20 თებერვალი - დღე, რომელმაც შეცვალა უკრაინა

"ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე - ასე შევიდა უკრაინის ისტორიაში 2014 წლის 20 თებერვალი, როდესაც უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ სნაიპერების მიერ გახსნილმა ცეცხლმა „ღირსების რევოლუციის“ 48 მონაწილის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ დღემ გადაწყვიტა 2013 წლის 21 ნოემბერს დაწყებული ევრომაიდნის -„ღირსების რევოლუციის“- ბედი. კიევის ქუჩებში გამოსული მომიტინგეების დახვრეტას უკრაინელი ხალხის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მეორე დღესვე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაიანა დაეტოვებინა და რუსეთში გაქცეულიყო.

კიევი. 2014 წ. 20 თებერვალი

22 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ 328 ხმით მიიღო დადგენილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა „კანონის დარღვევით აარიდა თავი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას“ და, რომ ამის გამო უნდა დანიშნულიყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2014 წლის 25 მაისი გამოცხადდა, 23 თებერვალს კი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება დაეკისრა უმაღლესი რადის ახალ თავმჯდომარეს, ალექსანდრ ტურჩინოვს.

20 თებერვალი

2014 წლის 20 თებერვალი იყო ერთგვარი ტრაგიკული კულმინაცია 2013 წლის 21 ნოემბერს დაწყებული მოვლენებისა. ამ დღეს ნამდვილი შეტაკებების ეპიცენტრად იქცა კიევის ინსტიტუტის ქუჩა. 20 თებერვალს საღამოს, საგანგებო სხდომაზე, უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომელიც გმობდა ძალის გამოყენებას, რამაც გამოიწვია უკრაინის მოქალაქეების სიკვდილი, წამება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულები.

20 თებერვალს ადამიანების უმეტესობა დაიღუპა სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ წევრების მიერ ნასროლი ტყვიებით. „ბეკრკუტის“ მეთაურის მოადგილე, დიმიტრი სადოვნიკიც, რომელიც ეჭვმიტანილია 39 „მაიდნელის“ დახვრეტაში, ჯერ რუსეთში გაიქცა და დღემდე კი ანექსირებულ ყირიმს აფარებს თავს.

2014 წლის 20 თებერვალი. კიევი

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ევრომაიდნის დროს ჯამში 2442 ადამიანი დაზარალდა, დაიღუპა 104 აქტივისტი და 17 სამართალდამცავი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბრალი წაუყენეს 445 პირს, მათ შორის, 48 სახელმწიფო მოხელესა და სამართალდამცავი სტრუქტურების 228 წარმომადგენელს (27 გამომძიებელი, 20 პროკურორი, 23 მოსამართლე). სასამართლოში გაიგზავნა 195 საბრალდებო დასკვნა. დამნაშავედ იქნა ცნობილი 59 პირი, 46-ს კი პატიმრობა მიესაჯა. მისჯილთა შორის არის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომლისათვის სახელმწიფო ღალატისათვის გამოტანილი განაჩენი - 13-წლიანი პატიმრობა, 2021 წლის 6 დეკემბერს ძალაში დატოვა უკრაინის უზენაეს სასამართლოსთან არსებულმა საკასაციო სასამართლომ.

კიევი, 2014 წ. 18 თებერვალი

ყველაფერი კი დაიწყო 2013 წლის 21 ნოემბერს კიევის ცენტრში უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციით, რომელიც თითქმის სამი თვე გაგრძელდა და, რასაც უკრანაში ევრომაიდანი და ღირსების რევოლუცია უწოდეს.

აქციის პირველი მონაწილეები, თავისუფლების მოედანზე -„მაიდან ნეზალეჟნოსტი“- გასული ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ქვეყნის ხელმძღვანელობისგან მოითხოვდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რაზეც ბოლო მომენტში უარი განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა და პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა.

მაიდანი ძალიან სწრაფად გადაიზარდა საყოველთა-სახალხო პროტესტში. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს (30 ნოემბერს) სტუდენტების დარბევის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მოძალადეების დასჯისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება საკითხი. ამ დროისთვის ჯერ არავინ ლაპარაკობდა იანუკოვიჩის გადადგომაზე, რომელიც სამი წლის არჩეული იყო და, ბოლო მომენტამდე, ოფიციალურად მხარს უჭერდა ევროპასთან დაახლოების კურსს, მაგრამ სულ მალე აქციის მონაწილეთა დარბევები მკვლელობებსა და ადამიანების მოტაცებებში გადაიზარდა. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისთვის აშკარა გახდა, რომ იანუკოვიჩი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩებოდა.

"ბერკუტი" არბევს სტუდენტებს. 2013 წლის 30 ნოებმერი

„30 ნოემბრის ღამეს მაიდანზე ახალგაზრდების ცემის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აპოლიტიკური ადამიანებიც კი, რომლებიც მოუწოდებდნენ, არ მოეტანათ პარტიული დროშები მაიდანზე, იძულებულნი იყვნენ გაეცნობიერებინათ პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა. 1 დეკემბრიდან მივიღეთ ის მაიდანი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ნამდვილი აჯანყება ევროპული ღირებულებებისთვის და კრიმინალური ძალაუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა „ღირსების რევოლუციის“ წლისთავზე საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ვიტალი პორტნიკოვმა.

რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში? რატომ მიენიჭა ევროპასთან ასოცირების ხელშეკურულების ჩაგდებას ასეთი დიდი მნიშვნელობა?

2013 წლის ნოემბერში ბევრი უკრაინელი ფიქრობდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რაც ასევე გულისხმობდა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, ეს იყო საბჭოთა, იმპერიული წარსულიდან გაქცევის მცდელობა, ან გაქცევა იმ პერიოდიდან, რომელშიც უკრაინა მჭიდროდ იყო დაკავშირებული - როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად - რუსეთთან. სანუკვარ ოცნებასთან ასე ახლოს მისვლა და ამ ოცნების ერთი ხელის მოსმით დაკარგვა კი, გამოიყურებოდა როგორც იძულება, როგორც ოცნების შეწყვეტის ბრძანება.

პრეზიდენტის ღალატი და გაქცევა

ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინაში ყოფნის ბოლო საათების დეტალები ცნობილი გახდა ყოფილი პრეზიდენტის პირადი მცველის, ვიქტორ როზნიჩენკოს მიერ უკრაინის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებიდან.

2014 წლის 22 თებერვალს იანუკოვიჩი იმყოფებოდა ხარკოვში, სადაც წინა ღამით ჩავიდა თავისი პარტიის („რეგიონების პარტიის“) ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ღონისძიება გაუქმდა.

„ნაშუადღევს გავემგზავრეთ ხარკოვის აეროპორტში, სადაც ორი შვეულმფრენი და დაცვის რამდენიმე თანამშრომელი გველოდა. ერთ შვეულმფრენში თვითონ იანუკოვიჩი და დაცვის წევრები ჩასხდნენ, მეორეში - იანუკოვიჩის ოჯახი და ასევე დაცვის რამდენიმე ოფიცერი“, - განაცხადა რეზნიჩენკომ 2018 წლის იანვარში გამართულ სასამართლო პროცესზე.

ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩის მცველის თქმით, აფრენიდან ერთ საათში ხარკოვის აეროპორტის დისპეტჩერებმა მოითხოვეს პრეზიდენტის შვეულმფრენის უკან დაბრუნება, რაც, მფრინავის მტკიცებით, უმაღლესი რადის თავმჯდომარის, ალექსანდრ ტურჩინოვის ბრძანება იყო. რეზნიჩენკოს თქმით, ხარკოვში დასაბრუნებლად შვეულმფრენს სამყოფი საწვავი არ ჰქონდა, ამიტომ საფრენი აპარატები დონეცკში დაეშვნენ. დონეცკის აეროპორტში, უკრაინის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ალექსანდრ კობზარის განკარგულებით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი ამალა ორ თვითმფრინავში, „ფალკონებში“ გადანაწილდნენ, თუმცა უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა, სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, ეკიპაჟებს აფრენის ნება არ დართო. ამის შემდეგ იანუკოვიჩი და მისი თანმხლები პირები გადასხდნენ ავტომობილებში და მიაშურეს დონეცკში მდებარე ერთ-ერთ „დიდ სახლს“, სადაც იაუნუკოვიჩის ვაჟი ალექსანდრი და ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი იმყოფებოდნენ. იმავე დღეს იანუკოვიჩის კორტეჟი დაიძრა ყირიმის მიმართულებით, თუმცა გზად, ბერდიანსკის რაიონის მახლობლად, მინდორზე დაეშვა Ми-8 მარკის სამი შვეულმფრენი.

„ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის შვეულმფრენებმა მოაკითხეს“, - განაცხადა იანუკოვიჩის ყოფილმა მცველმა, რომლის თქმითაც, ზღვის თავზე გარკვეული დროის განმავლობაში ფრენის შემდეგ შვეულმფრენები დაეშვნენ აეროპორტში, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩს რუსი სამხედროები დახვდნენ. 23 თებერვალს იანუკოვიჩი Ан26-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაფრინდა იალტაში, საიდანაც იმავე საღამოსვე ჩაიყვანეს სევასტოპოლში რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. სწორედ აქ, რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, იანუკოვიჩმა მცველებს შესთავაზა გაეკეთებინათ არჩევანი: გაეგრძელებინათ გზა მასთან ერთად, ან დარჩენილიყვნენ უკრაინაში.

ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმირ პუტინი, 2013 წლის 17 დეკემბერი

ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში 25 თებერვალს გამოჩნდა, 28 თებერვალს კი როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიკვდილს გადაურჩა და რუსეთშიც მოხვდა პატრიოტულად განწყობილი ოფიცრების წყალობით და, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებოდა, როგორც კი რეალური შესაძლებლობა და გარანტიები მიეცემოდა. ამავე პრესკონფერენციაზე ვიქტორ იანუკოვიჩს ჰკითხეს, მთელ ამ იტორიაში ხომ არ არის ისეთი რამ, რის გამოც გრცხვენიათო.

„ვიტყვი, რომ მრცხვენია. მეტიც, მინდა ბოდიში მოვუხადო პირველ რიგში ვეტერანებს, უკრაინელ ხალხს იმის გამო, რაც მოხდა უკრაინაში. იმის გამო, რომ მე არ მეყო ძალა, შემენარჩუნებინა სტაბილურობა და არ დამეშვა ის უკანონობა, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომლის წინააღმდეგ ამ დროისთვის უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

რუსეთის რეაქცია და მითები

რუსეთმა „ღირსების რევოლუციას“ ყირიმის უკანონო რეფერენდუმითა და ანექსიით უპასუხა, საბრძოლო მოქმედებამდე გააღვივა სეპარატისტული მოძრაობა ლუგანსკსა და დონეცკში, თუმცა, როგორც უკრაინაში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტმა იულია ტიშჩენკომ უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას, რომ არა მაიდანი, უკრაინა ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე დადგებოდა, რადგან უხეშად იქნებოდა დარღვეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:

რუსეთის პატრიარქი კირილე და ვიქტორ იანუკოვიჩი

„უკრაინაში იმუშავებდა რუსული მოდელები: კორუფცია, ძალოვანთა განუკითხაობა. უკრაინა დარჩებოდა რუსეთის ორბიტაზე და, საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნებოდა კვაზიბელარუსის მოდელი. მომავლის თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ძალიან რთული ვარიანტი, რომელიც გამორიცხავდა რამე სახის იმედს“.

უკრაინის საზოგადოების განვითარების ცენტრის ექსპერტის, იგორ ხარჩენკოს თქმით, მაიდანი იყო უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი და ღირსეული ეტაპი, რომელმაც თვისებრივად შეცვალა უკრაინული საზოგადოების სამოქალაქო შეგნება.

თავისუფლების მოედანი. კიევი. 2013 წლის 1 დეკემბერი

რუსეთის ფედერაციამ მაიდანსა და „ღირსების რევოლუციას“ დეზინფორმაციითა და პროპაგანდისტული მითებითაც უპასუხა. რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა თავი მოუყარა ყველა ძირითად მითს და რეალური ფაქტებით სცადა მათი გაფანტვა:

  • მითი I: მაიდანი იყო აგრესიული და დასრულდა ხელისუფლების შეიარაღებული გადატრიალებით

სიმართლე: მაიდანი - ეს არის მრავალმილიონიანი, სახალხო პროტესტი. თავდაპირველად მაიდანზე გავიდნენ ახალგაზრდები - სტუდენტები, რომლებსაც შემდეგ შეუერთდა ათასობით უიარაღო ადამიანი, აგრესიულად კი მოქმედებდნენ პროსამთავრობო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი „ბერკუტი“, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტები დაცხრილა ინსტიტუტის ქუჩაზე, 2014 წლის 20 თებერვალს. გმირულად დაღუპულებს ხალხმა „ზეციური ასეული“ უწოდა.

"სტუდენტები ირჩევენ ევროპას". საპროტესტო მსვლელობა კიევში. 2013 წ. 1 დეკემბერი

  • მითი II: მაიდანზე გასულმა ოპოზიციამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ამის გამო უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია

სიმართლე: 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თვითონ დატოვა თანამდებობა და გაემგზავრა რუსეთში. შემდეგ უკრაინის პარლამენტმა დააფიქსირა მისი „თვითლიკვიდაციის“ ფაქტი. შემდეგი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს არჩევნები ევროპელმა დამკვირვებლებმა ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს, ხოლო უმაღლესი რადა, რომელშიც შედიოდნენ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ წევრები, ასევე ხელახლა აირჩიეს 2014 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დროს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ახალი მთავრობა.

ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი

  • მითი III: მაიდანი მოაწყვეს დონბასის და „დონეცკელი“ პრეზიდენტის, იანუკოვიჩის წინააღმდეგ და ამის გამო ახლა უკრაინელები ვერ იტანენ დონბასის მცხოვრებლებს

სიმართლე: მაიდანს ტყუილად არ უწოდეს ევროპული. უპირველეს ყოვლისა, მაიდანი გამოვიდა უკრაინის ევროპული მომავლის დასაცავად. მიზეზი - ვიქტორ იანუკოვიჩმა გადადო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მაიდანი იცავდა ევროპულ ღირებულებებს - მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დემოკრატიას, სამართლიანობას. ასობით ათასი მომიტინგის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ეს ღირებულებები ილახებოდა.

მითი IV: მაიდანზე გავიდნენ მხოლოდ უკრაინელი ნაციონალისტები - „ბანდერელები“ და ისინი დღემდე რჩებიან უკრაინის ხელისუფლებაში

სიმართლე: დასავლეთის რეგიონების მცხოვრებლები, სადაც ტრადიციულად მემარჯვენე პარტიებს უჭერენ მხარს, მაიდანზე 30-40%-მდე თუ იყვნენ. კიევის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის ყველა რეგიონის წარმომადგენლები გამოვიდნენ, ბევრი იყო დონეცკელთა კარვებიც, ხოლო ნაციონალიზმის სიმბოლოდ ქცეული პარტიები, „თავისუფლება“ და „მემარჯვენე სექტორი“, მეიდნის შემდეგ გამართული არჩევნებით პარლამენტშიც კი ვერ მოხვდნენ. გამოდის, მაიდნის გამარჯვებას არ მოჰყოლია ნაციონალიზმის გამარჯვება!

  • მითი V: მაიდანი მოხდა უკრაინული ენის გამო და ყველა, ვინც უკრაინულად ლაპარაკობს, ვერ იტანს რუსებს და რუსულად მოლაპარაკეებს

სიმართლე: მაიდანზე ლაპარაკობდნენ როგორც უკრაინულად, ასევე რუსულად და სხვა მრავალ ენაზე და ამის გამო არავისთვის მიუციათ შენიშვნა. მაიდანზე ხალხი გამოვიდა სიტყვის თავისუფლების დასაცავად, რაც ასევე გულისხმობს გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერ ენაზე. დემოკრატია გულისხმობს კიდეც ურთიერთობის ენის თავისუფალ არჩევანს. ევროპაში არ არსებობს სიძულვილი სხვა, განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკეების მიმართ.

გოგონა და ქაღალდის ანგელოზი - მაიდანის დაღუპულ აქტივისტთა სიმბოლო

  • მითი VI: მაიდანი მოაწყო აშშ-მა, დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა და ახლა უკრაინა ამერიკის ვასალია

სიმართლე: მაიდანზე შეკრების მოწოდება გაავრცელეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა. მაიდანზე გამოვიდა უკრაინის ასიათასობით მოქალაქე, მათ შორის, ბევრი კიეველი. ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინელთა სწრაფვას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ. უკრაინელი ლიდერები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას.