იმედის ხელოვნების უმაღლესი ფორმა - Pop-Street-Art-ის იტალიელი პიონერი ბუჩასა და ირპენში

უკრაინის ეროვნულ ფერებში დახატული მტრედი ზეთისხილის ხის შტოთი მკვეთრ კონტრასტს ქმნის დამწვარ რუსულ ტანკთან. Tvboy უკრაინაში ჩავიდა და იქაურებს თავისი ნამუშევრები დაუტოვა - იმედის, მშვიდობისა და თავისუფლების გზავნილებით.  

Tvboy-მ უკრაინაში, კიევის მახლობლად, ადრე უცნობ, ომით ნაიარევ ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში შექმნა იმედის, მშვიდობისა და თავისუფლების გზავნილების შემცველი კედლის მხატვრობის ნიმუშების სერია. რუსეთის არმიას ბრალდება, რომ ამ ქალაქებში ომის დანაშაული ჩაიდინა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ომის პირველ თვეებში.

TvBoy-ს სინამდვილეში სალვატორ ბენინტენდე ჰქვია, დაიბადა პალერმოში, სიცილიელია. ის Pop-Street-Art-ის პიონერად ითვლება. 16 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი გრაფიტი „კრასტო“ სპრეი. 1999 წელს კი სამრეწველო დიზაინის შესწავლა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში ბასკეთში, ბილბაოში გადავიდა. იქ ერთი წელი ირიცხებოდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე და შემდეგ მშობლიურ იტალიას დაუბრუნდა. როგორც ხელოვანი, ჩამოყალიბდა იტალიის ჩრდილოეთში და ბასკეთში. ცხოვრობს ორ სამხრეთევროპულ ქვეყანაში - იტალიასა და ესპანეთში.

ყოველთვის ასე თვლიდა და ახლა, უკრაინაში, ომის დროს, განსაკუთრებული ძალა აქვს მის კრედოს, რომ იმედი ხელოვნების უმაღლესი ფორმაა. ასე შეაქვს სხივი მას ომით ნაიარევ ქალაქებსა და სოფლებში.

ქალი და ბავშვი Tvboys-ს ნახატთან, რომელზეც გამოსახულია გოგონა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოს ხატავს ბუჩის სკოლის კედელზე.

იტალიური ნეო-პოპის მოძრაობის წარმომადგენელმა, Tvboy-მ, რომელსაც ასეულათასობით მიმდევარი ჰყავს სოციალურ მედიაში, თავისი გამოცდილების შესახებ დაწერა: "მხოლოდ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ გავიგე მართლა ამ ხალხის ძალა და სიმამაცე".

ერთ გამოფენაზე მან ძველი - გადაყრილი ტელევიზორები გამოიყენა თავისი გრაფიტის შაბლონად და გაჩნდა ზედმეტსახელი - ფსევდონიმი "TvBoy", დაიბადა შესაბამისი ფიგურა.

Tvboy-ს მიერ შექმნილი მშვიდობის მტრედი ამშვენებს კედელს ირპენში.

"ამ ომის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის გამოსახატად, მინდოდა დამეტოვებინა ნიშანი იმისა, რომ კიევის, ბუჩისა და ირპენის, რუსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ამ ქალაქების ქუჩებში გავიარე“, - წერს შემდგომ Tvboy.

„მშვიდობის მტრედის“ ხატვა პირველმა პაბლო პიკასომ დაიწყო. მისი „მტრედი“, სხვათა შორის, სამშვიდობო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა 1949 წლის აპრილში, პარიზის მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის შემდეგ. ხელოვანმა თავის მეოთხე ქალიშვილს პალომა დაარქვა, რაც ესპანურად „მტრედს“ ნიშნავს.

Tvboy-ს კიდევ ერთი კედლის ნახატი ბუჩაში ბავშვის გამოსახულებით, რომელიც ომის საწინააღმდეგო ლოზუნგს ხატავს.

"გზავნილი, რომელსაც ხელოვნების თითოეული ნამუშევარი შეიცავს, არის აღორძინებისა და იმედის გზავნილი, სურვილი იმისა, რომ კონფლიქტი დასრულდეს რაც შეიძლება მალე", - დაწერა Tvboy-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უკრაინის თემა მისთვის ახალი არ არის, Tvboy-ს ეკუთვნის ანტისაომარ, ანტირასისტულ და ანტიდისკრიმინაციულ თემებზე შექმნილი ნამუშევრები.

ოთხი წლის ანასტასია ჰბაძავს ბუჩაში კედელზე დახატულ ბავშვს, რომელიც ცეცხლს ეფიცხება. პალერმოში დაბადებული მხატვარი ამბობს, რომ შთააგონა ამერიკულმა პოპ-არტმა და საზოგადოებრივ სივრცეში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. ის ავტორია სოციალურ პრობლემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებებისა. მათ შორისაა ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი ნახატი სახელწოდებით: „მეტი ყვავილი, ნაკლები ავტომანქანა“, ასევე გენდერული თანასწორობისკენ მოწოდების შემცველი „ღმერთი ქალია“ და „მომავალი მდედრობითი სქესისაა“.

გამვლელი კედლის ნახატთან, რომელზეც ასაკოვანი ქალია გამოსახული. ის ევროპის კავშირისა და უკრაინის დროშებს აკერებს ერთმანეთს. ნახატი შესრულებულია დროებით დამხმარე სადგურთან, ე.წ. "უძლეველობის წერტილთან", რომელიც მოსახლეობას გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფს მათი გათიშვის დროს.

კედლის კიდევ ერთი ნახატი - მამაკაცი და პატარა ბავშვი ბუშტით - იპყრობს გამვლელი მამაკაცისა და პატარა ბავშვის ყურადღებას "უძლეველობის" კიდევ ერთი წერტილის კედელზე ბუჩის ცენტრში.

Tvboy-ს კიდევ ერთი ნახატი, რომელზეც გამოსახულია პატარა გოგონა და ჯარისკაცი ომის შედეგად დაზიანებული კულტურის სახლის კედელზე ირპენში, ქალაქში, რომელიც დაზარალდა რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის შედეგად.