თვითმკვლელობა ქართულ ჯარში - უპასუხო კითხვები 

საქართველოში ბოლო წლებში სუიციდის შემთხვევების მატების ტენდენციაა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში ერთი ჯარისკაცი მაინც იკლავს თავს. წლების წინ ჯარში სუიციდის შემთხვევები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, ფინანსური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით აიხსნებოდა, დღეს თავდაცვის სამინისტრო ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე აღარ საუბრობს.

გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები ხშირად საეჭვოდ მიიჩნევენ თვითმკვლელობის ვერსიას. სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას, როგორც წესი, სამხედრო პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს.

“სამხედროებს უნდა გამოეძიებინათ, გადასცეს სამოქალაქოს [შინაგან საქმეთა სამინისტროს - რ.თ.], სამოქალაქომ - ჩვენ არაფერი არ გვიკავია ხელში და ამ საქმეს ვერ გამოვიძიებთო. იქ რა მოხდა, ღმერთმა იცის. იცის მკვდარმა და ვიღაცებმა, ვინც ეს გააკეთეს. თვითმკვლელობა არ ყოფილა, მაშინვე ვამბობდი, ეს იყო მკვლელობა - ნანგრევებში ნახეს მკვდარი ყელში წაჭერილი ისეთ ადგილას, სადაც თავის ჩამოსაკიდი არაფერი არ იყო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სიმონ კირკიტაძე, 2015 წელს კრწანისის სასწავლო ცენტრში გარდაცვლილი 22 წლის სამხედროს, გივი კირკიტაძის მამა. მას შვილის სიკვდილიდან თითქმის ათი წლის შემდეგაც იგივე კითხვები აქვს, რაც დასაწყისში.

სიმონ კირკიტაძის შვილი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ ჯარში კონტრაქტით მუშაობდა, 2015 წლის 10 ივნისს კრწანისის სასწავლო ცენტრთან მიტოვებულ შენობაში იპოვეს ჯარისკაცებმა ჩამომხრჩვალი. გამოძიება ამ საქმეზე ჯერ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაგრძელდა. შეიცვალა საგამოძიებო სტრუქტურებიც - ჯერ სამხედრო პოლიცია იძიებდა ამ საქმეს, შემდეგ რუსთავის პოლიცია.

2015 წელს გივი კირკიტაძის გარდა, კიდევ სხვა სამი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტი გახმაურდა. სამიდან ორ შემთხვევაში ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევდნენ.

  • 20 ივნისს, ხობის რაიონის სოფელ ყულევში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა 18 წლის რატი შამათავამ, რომელიც მანამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა და რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების საგუშაგოზე მსახურობდა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა სამკურნალოდ.
  • 1 სექტემბერს “ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითი, 23 წლის ტარიელ ფანჩულიძე, რომელმაც სავარაუდოდ საშტატო იარაღიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო საუბრობდა ჯარისკაცისგან დატოვებულ წერილზე, ოჯახი კი თვითმკვლელობას ჯარისკაცის ფინანსური პრობლემებით და თამაშებზე დამოკიდებულებით ხსნიდა. ფანჩულიძე წარმოშობით თერჯოლიდან იყო.
  • 24 ოქტომბერს, გორში, შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის I კლასის რიგითი, 33 წლის თამაზ თამარაშვილი გარდაიცვალა. ის დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან იყო. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ დაჭრილი ჯარისკაცი კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს - მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა. გამოძიების ვერსიით, მას იარაღი მძინარეს გაუვარდა. თამარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას არაეფექტურად მიიჩნევდა სახალხო დამცველი - მომხდარიდან 3 წლის შემდეგ გამოძიებას არც დაზარალებულად ჰყავდა ცნობილი დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები და არც ბრალდებული ჰყავდა გამოკვეთილი.

საქართველოში ბოლო წლებში სუიციდის შემთხვევების მატების ტენდენციაა. ამის პარალელურად ჯარისკაცების თვითმკვლელობის შემთხვევები კლებადია.

მეტი აჩვენე

რადიო თავისუფლების მიერ თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლიდან 2024 წლამდე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების ტერიტორიაზე სუიციდის 9 შემთხვევაა მომხდარი.

ამ სტატისტიკაში არ შედის ის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილი სამხედრო ობიექტების გარეთ იპოვეს. ბოლო ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 11 იანვარს მოხდა. 41 წლის კაპრალი ირაკლი აფრაიმაშვილი გორის სოფელ ახალშენის სასაფლაოსთან ახლოს, ტყეში ნახეს ჩამომხრჩვალი. ის გორში თავდაცვის სამინისტროს ქვეითთა პირველ ბრიგადაში მსახურობდა და სამხედრო სამსახურის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა.

ასევე ნახეთ 41 წლის კაპრალის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

სუიციდი გლობალური პრობლემაა და ითვლება, რომ ასეთ შემთხვევებში არ არსებობს რომელიმე ერთი კონკრეტული მიზეზი. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორები ერთდროულად. სუიციდის პრევენცია შესაძლებელია სუიციდის საშუალებებზე (იარაღი, მედიკამენტები) წვდომის შეზღუდვით, ფსიქიკური დახმარების, სტიგმის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013–2030 წწ. სამოქმედო გეგმით, ჯანმოს წევრმა ქვეყნებმა აიღეს 2030 წლისათვის ქვეყნებში სუიციდის მაჩვენებლის ერთი მესამედით შემცირების ვალდებულება.

ქართულ ჯარში სუიციდზე, როგორც პრობლემაზე, ღიად საუბარი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო, 2014 წელს კი იყო მცდელობა, დანერგილიყო სუიციდის პრევენციის პროგრამა. 2012-2015 წლებში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ოცამდე სამხედრომ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 2015 წელს ჯარისკაცების თვითმკვლელობის შემთხვევების მაღალ რიცხვს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით, ფინანსური და სოციალური პრობლემებით ხსნიდა. ამ დროს ქართულ ჯარში დაიწყო კამპანია “მხარი მხარს”, რომლის მიზანიც იყო სამხედროები ერთმანეთს დახმარებოდნენ. პარალელურად დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიური სერვისების გაუმჯობესებასა და სამხედროებისთვის სოციალური პაკეტების შექმნაზე.

“ერთი პერიოდი კარგი ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო [ქართულ ჯარში], ავღანეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მისიიდან დაბრუნებული სამხედროები სარგებლობდნენ მათი დახმარებით და ეს ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი. თუნდაც ორ წელიწადში ერთხელ ნებისმიერმა ჯარისკაცმა უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან კონსულტაცია იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის ომის შემდეგ ძალიან გამიჭირდა ჩემ თავთან მორევა და ახლაც დეპრესიული ფონის ქვეშ ვარ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აგვისტოს ომისა და ავღანეთის მისიის მონაწილე, სერჟანტი ვაჟა ცეცაძე.

ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან 2017 წლამდე მსახურობდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი მოხალისედ წავიდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში. ვაჟა ცეცაძე იხსენებს, რომ იყო პერიოდი, როცა თვითონაც ეჭვის თვალით უყურებდა ფსიქოლოგიურ დახმარებს, თუმცა ასაკთან და დაკარგული თანამებრძოლების რიცხვის ზრდასთან ერთად მიხვდა, რომ დახმარების გარეშე გაუჭირდებოდა გადარჩენა.

“[თავდაცვის სამინისტროში] ფსიქოლოგიის დეპარტამენტი ვერ ვიტყვი, რომ გაუქმდა, ქაღალდზე ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ იქ რეალურად სერიოზული ცვლილებები მოხდა გაუარესებისკენ ჩვენი წამოსვლის შემდეგ და ის პროგრამები, რომელიც დავიწყეთ, აღარ გაგრძელებულა”, - ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევის და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელსაც ხიდაშელი ახსენებს, 2017 წელს გაუქმდა სტრუქტურული რეორგანიზაციისას. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტებში კვლავ წერია, რომ მნიშვნელოვანია სამხედროების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თუმცა როგორ, ახსნილი აღარ არის.

“ჩვენ ზურგით ვდგავართ ამ პრობლემასთან და სხვა ქვეყანაში ამას სერიოზულად უყურებენ. თუ ამერიკულ და ბრიტანულ ჯარში აღიარებული პრობლემაა პოსტტრავმული აშლილობა, ყველა ამაზე საუბრობს და ყველა ამას ებრძვის, იმ ამერიკელი სამხედროს გვერდით იბრძოდა ქართველი ჯარისკაციც ავღანეთშიც და ერაყშიც”, - ამბობს თინა ხიდაშელი და ამატებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობზე ლაპარაკი ჯარშიც და საზოგადოებაშიც მიღებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატი წლებია ამბობს, რომ ჯარისკაცებს არ აქვთ კარგი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, ყოფილი სამხედროები კი კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და დემოტივაციაზე ლაპარაკობენ. ქართულ ჯარში პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკაც.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში თითქმის ყოველ წელს არის ჩანაწერი ამის შესახებ:

  • თავდაცვის ძალების ცალკეულ ბატალიონებში დისციპლინური გადაცდომების ჩადენის შემთხვევაში, დასჯის მიზნით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჯარისკაცებს აიძულებენ ირბინონ, აკეთონ ბუქნები და აზიდვები, ან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დარჩნენ სამხედრო ნაწილში.
  • ხშირია შემთხვევები, როცა ერთი ჯარისკაცის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მასთან ერთად ისჯება მთელი ოცეული პრინციპით “ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის”.
  • ჯარისკაცები თითქმის არასოდე ასაჩივრებენ არაფორმალური მეთოდებით მათ დასჯას - მიზეზი სისტემის მიმართ უნდობლობაა.

2020 წელს, იალღუჯას სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცები ზემდგომებმა აიძულეს მუხლებზე დაჩოქილებს საათების განმავლობაში ეხეხათ სამხედრო ობიექტის ტუალეტები კბილის ჯაგრისებით, ყაზარმის სრული შემადგენლობის თვალწინ.

“მეთაურს და სერჟანტს ჯარისკაცმა წესდებით გაწერილი პატივი იმის შიშით კი არ უნდა მიაგოს, რომ ის დაისჯება, არა, მათ ჯარისკაცმა პატივი მათი გავლილი ღირსეული სამხედრო ცხოვრებისა და ყოველდღიური სამსახურეობრივ მოვალეობაში გამოვლენილ მამაცობისთვის, ვაჟკაცობისთვის, ყოველდღიური სამსახურეობრივი ურთიერთდამოკიდებულებისათვის უნდა მიაგოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვაჟა ცეცაძე და ამატებს, რომ ჯარისკაცების ცხოვრება დღეს უფრო ჰგავს პატიმრების ცხოვრებას, რომლებიც ხშირად არიან დარჩენილები კონკრეტული ამოცანების გარეშე, რიგ შემთხვევებში გამოუცდელ ხელმძღვანელებთან ერთად.

“სამსახურში დადიან ვალდებულების გამო, რომ ის ორი კაპიკი შემოსავალი არ დაკარგონ. ყველა ჯარისკაცს აქვს ბანკის ვალი, ათასი პრობლემა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს მათზე”, - ამბობს ვაჟა ცეცაძე, რომელიც თვლის, რომ ჯარისკაცებისთვის მძიმე სოციალური პრობლემები გადაულახავი აღმოჩნდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითმკვლელობების შემთხვევაში შეიძლება სწორედ ესეც იყოს.

ჯარისკაცების თვითმკვლელობის გამოძიება, როგორც წესი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება - შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ამ მუხლით დაწყებული გამოძიებებების შემთხვევაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი თითქის არასოდეს აღემატება 2%-ს.

მეტი აჩვენე

ბოლო 7 წლის განმავლობაში ჯარისკაცების გახმაურებული მკვლელობები ღია წყაროების მიხედვით ასეთია:

  • 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ჯარისკაცი იოსებ ინასარიძე. გამოძიება აქაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მოტივზე მსჯელობდა, ოჯახი კი გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობდა და თვითმკვლელობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებდა. იოსებ ინასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში ცხოვრობდა. მისი მამა, გოჩა ინასარიძე შვილის გარდაცვალების შემდეგ ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შემთხვევის ადგილას სულ ოთხი გასროლილი ტყვია იპოვეს, რომელთაგან ორი ჰაერში იყო გასროლილი, ორი კი პირში ჰქონდა მოხვედრილი. "დასკვნაში ეწერა, რომ ტყვიების გარდა ჩემს შვილს გულმკერდის არეში ბლაგვი საგნითაც აქვს მიყენებული დაზიანება. დაჟეჟილობა, მკერდის დაბლა, გარდაცვლილს ჩვენც შევამჩნიეთ", - ამბობდა 2018 წელს გოჩა ინასარიძე “სამხრეთის კარიბჭესთან”.
  • 2019 წლის მაისში 25 წლის სამხედრო, ვლადიმერ მახათაძე იპოვეს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი. სამხედრო პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მახათაძე თავდაცვის ძალებში 2017 წლიდან მსახურობდა. ის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთიდან იყო.
  • 2019 წლის 15 მაისს, არასამსახურებრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, 34 წლის პაატა ჩხაიძე. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
  • 2021 წლის 3 მარტს ვაზიანში, მე-4 მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, 21 წლის ჯონი ძინძიბაძემ მო­რი­გე­ო­ბის დროს თა­ვი­სი­ვე ავტომატიდან მოიკლა თავი. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები, სადაც ჯარისკაცი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ამბობდნენ, რომ მას გამჭოლი ჭრილობა შუბლის და კეფის არეში ჰქონდა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა.
  • 2022 წლის 18 აპრილს სენაკის სამხედრო ბაზის საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს 21 წლის ჯარისკაცი, ჯონი ახალაია. თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მან თავი მოიკლა საკუთარი ავტომატით, რაც დგინდებოდა ვიდეოთვალთვალის გადაღებული კადრებით. გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას ამ შემთხვევაშიც საეჭვოდ მიიჩნევდნენ.
  • 2023 წლის აპრილში თავდაცვის სამინისტროს შენობაში ჩამოიხრჩო თავი აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტმა მამუკა მელაძემ. თავდაცვის სამინისტრომ თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახურ კონფლიტზე მიუთითა. 45 წლის სერჟანტის ოჯახი კი თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა. მამუკა მელაძე თავდაცვის ძალებში 20 წელი მსახურობდა.
  • 2023 წლის 9 ივნისს მარნეულის სამხედრო ბაზაზე საშტატო იარაღით მოიკლა თავი 18 წლის სამხედრომ, იუსიფ ნასიბოვმა. თავდაცვის სამინისტრო მაშინ ამბობდა, რომ რიგით სამხედროს იარაღი ნიკაპის არეში მიბჯენით ჰქონდა გასროლილი.
  • 2024 წლის 11 იანვარს გორის სოფელ ახალშენის სასაფლაოსთან, ნაძვნარ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს 41 წლის კაპრალი ირაკლი აფრაიმაშვილი. ოჯახის წევრებს და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ორი შვილი დარჩა, ახალციხეში 16 იანვარს დაკრძალეს - ექსპერტიზის პასუხები გამოძიებას ჯერ არ მიუღია.

საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
ბავშვთა დახმარების ხაზი: 11 61 11;
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05