ილია II-ის ეპისტოლეთა ნახევარსაუკუნოვანი ქრონიკა: ომები, პროტესტი, ოჯახი, რევოლუცია

„ომი და მშვიდობა, 9 აპრილი, ვარდების რევოლუცია, ოჯახი და უმცირესობები, ქალის როლი, ბირთვული კატასტროფის შიში, პანდემია. 1978 წლიდან 2026 წლამდე, ილია II-ის ეპისტოლეები ეხებოდა ამბებს, რომლებიც იმ მომენტში საქართველოში, ქუჩაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდებოდა.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეპისტოლეების ზოგიერთი გზავნილი ათწლეულების შემდეგაც უცვლელი დარჩა, ზოგი ეპოქის შესაბამისად იცვლებოდა, თუმცა მორწმუნეებიცა და ათეისტებიც ინტერესით ელოდებოდნენ, როგორ გამოეხმაურებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ისტორიისთვის გარდამტეხ მოვლენებს.

ეს ეპისტოლეები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანიც.

1979 წლის საშობაო ეპისტოლე - მიმართვა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს

ამ წლის ეპისტოლეში ილია მეორემ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართა და მოუწოდა, არ დაივიწყონ სამშობლო.

„გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს. ჩვენი საერთო მიზანია - ვიყოთ ერთად”.

ამ დროისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაციიდან, 1977 წლის 25 დეკემბრიდან, მხოლოდ 2 წელია გასული.

ილია მეორის ინტრონიზაცია, 1977 წელი

1982 წლის საშობაო ეპისტოლე - ოჯახზე, ქალის როლსა და აბორტზე

ოჯახს, მასში ქალის როლს და ცოლ-ქმრობის საიდუმლოს ილია მეორე არაერთ ეპისტოლეში დაუბრუნდება. თუმცა 1982 წლის საშობაო ეპისტოლეში ის წერს, რომ „ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს“.

შემდეგ კი მოსდევს განმარტება, რომ როგორც ეკლესიაა ქრისტეს დამორჩილებული, ასე უნდა იყოს ცოლიც ქმრის მორჩილი.

„ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა“, - წერია ამავე ეპისტოლეში. ხოლო ვინც დედობას, „თავის ძირითად მოვალეობას“ გაურბის, ასეთ ქალს „ეუფლება ეგოიზმი, ზედმეტი სიყვარული თავისი თავისა, სწრაფვა დროსტარებისაკენ, მას ეუფლებიან სხვადასხვა სახის ვნებანი და იმ უნაყოფო ხეს ემსგავსება, რომელზეც სახარებაშია საუბარი“.

ამ და მომდევნო წლების ეპისტოლეებშიც საქართველოს პატრიარქი ხშირად წერს აბორტზე, როგორც ცოდვასა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე.

„ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს".

1984 წლის საშობაო ეპისტოლე - მშვიდობა და ბირთვული ომი

ამ ეპისტოლეში ეკლესია მსოფლიოში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებს, „გამძაფრებულ საერთაშორისო მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ „გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება“:

„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე, დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია“.

ილია მეორე მშვიდობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს: „გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას“.

1989 წლის 9 აპრილი: თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა

1989 წლის სააღდგომო ეპისტოლე - 9 აპრილის ტრაგედია

„ჩვენთვის დღეს მაცხოვრის აღდგომის სიხარული 9 აპრილის ღამეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და მთიან აჭარაში სტიქიით მომხდარი უბედურების მწუხარებასთან არის წილნაყარი“, - ასე ეხმაურება ამ წლის ეპისტოლე 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ. იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე მიიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. საქართველომ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან ჩვენზედ დაკისრებული მისია იყო. ამისთვის ვმადლობთ ღმერთს“, - წერს ილია მეორე.

ასევე ნახეთ

„მამაო, შენ დარჩები ჩვენთან?“ - ილია მეორე და 9 აპრილის ღამე 

1990 წლის სააღდგომო ეპისტოლე - არეულობა და აქციები თბილისში

ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას ამ ეპისტოლეში გამორჩეულად დიდი ადგილი ეთმობა. ამ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები.

ამ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზვიად გამსახურდია.

„მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი, ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რომ კამათის დროს გადავდივართ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, არ ვერიდებით არც ცოცხალს, არც მკვდარს. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერიო. ჩვენ კი წარმართების დონემდეც ვერ ავმაღლებულვართ. ცუდის თქმას არ ვჯერდებით, მკვდრებს საფლავებშიც აღარ ვაყენებთ...

ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შედგეს ყველა პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა კრება, რომელიც გამოიმუშავებს პარტიების კამათის ეთიკის კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასათვის“.

სააღდგომო ეპისტოლე პარტიებს სთავაზობს ჩამოყალიბდეს „იდეათა ბანაკი", რომელიც განიხილავს ყველა წამოჭრილ საკითხს და წინადადებას და მთელი სამართლიანობით განსჯის მათ. პატრიარქის რჩევით, ორგანოს განაჩენი აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ამით, მისი აზრით, შეიცვლება მიტინგებისა და გაფიცვების სახით ევროპიდან შემოსული პროტესტის თუ აზრის გამოთქმის ფორმა, რომელმაც, მისი აზრით, „დრო მოჭამა, ხალხი შეეჩვია მას, დაიღალა და უკურეაქცია გაჩნდა“.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

1991 წლის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები: დამოუკიდებლობა, „თბილისის ომი“, პოლიტიკური კრიზისი

1989 წლის შემდეგ, ეპისტოლეებში სულ უფრო მეტი ეთმობა პოლიტიკას. 1991 წელს ილია მეორე „მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროს“ წერს, რომ დგება საშიშროება „დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა“:

„პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის“.

ეს ეპისტოლე გაერთიანებისკენ მოწოდებით სრულდება და მასში იკითხება მოახლოებული დაძაბულობის ნიშნებიც.

იმავე წლის სააღდგომო ეპისტოლეშიც რამდენჯერმეა მიმართვა მშვიდობის მოწოდებით.

„დღეს მე სიყვარულით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო: რუსებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ებრაელებო, ქურთებო, ესტონელებო და ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული საქართველოს მიწისა. თქვენ ხომ მრავალი წელია ქართველთა გვერდით ცხოვრობთ და ძმური ურთიერთობის გარდა მათგან სხვა არაფერი გინახავთ. გახსოვდეთ, საქართველო ადრეც გიცავდათ და კვლავაც დაგიცავთ. ხოლო ის, ვინც ჩვენს შორის ღვარძლსა და მტრობას სთესს, ჩვენი საერთო მტერია“.

ილია მეორე მიმართავს შიდა ქართლის მოსახლეობას - ქართველებს და ოსებს და სთხოვს მტრობისა და შუღლის შეწყვეტას.

„თქვენს შვილებს მომავალში ხომ ერთად მოუწევთ ცხოვრება, დაფიქრდით ამაზე, რას უმზადებთ მათ? მწამს, ღვთის წყალობით, დადგება მშვიდობიანი დრო და კვლავ ძმური ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის“.

1992 წელი, საშობაო ეპისტოლე: კონფლიქტი სამაჩაბლოში, „სამოქალაქო ომი“ თბილისში

„ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.

საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები“, - ასე ეხმაურება ამ ეპისტოლეში 1991 წელს განვითარებულ მოვლენებს ილია მეორე და წერს, რომ ამ მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა, ხოლო ადამიანები გაბოროტდნენ:

„მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.

განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?“

ომი აფხაზეთში, ფოტო არქივიდან

1993 წელი, სააღდგომო ეპისტოლე - ომის მემკვიდრეობა

ეს ეპისტოლე აფხაზეთის ომს ეხმაურება და მასში წერია, რომ მტყუანს და მართალს დრო წარმოაჩენს.

“ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან. დღეს მრავალი ჭაბუკი რწმენითა და მამულის წინაშე ზნეობრივი ვალის კარნახით იბრძვის. მართალია, დიდია ქვეყნის მთლიანობისათვის თავდადებულთა რიცხვი, მაგრამ გვჯერა, ღვთისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ისინი სასუფევლის ღირსნი გახდებიან და ქართველთა ზეციურ მხედრიონს შეუერთდებიან.

ჩვენ პატივს მივაგებთ იმ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც, თითქოს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის რწმენით დაეცნენ, სინამდვილეში კი გარეშე ძალების ბოროტი ზრახვების მსხვერპლნი გახდნენ“.

1997 წლის სააღდგომო ეპისტოლე - განათლება და სკოლის კრიტიკა

მშვიდობიან წლებში, ეპისტოლეებში ილია მეორე განათლების საკითხებსაც ეხება.

ამ წელს ის სკოლას აკრიტიკებს და წერს, რომ ქართული საშუალო სკოლა „კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს“. ხოლო მასწავლებლობა, რომელიც პატრიარქის სიტყვებით, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელ მსოფლიოში, საქართველოში სათანადოდ დაფასებული არ არის:

“ჩვენთან პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი. ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები“.

ამავე ეპისტოლეში ეკლესიას იდეა აქვს - იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვისო:

„ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა“.

2004 წლის საშობაო ეპისტოლე - ვარდების რევოლუცია

ნოემბრის მოვლენები და 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ 2004 წლის საშობაო ეპისტოლის მთავარი პოლიტიკური აქცენტი იყო. ილია მეორე წერს, რომ ამ მოვლენებით „დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა“:

„სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებული იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვიგულისხმოთ 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც. საერთოდ კი, დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა“, - წერს პატრიარქი ილია მეორე, რომლის აზრითაც, როგორც „ყოვლად გაუმართლებელი“ იყო ტოტალიტარული რეჟიმი, ასევე გაუმართლებელი იქნება „უკიდურესი ლიბერალიზმიც“.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას.. დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში“.

"ვარდების რევოლუციის" დღეები. ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის საშობაო ეპისტოლე - სამშობლოს არსი

ამ ეპისტოლეში ილია მეორე სამშობლოს არსზე ლაპარაკობს, კითხვას სვამს - რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას? და იქვე პასუხობს:

„ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი... საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები. საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი; საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია...

საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!

თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში“, - წერს ილია მეორე.

ამ წლის აგვისტოში საქართველოს თავს რუსეთის ფედერაცია დაესხმება და აგვისტოს ხუთდღიან ომს ასობით ადამიანი შეეწირება. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, თუმცა შედეგად რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რაც დღემდე საერთაშორისო დავის საგანია.

2010 წლის სააღდგომო ეპისტოლე - ტერიტორიული მთლიანობა

„ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო“, - წერს ამ წლის სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე და მიაჩნია, რომ საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, „მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს“.

„ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს“.

ეპისტოლის ამ ნაწილს ილია მეორე საქართველოს გაერთიანების იმედით ასრულებს.

ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების საკითხს ილია მეორე 2011 წლის საშობაო ეპისტოლეშიც შეეხება და დაწერს, რომ რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვსო:

„ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც“.

2013 წლის 17 მაისი

2014 წლის საშობაო ეპისტოლე - 17 მაისის ამბები

დიდი მოლოდინი იყო, გამოეხმაურებოდა თუ არა პატრიარქი თავის ეპისტოლეში 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს, როცა ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქტივისტს კონტრაქციის ათასობით მონაწილე და სასულიერო პირი ძალადობრივად დაუპირისპირდა.

„ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომლის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს“, - ეს ერთ-ერთი ციტატაა ამ წლის ეპისტოლიდან, რომელშიც ილია მეორე იმასაც წერს, რომ

მართალია, არჩევანის თავისუფლება „უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია“, მაგრამ, მისი სიტყვებით, ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ „თავისუფლებას“ შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

„დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია...

ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას - კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია“.

ბოლოს ლგბტქ თემის წევრებზე ილია მეორე წერს, ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდასო.

ამ საშობაო ეპისტოლეში ეკლესია სუროგატ ქალებსაც შეეხო:

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“, - წერს ილია მეორე.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების (COVID-19) რეანიმაცია. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო

2021 წლის საშობაო ეპისტოლე - პანდემია

„ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა“, - წერს საქართველოს პატრიარქი კორონავირუსის პანდემიაზე, რომელმაც შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.

„ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, - წერია ეპისტოლეში, - ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა."

პანდემიის პირველ ეტაპზე მთავრობამ რეკომენდაციები დააწესა, რომ შემცირებულიყო მასობრივი შეკრებები, თუმცა ეკლესიებში წირვა ძირითადად მაინც ტარდებოდა. მოგვიანებით იყო პერიოდები, როცა დისტანციის დაცვა, პირბადეები და სანიტარული წესები სავალდებულო გახდა.

2022 წლის სააღდგომო ეპისტოლე - ომი უკრაინაში

„დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ილია მეორე 2022 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.

მისი სიტყვებით, დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით საქართველოს მეზობლად, რუსეთის ომი უკრაინაში, „სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს, უდიდეს გულისტკივილს იწვევს“.

2024 წლის სააღდგომო ეპისტოლე: „აგენტების კანონის“, არჩევნების შემდგომი აქციების ფონზე

კათოლიკოს-პატრიარქის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლეს საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. ამ განსაკუთრებული ინტერესის მიზეზი „აგენტების კანონი“, მასშტაბური საპროტესტო აქციები და მათთან ხელისუფლების საპოლიციო ძალით დაპირისპირება გახდა.

ეპისტოლის ტექსტში პირდაპირი პოლიტიკური შეფასებები არ ყოფილა. მათ შორის, არც ხელისუფლების პოლიტიკის გამართლება „აგენტების კანონთან“ და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - წერია ეპისტოლეში.

Your browser doesn’t support HTML5

პატრიარქი უკანასკნელ გზაზე

ასევე ნახეთ

პატრიარქის ეპისტოლე და საპატრიარქოს ორი განცხადება - რა წერია და რა იგულისხმება?

2026 წლის საშობაო, ილია მეორის პატრიარქობის ბოლო ეპისტოლე - სიტყვის თავისუფლებაზე

„სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“, - წერია წლევანდელ ეპისტოლეში.

ილია მეორე თავისი სახელით გამოქვეყნებულ ბოლო ეპისტოლეში წერს, რომ უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და „ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ“.

ასევე ნახეთ

სახიფათო ქადაგებები - რას ისმენს მრევლი ამბიონიდან

ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში