მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ შესთავაზა პარასკევს, 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, სადაც ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად, შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა“, – თქვა აქციაზე ეთერ თურაძემ.
ასევე ნახეთ "ყოველთვის შეიძლება რაღაც გართულება იყოს" - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის მდგომარეობაზეირაკლი კობახიძემ კი ამის პასუხად განაცხადა, რომ „ბათუმელების“ წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ:
„მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ.
თუ ვინმეს უნდა, გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით“, - თქვა ბათუმში ჩასულმა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, კაია კალასის მხარდამჭერ განცხადებას მზია ამაღლობელის შესახებ.
„მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა 7 თებერვალს ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
ასევე ნახეთ მზია ამაღლობელი ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიირაკლი კობახიძე კაია კალასის ნათქვამს „სამარცხვინო ტყუილს“ უწოდებს და ამბობს, რომ სიცრუეა, „რომ თითქოს ჟურნალისტი აზრის თავისუფალი გამოხატვის გამო ზის ციხეში“.
„ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ვერ გვექნება ვერანაირი რეაგირება“, - დასძინა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.
მზია ამაღლობელის საქმე
დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა, შიმშილობს. იგი 5 თებერვალს რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ პოლიციელზე თავდასხმის 6 საქმე, როცა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდესის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც 7 თებერვალს კლინიკაში მოინახულა ამაღლობელი, თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას.
„მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე.
ასევე ნახეთ ორი მოშიმშილე ჟურნალისტი ქართულ ციხეში - შეუძლია სისტემას, მათ ჭამა აიძულოს?