან გავიგეთ. დმიტრი პესკოვის თქმით, უკვე შეთანხმებულია პროექტის ძირითადი პარამეტრები, თუმცა "მისი რეალიზაციის ვადებზე კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არსებობს."

ანალიტიკოსების ცნობით, ჩინეთი პროექტის საბოლოო შეთანხმებას რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე არ ჩქარობს.

ასევე ნახეთ

სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი ვერ შეთანხმდნენ ახალი გაზსადენის რეალიზაციის ვადებზე

პირველ რიგში ჩინეთის ოფიციალური პოლიტიკა ენერგეტიკის მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ეს პრობლემურია რამდენადაც თუ კი რუსეთთან უკვე შეთანხმებული ყველა ენერგეტიკული პროექტი შედგება რუსეთის წილი ჩინეთის ენერგეტიკის მომარაგებაში 2030 წლისთვის 40%-ს გადააჭარბებს. დღევანდელი მონაცემებით რუსეთი ჩინეთის ნავთობის ჯამური იმპორტის 20%-ს უზრუნველყოფს.

სავარაუდოა, რომ ჩინეთი მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უპირატესობას და შეეცდება მისთვის მომგებიან პირობებზე შეთანხმდეს, რაც გულისხმობს გაზის დაახლოებით იმავე ფასს, რაც რუსეთს შიდა ბაზარზე აქვს და ასევე სავალდებულო შესყიდვების მინიმუმამდე შემცირებას.

მზარდად დისპროპორციული პარტნიორობა კარგად ჩანს რიცხვებში, ასე მაგალითად ჩინეთის წილი რუსეთის ექსპორტში 30%-ს აღემატება, ხოლო იმპორტში 40%-ს. საპირისპიროდ რუსეთის წილი ჩინეთის ექსპორტში 3, ხოლო იმპორტში 5%-ია.

ასევე ნახეთ

„რუსეთს მოუწევს ჩინეთს ვალი ციმბირით „გადაუხადოს“ - ჩეხი პოლკოვნიკი რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო შედეგებსა და “წითელი დედოფლის” ეფექტზე 

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე ჩინეთი რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მდგრადობისთვის აბსოლუტურად შეუცვლელ როლს ასრულებს.

გასული 4 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსული ენერგომატარებლების უმსხვილესი მყიდველი გახდა და ბოლო მონაცემებით ჯამურად 360 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.

Bloomberg-ის ცნობით, ომისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების 90%-ს რუსეთი სწორედ ჩინეთისგან ყიდულობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა გაზარდა რუსეთის საჭიროება ჩინეთისთვის, მაგრამ მხოლოდ ჩინეთისთვის ხელსაყრელ პირობებზე.

ჯამურად, გასულ კვირებში მაღალი რანგის ვიზიტებით მთავარი გამარჯვებულად მასპინძელი გამოიყურება. სი ძინპინმა აჩვენა, რომ მას უფრო კარგი ურთიერთობები აქვს დონალდ ტრამპთან და ვლადიმირ პუტინთან, ვიდრე ამ ორს ერთმანეთთან.

ასევე ნახეთ

ტრამპის ნაკვალევზე - ვლადიმირ პუტინი პეკინში მზარდად დისპროპორციული ურთიერთობების გასამყარებლად მიდის