ირანის მესამე "გუშაგთა" რესპუბლიკა - რა შეცვალა ომმა, რას შეცვლის ზავი?

ირანის სამი სასულიერო ლიდერი: (მარჯვნიდან მარცხნივ) რუჰოლა ხომეინი, ალი ხამენეი, მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეი და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლი. ფოტოილუსტრაცია.

"იქ, სადაც ზოგიერთ სახელმწიფოს ჰყავს არმია, პრუსიის არმიას ჰყავს სახელმწიფო" - ამ ციტატას ფრანგ ფილოსოფოსს ვოლტერს მიაწერენ, რომელიც თავის მხრივ პრუსიის სამეფოში ფრიდრიხ ვილჰელმის მმართველობას აღწერდა. დღეს იგივე შეიძლება ითქვას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე ირანში. დიდხანს გაგრძელდება ასე?

პირველი დარტყმა

ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომი 28 თებერვლის დილის საათებში, უმაღლესი სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენციაში მიმდინარე თათბირზე საჰაერო დარტყმით დაიწყო. ამ დარტყმების შემდეგმა ტალღებმა ხამენეის გარდა გაანადგურა ირანის ათობით უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; დიდი ზიანი მიაყენა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, სამხედრო-საზღვაო ფლოტს, სხვა კონვენციურ და ასიმეტრიულ სამხედრო შესაძლებლობებს, თუმცა ირანმა შეინარჩუნა ბერკეტი - რეგიონის ენერგორესურსების მთავარი არხის, ჰორმუზის სრუტის კონტროლი.

17 ივნისს გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებისა და ირანის შეთანხმების მემორანდუმის ტექსტი ომის დასრულების შესახებ.

შეთანხმება ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენას, 60-დღიან ზავს, მათ შორის ლიბანშიც და მოლაპარაკებების დაწყებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. მიმდინარე შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და პროქსი დაჯგუფებებზე და შინაარსით მემორანდუმი შედარებით მოკრძალებულია, ვიდრე აშშ-სა და ისრაელის მიერ თავდაპირველად გაცხადებული მიზნები.

მიზიდულობის კანონი

ომის განმავლობაში ირანში ახალი უმაღლესი ლიდერი აირჩიეს - კვლავ ხამენეი - 86 წლის მოკლული აიათოლას 56 წლის შვილი მოჯთაბა. ახალი რაჰბარი საჯაროდ ამ დრომდე არ გამოჩენილა და მედიის ცნობით, პირველივე საჰაერო დარტყმის შემდეგ, მძიმედ დაჭრილი უნდა იყოს, მაგრამ ცხადია, მისი არჩევა მკაფიო სიგნალს შეიცავდა - ისლამური რესპუბლიკა დათმობებზე წასვლას არ აპირებდა, მზად იყო გაეგრძელებინა ბრძოლა და ალი ხამენეის გზა.

რეჟიმს შესაძლოა არ ემუქრებოდეს მყისიერი კოლაფსის საფრთხე, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ მისი ბუნებისთვის ეს გარდაუვალი იქნებოდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პროცესი უკვე დაწყებული იყო და კონფლიქტმა დააჩქარა - როდესაც ომია და გარედან წნეხიც იზრდება, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების მიზიდულობის ცენტრი ის ინსტიტუციებია, რომლებსაც რესურსების მობილიზება შეუძლიათ, ინარჩუნებენ დისციპლინას და არიან საპასუხო ზომების მთავარი კოორდინატორები.

თანამედროვე ირანში ასეთი მხოლოდ ერთადერთი ინსტიტუტია - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელმაც გასული ათწლეულების განმავლობაში პარალელური ძალაუფლების სრულფასოვანი სისტემა შექმნა. ახალ ლიდერად მოჯთაბას არჩევით, სახელმწიფოს შემდეგ, გუშაგთა კორპუსმა თავისი უმაღლესი სასულიერო ლიდერიც შეიძინა.

გუშაგთა კორპუსის მზარდი გავლენა დადასტურდა ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესშიც - Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, ვაშინგტონთან მოლაპარაკებების პროცესში გადამწყვეტი სიტყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, აჰმედ ვაჰიდის ეკუთვნოდა და სწორედ ის იღებდა საკვანძო გადაწყვეტილებებს.


მეორე ისლამური რესპუბლიკა

აიათოლა ხომეინის შეხვედრა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლებთან (ფოტოს თარიღი უცნობია)

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ისლამური რესპუბლიკა აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხედვითა და სულისკვეთებით შემუშავებულ, შიიტური ისლამის უნიკალურ ინტერპრეტაციას დაეფუძნა: ველაიათ-ე ფაყიჰი - სახელმწიფო მოწყობის სისტემა, სადაც ძალაუფლებას საღვთო კანონის მცოდნეები, ისლამის იურისტები ფლობენ.

ხომეინის კონცეფციის მიზანი იყო "დამალული იმამის" არყოფნის პირობებში გაემართლებინა ცენტრალიზებული რელიგიური მმართველობის საჭიროება. შიიტური რწმენით, სანამ მე-12 დამალული იმამი დაბრუნდება და მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს, საზოგადოებას სათავეში უნდა ჩაუდგეს საღვთო სამართლის ყველაზე ავტორიტეტული სწავლული, რომელიც ქვეყანას ისლამისა და შიიზმის სახელით მართავს.

მთავარ სირთულეს ის ქმნიდა, რომ სისტემას იმთავითვე ხომეინის უნიკალური საზოგადოებრივი და რელიგიურ სტატუსი კრავდა. ამ კონცეფციას სრულად მისი მოსწავლეებიც არ იზიარებდნენ - არცერთ მათგანს არ ჰქონდა საჭირო თეოლოგიური სტატუსი მის მემკვიდრედ გამოსაცხადებლად. შესაბამისად, 1989 წელს ხომეინის გარდაცვალებამ მის მიერ აგებული სისტემის ცენტრალური პრინციპიდან გადახვევის აუცილებლობა შექმნა.

ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის არჩევა შესაძლებელი მხოლოდ ნაჩქარევი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გახდა. ხამენეის არ ჰქონდა არათუ უმაღლესი, მარჯას სტატუსი, ის არჩევის მომენტში აიათოლაც არ იყო. ხომეინის დოქტრინის საპირისპიროდ თეოლოგიური ძალაუფლება განცალკევდა პოლიტიკურისგან, რაც შეცვლილ კონსტიტუციაში აისახა.

არაერთი ანალიტიკოსის აზრით, ამ მომენტიდან მოყოლებული არსებობა შეწყვიტა პირველმა ისლამურმა რესპუბლიკამ და საფუძველი დაედო მეორეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება კვლავ კლერიკალებს ეკუთვნოდა, უპირატესობა აღარ ენიჭებოდა უმაღლესი სტატუსის მქონე თეოლოგიურ ავტორიტეტს.

საჭირო თეოლოგიური სტატუსის არ ქონის დასაბალანსებლად ალი ხამენეის ახალი პოლიტიკური ალიანსები სჭირდებოდა და სწორედ ამ მომენტში ჩნდება პოლიტიკურ სცენაზე გუშაგთა კორპუსი, რომლის გავლენა დროთა განმავლობაში განუხრელად გაიზრდება და ხამენეის თითქმის 37-წლიანი მმართველობის პირობებში ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბოძი გახდება.

დასაწყისი

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალური ისტორიოგრაფიის მიხედვით, უწყება 1979 წლის 22 აპრილს, აიათოლა ხომეინის საგანგებო განკარგულებით დაარსდა. ორგანიზაციას ერთი დამფუძნებელი არ ჰყოლია, გუშაგთა კორპუსი რევოლუციურ ქაოსში და მის შედეგად, დაახლოებით იმ დროს წარმოიქმნა, როდესაც ირანის რეგულარულმა არმიამ (არტეში) ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

შაჰის მრავალფეროვან ოპოზიციაში ყველაზე ორგანიზებულები მარქსიზმის სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიმდევარი და ისლამისტური ახალგაზრდული ჯგუფები იყვნენ. რევოლუციურ ქაოსში მათ დაიკავეს პოლიციის პოსტები, სამხედრო ბაზები და ხელთ იგდეს შეიარაღება, ისინი ძალაუფლების ვაკუუმის შესავსებად ემზადებოდნენ.

ისლამისტი, ხომეინის მიმართ ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდები 4 ჯგუფად იყოფოდნენ, სწორედ მათმა გაერთიანებამ შექმნა ის რაც დღეს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახელითაა ცნობილი და სწორედ ამ გაერთიანებას დაუჭირა მხარი თავისი განკარგულებით განკარგულებით ხომეინიმ 1979 წლის 22 აპრილს.

ხომეინი არ ენდობოდა არმიას და ეშინოდა 1953 წელს, პრემიერ-მინისტრის მოჰამად მოსადეყის წინააღმდეგ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი მსგავსი სამხედრო გადატრიალების. ამასთანავე, ხომეინიმ იცოდა, რომ რევოლუციის პროცესში მის მოკავშირე მარქსისტებთან რევოლუციის დასრულების შემდეგ დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ამგვარად, გუშაგები არამხოლოდ დააბალანსებდნენ რეგულარულ არმიას, არამედ დაეხმარებოდნენ მას ძალაუფლების კონსოლიდაციაში და მოწინააღმდეგეების განეიტრალებაში.

ახლად შექმნილმა უწყებამ მალევე შექმნა თავისი წესდება, რომლის მიხედვით გუშაგთა კორპუსი არის ლაშქარი ისლამური რევოლუციის გარე მტრებისგან და მისი ლიდერების შიდა მტრებისგან დასაცავად. უწყებას ჰქონდა სადაზვერვო ფუნქციაც. გუშაგები დებდნენ პირობას, რომ დაეხმარებოდნენ "სამართლიანობის მაძიებელ, ჩაგრულ მოძრაობებს" მთელ მსოფლიოში.

დაჯგუფების ლიდერებმა მალევე შეძლეს ახალი უწყების ლობირება ექსპერტთა საბჭოში, რომელიც ამ დროს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობდა. შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაში გაჩნდა 150-ე მუხლი "რევოლუციის მცველი გუშაგთა არმიის შესახებ, რომელიც უნდა შენარჩუნებულიყო თავისი მისიის, რევოლუციისა და მისი მიღწევების შესანარჩუნებლად."

სხვა სიტყვებით: გუშაგთა კორპუსი აღარ იყო, დროებითი, გარდამავალი მთავრობის უწყება, მას კონსტიტუციური სტატუსი მიენიჭა, რამაც პოლიტიკაში მათი ჩარევის წინაპირობა შექმნა. მეტიც, 147-ე მუხლით გუშაგთა კორპუსის ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვის კარიც გაიღო - იქ ეწერა, რომ მშვიდობიანობის დროს, გუშაგთა კორპუსის პირადი შემადგენლობა და მათი რესურსები ხელმძღვანელობას ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გამოეყენებინა.

კონსტიტუცია, რომელსაც საყოველთაო რეფერენდუმზე 1979 წლის 24 ოქტომბერს დაუჭირეს მხარი, მეჯლისმა 1982 წლის 6 სექტემბერს მიიღო. ამ დროიდან მოყოლებული გუშაგთა კორპუსის ჩარევა და მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში სამართლებრივად ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

გუშაგებისთვის მინიჭებული ფართო უფლებების მიუხედავად, ხომეინის ქარიზმისა და რევოლუციის არქიტექტორის უპირობო ავტორიტეტის ფონზე მათი გავლენა შეზღუდული იყო. ძალთა ბალანსი პირველად 1980 წლის 23 იანვარს მას შემდეგ შეიცვალა, რაც აიათოლა ხომეინი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა.

ალი ხამენეი (მარცხნივ) აჰმედ ხომეინი (შუაში) და ჰაშემი აქბარ რაფსანჯანი

იმამის ავადმყოფობის გამო მისი გარემოცვის უახლოესმა წევრებმა საგანგებო კაბინეტი ჩამოაყალიბეს. მასში შედიოდნენ: ჰაშემი აქბარ რაფსანჯანი (მეჯლისის სპიკერი და მომავალი პრეზიდენტი), ალი ხამენეი (პარასკევის ლოცვის წინამძღოლი და მომავალი რაჰბარი), აბდულ-კარიმ მუსავი არდებილი (მართლმსაჯულების სისტემის უფროსი) და ხომეინის ვაჟი, აჰმადი. ოფიციალური დოკუმენტების დასადასტურებლად აჰმადი მამის ბეჭედს იყენებდა.

კვარტეტმა გავლენა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ხომეინი იმავე წლის მარტში საავადმყოფოდან გაწერეს. ოთხეული სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა გუშაგთა კორპუსს. ამ წლებში გუშაგებმა საჰაერო ძალების დახმარებით ჩაახშეს სეპარატისტული გამოსვლები პროვინციებში, კუთხეში მიიმწყვდიეს და გაანადგურეს რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიციის ნარჩენები და წამყვანი როლი შეასრულეს ქვეყნის მობილიზებაში 1980 წლის სექტემბერში ერაყის შეჭრის შემდეგ.

ქვეყნის საზღვრებს მიღმა გუშაგთა კორპუსმა გააცოცხლა იმპერიული ირანის ტრადიცია და დაიწყო პროქსი დაჯგუფებების კულტივირება ერაყში, ლიბანში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში და მის მიღმა. თუ 1981 წელს გუშაგთა კორპუსს სულ 20-30 ათასი წევრი ჰყავდა, 1988 წელს მათმა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა, დაჯგუფება მძლავრ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის გავლენა არ შემოიფარგლებოდა ირანის საზღვრებით, ლიბანური ჰეზბოლა მათ ყველაზე მძლავრ და დიდ პროქსი დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.

ირანის შიგნით ძალთა ბალანსი გუშაგებისკენ იხრებოდა. მიუხედავად ამისა, გავლენიანი კვარტეტი ახერხებდა მათ მოთოკვას და შეძლო გუშაგთა კორპუსის ნეიტრალიზება ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევის პროცესში. თავდაპირველად, კვარტეტი შეეცადა უზენაესი სასულიერო ლიდერის თანამდებობა ლიდერთა საბჭოთი ჩაენაცვლებინათ, რომლის წევრებიც თავად იქნებოდნენ, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო ექსპერტთა საბჭო.

ჰაშემი აქბარ რაფნსანჯანიმ მოკავშირეებთან ერთად სათადარიგო გეგმა აამოქმედა: უმაღლეს ლიდერად მან შესაბამისი თეოლოგიური ხარისხის არმქონე ალი ხამენეი გაიყვანა, პარალელურად გაიტანა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებები და პოსტი თავად დაიკავა.

რაფსანჯანი ფიქრობდა, რომ ერთის მხრივ შეძლებდა ხამენეის მანიპულირებას და მეორეს მხრივ, გუშაგთა კორპუსის გავლენის შეზღუდვას, მაგრამ საბოლოოდ რაფსანჯანის და ყველა შემდგომ პრეზიდენტს ჭკუაში ალი ხამენეიმ აჯობა, რომელმაც გუშაგებთან მოულოდნელი კოალიციით პრაქტიკულად მიიტაცა სახელმწიფო.

აღზევება

2 საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რაფსანჯანი და მისი ტექნოკრატიული მთავრობა, დენ სიაოპინის მიერ ჩინეთში გატარებულ რეფორმებით იყო შთაგონებული, ცდილობდა პოსტ-რევოლუციური ირანი "ნორმალურ სახელმწიფოდ" გარდაექმნა - გაეხსნა ეკონომიკა და განევითარებინა პოლიტიკური სისტემა დემოკრატიზების გარეშე.

რაფსანჯანი ცდილობდა რეფორმებისკენ მიემხრო გუშაგთა კორპუსიც. პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ის გამოვიდა ინიციატივით გუშაგთა კორპუსი რეგულარულ არმიასთან შერწყმულიყო. უზენაეს ლიდერად არჩევამდე ხამენეი ემხრობოდა ამ იდეას, თუმცა შეცვლილ გარემოებებში ინიციატივას ვეტო დაადო. ხამენეი შიშობდა, რომ მის მიმართ ლოიალური ძალოვანი რესურსის გარეშე ერთ დღესაც რაფსანჯანი მას ისევე ჩამოაშორებდა ძალაუფლებას როგორც მის მიტაცებაში დაეხმარა.

არმიისა და ირგკ-ს შერწყმის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ რაფსანჯანიმ გუშაგთა მოქრთამვა გადაწყვიტა. ერაყთან მძიმე ომის შემდეგ, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის მომგებიანი კონტრაქტები 1989 წელს დაარსებულმა გუშაგთა კორპუსის საინჟინრო ძალებმა მიიღეს, რომელიც დღეს ხათამ ალ-ანბიას (Khatam Al-Anbiya) სახელით ცნობილი უმსხვილესი კონგლომერაციაა.

რაფსანჯანის გათვლა ნაწილობრივ გამართლდა, მისი პრეზიდენტობის წლებში გუშაგთა კორპუსი პოლიტიკაში იშვიათად ერეოდა, თუმცა გაზრდილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ფონზე პრაქტიკულად აღარ დარჩა ირგკ-ზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ბიზნეს ინტერესების დასაცავად პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩარევის საფუძველი შექმნა.

პოლიტიკაში ჩარევის საჭიროება გუშაგთა კორპუსისთვის რაფსანჯანის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. 1997 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სენსაციურად გაიმარჯვა რეფორმისტმა კანდიდატმა, მოჰამად ჰათამიმ, რომელმაც პირველივე ტურში ხმათა თითქმის 70% მიიღო.

მოჰამად ჰათამი (შუაში) აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი

არათანაბარი საარჩევნო გარემოს, მედიაში მცირე დროისა და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ჰათამის რეფორმატორულმა რიტორიკამ, პერსონალურმა ქარიზმამ და პოლიტიკის დემოკრატიზაციის დაპირებამ ქვეყნის განათლებული, ურბანული კლასის მხარდაჭერა მოუპოვა. ჰათამი მოსახლეობას სთავაზობდა უკან დაეტოვებინათ რევოლუცია, ომი, რაფსანჯანის ავტორიტარიზმი და ფოკუსი მომავალზე გაესწორებინათ.

გუშაგთა კორპუსმა ჰათამისთან პოლიტიკური ბრძოლა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მეთაურმა ღიად დაუჭირა მხარი ულტრა-კონსერვატორ კანდიდატს, ალი აქბარ ნათექ-ნურის.

უკვე ჰათამის გამარჯვების შემდეგ, ირგკ-ს მაშინდელმა სარდალმა, გენერალმა, იაჰია საფავიმ გახმაურებულ საგაზეთო ინტერვიუში ზოგიერთი რეფორმისტი პოლიტიკოსი ფარისევლებად (რედ. მუნაფიქ) მოიხსენია და განაცხადა, რომ ისინი ვინც ისლამური რესპუბლიკის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან, სიკვდილით უნდა დაისაჯონ. ამავე ინტერვიუში საფავიმ ხაზი გაუსვა, რომ გუშაგთა კორპუსი მხოლოდ უზენაესი ლიდერის მიმართაა ლოიალური და მხოლოდ მას ემორჩილება.

ხამენეი, მოჰამად ჰათამის მიხაილ გორბაჩოვის ირანულ ეკვივალენტად მიიჩნევდა, რომლის ლიბერალურ რეფორმებს პოტენციურად სისტემის ჩამოშლა შეეძლო. ხამენეის შიშები 1999 წელს, სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების დროს მატერიალიზდა - ახალგაზრდები აპროტესტებდნენ ცენზურას, ითხოვდნენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებას. ჰათამის არ სურდა საპროტესტო გამოსვლების დაშლა, რომელთა მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა მისი ამომრჩეველი იყო.

ამ მომენტში გუშაგთა კორპუსის 24 მეთაურმა ღია წერილით მიმართა ჰათამის, რომელშიც აფრთხილებდნენ, რომ მათი მოთმინება იწურებოდა და პრეზიდენტის უმოქმედობის შემთხვევაში ვითარებაზე კონტროლს თავად დაამყარებდნენ. არსებითად ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების დაანონსება. საბოლოოდ საპროტესტო გამოსვლები ირანის პოლიციამ დაშალა, თუმცა ამ დროიდან მოყოლებული ხამენეიმ გუშაგების მეშვეობით ჰათამის პრეზიდენტობის საბოტაჟის ბერკეტი მიიღო.

ამავე პერიოდში გუშაგთა კორპუსმა პრაგმატიზმი გამოავლინა, მათ არამხოლოდ დაგმეს 11 სექტემბრის ტერაქტები, არამედ შტატებს თალიბების შესახებ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციაც მიაწოდეს. ეს ტაქტიკური ალიანსი მას შემდეგ დასრულდა, რაც 2002 წელს, კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ჯორჯ ბუშმა ირანი ბოროტების ღერძის (Axis of Evil) ნაწილად მოიხსენია.

ხამენეიმ და გუშაგებმა გადაწყვიტეს 2003 წელს ერაყში ამერიკის ინტერვენციით გამოწვეული ალყაში მოქცევის საფრთხე შესაძლებლობად გარდაექმნათ და ერაყში პროქსი დაჯგუფებების შეიარაღება დაიწყეს. ამგვარად ისინი ფიქრობდნენ, ვაშინგტონის შეკავებას, რომელიც ერაყის მსგავსად ირანსაც ადანაშაულებდა მასობრივი განადგურების იარაღის შენახვაში.

კონსოლიდაცია

ჰათამის რეფორმისტული 2 საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, ხამენეის და გუშაგებისთვის პოლიტიკური რევანშის დრო დადგა. მათი ყოვლისმომცველი მხარდაჭერით ირანის ახალი პრეზიდენტი წარსულში ბასიჯთა კორპუსის (ირგკ-ს მოხალისეობრივი, პარამილიტარული ფრთა) ყოფილი წევრი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი გახდა. ხამენეის კურთხევით აჰმადინეჯადმა არჩევნებში აქბარ ჰაშემ რაფსანჯანი დაამარცხა. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო გუშაგთა კორპუსის გავლენების ფორმალიზაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აჰმადინეჯადი და გუშაგთა კორპუსის ელიტური, ყუდსის ძალების მეთაური, ყასეიმ სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში შეერთებულ შტატებთან “ისლამური რესპუბლიკის შეურიგებელი წინააღმდეგობის” მთავარი სახეები გახდნენ.

მერჰად ბერუჯერდისა და ქუროშ რაჰიმხანის წიგნის, "პოსტრევოლუციური ირანის" მიხედვით, აჰმადინეჯადის პირველი მთავრობის 45 წევრიდან 18 გუშაგთა კორპუსის წევრი იყო. ხოლო მის მეორე მთავრობაში ირგკ-სთან 42-დან 19 მინისტრი იყო დაკავშირებული.

გუშაგთა პოლიტიკური გავლენის ფორმალიზების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2007 წელს ირგკ-ს სარდლად მოჰამად ალი-ჯაფარის დანიშვნა. თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ჯაფარიმ ხაზი გაუსვა, რომ ირგკ არ არის "ერთგანზომილებიანი სამხედრო ორგანიზაცია" და რომ ის იდეოლოგიური და პოლიტიკური უწყებაა, რომლის მიზანია დაიცვას რევოლუცია და მისი მიღწევები შიდა მტრებისგან.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი ბასიჯთა კორპუსის ყრილობაზე, თეირანი 7 მაისი, 2006 წელი

თუ თავდაპირველად ხამენეი კმაყოფილი იყო აჰმადინეჯადის მიერ რაფსანჯანის დამცირებით, მისი მწვავე ანტი-ამერიკული და ხშირად ანტი-სემიტური რიტორიკით და დიდ ყურადღებას არ აქცევდა ირანის მზარდ იზოლაციას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების გამო, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმადინეჯადის გამარჯვების უზრუნველყოფა მას ძვირად დაუჯდა.

არჩევნების შედეგების ხილული გაყალბების ფონზე ირანში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ უმსხვილესი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც “მწვანე მოძრაობის” სახელით გახდა ცნობილი.

ამჯერად საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად პოლიცია არაეფექტური იყო და ხამენეის დასახმარებლად გუშაგები მივიდნენ. დახმარება ცხადია არ ყოფილა უფასო: ამავე პერიოდში აჰმადინეჯადმა ირგკ-ს ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები გადასცა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მათი გავლენა ეკონომიკაზე. 

ამ დროს დასავლურ ანალიტიკოსებში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ ირანში ე.წ. ჩუმი რევოლუცია მიმდინარეობდა და უახლოეს მომავალში ქვეყანა წმინდა სამხედრო დიქტატურად ტრანსფორმირდებოდა.

მომდევნო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა,რომ ეს საკმაოდ ზედაპირული დაკვირვება იყო.

2011 წლის აპრილში აჰმადინეჯადმა ხამეინისთან დაახლოებული დაზვერვის მინისტრი რაჰბართან კონსულტაციის გარეშე დაითხოვა, რაც დიდი პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა, რომელიც მალევე პრეზიდენტსა და ძალაუფლების დანარჩენ ვერტიკალს შორის ფუნდამენტურ განხეთქილებაში გადაიზარდა. დაპირისპირებაში გუშაგებმა უზენაესი ლიდერის მხარე დაიჭირეს და ამჯერად აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის საბოტაჟს მიჰყვეს ხელი.

ძალაუფლება ფორმიანებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე არაბული გაზაფხულისა და რეგიონში ავტორიტარული რეჟიმების დამხობის ფონზე სწრაფად იზრდებოდა გუშაგთა კორპუსის გავლენა მთელ რეგიონში. გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ე.წ. წინააღმდეგობის რკალის ფორმირება, რომელიც ისრაელის საზღვარსაც მიუახლოვდა და 100-ზე მარიონეტულ დაჯგუფებას ითვლიდა.

აჰმადინეჯადის სკანდალური პრეზიდენტობით პოლიტიკურად დაზიანებული ხამენეი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ბალანსის აღსადგენად რაფსანჯანის პროტეჟეს, ჰასან რუჰანის დაუკავშირდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში რუჰანიმ ხმათა 50.7%-ით დაამარცხა მისი მთავარი კონკურენტი, ირგკ-ს ყოფილი მეთაური და იმ დროს თეირანის მერი, მოჰამად ბაყერი ყალიბაფი.

რუჰანი და რაფსანჯანი ფიქრობდნენ, რომ რაჰბარის ასაკის გათვალისწინებით ისინი შეძლებდნენ პოსტ-ხამენეის ეპოქაში დომინირებას, თუმცა ამაოდ: რაფსანჯანი 2017 წლის თავისი სახლის აუზში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა, ხოლო რუჰანის იმედგაცრუება ელოდა.

წინასაარჩევნო კამპანიაში რუჰანი ამბობდა, რომ ირანი "გლობალური სოფლის" ნაწილია და სურს მიაღწიოს შეთანხმებას "სოფლის თავთან" და სოფლის თავში -აშშ-ს, შეთანხმებაში კი ის უპირველესად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას გულისხმობდა.

რუჰანიმ მათ კუთვნილ კომპანიებში უცხოური ინვესტიციების დაპირებით გუშაგთა კორპუსიც მიიმხრო.

აშშ-სა და ირანს შორის 2009 წელს, ომანის მედიაციით დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები 2015 წელს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით, (JCPOA), სხვაგვარად ირანის ბირთვული შეთანხმებით დაგვირგვინდა. თუმცა, შეთანხმება ხანმოკლე აღმოჩნდა - 2018 წელს ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცალმხრივად გაიყვანა აშშ შეთანხმებიდან, იმ მიზეზით, რომ ირანი თითქოს არ იცავდა ხელშეკრულების პირობებს. ტრამპმა აღადგინა ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები, ხოლო გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ალი ხამეინი და ჰასან როუჰანი ოფიციალურ ცერემოანიზე, 14 აპრილი 2018 წელი

ბევრი ექსპერტის შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება მძიმე დარტყმა გახდა რუჰანისა და რეფორმისტული ფლანგისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემხრობოდა დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. სანქციების აღდგენის ფონზე, აღდგა გუშაგთა კორპუსის დომინაცია ეკონომიკაზეც, მათ შექმნეს სანქციების გვერდის ავლის, კონტრაბანდისა და პარალელური იმპორტის მასშტაბური სქემები, პრაქტიკულად სრულად დაიქვემდებარეს ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული რესურსების ექსპორტი.

ბირთვული შეთანხმების ჩამოშლით ე.წ. ულტრა-კონსერვატორების ფლანგმა და პირველ რიგში გუშაგთა კორპუსმა გაიმარჯვა ქვეყნის შიგნით მიმდინარე დებატებში - ისინი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მიჰყვებოდნენ ხაზს, რომ დასავლეთთან შეთანხმებას აზრი არ აქვს და რეჟიმის გრძელვადიანი უსაფრთხოების ერთადერთი გზა, ქვეყნის მზარდი მილიტარიზაცია და ბირთვული პროგრამაა.

თეოკრატია თუ სამხედრო დიქტატურა?

ხამენეის მმართველობის წლებში ისლამურ რესპუბლიკაში განუხრელად მცირდებოდა თეოკრატიული ელემენტი და ამის საუკეთესო დასტური მეჯლისში სასულიერო პირების კლებადი რიცხვია. მაგალითად, თუ ისლამური რესპუბლიკის პირველ პარლამენტში 164 თეოლოგი იჯდა, ხოლო მეორეში 153, 2016-2020 წლების პარლამენტში მათი რიცხვი 16-მდე შემცირდა, 2020-2024 წლების მეჯლისში საპარლამენტო მანდატი კი სულ 31-მა სასულიერო პირმა მოიპოვა.

პარალელურად განუხრელად იზრდებოდა მეჯლისის წევრი გუშაგთა რაოდენობა.

სასულიერო პირების გავლენის შემცირება განპირობებული იყო ალი ხამენეის რეფორმებით, რომლის მიზანიც იყო არ დაეშვა თვითკმარი და პოპულარული სასულიერო პირების არსებობა, ეს მით უფრო საშიში იყო, მისი ნაკლული თეოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით. ოპოზიციურად განწყობილი ავტორიტეტული, მარჯას სტატუსის მქონე სასულიერო პირები, ჰოსეინ ალი მონთაზერი და მოჰამად ქაზემ შარიატმადარი შინა პატიმრობაში აღმოჩნდნენ.

ხამენეის ახალ სისტემაში სასულიერო პირების სახელმწიფოს დაფინანსებაზე გახდნენ დამოკიდებული, რაც მათი საზოგადოებრივი ავტორიტეტის შემცირებაში გადაიზარდა. გასულ წლებში ირანში სახელმწიფოს ფინანსურად მხარდაჭერილი სასულიერო პირების რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა, რაც ირანის ისტორიისთვის უპრეცედენტო მოვლენაა - შიიტი სასულიერო პირები ყოველთვის დამოკიდებულები იყვნენ მათი მიმდევრების ნებაყოფლობით შემოწირულებებზე.

თეოკრატიული ელემენტის შემცირებით გამოთავისუფლებული სივრცე კი კვლავ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეავსო. გუშაგთა კორპუსის გავლენა მკაფიოდ გამოვლინდა კოვიდ პანდემიის პირობებში, როდესაც პრეზიდენტ რუჰანის მთავრობას რეაგირება დააგვიანდა და საპასუხო ზომებზე პასუხისმგებლობა გუშაგებმა აიღეს.

მათივე მონაცემებით, პანდემიის პირველივე თვეებში ირგკ-მა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, ისინი მონაწილეობდნენ ყველაფერში - ქუჩების სანიტარული წმენდიდან, მოხუცებული მოქალაქეების ჰოსპიტალიზაციამდე.

ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებდა გუშაგთა კორპუსის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გატარებული ზომების ეფექტურობას, თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა ის უზარმაზარი პროპაგანდისტული და მედია რესურსი, რომელსაც ირგკ აკონტროლებს.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული მათ სრული კონტროლი დაამყარეს არამხოლოდ კავშირგაბმულობის სტრატეგიულ სექტორზე, არამედ ტელევიზიების, გაზეთებისა და ონლაინ მედიების უზარმაზარი ქსელი ააგეს. მათი მედიები ქვეყნის პრობლემებში კორუმპირებულ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ადანაშაულებენ. გუშაგთა კორპუსის მედიები ყოველწლიურად ასობით დოკუმენტურ ფილმს იღებენ, რომელთა მეშვეობითაც ირანის ისტორიის გადაწერას, მათი დაჯგუფების დიდი ნარატივის ცენტრში მოქცევას ცდილობენ.

ასე იქცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სრულფასოვან სახელმწიფოდ სახელმწიფოში, თავისი ძალოვანი, მედია, ეკონომიკური და საპოლიციო რესურსით, რომელიც ბოლო მონაცემებით აკონტროლებს ან ირიბ გავლენას ახდენს ქვეყნის მთლიან მშპ-ს 30-დან 50%-ზე.

ალი ხამენეის მმართველობა კლასიკურ ავტორიტარულ-სამხედრო დიქტატურადა ვერ იქვა - ეს უფრო სიმბიოზური კავშირი იყო, რომელშიც უზენაესი ლიდერის დამოკიდებულება გუშაგებზე, ქვეყანაში გახშირებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების გათვალისწინებით, განუხრელად იზრდებოდა, მაგრამ გუშაგებიც გრძნობდნენ ხამეინის, როგორც რეჟიმის ლეგიტიმურობის წყაროს საჭიროებას.

ალი ხამენეი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურების გარემოცვაში

გუშაგთა კორპუსს და ხამენეის ერთმანეთი სჭირდებოდათ, ამ პირობებში ირგკ საუკეთესო პოზიციაში იყო - ისინი დისტანცირებულები იყვნენ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებისგან, მთავრობის ყოველდღიური საქმიანობისგან, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდათ, როდესაც ჩარევას ჩათვლიდნენ საჭიროდ.

ხელისუფლების აღმასრულებელ შტოზე ფორმალური კონტროლი მათ თავის ტკივილის გარდა არაფერს მოუტანდა - რატომ უნდა აეღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, როდესაც პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, წერტილოვანი ჩარევაც საკმარისი იყო.

მესამე ისლამური რესპუბლიკა

შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფონზე რეჟიმი არ ჩამოიშალა, თუმცა მისი ტრანსფორმაციის გარდაუვალობა აშკარა გახდა. მეტიც, რეჟიმის ტრანსფორმაცია ალი ხამენეიმ გასული წლის ზაფხულში ისრაელთან 12-დღიან ომში განცდილი დამამცირებელი მარცხის შემდეგ დაიწყო.

დაფუძნდა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც მთავარი დამზღვევი უწყება სხვადასხვა კრიზისების მომენტში, იქნებოდა ეს შიდა პროტესტები, თუ ომი გარე ძალებთან.

ჩანაფიქრის მიხედვით, საბჭოს თავის ხელში კი არ აეღო ძალაუფლება, არამედ მთავარი საკოორდინაციო უწყება უნდა ყოფილიყო, რომელიც გაანაწილებდა პასუხისმგებლობებს სხვადასხვა შტოებს შორის. ამით უნდა უზრუნველეყო გადაწყვეტილების მიღების სისტემის დეცენტრალიზაცია და მემკვიდრეობითობა ათობით ლიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი.

ეს იყო ექსპერიმენტი - შეთამაშება კოლექტიური მართვის მოდელთან, რომელმაც ჯერჯერობით გაამართლა: ეფექტური დარტყმების, ათობით ლიდერის ლიკვიდაციისა და კონვენციური შესაძლებლობების განადგურების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკის მართვისა და კონტროლის სისტემა არ შენარჩუნდა, ხოლო მისი საპასუხო ზომები 12-დღიან ომთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფი და მტკივნეული გახდა, როგორც ისრაელისა და ამერიკისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის და ჯამურად გლობალური ეკონომიკისთვის.

ძალაუფლების სისტემის გარდაუვალ გადალაგებაზე და მასში თეოკრატიული ელემენტის შემდგომ შემცირებაზე მეტყველებს ახალი უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევაც, რომელსაც მამის მსგავსად არ ჰქონდა ლიდერობისთვის აუცილებელი თეოლოგიური ხარისხი. დაზუსტებით იმის თქმაც რთულია აქვს, თუ არა მოჯთაბას აიათოლას სტატუსი, ამის შესახებ პირველი მინიშნება ყომის რელიგიურ წრეებთან დაკავშირებულ კონსერვატიულ გამოცემა RASA-ს გვერდებზე 2022 წელს გამოჩნდა.

მოჯთაბაზე საჯაროდ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი გარდა იმისა, რომ ის გუშაგთა კორპუსის ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა. Amwaj Media-ის ცნობით, მოჯთაბას მთავარი ლობისტი გუშაგთა კორპუსის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ჰოსეინ ტაები იყო. ამავე წყაროების ცნობით, მოჯთაბას კანდიდატურის წინააღმდეგი იყო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი და უზენაესი ლიდერის ოფისის უფროსის მოადგილე, ალი ასგარ ჰეჯაზი.

გუშაგთა კორპუსის მეთაურებისთვის, მათ შორის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, აჰმად ვაჰიდისთვის და მეჯლისის სპიკერის, მოჰამად ბაყერი ყალიბაფისთვის პრიორიტეტული იყო ძალაუფლების არსებული კონფიგურაციის შენარჩუნება და მოჯთაბა ამ თვალსაზრისით იდეალური კანდიდატი იყო, მისმა არჩევამ კიდევ უფრო განამტკიცა გუშაგების გავლენა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ირანს ჰყავს ახალი ლიდერი, მაგრამ არსებითად ის აღარ არის უზენაესი.

ასევე ნახეთ

აღა მოჯთაბა ხამენეი მამის გზაზე - ირანს ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს

ისე ჩანს, რომ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციამ დროებით მაინც, გააძლიერა მათ მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ფრაქცია. თუმცა, ომის შემდგომ ირანის პოლიტიკური სისტემაში ძალთა განაწილებაზე საუბარი ნაადრევია.

შესაძლოა ომმა განაპირობოს დაკვეთა ე.წ. ძლიერ ხელზე, რომელიც სიმბოლურად შეინარჩუნებს უზენაესი ლიდერის ინსტიტუტს, მისი როლის განუხრელი შემცირებით, რაც შესაძლოა ერთპიროვნული მმართველობით დასრულდეს. ირანმა მსგავსი პროცესი მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცადა, როდესაც ფაჰლევების დინასტიის დამფუძნებელმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 5 წლიანი მსახურობის შემდეგ დაამხო უკანასკნელი ყაჯარი შაჰი და მისი ტახტი მიიტაცა.

ახლა, თუ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება, ირანის ლიდერებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება, შეძლებენ თუ არა სამხედრო და პოლიტიკური წინააღმდეგობის ეკონომიკურ და დიპლომატიურ სარგებლად გადათარგმნას.

მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეჟიმი მიმდინარე ომით გამოწვეულ კრიზისს გადალახავს, მეორე ისლამური რესპუბლიკა არსებობას წყვეტს. როგორი იქნება მესამე რესპუბლიკა? ქვეყანას არჩევანის გაკეთება სამხედრო-დიქტატორულ მმართველობასა და დინასტიურ მმართველობას შორის მოუწევს, რომლის კატეგორიულ უარყოფაზეც იდგა 1979 წლის რევოლუციიდან?