აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრმა კან კვარჩიამ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სოჭის სასამართლომ 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკის სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საჭიროა კავშირების, მათ შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარება სამხრეთის მიმართულებითაც, მათ შორის ურთიერთობის დამყარება თბილისთან.
“მე ვარ აფხაზი პოლიტიკოსი, რომელმაც ქედი არ მოიხარა, რომელიც არ გატყდა, არ გაიყიდა და, რომელთანაც ვერ მოილაპარაკეს”, - განაცხადა კან კვარჩიამ, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა “აფხაზეთის შიდა საქმეებში” რუსეთის სახელმწიფოსა და მისი ცალკეული წარმომადგენლების, მათ შორის სერგეი კირეინკოს ჩარევის შესახებ:
“ვინ არის კირიენკო, რომ აფხაზეთში პროგრამების განვითარებაზე ფიქრობს? აფხაზეთის პრემიერ მინისტრია თუ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი? ვინ არის ეს ადამიანი, რომ ჩვენთან ამ პროგრამებს ახორციელებს? რატომ იქცა ჩვენზე მზრუნველად? მახსოვს, როცა რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, ჩვენთან საზღვარი ჰქონდა ჩაკეტილი. მაშინ რატომღაც არ ფიქრობდა ჩვენზე. <...> ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი ნელ-ნელა მაგრამ დამაჯერებლად ბატონყმობის ეპოქაში ბრუნდება, სადაც ადამიანებს არც უფლებები აქვთ და არც თავისუფლება, მათ ისე ექცევიან სამართალდამცავი ორგანოები, როგორც მოესურვებათ. როგორც ჩანს, რუსეთში ხალხმა ეს მიიღო, მაგრამ ჩვენ აფხაზეთში ამის მიღებას არ ვაპირებთ. შესაძლოა ადგილობრივ ხელისუფლებსაც უნდა ასეთი მდგომარეობის შექმნა, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მოხდება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“.
ასევე ნახეთ
"რუსი კურატორი" სერგეი კირიენკო წელს მეოთხედ ჩავიდა სოხუმშიუფროსი ძმის მართლმსაჯულება
2025 წლის 5 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ, კვარჩიამ და ოპოზიციის სხვა აქტივისტებმა სოხუმში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე - ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი - მუშაობდნენ და საიდანაც "პროსახელისუფლებო" გაზეთი „აბხაზსკი ვესტნიკი“ და ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანია იმართებოდა. გამოძიების მასალების თანახმად, “კვარჩიამ პირთა ჯგუფთან ერთად რუსეთის სამი მოქალაქის მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით ფული და სხვა ქონება წაართვეს”.
2026 წლის 5 ივნისს კრასნოდარის მხარის სასამართლომ კან კვარჩიას დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ასევე ნახეთ
აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობარაზე მიუთითებს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აფხაზ ე.წ. დეპუტატს აფხაზეთის (და არა რუსეთის) ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებისთვის („ყაჩაღობა/ძარცვა”) თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა?
„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ რუსეთის დუმის დეპუტატი სოხუმში გაგვესამართლებინა რუსეთში ჩადენილი საქციელისთვის. რა ბოდვაა, რა მაზარზმია! ეს სასამართლო აქტი წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე”, - ამბობს კან კვარჩია, რომელიც ღიად მიანიშნებს “აფხაზეთის სუვერენიტეტის” ხელყოფაზე, რასაც კატეგორიულად უარყოფს (თუმცა ირიბად ადასტურებს) კონსტანტინ ზატულინი, რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
“ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზეთის კანონმდებლობას და მის სუვერენიტეტს, მაგრამ თუ აფხაზური მართლმსაჯულება პარალიზებულია, ჩვენ უფლება გვაქვს ეს საკითხი განვიხილოთ. რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს არ ტოვებს და ვერ დახუჭავს თვალს, როდესაც მათ რეალური ზიანი ადგებათ. <…> სოჭის სასამართლოს განაჩენი მკაცრია. იმედი მაქვს, ეს გამოაფხიზლებს მათ, ვინც გარკვეული გაგებით აფხაზეთში ზედმეტად გაერთო პოლიტიკური თამაშებით. ამ ისტორიიდან ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, მათ შორის ჩემმა კოლეგებმა აფხაზეთის პარლამენტშიც”.
კონსტანტინ ზატულინმა გამოცემა „ვზგლიადს“ ისიც უთხრა, რომ კან კვარჩიას არაერთხელ შეხვედრია, მათ შორის რუსეთს სახელმწიფო სათათბიროში.
„აფხაზ და რუს დეპუტატებს შორის სახელმწიფო დუმაში გამართულ შეხვედრაზე ის ღიად "ირონიზებდა" რუსეთის მისამართით და ამტკიცებდა, რომ, მისი აზრით, რუსეთს უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევა არ შეუძლია“, - ამბობს რუსი ზატულინი - რუსი პოლიტიკოსი და აფხაზური სეპარატიზმის თანმიმდევრული გამღვივებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან.
კონსტანტინ ზატულინი
“...მორჩილება არ იქნება”
კან კვარჩიას აზრით, აფხაზეთმა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, რომელმაც ძლიერი პოზიტიური იმპულსი შეიძინა რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, თუმცა, კვარჩიას შეფასებით, ამჟამად ამ ურთიერთობაში შეინიშნება რეგრესი, რაც, მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკის ზოგადი ნიშანია:
„რუსეთმა ბევრისთვის გასაოცრად მოახერხა დაეკარგა ყოფილი მეგობრები: მოლდოვა, უკრაინა, უნგრეთი, აზერბაიჯანი... ამ დღეებში ვნახეთ რა ხდებოდა ერევანში. როგორც ჩანს, ისინი შაბლონებით მოქმედებენ. ეს შაბლონები აფხაზეთში არ მუშაობს. <...> ეს მუდმივი პრეტენზია ჩვენს მიმართ: ჩვენ ფულით გეხმარებით... ამ 33 წლის განმავლობაში, რა მდგომარეობაში აღარ ვიყავით, რას არ გვიკეთებდნენ, მაგრამ აფხაზეთს ერთხელაც არ უღალატია რუსეთისთვის. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, თან გადაჰყვა რუსეთი ზოგიერთ ქვეყანას, მაგრამ ყველამ უღალატა ბოლოს. ჩვენ კი არასოდეს გვიღალატია. კარგად გაიგონ ეს იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც პრეტენზიებს გვიყენებენ, ჩვენ ფულს მოგცემთ, თქვენ კი მორჩილება გამოავლინეთო. არ იქნება ეს. ყველა ურთიერთობაში არის ურთიერთსარგებელი. რაც ჩვენთვის მიუღებელია, იმაზე უნდა ვისწავლოთ „არას“ თქმა და ჩვენი გზით ვიაროთ“.
ასევე ნახეთ
„აფხაზეთში არ მოსწონთ, როცა აწვებიან“ - რუსეთმა ე.წ. დეპუტატ კვარჩიასა და მის თანამებრძოლებზე ძებნა გამოაცხადაკვარჩიას თქმით, აფხაზეთში დიდი პატივისცემით ეკიდებიან რუსულ ენასა და კულტურას, თუმცა, მისთვის მიუღებელია უცხო კულტურული ელემენტების ხელოვნურად თავსმოხვევა:
„ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. რუს ჩინოვნიკებს ერთი რა უნდა ესმოდეთ. არ არის საჭირო ჩვენი რუსიფიცირება, ჩვენ ისედაც ვლაპარაკობთ რუსულად, მივიღეთ რუსული კულტურა, მისი კლასიკოსები, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ მაგალითად ყველიერზე ფიტულების დაწვას ჩვენთვის წმინდა ადგილებში, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები მარხია, საიდანაც ბოლო გზას გადიოდნენ ჩვენი მუჰაჯირები“.
კან კვარჩია - აფხაზი პოლიტიკოსისა და მეცნიერის, ვალერი კვარჩიას შვილი. ვალერი კვარჩია აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების წევრი (1991-1996; 2007-2022), აფხაზეთის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარე (2017-2022). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2014), გ. ძიძარიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2005). 2003 წლიდან სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „აიდგილარას“ თავმჯდომარე.
კან კვარჩიას მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბადრა გუნბა, რომლის თქმითაც, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია:
„რუსეთი ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, მისი საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, განათლებისა და ეროვნული კულტურის განვითარებას. <...> ჩვენი სახელმწიფოების მოკავშირეობრივი თანამშრომლობის წყალობით, აფხაზეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ, იმუშაონ, ისწავლონ და შვილები მშვიდობიან გარემოში აღზარდონ“.
სერგეი კირიენკო (მარცხნივ) და ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა, გავრცელებული განცხადების მიხედვით, აფხაზეთში ვერც რუსული კულტურული ექსპანსიის ნიშნებს ხედავს, რადგან, მისი თქმით, რუსეთის მხარდაჭერა ყოველთვის პატივისცემასა და შემოქმედებით თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.
„რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აფხაზეთში ხორციელდება საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული პროექტები, შენდება და რემონტდება სკოლები და კულტურის დაწესებულებები, ახალგაზრდებისთვის იქმნება ახალი შესაძლებლობები, ვითარდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში“, - ამბობს ბადრა გუნბა, რომელიც ცალკე გამოყოფს კრემლის „აფხაზეთის კურატორად“ წოდებული სერგეი კირიენკოს ღვაწლს:
"სრულიად მიუღებლად და უსამართლოდ მიმაჩნია განცხადებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს მისამართით. იგი აფხაზეთშია დაბადებული და თავისი კონკრეტული საქმეებით არაერთხელ დაამტკიცა ჩვენი ქვეყნისადმი გულწრფელი და გულშემატკივრული დამოკიდებულება. მე მას ჩემს მეგობრად და აფხაზეთის მეგობრად მივიჩნევ. აფხაზეთის ხალხი აფასებს რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობრივ ურთიერთობებს, რომლებიც ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება”..
კან კვარჩიას მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს “განზრახ პროვოკაცია” უწოდა პარტია “ამცახარამ”, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროვოკაციის მიზანია ვითარების არევა სახალხო კრების (პარლამენტის) არჩევნების წინ:
“დეპუტატ კან კვარჩიას განცხადებები ორმაგად სახიფათოა, რადგან ისინი გაკეთებულია არა ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანის, არამედ გამოცდილი პოლიტიკოსის მიერ, რომელსაც ევალება ყოველი სიტყვის აწონ-დაწონა და მისი შედეგების გათვალისწინება ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. დეპუტატის მხრიდან მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები შემთხვევით შეცდომად კი არა, სტაბილურობის შერყევის განზრახ ნაბიჯად აღიქმება”.
თბილისთან ურთიერთობა და სატრანსპორტო კავშირები
კან კვარჩია ასევე შეეხო საერთაშორისო აღიარების პრობლემას და სატრანსპორტო კავშირების განვითარების აუცილებლობასაც. მისი თქმით, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი აზრით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია იქნებოდა.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კვირაში ერთხელ მაინც გვქონდეს თურქეთის ან სომხეთის მიმართულებით ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად მხოლოდ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის იმედად ვიყოთ. საუბარია ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა აფხაზმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა .
კვარჩია ფიქრობს, რომ თბილისისა და სოხუმის ღია სამხედრო დაპირისპირებისა და ურთიერთპრეტენზიების დრო წარსულში უნდა დარჩეს.
„მე თავად ვომობდი და ღირსეულად ვომობდი. მაგრამ ომი დასრულდა. ჩემთვის „ჯარისკაცის“ ცნება აღარ არსებობს, დარჩა მხოლოდ „პატრიოტის“ ცნება. ცხოვრება გრძელდება. თავის დროზე საბჭოთა კავშირმა უმძიმესი ომი მოიგო გერმანიასთან, თუმცა მოგვიანებით მათ შეძლეს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების დამყარება. ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ თაობები იცვლება და ძველი მიდგომები უკვე აქტუალური აღარ არის“, - ამბობს კან კვარჩია, რომელმაც მოიშველია თავისი დაკვირვება, რომლის თანახმადაც ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის დისკურსში აფხაზეთისადმი დამოკიდებულება ნაკლებად რადიკალური გახდა:
ასევე ნახეთ
სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?„ცდილობდნენ იყვნენ პოლიტკორექტულები,.იწყებენ იმის აღიარებას, რომ აფხაზები ქართული ეთნოსის ნაწილი არ არიან, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდნენ. ახლა ისინი ღიად ამბობენ, რომ ეს ცალკეული, თვითმყოფადი ეთნოსია, რომელიც ჩერქეზული ტომების მონათესავეა. უფრო მეტიც, მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხალხი ამ მიწაზე სულ მცირე ბოლო 300 წლის განმავლობაში მკვიდრად ცხოვრობს და მისი ავტოქთონ მოსახლეობად მიჩნევაა შესაძლებელი. დიახ, ადრე ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ აქ ცოტა ხნის წინ ჩამოვსახლდით, ახლა კი უკვე სამ საუკუნეზე საუბრობენ - ეს უკვე პროგრესია. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რადგან აფხაზეთი მუდმივად იზოლაციაში ვერ დარჩება“.
კან კვარჩიას თქმით, მისთვის გაუგებარია აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური ძალების „პრორუსებად“ და „პროდასავლურებად“ დაყოფა.
„მე პროაფხაზი პოლიტიკოსი ვარ და სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს? - კითხულობს ის, რას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში „პრორუსი“ ან „პროდასავლელი“ პოლიტიკოსი? ჩვენ ყველანი, უპირველეს ყოვლისა, პროაფხაზი პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ! ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ პოლიტიკას, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ღირებულებებსა და საკუთარ კონსტიტუციას, არც რუსულს, არც დასავლურს და არც რომელიმე სხვა მხარეს არ სცემს პატივს“.
კან კვარჩიას “თბილისკენ გახედვას” მალევე მოჰყვა “ამცახარას” კრიტიკული განცხადება. პარტია მიუღებლად მიიჩნევს “საქართველოსთან ფლირტს” და კან კვარჩიას მსჯელობას „თბილისის რიტორიკაში პროგრესის“ შესახებ.
“ეს წარმოადგენს სახიფათო საგარეო პოლიტიკურ თვითნებობას. ვიდრე საქართველო ოფიციალურად არ მოაწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ნებისმიერი კომპრომისული განცხადება დაუშვებელია. <…> მოვუწოდებთ რესპუბლიკის ყველა პოლიტიკურ ძალას, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ინტერესებს“, - ნათქვამია „ამცახარას“ მიერ 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთისგან თავისუფალი არჩევნები
კან კვარჩიას მიაჩნია, რომ საარჩევნო კამპანიაში უცხოური ჩარევა დაუშვებელია და ნიმუშად მოაქვს 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული არჩევნები.
„სომხეთის არჩევნები მაგალითად ჩვენთვის: როცა შინაურ საქმეებში ჩარევის უფლება არ მიცეს არც უცხო ქვეყნის პოლიტტექნოლოგებს და არც ფინანსურ რესურსებს. ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითონ გააკეთა თავისი არჩევანი. ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენი ხელისუფლებისთვის“.
აფხაზი ოპოზიციონერის თქმით, აფხაზეთის საარჩევნო პროცესებში არ უნდა მონაწილეობდნენ უცხოური ორგანიზაციები, ყველა მათგანი უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს და ეს უნდა გაკეთდეს კანონმდებლობის დონეზე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსეთის გამოცდილებით ვსარგებლობთ. ამაზეც ანერვიულდნენ, რაც არ არის საჭირო. აფხაზეთი პარლამენტმა იცის, რაც უნდა გააკეთოს და ვერავინ მისცემს მითითებებს“, - ამბობს კვარჩია, რომლის თქმითაც, გარე ჩარევების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება კანონი, რომელიც 2027 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და დეპუტატობის კანდიდატს სახელმწიფო (აფხაზური) ენის ცოდნას ავალდებულებს.
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო კრების (პარლამენტის“ არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონებით, სახალხო კრების დეპუტატებს 5 წლით ირჩევენ 35 ერთმანდატიან ი მაჟორიტარული ოლქიდან. დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლით დეპუტატებს მხოლოდ მაჟორიტარული წესით ირჩევენ.