„მე აქ ვარ მეტი თანამშრომლობისთვის ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ვენსმა ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და “დასავლური ცივილიზაციის დაცვა” უწოდა აშშ-ისა და უნგრეთის ერთობლივ საქმეს, დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის ლიდერობით. მან ხაზი “ქრისტიანული ღირებულებების” ერთგულებას გაუსვა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ და უნგრეთი უკრაინაში ომის დასრულებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მთავარი შუამავლები არიან.
ორბანმა თავის მხრივ თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-სა და უნგრეთის ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ შექმნა.
„ამერიკა დგას ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის ბატონო ვიცე-პრეზიდენტო“, - დაწერა უნგრეთის პრემიერმა X-ზე.
წინასაარჩევნოდ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ორბანის ხელისუფლების კავშირები რუსეთთან - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებშიც მოსკოვისა და ბუდაპეშტის თანამშრომლობა ჩანს. საუბრობენ კრემლის პირდაპირი ჩარევის საფრთხეზე 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, მათ შორის - პუტინის ყოფილი თარჯიმნის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის [OSCE PA] სადამკვირვებლო მისიაში ზეგავლენის საფრთხეზეც ამახვილებენ ყურადღებას.
პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნები ორბანის 16-წლიანი მმართველობის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე რთული არჩევნები იყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების ნაწილი გამარჯვებას 62 წლის ორბანის პოლიტიკური ძალის [Fidesz] მთავარ მეტოქეს - 45 წლის პეტერ მადიარის პარტიას [Tisza] უწინასწარმეტყველებს.
მადიარი ყველა უცხოელ პოლიტიკოსს მოუწოდებს - ნუ ჩაერევიან უნგრეთის არჩევნებში.
ასევე ნახეთ
ჯეი დი ვენსი მხარს უჭერს ორბანს და აცხადებს, რომ არჩევნებამდე „სიგნალს“ გაგზავნის ბრიუსელშიომის შიშით
X-ზე, ორბანის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო საარჩევნო კლიპში, რომელიც ოჯახური იდილიის ატმოსფეროში სამშობლოზე, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე ლაპარაკით იწყება, ლამაზ, ფერად კადრებს ომზე აქცენტები ცვლის. “დრო მოვიდა - ევროპის სამხედრო ძალები უნდა შეიქმნას”, - ამბობს ამ კლიპში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. აქვეა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის ფრაზა - “ევროპა ბრძოლაშია” და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს სიტყვები - “კონფლიქტი კარს მოგვადგა... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ…”
კლიპში არაფერია ნათქვამი ამ ყველაფრის მთავარ მიზეზზე - რუსეთზე, რომელიც 2022 წელს მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღა და მთელი ევროპა თავდაცვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
კლიპის მიწურულს თავმოყრილია ფრაგმენტები ორბანისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან, რომ ისინი დაიცავენ უნგრეთს და არავის მისცემენ ომის გაჩაღების საშუალებას: “უნგრელების მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელების ომი”, “ომისა თუ მშვიდობის საკითხს მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ”, “ჩვენ არ გავგზავნით იარაღს [უკრაინაში]. ისინი ვერ მიიღებენ ჩვენს ფულს”, “ისინი ვერ წაიყვანენ ჩვენს ახალგაზრდობას უკრაინაში. არა და არა”.
“ფიდესი [Fidesz] - უსაფრთხო არჩევანია!” - ვიქტორ ორბანისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ამომრჩევლების მობილიზებას კვლავ ომის საფრთხეებზე ლაპარაკით ცდილობენ. მთავარი გზავნილია, რომ ხალხის გადარჩენა და მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ორბანის “პატრიოტულ მთავრობას” შეუძლია. მთავარი „საფრთხობელა“ კი უკრაინაა, როგორც ომის მოსურნე და ევროპელების ომში ჩამთრევი.
ვიქტორ ორბანზე, როგორც უნგრელი ხალხის რეალურ დამცველზე, 7 აპრილს ბუდაპეშტში ჯეი დი ვენსმაც ილაპარაკა
„მინდოდა ყველასთვის სიგნალი გამეგზავნა, განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრეთის ხალხს იცავდა“, - თქვა მან ჟურნალისტებთან ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ
ტრამპმა უნგრეთის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანსვიდრე უნგრეთში, ორბანის პარტიის მხარდასაჭერად, ჯეი დი ვენსი ჩავიდოდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღია მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოუცხადა.
თუმცა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი იყო, როცა ბუდაპეშტში ჩასულმა ვენსმა მასშტაბური თავყრილობიდან პირდაპირ დონალდ ტრამპს დაურეკა და უთხრა: “გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო … თქვენ ხართ 5000 უნგრელი პატრიოტის წინაშე და ვფიქრობ, რომ მათ თქვენ უყვარხართ იმაზე მეტადაც, ვიდრე ვიქტორ ორბანი”.
“არ მჯერა, არ მჯერა… მე მიყვარს უნგრეთი, მე მიყვარს ვიქტორი… ის ფანტასტიკური კაცია”, - გაისმა ვიცე-პრეზიდენტის მობილური ტელეფონიდან პრეზიდენტ ტრამპის ხმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პრემიერი ორბანი უნგრელების დამცველია და "დიდი ზეწოლის" მიუხედავად, არავის მისცა უფლება, შეჭრილიყო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.
არის თუ არა აშშ-ის მხარდაჭერა ორბანის პარტიის გამარჯვების გარანტი?
ამ საკითხზე ექსპერტებიც მსჯელობენ. ზოგი თვლის, რომ ვაშინგტონის ეს სვლა მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს ვიქტორ ორბანს - რომელიც ბოლო წლებში, მსოფლიოში მკვეთრად მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსი ძალების ერთ-ერთ გამოკვეთილ ქომაგად და დამაკავშირებელ ფიგურად იქცა.
ამ დროს კი, ორბანის უნგრეთთან დაკავშირებით ხშირად ისმის მკაცრი კრიტიკა - ინსტიტუტების მიტაცების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ცუდი მმართველობისა თუ მძლავრი კორუფციის გამო. ეს და სხვა პრობლემები არაერთხელ გახდა უნგრეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი.
ორბანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზედიზედ მეხუთე ვადით კენჭისყრისთვის ემზადება - 2010 წლიდან, ის უკვე 16 წელია მართავს უნგრეთს.
ასევე ნახეთ
WP: რუსეთს ორბანზე თავდასხმის ინსცენირებით სურდა მისი რეიტინგის გაზრდა არჩევნების წინრუსეთის ზურგი
რუსეთისა და უნგრეთის ხელისუფალთა თვალსაჩინო მეგობრობის ფონზე - რასაც მეთვალყურეებისთვის მაღალი დონის ვიზიტები, განცხადებები თუ უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მოწმობს - ბევრი ლაპარაკობს 12 აპრილის არჩევნებში რუსეთის ჩარევის რეალურ ალბათობაზე.
6 აპრილს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, დანიელ ფროინდმა, კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პუტინის ყოფილი თარჯიმნის, დარია ბოიარსკაიას მუშაობის შესახებ და დამკვირვებელთა მისიის მიმართ ნდობის აღდგენის მიზნით, მისი იქიდან ჩამოშორება მოითხოვა.
„მისია თავიდანვე კომპრომეტირებულია”, “არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ”, - დაწერა ევროპარლამენტარმა ფროინდმა.
ბოიარსკაიას მეტად ხანგრძლივი და საეჭვო კავშირები აქვს პუტინთან. ადრე ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ხშირად ახლდა პუტინსა თუ ლავროვს საერთაშორისო ვიზიტებში. 2021 წლის სექტემბერში ბოიარსკაია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობების ვენის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა და მასვე დაეკისრა „სპეციალური წარმომადგენლის მოადგილის“ მოვალეობის შესრულება. ეს ფაქტი ხშირად იწვევდა კრიტიკას - რუსეთის სპეცსამსახურებთან მის შესაძლო კავშირზე აქცენტირებით. ერთ-ერთი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე „პუტინის თარჯიმნად“ წოდებული ქალის სტატუსი შეუმჩნევლად შეიცვალა „უფროს მრჩევლად“ და ის აღარც ვენის ოფისის ხელმძღვანელად ირიცხებოდა.
ასევე ნახეთ
როგორ აღმოჩნდნენ ეუთოს აპარატში კრემლთან დაახლოებული რუსები?7 აპრილს გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინისა და ვიქტორ ორბანის 2025 წლის ოქტომბრის საუბრიდან არის. ამ ჩანაწერის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების ორგანიზების საკითხებზე ილაპარაკეს.
„ჩვენი მეგობრობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც თქვენ სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკაში მიმასპინძლეთ. თუმცა გუშინ ჩვენმა მეგობრობამ იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ მზად ვარ, ყველანაირად დაგეხმაროთ - ჩვენს უნგრულ ილუსტრირებულ წიგნებში არის ისტორია თაგვის შესახებ, რომელიც ლომს ეხმარება. [ორივე იცინის] მზად ვარ დაუყოვნებლივ დაგეხმაროთ. კარგია, რომ შეგვიძლია ისევ შევხვდეთ, რადგან COVID-ის შემდეგ რეგულარული შეხვედრები არ გვქონია; პანდემიამდე თითქმის ყოველ წელს ვხვდებოდით ერთმანეთს. თქვენს სამსახურში ვარ ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება“, - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
Bloomberg-ის პუბლიკაციამდე ერთი კვირით ადრე, პრესაში გამოჩნდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და მისი რუსი კოლეგის - ლავროვის - საუბრის ჩანაწერი.
2024 წლის აგვისტოთი დათარიღებული სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერის გაშიფრულ ტექსტში, რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნაზე მსჯელობენ. თხოვნა ლავროვისგან მოდიოდა, სიიარტო კი დახმარებაზე თანხმობას გამოხატავდა. სავარაუდო საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროკავშირმა ისმაილოვას სანქციები მართლაც მოუხსნა - უნგრეთის ძალისხმევის შედეგად. ბუდაპეშტი მაშინ იმუქრებოდა, რომ ვეტოს დაადებდა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ევროპულ სანქციებს.
ლავროვსა და სიიარტოს შორის შემდგარი სავარაუდო საუბარი 30 მარტს გამოაქვეყნეს - The Insider-მა, Frontstory-მ, VSquare-მა, Delfi Estonia-მ და ICJK-მა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სიიარტოს სატელეფონო საუბრების მოსმენას ქვეყანაზე „თავდასხმა“ უწოდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა გამოძიების დაწყება.
ასევე ნახეთ
გამოქვეყნდა რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ფარული ჩანაწერიჩანაწერების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეზღუდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლა უნგრეთთან, იმის გამო, რომ სიიარტო რეგულარულად ურეკავდა ლავროვს ევროკავშირის მთავრობის შეხვედრების შესვენების დროს, რათა მიეწოდებინა მისთვის „ოპერატიული ანგარიშები განხილული საკითხების შესახებ“.
უკრაინის წინააღმდეგ
უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ორბანის ხელისუფლება მუდმივად ბლოკავდა კიევისთვის გამიზნულ ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას და ამ პრობლემების გადასალახად ბრიუსელს განსაკუთრებული ძალისხმევის მობილიზება ესაჭიროებოდა.
ბოლო პერიოდშიც არაერთი ასეთი პრობლემა შეიქმნა, რომელთა გადაჭრაც, პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების შეფასებით, სწორედ 12 აპრილის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
- უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცება ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებული პრობლემების გამო დაბლოკა;
- უნგრეთმა დაბლოკა 6,6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის;
- რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-20 პაკეტსაც არჩევნების შემდეგ უწევს დამტკიცება, რასაც თან ახლავს უნგრეთის წინააღმდეგობა;
- ორბანი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც.
ასევე ნახეთ
გაძევებული ინკასატორები, დაკავებული მილიონები, დაბლოკილი მილიარდები - უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება დაძაბულობა უკრაინასთანვინ არის ორბანის მთავარი მეტოქე?
ორბანის ძირითადი მეტოქე 45 წლის პეტერ მადიარია - პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ (Tisza) ლიდერი, იურისტი. ის უნგრეთში ყველაზე გამოკვეთილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია - რომლის ახალგაზრდულ შემართებასა და ქარიზმას ხშირად განსაკუთრებით უსვამენ ხაზს.
მადიარი ორბანის პარტიიდან მოდის, მისი გარემოცვის წევრი იყო - თუმცა 2024 წლიდან მისი რეალური კონკურენტი გახდა.
ევროკავშირის მოწინააღმდეგე Fidesz-ისგან განსხვავებით, TISZA ბრიუსელის მიმართ მეგობრულია და რეალურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.
პეტერ მადიარი აფრიალებს უნგრეთის დროშას 15 მარტს გამართულ აქციაზე.
ორბანის Fidesz-სა და მადიარის Tisza-ს პოლიტიკური პაექრობის შესაძლებლობა უკვე მიეცათ 2024 წლის ივნისში, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები იმართებოდა. ამ დროს მადიარის ხელმძღვანელობით - Tisza სულ რამდენიმე თვის გამოყოფილი იყო Fidesz-ისგან, მაგრამ ბევრი აღარაფრით ჩამოუვარდებოდა. ამ არჩევნების შედეგებით:
- ვიქტორ ორბანის პარტიამ (Fidesz) ევროპარლამენტში 11 მანდატი აიღო;
- ხოლო პეტერ მადიარის Tisza-მ - 7 მანდატი.
ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ, უნგრეთში მასშტაბური აქციები ევროპარლამენტის არჩევნებამდეც იმართებოდა. მადიარმა არაერთხელ მოახდინა ძალის დემონსტრირება - ფართომასშტაბიანი აქციებით.
2024 წელს, ულტრამემარჯვენეებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიუმჯობესეს, მაგრამ, საერთო შედეგით, არჩევნები ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის არასასურველი კონფიგურაციით დასრულდა.
საზოგადოების აზრის კვლევების ნაწილი გამარჯვებას სწორედ ოპოზიციონერ კანდიდატს უწინასწარმეტყველებს; თუმცა სურათი ასეთი ცალსახა არ არის.
რას აჩვენებს კვლევები - რეიტინგები
ოპოზიციის მიმართ ლოიალურად განწყობილი Závecz Research-ის მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული, განახლებული მაჩვენებლებით: პეტერ მადიარის პარტიის (TISZA) რეიტინგი კიდევ 1%-ით იყო გაზრდილი და 39%-ს აღწევდა; ხოლო ორბანის პარტიისა (Fidesz) 31% იყო.
პროსახელისუფლებო ორგანიზაციად მიჩნეული Nézőpont Institute-ის ბოლო მაჩვენებლებით, ორბანის პარტია - 46%-ით, წინ უსწრებს ოპონენტის პოლიტიკურ ძალას - 40%-იანი მაჩვენებლით.
კიდევ ერთი კვლევით, მადიარის პოლიტიკური ძალა ორბანისას 16%-ით უსწრებს წინ.
თუმცა სპეციალისტების შეფასებით, პროცესებზე ზემოქმედება შეუძლია უნგრეთში მოქმედ საარჩევნო სისტემას: 199 დეპუტატიდან - პარტიული სიებით ირჩევენ 93-ს, ხოლო დანარჩენი 106 მანდატი მაჟორიტარებზე განაწილდება.
მაჟორიტარული არჩევნები ბარიერის გარეშეა - იმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში ადასტურებს, რომ შერეული სისტემა, სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე, მმართველ პარტიას აძლევს უპირატესობას.