ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა

თამარ ბერუჩაშვილი

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიური აკადემიის რექტორად დაინიშნა. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თამარ ბერუჩაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ სამსახურში. ის მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრად, მინისტრის მოადგილედ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრად. ასევე იყო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ბოლოს იყო რუმინეთში საქართველოს ელჩი.

აკადემია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა. მან 8 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“.

კობახიძის თანახმად, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აკადემია მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა აკადემიის მსგავსად, უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

„ფორმულის“ ჟურნალისტმა განათლების მინისტრ გიორგი მიქანაძეს ჰკითხა, ახალი სასწავლებლის შექმნა გამოიწვებდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების გაუქმებას.

„კი. ეს არის პრინციპი – ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი, რომელიც ვრცელდება თბილისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და ეს არის პრინციპი რომელიც მოქმედებს ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუ ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, გადავა მილევად რეჟიმში, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში“, - უპასუხა მიქანაძემ.

კანონი, რომელითაც ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიქმნა, პარლამენტმა 28 მაისს მიიღო. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ყოველწლიურად აკადემია 70 ბაკალავრიატისა და 50 მაგისტრატურის სტუდენტს მიიღებს.

10 ივნისს გამოცემული დადგენილების მიხედვით, აკადემიის ზედამხედველია საგარეო საქმეთა სამინისტრო, მასში 46 ადამიანი იქნება დასაქმებული, რომელთა საერთო ხელფასი 1 093 350 ლარი იქნება.

წელს აკადემიის ბიუუჯეტი 2,99 მლნ ლარი იქნება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი (ყოველწლიურად) 2,85 მლნ ლარი.

ასევე ნახეთ

შეიქმნება ახალი უმაღლესი სასწავლებელი - საქართველოს დიპლომატიის აკადემია - მთავრობა

საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა - მათგან 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო.

რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო აღარ აფინანსებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს. ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრათ ის მიმართულებები, რომელთა სწავლებაც შეუძლიათ.

ასევე ნახეთ

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება