ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გუბერნატორთა კორპუსში მომხდარი პირველი მასშტაბური ცვლილებაა, რომლის შედეგად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მრავალჯერ ნახსენები "ახალი ელიტის" წარმომადგენლები დაწინაურდნენ, ხოლო ძველი ტექნოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულები კი "დამსახურებულ პენსიაზე" აღმოჩნდნენ.
მათ შორის ერთ-ერთია ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მისთვის დამსახურებული პენსია, რუსული მედიის ცნობით, შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩის თანამდებობა აღმოჩნდეს.
ცვლილებები ბევრს ამბობს არა მხოლოდ რუსეთის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ კრემლის გეგმებზეც ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ.
რატომ გაუშვეს პოპულარული გუბერნატორი?
გლადკოვის წასვლის შესახებ ოფიციალურად 13 მაისს გამოაცხადეს, თუმცა პოპულარული გუბერნატორის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ კარგა ხნით ადრე ალაპარაკდნენ.
30 აპრილს რუსულ მედია წერდა, რომ გლადკოვი შესაძლოა დაენიშნათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, მეორე ვარიანტად კი აფხაზეთში ელჩობა განიხილებოდა. ბოლო ცნობებით, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელ თანამდებობაზე შეჩერდა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ.
ასევე ნახეთ
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელსაც კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ?კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ბელგოროდისა და ბრიანსკის გუბერნატორებმა თანამდებობები ნებაყოფლობით დატოვეს და მათ საქმიანობასთან ფედერალურ ცენტრს "არანაირი პრეტენზია არ აქვს".
მიუხედავად ამისა, გლადკოვის წასვლა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მაინც გამორჩეულია.
ვიაჩესლავ გლადკოვი - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და ამავდროულად აფხაზეთის კურატორის, სერგეი კირიენკოს მიერ ორგანიზებული ე.წ. გუბერნატორების სკოლის მესამე ნაკადის კურსდამთავრებული - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუბერნატორად მიიჩნეოდა.
გლადკოვი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა დახურულ ქალაქ "პენზა 19-ით" ( ახლანდელი ზარეჩნი. რ.თ.) დაიწყო, გასულ წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აგებული კადრების სამჭედლოს თვალსაჩინო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი იყო.
დახურული ქალაქის ადმინისტრაციის უფროსობის შემდეგ, გლადკოვმა ცოტა ხანი ასევე ოკუპირებული სევასტოპოლის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილედ იმუშავა, რის შემდეგაც კრემლის გადაწყვეტილებით ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე გლადკოვმა რუსეთის რეგიონული პოლიტიკის მძიმეწონოსანი ვეტერანი, ევგენი სავჩენკო, შეცვალა, რომელიც პოსტზე ჯერ კიდევ ბორის ელცინს ჰყავდა დანიშნული.
რუსეთის სტანდარტით, ბელგოროდი ქვეყნის 10 ყველაზე მდიდარი რეგიონის რიცხვშია და აქ მუშაობაც კომფორტულ სამსახურად მიიჩნეოდა, თუმცა ყველაფერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეიცვალა - ბელგოროდი პრაქტიკულად ფრონტისპირა ქალაქი გახდა. გლადკოვმა თავიდანვე დაუჭირა მხარი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ომის პირველ დღეებში დიდი Z-ის წარწერიანი სვიტერით გამოჩნდა.
მიუხედავად ამისა, ომით გამოწვეული სირთულეებში გლადკოვმა შესაძლებლობაც დაინახა და მალევე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე "ცნობადი და საყვარელი" გუბერნატორის იმიჯიც დაიმკვიდრა. ეს ძირითადად განპირობებული იყო გლადკოვის მიერ სოციალური ქსელების სწრაფი ათვისებით და კომუნიკაციის უშუალო სტილით. გლადკოვს ტელეგრამ-არხზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ის თვითონ მართავდა თავის სოციალურ ქსელებს და პრაქტიკულად მუდმივ კონტაქტზე იყო ადგილობრივებთან.
ასევე ნახეთ
მისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაშისაჭირბოროტო საკითხების გარდა, გლადკოვი ხშირად აქვეყნებდა კადრებს თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ შორის გამომწერებს უზიარებდა საფირმო გოგრის ფაფისა და ყველისა და საზამთროს სალათის რეცეპტს.
ადგილობრივებთან მჭიდრო და პოზიტიური კომუნიკაციისგან განსხვავებით, რუსული მედიის ცნობით, ბოლო თვეებში გლადკოვს საგრძნობლად დაეძაბა ურთიერთობები ძალოვან უწყებებთან. მათ შორის მან რამდენიმეჯერ გააკრიტიკა სამხედროები, ასევე ძალოვნების პოლიტიკა და ტელეგრამის შეზღუდვა.
მეტიც, გუბერნატორმა საჯაროდ დაიცვა თავისი მოადგილეები, რომლებიც დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის არიან დაპატიმრებული.
15 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა გლადკოვი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუბერნატორმა ბელგოროდელებს ვიდეომიმართვით აცნობა - "მუდმივი ყურადღებისა და დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს, ადგილობრივებს და კრიტიკოსებსაც.
როგორ გავიგოთ გლადკოვის შესაძლო დანიშვნა აფხაზეთში?
გასულ წლებში დამკვიდრებული ტრადიციით, გლადკოვი რუსეთის მინისტრთა კაბინეტში უნდა დანიშნულიყო. რუსული მედია წერდა, რომ განიხილებოდა გლადკოვის დანიშვნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თუმცა ამჟამად გადაწყვეტილი სწორედ ე.წ. ელჩად დანიშვნაა. ამავე წყაროების ცნობით, ასეთი იყო გლადკოვის არჩევანიც.
გლადკოვს რთული, უცხო გარემო დახვდება".
ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩად დანიშვნას "დამსახურებულ პენსიას" უწოდებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ანალიტიკოსი, ოლესია ვართანიანი.
ექსპერტის შეფასებით, გადაწყვეტილება ახსნადია, რადგანაც ე. წ. ელჩის პოზიციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ხელმძღვანელობა პრაქტიკულად სიმბოლურად აღიქვამს, ხოლო აქ დანიშვნებს შემდგომი კარიერული გართულებების გამო თავს არიდებენ კარიერული დიპლომატები.
"საინტერესო იქნება გლადკოვზე დაკვირვება ახალ თანამდებობაზე. მძიმე რუსული გავლენის მიუხედავად, აფხაზეთი, რომლის ბოლო 3 ლიდერიც ქუჩის პროტესტების გამო გადააყენეს, საჭიროებს დეტალურ ცოდნას და ფრთხილ ნავიგაციას. რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი ადგილობრივების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რომლებიც, როგორც წესი, ძალიან კრიტიკულები არიან და ნაკლებად სავარაუდოა, დაეთანხმონ მოსკოვიდან წამოსულ მოთხოვნებს", - ამბობს ვართანიანი.
ასევე ნახეთ
„გუნბას ხელში აფხაზეთი ველურ დასავლეთს დაემგვანა“ანალიტიკოსის შეფასებით, მოვლენებს "ყურადღებით და მზარდი იმედგაცრუებით" დააკვირდებიან თბილისშიც, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკურ შემოტრიალებისთვის მოსკოვს მხარი ჯერ არ დაუჭერია.
"გლადკოვს რთული, უცხო გარემო დახვდება, რომლის მართვაც ბელგოროდის მსგავსად პირდაპირი ეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ძალიან გაჭირდება".
კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს გლადკოვის დანიშვნა კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის თავის სოციალურ და ინსტიტუციურ არქიტექტურაში ინტეგრაციის დაჩქარებას, ვართანიანი პასუხობს, რომ პროცესი უკვე 15 წელია მიმდინარეობს.
ანალიტიკოსის შეფასებით, დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან მოყოლებული, რუსეთი ცდილობს მართვის მოდელის დანერგვას, რომელიც გააძლიერებს კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ლოიალობას მოსკოვის მიმართ.
"სერგეი კირიენკოს უკანასკნელი ინოვაციები ამ მიმართულებით კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებაა", - ამბობს ვართანიანი.
სოხუმში დაბადებული კურატორი
სხვა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, აფხაზეთის მიმართულებას რუსეთში ტრადიციულად პრეზიდენტის ადმინისტრაცია კურირებს, კერძოდ კი ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.
გასულ წლებში ამ თანამდებობას იკავებდა ვლადისლავ სურკოვი, რომელიც მოგვიანებით პუტინის ძველმა მეგობარმა, დმიტრი კოზაკმა ჩაანაცვლა. კოზაკის მმართველობა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ის პრაქტიკულად ჩამოაშორეს საქმიანობას. ოკუპირებული დონბასის კურატორობა 2022 წლის გაზაფხულიდან სერგეი კირიენკომ გადაიბარა და სწორედ მას ჩაბარდა ამავე ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზება რუსეთთან მიერთების საკითხზე.
ასევე ნახეთ
რუსული პასპორტი როგორც ზეწოლის იარაღი: მოსკოვის პასუხი აფხაზეთის შიდა დისკუსიაზეშიდა იზოლაციის ფონზე დმიტრი კოზაკმა თანამდებობა ოფიციალურად გასული წლის სექტემბერში დატოვა. ამ დროისთვის უკვე საუბრობდნენ, რომ დონბასის გარდა, კირიენკო უკვე კურირებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებსაც, თუმცა ოფიციალურად ცნობები გასული წლის მარტში დადასტურდა.
აფხაზეთის მიმართულებით კირიენკოს ინტერესი ახალი არ არის, ის სწორედ სოხუმში დაიბადა და სოხუმს "მისთვის მშობლიურ ქალაქს" უწოდებს.
კირიენკოს მიერ აფხაზეთის კურატორობის გადაბარება ოკუპირებულ რეგიონში მორიგ პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა, რომლის მთავარი მიზეზიც რუსეთის მიერ თავსმოხვეული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება გახდა. საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გადადგა ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ახალი არჩევნები ჩაინიშნა.
სერგეი კირიენკო წინასაარჩევნო კამპანიის პრაქტიკულად მთავარი ფიგურა გახდა, მისი დავალებით რუსეთისთვის მოსაწონი კანდიდატის დასახმარებლად სოხუმში პოლიტტექნოლოგები გაგზავნეს. არჩევნებში მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი ბადრა გუნბას გამარჯვება აფხაზეთის მიმართულებით კირიენკოს პირველ სერიოზული წარმატებად იქცა, რომლის შემდეგაც მისი დაინტერესება და გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ იზრდება.
გასული 2 წლის განმავლობაში კირიენკო ექვსჯერ იმყოფებოდა აფხაზეთში, ხოლო ადგილობრივი ჩინოვნიკების ურთიერთობის სტილი უფრო მეტად ადგილობრივი ქვეშევრდომების მიერ ცენტრიდან ჩამოსული უფროსის დახვედრას მოგვაგონებდა.
კირიენკო პრაქტიკულად ერთადერთი რუსი მაღალჩინოსანია, რომელსაც ვლადიმირ პუტინზე "უფროსობის" გამოცდილება აქვს - სწორედ კირიენკოს პრემიერობისას დაინიშნა ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 1998 წელს.
კირიენკოს გავლენა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.
აფხაზეთში დე ფაქტო ელჩად ვიაჩესლავ გლადკოვის დანიშვნა, რომელიც, თავის მხრივ, კირიენკოს მიერ ორგანიზებული საკადრო სამჭედლოს კურსდამთავრებულია, მოსალოდნელია, რომ მხოლოდ გაზრდის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთზე.