„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას „კონტრკამპანია დასჭირდა, რათა ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია შეეჩერებინა“. ამ კამპანიის მონაწილეებად ის ასახელებს ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პრემიერ-მინისტრის ეს შეფასება მოჰყვა პროსახელისუფლებო „იმედის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ფეისბუკსტატუსი წაუკითხა.
„პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“, - დაწერა გიგი უგულავამ.
„ეს არ იყო ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი სპექტრი - პარტიული სპექტრი, მედია და ენჯეოები. ყველა ერთად იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა, მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისთვის და საბოლოოდ მივაღწიეთ მიზანს...შევაჩერეთ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა „დიდი ძალისხმევის გაწევასა“ და „კონტრკამპანიაში“.
„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას: რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედაეკლესიას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წარმატებაზე ამბიცია ვეღარ გექნება“, - ამბობს ის.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებისა და პატრიარქის არჩევნებში ჩარევის მცდელობის ბრალდებებს უყენებენ.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2026 წლის 3 აპრილს განაცხადა, რომ აკვირდებიან, როგორ აშუქებს რამდენიმე მედიასაშუალება საპატრიარქოს ამბებს და ამას „გარე ჩარევების მცდელობად“ აფასებს.
პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ამ კონტექსტში დაასახელა რადიო თავისუფლება, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „პუბლიკა“.
ასევე ნახეთ
შალვა პაპუაშვილის თქმით, აკვირდებიან, როგორ აშუქებს მედია სინოდის საქმიანობასპატრიარქობის კანდიდატების არჩევამდე სინოდის წევრი მღვდელმთავრებიც აცხადებდნენ, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის ჩარევდნენ. არც ერთ მათგანს, გარდა ბოდბელი ეპისკოპოსისა [იაკობ აქიაშვილი], არ დაუკონკრეტებია ამ გაფრთხილებების ადრესატი.
ასევე ნახეთ
სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის ჩარევენ2026 წლის 19 აპრილს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და მის წარმომადგენლებს მოუწოდა, „პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ აღმოჩნდებიან“.
„კიდევ კარგი კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ. ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან და არ შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ... ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ და შეხედეთ, ვინ დაგრჩებათ მერე. ეკლესიაში ჩვენს განწყობას გეუბნებით. კარგა ხანია ვუყურებთ და თუ ვდუმდით, აღარ ვიქნებით გაჩერებულები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ [პატრიარქად], შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყოს და გარეთაც ყველასთვის, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს, ესეც კარგად იცოდეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ასევე ნახეთ
უვიცობის გამოა... ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან - მეუფე იაკობმა ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკამთავარეპისკოპოსმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
„ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
პატრიარქობის კანდიდატები
2026 წლის 28 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე დასახელებული პატრიარქობის რამდენიმე კანდიდატიდან სამი გამოარჩიეს.
20 ხმა ერგო საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე შიო მუჯირს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს;
7 ხმა - გრიგოლ ბერბიჭაშვილს, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტს;
7 ხმა - იობ აქიაშვილს, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს.
პატრიარქი დასახელებული სამიდან ერთ-ერთი გახდება.
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ეპისკოპოსებს, დანიელ დათუაშვილსა და ისაია ჭანტურიას, - “ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის” გამო.
სხვა დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე.
საბოლოო კენჭისყრის თარიღი მალე გამოცხადდება.