ვის ეშინია „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის?!

2022 წელს საქველმოქმედო ფონდმა „ხარებამ“ გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, მეგრული თარგმანი - „ყილოშტყებამი“, რომლის ავტორი ბეჯითი (ბენედიქტე) ჯალაღონია 2021 წელს ისე გარდაიცვალა, რომ წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო. „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანი, ქართულ ორიგინალურ ტექსტთან ერთად, გაფორმებულია სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, წიგნის ყდა და დიზაინი კი შთაგონებულია 1888 წლის ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსნით“.

დაჭყაფური (დასაწყისი)

მიქუთ გარჩქინ ოქიანე ნძალით თიშე შემლერებით
ჟინმარენჯეფ შურშე ქოჸუ შურიშ ნბარათ ჟინიერით,
კათებს ქომჩეს თე ქიანა, უკოროცხუ ჩქინეს ფერით
ეთიშე რე ირ დადია სახიერო თშიერით

ასე ჟღერს მეგრულად „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისი, მისი პირველი სტროფი, რომლის შედარება ორიგინალთან იოლადაა შესაძლებელი, რადგან წიგნში თარგმნილი და ორიგინალური ტექსტები გვერდიგვერდაა მოცემული და ბოლო სტროფამდე პარალელურად მიუყვებიან ერთმანეთს: ლუწი გვერდები მეგრულია, კენტი - ქართული.

"ყილოშტყებამი" - მეგრულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"

წიგნს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა ქართულ, მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებზე, რითაც, გამოცემის მთავარი რედაქტორისა და მეგრული ენის ასოციაციის პრეზიდენტის, გივი ქარჩავას თქმით, ხაზგასმულია მეგრული, სვანური და ლაზური ენების მნიშვნელობა.

„ეს ენები ქართულის დარი სიმდიდრეა. არაფრით არ ჩამოუვარდებიან ქართულს და მასთან ერთად დგანან ერთ სიბრტყეზე. ის, რომ მეგრულს, სვანურს და ლაზურს იმ დონის სამწერლობო კულტურა არ აქვთ, როგორიც ქართულს, არანაირად არ აკნინებს ამ ენებს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მცხოვრები ბევრი ადამიანის იდენტობის ნაწილი“, - უთხრა გივი ქარჩავამ რადიო თავისუფლებას.

"ყილოშტყებამი", 2022 წ. გამოცემა

„პოემა თავიდან ბოლომდე ნათარგმნია ოთხსტრიქონიანი, უნაკლოდ გარითმული და აზრობრივად დასრულებული სტროფებით, ავტორის უმდიდრესი სიტყვიერი და შინაარსობრივად ღრმა მასალის გაუღარიბებლად, მეტრული ჩარჩოების დარღვევის გარეშე. მეგრულ მეტყველებაში შემონახულმა ზანური (კოლხური) ენის ათასწლეულების მანძილზე ნაგროვებმა ულევმა ლექსიკურმა მარაგმა, მისმა მრავალფეროვნებამ, სიზუსტემ და გასაოცარმა მოქნილობამ, ხალხური სიტყვიერების სიმდიდრემ, ასევე ბეჯითი ჯალაღონიას მიერ ენის ზედმიწევნით სრულყოფილად ფლობამ, მის უცდომელ პოეტურ ალღოსთან და უზადო გემოვნებასთან ერთად, უზრუნველყო რუსთაველის დიდებული პოემის შესანიშნავი თარგმანის შექმნა“, - ნათქვამია წინათქმაში, რომლის ერთ-ერთი ავტორის გივი ქარჩავას თქმით, ბეჯითი ჯალაღონიას თარგმანზე არჩევანი შეჩერდა საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, რადგან დღემდე არსებულ თარგმანებს შორის, ჯალაღონიას თარგმანი არის სხვა დანარჩენ თარგმანებზე უკეთესი, თარგმნილი ტექსტის ენის მოქნილობით, ლექსიკის სიმდიდრით, ექსპრესიითა და პოეტური ტექნიკით:

„ბეჯითი ჯალაღონიამ შეძლო თარგმანი ყოფილიყო ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული. არის მომენტები, როცა ძალიან უჩვეულოდ განსაცვიფრებელი ფორმები აქვს ნაპოვნი აზრის გადმოსაცემად, ოღონდ ისეთ ფორმებზეა საუბარი, რომლებიც კი არ გამოიგონა, არამედ ჩვენს მეტყველებაში არსებობენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ. თარგმანის კითხვისა და გასწორების პროცესში ბევრჯერ აღმოგვხდა განცვიფრების შეძახილი“.

ბენედიქტე ჯალაღონია ვერ მოესწრო ნაშრომის წიგნად გამოცემას. მთარგმნელი 2021 წელს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, დასაბეჭდად გამზადებული ტექსტის სტამბაში გადაგზავნამდე.

ბეჯითი (ბენედიქტე) ჯალაღონია, "ვეფხისტყაოსნის" მეგრულად მთარგმნელი

„ბეჯითი ჯალაღონიამ ფაქტობრივად მთელი სიცოცხლე შესწირა ამ უკვდავი პოემის თარგმნას, მას წარმოუდგენლად დიდი სიყვარულით უყვარდა „ვეფხისტყაოსანი“, იგი სრულად იყო მოცული რუსთველის სამყაროთი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

პირველი "ყილოშტყებამი"

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილია მსოფლიოს 55 ენაზე, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ყველა მსხვილი ეთნიკური ჯგუფის ენებზე. პოემა ასევე თარგმნილია ორ ქართველურ ენაზე - მეგრულსა და სვანურზე, თუმცა ეს წიგნები დღეს დიდ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს მათი უაღრესად მცირე ტირაჟის გამო. იყო დრო, როცა მეგრულ ენაზე წიგნის ან გაზეთის ბეჭდვა უამრავ გადაულახავ სირთულეს აწყდებოდა, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად თარგმნა ლამის მკრეხელობად მიიჩნეოდა.

„ვით დედა-მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას - ქართულთან მეგრულს
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.

თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ,
თქვენ სხვა აღძარით თქვენს მარტივ გლეხში:
ვაი სირცხვილო, რუსთველი თარგმნეთ,
მიჟღარკ-მოჟღარკეთ ქართული ლექსი!“

მურმან ლებანიძის ეს ცნობილი ლექსი სწორედ რომ „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად თარგმნას მოჰყვა, როცა 1966 წელს, რუსთველის 800 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გამოიცა პოემის პირველი, კაკა (კონსტანტინე) ჟვანიას (1875-1973) თარგმანის მცირე ტირაჟი სახელწოდებით „ყილოშტყებამი“. თვითონ მთარგმნელი შოთა რუსთაველს „ჩვენი ერის სახელოვან წინაპართა დიდ წარმომადგენელს“ უწოდებდა და „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად ამეტყველების საჭიროებას ასე ხსნიდა:

„მეგრული ენა ერთ-ერთი უძველესი ქართველური ენაა. ამ ენამ დღემდე შემოინახა სანიმუშო ზეპირთქმულებები, ლექსები, სიმღერები, ზღაპრები და სხვა. ეს ენა მეტად მდიდარია სიტყვიერი მარაგით, საოცრად ლამაზია რიტმით, რითმით, სიტყვათა წყობით და გამოთქმებით, რაც საიმედო საფუძველს იძლეოდა ამ უნიკალური პოეტური ქმნილების თარგმანისათვის მეგრულ ენაზე. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ჩემი დიდი სურვილი „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად ამეტყველებისა, მრავალი წლის მუშაობით სისრულეში მოვიყვანე. მის თარგმნის ხარისხზე მკითხველები იმსჯელებენ, რაც შეეხება თარგმანის მნიშვნელობას, მე მგონი, მეგრული სიტყვისა და ლექსის მოყვარულს გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, ხოლო ენათმეცნიერების დარგის მუშაკთათვის მასში შეიძლება ბევრი რამ საინტერესო და ღირსშესანიშნავი აღმოჩნდეს“.

გვანჯი ჩიქოვანი და კაკა ჟვანია (წვერებში)

„1958 წელს დაიწყო თარგმნა და 1966 წელს, რუსთაველის 800 წლის იუბილესთვის უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ ამ დიდებულ ადამიანს მაშინ ბევრი ლანძღვა შეხვდა, - ამბობს გივი ქარჩავა, - ზოგ-ზოგიერთები დღემდე ლანძღავენ. მურმან ლებანიძის ის ლექსიც მაშინ დაიწერა. მთლიანად სამეგრელო გალანძღა იმის გამო, რომ, თითქოს, ამ თარგმანით დავამახინჯეთ ქართული ენა, ქართული ლექსი... ერთი სიტყვით, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ, თუ სწორად მახსოვს, აკაკი შანიძე იყო ერთ-ერთი იმათ შორის, ვინც გაამხნევა კაკა ჟვანია. რუსთაველის იუბილეზე იყო ჩასული ზუგდიდში, სადაც სიტყვით გამოვიდა და მხარი დაუჭირა როგორც თარგმანს, ასევე ზოგადად მეგრულ ენაზე მსგავსი აქტივობების კეთებასაც“.

როგორ (არ) იცვლებოდა დამოკიდებულება

დისკუსიას პირობითი სათაურით „მეგრული ენა ლიტერატურასა და მწერლობაში“ ლამის 150-წლიანი ისტორია აქვს. გაზეთ „ივერიის“ 1897 წლის 22-ე ნომერში პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი წერდა:

„დროა ჩვენს საზოგადოებაში გავრცელდეს შესწავლა და გაგება მეგრულის ენისა, ამიტომ სასურველია, როცა-კი შესაძლოა, მოყვანილ იყოს მეგრულს ენაზედ ანდაზები, პატარ-პატარა ლექსები, გამოცანები და, თუ მოთხრობა შეეხება მეგრელების ცხოვრებას, მოკლე საუბარიც. ქართველი მკითხველი ამგვარის საშუალებით გაიცნობს პრაქტიკულად მეგრულ ენას, თუ მეტადრე ამ ენაზედ მოყვანილ ფრაზას (წინადადებას) დართული ექნება გასაჭირს ადგილას ახსნა ან გადმოქართულება“.

ამ წერილით პროფესორი ხახანაშვილი გამოეხმაურა „მოამბის“ ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილ მეგრულ ანდაზებს, რომლებიც სამეგრელოში შეკრიბა თედო სახოკიამ. ათი ანდაზიდან მხოლოდ ერთი ყოფილა მეგრულად, იქვე მითითებული ქართული თარგმანით.

ალ. ხახანაშვილის წერილი "ივერიაში"

„თ. სახოკიას მიერ აღბეჭდილის ანდაზებით ვისარგებლეთ გამოგვეთქვა ის, რის თქმაც დიდი ხანია გვსურდა მეგრულის ენის შესწავლის შესახებ, - წერს ალ. ხახანაშვილი, - მკითხველი დამეთანხმება, რომ ადვილად შესაგნებელს მეგრულ ენას ნაკლებად იცნობს მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევა არ ეძლევა მწერლობაში წააწყდეს რასმე მის შესასწავლად. თვით ქართულის სალიტერატურო ენისთვის სასარგებლო იქნება დავუკვირდეთ ჩვენი ტომის ხალხთა კილოებს და შევავსოთ ლექსიკური ნაკლი, ანუ ავაფერადოთ იგი. ენის შესწავლას ყოველთვის მოსდევს თვით ერის შეგნება და დაახლოვებაც. აი ამიტომ საჭიროა მიეცეს მეგრულს ენას ქართულს მწერლობაში შესაფერი ადგილი და გავრცელდეს მისი ცოდნა მკითხველს საზოგადოებაში“.

თუმცა „მეგრული ენისათვის ქართულ მწერლობაში შესაფერი ადგილის“ მიცემა ბევრ ქართველს აშინებდა იმავე XIX საუკუნეში, როცა რუსეთის იმპერია დაპყრობილ კავკასიაში divide et impera-ს პრინციპით („გათიშე და იბატონე“) მოქმედებდა. ქართველთა შიში კარგად ჩანს აკაკი წერეთლის 1895 წელს გამოქვეყნებულ „მეგრელის ნაამბობში“.

„მომადგა ერთი გადამთიელი და დამიჯინა: მეგრელი ხარ შენ და ქართველთან საერთო არაფერი გაქვსო... ნურაფერს ამბობ ქართულათ, მეგრულათ თქვიო... თქვენი ენისთვის ანბანიც სხვაგვარი გამოვიგონეო... გამიკვირდა და ვკითხე: ძ, ჭ, წ, ყ და ამისთანებს, თუ არა ქართული ანბანით, თქვენი სიტყვით რომ ვერ გამოვთქვამთ-თქო? ეგ არაფერიო, ქართულს კუდს გავუკეთებთ, რომ მისი ნამდვილი სახე დავაკარგვიოთო და მეგრულად გამოვიყვანოთო. ჯერ სად არისო?! საღვთო წერილი გადაგითარგმნეთ მეგრულათ, მაგ ახალი ანბანით უნდა დაგიბეჭდოთო“, - ამბობს უტუ კრიმანჭულია, აკაკი წერეთლის თხზულების პერსონაჟი, „გადამთიელში“ კი მარტივად შეიძლება იმპერიის წარმომადგენლის, რუსი ჩინოვნიკის ამოცნობა, თუმცა საქმეს დიდად ვერც „გადამთიელის“ მრავალჯერადმა ტრანსფორმაციამ უშველა. როგორც გივი ქარჩავა ამბობს, XIX საუკუნიდან მოყოლებული მეგრული ენა მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, გამონაკლისი მხოლოდ პირველი რესპუბლიკის 3-წლიანი პერიოდი იყო.

1918 წლამდე. XIX საუკუნეში მეგრულ ენას ჯერ კიდევ ჰქონდა ფუნქცია, რომელიც ენას აცოცხლებს, მაგრამ ჰქონდა სხვა გამოწვევები. რუსეთის იმპერია მართალია ცდილობდა მეგრულის შეტანას სკოლაში, მაგრამ ცდილობდა თავისებურად: გაკეთებული ჰქონდათ სახელმძღვანელო, სადაც მეგრული ანბანი რუსული გრაფემების საფუძველზე იყო შედგენილი. სახელმძღვანელოს ერქვა „Мингрельская азбука“, რომელშიც ჩართული იყო არა მეგრული, არამედ რუსული (მეგრულად თარგმნილი) ზღაპრები.

მეგრული ანბანი კირილიცაზე დაყრდნობით

იმპერიას თავისი გათვლა ჰქონდა, რისთვისაც ცდილობდა გამოეყენებინა პატარა ენები. არსებობდნენ ენათმეცნიერები, რომლებიც საკითხს მეცნიერულად უდგებოდნენ. შედეგად ბევრი ენა იქნა საფუძვლიანად შესწავლილი, მაგრამ პოლიტიკა, რომ კონკრეტული ენები, მათ შორის მეგრული და სვანური ენები, გამოეყენებინათ ერთიანობის დასაშლელად, ნამდვილად არსებობდა. „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო“, - ეს ფრაზა უმიზეზოდ არ უთქვამს ილია ჭავჭავაძეს. იმ დროს გააქტიურებული იყო მეგრული ენის საკითხი. ილია, იაკობ გოგებაშვილი და სხვები წინ აღუდგნენ რუსეთის ამ ვერაგულ მცდელობას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არანაირი სხვა ალტერნატივა მათ არ წამოუყენებიათ. რუსეთი ამას იყენებდა ცუდად, საქართველოს ერთიანობის დაშლა სურდა, მაგრამ იმსახურებდა თუ არა ეს ენა სკოლაში სწავლებას? იმსახურებდა თუ არა აღიარებას, მოვლა-პატრონობას? არაფერი მსგავსი არ თქმულა და არ გაკეთებულა!

очи, чирка - ოჩი, ჭირქა - თხა, ჭიქა

1918-1921 წწ. არსებობდა ასეთი არაფორმალური ჯგუფი „მაფალუ“, რომელშიც ბევრი ადამიანი იყო გაერთიანებული, მათ შორის - მასწავლებლები ლადი გაგუა, სტეფანე გაგუა, მიხეილ კანკავა და სხვ. 1919 წელს გაზეთ „დროების“ 28 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა პასკვილი სათაურით „სამეგრელოს ავტონომისტები?!“, რომლის მიხედვითაც, „მაფალუს“ თავკაცებმა, მათ შორის პედაგოგმა სტეფანე გაგუამ, „დაიწყეს ხალხში სიარული და წმინდა პროვოკატორული მუშაობა - ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის თესვა“. წერილის ავტორის, შალვა ჩოჩიას თქმით, თავიდან ორგანიზაციას „სიმპატიური ანუ წმინდა კულტურული მიზნები“ ჰქონია: სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების, ენის, ზეპირ გადმოცემათა და მისი მდიდარი ისტორიული წარსულის შესწავლა, მაგრამ როცა ჯგუფი გაიზარდა, ჩოჩიას სიტყვებით, მისმა მეთაურებმა, სტეფანე გაგუას ხელმძღვანელობით, ფრთხილად და ოსტატურად მისცეს ამ მიმდინარეობას „პოლიტიკური“ ხასიათი.

„მაფალუს“ ერთი ნაწილი დღეს მოითხოვს კულტურულ-ეროვნულ ავტონომიას და სკოლებში მეგრული ენის სწავლის (?!) შემოღებას, მეორე ნაწილი კი არ კმაყოფილდება ამით და მოითხოვს ტერიტორიალურ-პოლიტიკურ ავტონომიას! „მაფალუს“ წევრებმა უკვე დაიწყეს ხალხში სიარული და წმინდა პროვოკატორული მუშაობა - ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის თესვა“, - წერს „დროების“ ავტორი და ასკვნის: „ყველაფერი იწყება პატარა რამიდან, და ეს „პატარა რამე“ შეიძლება მომავალში ისეთ ფაქტორად გადაიქცეს, რომელიც დიდ საფრთხეს უმზადებს მთელ ქართველ ხალხს. ამიტომ შესაფერი ღონისძიებანი უნდა იქნას მიღებული ამ თავითვე“.

"სამეგრელოს ავტონომისტები" - წერილი 1919 წლის გაზეთ "ერთობაში"

სტეფანე გაგუამ გაზეთში გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია და კორესპონდენტი ჩოჩია გამოიწვია სამედიატორო სასამართლოში, რომელმაც თავისი განაჩენი 1919 წლის 26 აგვისტოს გამოიტანა. განაჩენის თანახმად:

  • ჯგუფის პოლიტიკური ხასიათი გამოძიების მასალით ვერ დამტკიცდა;
  • არ დამტკიცდა ისიც, რომ სტეფანე გაგუა და მისი ჯგუფი მოითხოვდეს სამეგრელოს ან კულტურულ ან ეროვნულ და ეროვნულ-ტერიტორიალურ ავტონომიას;
  • სასამართლოს ხელში თავმოყრილმა მასალამ ვერ დაუმტკიცა მას, რომ სტეფანე გაგუა შეპყრობილი იყოს მეგრული სეპარატიზმით, რომ იგი გიმნაზიაში მოწაფეებს ჰყოფდეს მეგრელ და გურულ ჯგუფებად.

სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილება 1919 წლის 18 სექტემბრის „დროებაში“ გამოქვეყნდა. მოსამართლეებმა საჭიროდ ჩათვალეს, განემარტათ:

„გასაკვირი არ არის, რომ დაშინებულმა რუსის ძველი რეჟიმის აგენტებისაგან გამოგონილ მეგრელების დანარჩენ ქართველებისაგან გამთიშველ ზომებით, ჩვენმა საზოგადოებამ „მაფალუს“ ამბავი მიიღო ზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმი. გამოირკვა, რომ სტეფანე გაგუა მეგრულად ბავშვებს არ ასწავლიდა გიმნაზიაში, ხოლო მეგრელ ბავშვებს მეგრულად უხსნიდა ზოგიერთ გაუგებარ სიტყვებს, რაც დანაშაულში არ ჩაითვლება პედაგოგიკის მხრით. მხოლოდ საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ აქ, რომ სტეფანე გაგუამ სასამართლოს შეკითხვაზე განაცხადა: „საღი პედაგოგიური პრინციპი მოითხოვს, რომ სწავლება სკოლებში ხდებოდეს ხალხის გასაგებ ენაზე. სამეგრელოში ასეთი ენა არის მეგრული“.

გივი ქარჩავას თქმით, ეს იყო პრეცედენტული დადგენილება, რომლის მსგავსი არ მომხდარა არც საბჭოთა კავშირის დროს და არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

„ამ ერთი პროცესით და მაგალითით ვხვდებით, თუ რამდენად დემოკრატიული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა, რამდენად თავისუფალი და დემოკრატიული დამოკიდებულება ჰქონდათ ასეთი საკითხებისადმი რესპუბლიკის მესვეურთ“, - ამბობს გივი ქარჩავა.

1921-1991 წწ. საბჭოთა პერიოდში პატარა ენებს ექმნებათ საფრთხე, რადგან ხდება ე.წ. საყოველთაო გასკოლიანება - ყველა სოფელში შენდება სკოლა, სადაც შეაქვთ მხოლოდ საკავშირო ან ავტონომიური რესპუბლიკების ენები. საქართველოს სკოლებში შედის ქართული ენა, მეგრული რჩება სკოლის მიღმა. პარალელულრად ვითარდება პრესა, სადაც ძირითადი ენა ასევე ქართულია. მეგრული და სვანური ენები იწყებენ ფუნქციის დაკარგვას. 1930-35 წლებში სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში გამოდიოდა მეგრული გაზეთი, რომელთა შორის ყველაზე დიდს „ყაზაყიში გაზეთი“ ერქვა. ამ გაზეთი რედაქტორის და ზუგდიდის პარტიული კომიტეტის მდივნის, ისააკ ჟვანიას ძალისხმევით, 1929 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ), საქართველოს სსრ და სახალხო კიმისარიატის საბჭომ მიიღო დადგენილება საქმეების წარმოებისა და სასამართლოში მეგრული ენის შემოღების შესახებ ზუგდიდის მაზრის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა. საქართველოს ცაკ-ის დადგენილებით, მეგრულ ენაზე საქმის წარმოება შემოღებულ იქნა სოფლის საბჭოებში, სასამართლოებში... გარდა ამისა, გადაწყდა, რომ „ზუგდიდის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის და ამ მაზრის რაინის აღმასრულებელი კომიტეტის ყველა სავალდებულო დადგენილება გამოყენებულ უნდა იქნას როგორც სახელმწიფო, ისე მეგრულ ენებზე“.

"ყაზაყიში გაზეთი" - გლეხის გაზეთი - გამოდიოდა ზუგდიდის რაიონში 1930-35 წწ. მეგრულ ენაზე

იყო მეგრული ენის სკოლაში სწავლების მცდელობები. სახელმძღვანელოებიც გამოიცემოდა. ითარგმნებოდა კომუნისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი ლიტერატურა, მაგრამ 30-იანი წლების მეორე ნახევარში ყველა ეს ამბავი გაჩერდა, ყველა გაზეთი დაიხურა, დარჩა ერთადერთი „ყაზახიში გაზეთი“, რომელიც გადაკეთდა ჯერ „კომუნად“, რომელსაც ერთი თუ ორი სვეტი მიუყვებოდა მეგრულად, ბოლოს კი „მებრძოლის“ სახელით გამოდიოდა მთლიანად ქართულ ენაზე. 1937 წელს დახვრიტეს ისააკ ჟვანიაც. ამის შემდეგ მთელი ათწლეულების განმავლობაში მეგრულ ენაზე ზრუნვა გამოიხატებოდა მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობით: ენათმეცნიერები იკვლევდნენ ენას, მის გრამატიკულ სტრუქტურას, აქვეყნებდნენ ნაშრომებს და ა.შ.

1991 წ... საბჭოთა კავშირის დაშლამ და თავისუფლებამ მეგრული ენის მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა. უფრო პირიქით, ენა რეალური საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ქართულმა ენამ ბუნებრივად დაიწყო მეგრული და სვანური ენების ჩაჩოჩება, უფუნქციოდ დატოვება. მეგრულის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა - ფუნქციის უქონლობა. იკარგება ფუნქცია, კვდება ენა. იყო ბეჭდური ლიტერატურის გამოცემის მცდელობები. ერთხელ გამოიცა ჟურნალი, ორჯერ გაზეთი. გაზეთ „ტორონჯის“ გამომცემელი დააკავეს და ერთი ნომრის ტირაჟი დაწვეს კიდეც. შემდეგ იყო ჟურნალი „ირიათონი“, გაზეთი „მაფშალია“, გამოიცა წიგნები, ზღაპრები, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა...

2010 წელს იუნესკომ გააკეთა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ენების ატლასი, რომლის მიხედვითაც მეგრულს მინიჭებული აქვს გადაშენების აშკარა საფრთხის წინაშე მყოფი ენის სტატუსი [„აშკარად საფრთხის ქვეშ მყოფი ენა - ბავშვები სახლში აღარ სწავლობენ ამ ენას როგორც დედა ენას“]. ლაზური ენა უფრო მძიმე კატეგორიაში გადის. სვანური დაახლოებით მეგრულის დონეზეა.

„თუკი ჩემს ბავშვობაში მეგრული ენა იყო კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება სამეგრელოში, გაკვეთილების მიღმა სკოლაშიც კი, მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლოში, ახლა ეს ყველაფერი დასრულებულია. ბავშვები ერთმანეთში მეგრულად აღარ საუბრობენ.... დიდ, ქსელურ მაღაზიებში მეგრულად არავინ დაგელაპარაკებათ“, - ამბობს გივი ქარჩავა, რომლის თქმითაც, ახალგაზრდებისთვის მეგრული ენა იქცა რაღაც გოიმურ სამეტყველო ინსტრუმენტად, რომელზეც მხოლოდ ბებიები და ბაბუები ლაპარაკობენ და რომელიც, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, ქრინჯობად ითვლება.

გივი ქარჩავა, მეგრული ენის ასოციაცია

მეგრულ ენას არც მედიაში აქვს სივრცე, ანუ დაკარგული აქვს ფუნქცია, სრულად ამოვარდნილია ხმარებიდან. ფუნქციის დაკარგვიდან 30 წლის განმავლობაში მეგრულმა იმდენი დათმო და იმდენად დაიხია უკან, რომ შემდგომი 30 წელი ალბათ გადამწყვეტი იქნება მისთვის. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აბსოლუტური იგნორირება. არ მოსწონთ იუნესკოს დასკვნა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა არც მისი გაქარწყლების და არც პრობლემის აღიარების ან გადაჭრის მიმართულებით. არც ერთ ნორმატიულ აქტში მეგრული და სვანური ნახსენები არ არის. ამ ენებს სახელითაც კი არ ახსენებენ არსად. საქართველოში ეს ენები ეთნოგრაფიული მოცემულობებია და სხვა არაფერი.

გივი ქარჩავას თქმით, ცალკე ამბავია საზოგადოების დამოუკიდებულება, განსაკუთრებით ნაციონალისტურად განწყობილი ნაწილისა (ასეთი ნაწილი კი საკმაოდ დიდია), მისი წარმოდგენები, „რაის მეგრული და სვანური, მთავარია ქართული, რომელიც ყველას მშობლიური ენაა“ და ა.შ. მერე ამ წიაღში ნაშობი ცრუ-თეორია, რომლის მიხედვითაც ქართული ერთადერთი სამწიგნობრო ენაა, ყველა დანარჩენი კი მისი კილოკავებია. ამ განწყობებსა და თეორიებს მხარს უჭერენ ეკლესიის წიაღში დაბუდებული რეაქციონისტული წარმოდგენების ადამიანები.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მეგრული და სვანური ენების სკოლაში არჩევით საგნებად სწავლების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი გამოვიდა მეგრული და სვანური ენების სკოლაში არჩევით საგნებად სწავლების ინიციატივით, მაგრამ არაფერი უთქვამს მექანიზმზე. როგორც ჩანს, წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გაკეთდეს ეს. საქმე არ დაძრულა. წლების წინ სახელმწიფო მუშაობდა ენის ქარტიის ჩარჩოკანონზე, მაგრამ პროექტში ვერ მოხვდა მეგრული და სვანური ენები. როცა ვიკითხეთ, რა არის ამის მიზეზიო, განგვიმარტეს, რომ მეგრელებისა და სვანების მშობლიური ენა ქართულია, რომელსაც სახელმწიფო ენის სტატუსი აქვსო. ასეთია ამ ენებისადმი დამოკიდებულება, რომლის გამოც გვაქვს საშინელი, სავალალო მდგომარეობა. სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს, ამ ენებს უპირველეს ყოვლისა უნდა მიენიჭოთ რეგიონული ენების სტატუსი და შემდეგ უნდა დაიწყოს სკოლებში მათი შეტანა - სამეგრელოსა და სვანეთში სავალდებულო საგნების სახით, დანარჩენ რეგიონებში კი - ფაკულტატურ და არჩევით საგნებად.

ისევ „ყილოშტყებამსა“ და მეგრულად წერა-თარგმნაზე

ზვიად კვარაცხელიას თქმით, „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად თარგმნა საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ენაც გადარჩეს და მთარგმნელმა ახალი პოეტური შესაძლებლობებიც აღმოაჩინოს, რადგან ენა იცვლება, ბევრი რამ შეიძლება მოძველდეს, სათანადოდ ვერ გამოხატავდეს აზრს ან პოეტურ მეტაფორას.

„თუკი ბუნებრივად მივიღებთ ჩვენი ყოფისა და კულტურის ნაწილად მეგრულ და სვანურ ენებს (ჯანსაღი ღირებულებების საზოგადოებაში ეს ასეც უნდა იყოს), მაშინ ყოველი ცდა, წავიკითხოთ მეგრული ორიგინალური პოეზია, პროზა ან თარგმანი, ჩვენში მხოლოდ იმ აზრს აღძრავს, რომ ჩვენ ვართ შემსწრე იმისა, თუ როგორ ვითარდება ენა, როგორ ცდილობს ავტორი თუ მთარგმნელი ენის სამყაროს გაფართოებას“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, რომლის თქმითაც, მეგრულ პოეზიას დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ ამავდროულად არსებობს მასთან ბრძოლის დიდი და გაუგებარი ტრადიციაც.

ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი

„ეს არის ბრძოლა გამოგონილ მტერთან, ამ ბრძოლისათვის ბიძგის მიმცემი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის იმპერია, სეპარატისტული განწყობების შიში, თუმცა ისტორია ადასტურებს სრულიად სხვა რამეს - სამეგრელოსაც და სვანეთსაც ყოველთვის ერთიანი საქართველოს წიაღში წარმოედგინათ თავიანთი თავი. ენის არსებობა თავისთავად არ შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს. ენა არის მადლი, ენა არის კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობა, ენა არის იმის შესაძლებლობაც, რომ ადამიანმა თავისი სამყარო გამოხატოს სწორედ ამ ენით. ჩვენ ვიცნობთ მეგრულენოვან ავტორებს, რომლებიც ქართულ ენაზეც შესანიშნავად წერენ. თუ ხელოვნურ ბარიერებს არ შევქმნით, ჩვენი პოეტური, კულტურული სამყარო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და უფრო მეტ ადამიანს მოუნდება ჩვენი ეს წინარექართული ენები შეისწავლოს და რაღაც გამოგონილი შიშები არ უზღუდავდეთ მათ მეგრულის და სვანურის შესწავლას“.

შიშებმა, რომლის შესახებაც ზვიად კვარაცხელია ლაპარაკობს, ენისადმი სიძულვილიც გააღვივა. აკაკი წერეთლის 1895 წელს გამოქვეყნებულ „მეგრელის ნაამბობში“ გამოსჭვივის მეგრულისადმი უდიერი დამოკიდებულებაც:

„ნუ ამბობ ქართულათ, მეგრულათ თქვიო... ასე სჯობსო, სულ სხვა სიტყვებია და უფრო კეთილხმოვანიცო. ისე გიცხონდეს მამის სული, როგორც მაგას მართალს ამბობდე. დამტვრეული რომ მთელს სჯობდა და დაღრეკილი სწორს, ვის გაუგონია-მეთქი, ვამბობ ჩემ გუნებაში“.

არადა, შემორჩენილია აკაკის მეგრულად დაწერილი რამდენიმე სტრიქონი, რომლითაც მიუმართავს პოეტს ახალსენაკში მის დასახვედრად მისული საზოგადოებისათვის:

სქანი თოლი - ჩქიმი სარკე,
სქანი გური - ჩქიმი ტახტი,
უსქანეთი ჩქიმი რინა
ციხე რედო გაუბახტი.

ზვიად კვარაცხელიას თქმით, გამოგონილ შიშს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ უარი ათქმევინოს საქართველოს მეგრულ და სვანურ ენებზე.

„თუ გახსნილი ვიქნებით, ჩვენი სამყარო უფრო მრავალფეროვანი და შეუზღუდავი გახდება. ეს წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს კულტურას, რომელიც მრავალფეროვანი და ღრმაა. ეს მრავალფეროვნება, ენობრივი იქნება თუ ეთნოგრაფიული, არ უნდა დავკარგოთ. პირიქით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნება და მეტად გახსნა“, - უთხრა ზვიად კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას.