კაცი, რომელმაც გულის გადმოწერა შეძლო

თედო ბექიშვილმა საბჭოთა კავშირში იცხოვრა ღვთისგან ბოძებული 51 წლიდან თითქმის 50 წელი: საბჭოთა კავშირში დაიბადა, დაამთავრა ჯერ სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი; საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა და საბჭოთა კავშირშივე გამოსცემდა პოეტურ კრებულებს, თარგმანებს... თუმცა, მიუხედავად საბჭოთა იდეოლოგიითა და გვიანი სოციალიზმისათვის დამახასიათებელი სიყალბით გაჟღენთილი გარემოსი, თედო ბექიშვილში მისხალი არ იყო საბჭოთა პოეტისა, შესაბამისად, მისი სახელი არც ქუხდა ისე, როგორც ქუხდნენ კომკავშირის, სახელმწიფო თუ ლენინის პრემიების ლაურეატთა სახელები, რომლებსაც დაპყრობილი ჰქონდათ საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, ტელეეკრანები, აუდიტორიები, შემოქმედებითი კავშირები, პარტიული თუ კომკავშირული ტრიბუნები და, რაც მთავარია, სახელმწიფო გამომცემლობები თავიანთი გარანტირებული მრავალათასიანი ტირაჟებითა და კიდევ მეტი ჰონორარებით, აგარაკებით, ავტომობილებით და ა.შ.

დახუჭე თვალი.
სულ ერთია, ღამეა მაინც.
გზა მაინც არ ჩანს,
ვარსკვლავიც კი არა ჩანს არსად.
დახუჭე თვალი.
თვითონ მოვა მსაჯული ხვალის,
ეს მიწა თვითონ უპატრონებს
ცოცხალსაც, მკვდარსაც...

ასე არ წერდნენ საბჭოთა პოეტები, მაგრამ თედო ბექიშვილი არც იყო საბჭოთა პოეტი!

თედო ბექიშვილი

საბჭოთა პოეზია, განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან მოყოლებული, წარმოუდგენელია პათეტიკისა და სიყალბის გარეშე, რისგანაც პირწმინდად არის დაცლილი თედო ბექიშვილის შემოქმედება. როგორც პოეტმა დავით მჭედლურმა შენიშნა, „თედო ბექიშვილის შინაგანი სითბო, გულწრფელობა და პატიოსნება შემოქმედებითი შრომის დროს მის ლექსებში გადადიოდა ისე, თითქოს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ბოლომდე სიკეთის მსახურად დარჩებოდა, როგორც კაცი და როგორც პოეტი“.

დიახ, თედო ბექიშვილი არ იყო საბჭოთა პოეტი!

XX საუკუნის 60-80-იანი წლების საბჭოთა პოეზია ასევე წარმოუდგენელია ე. წ. პარტიული თემატიკის - ლენინების, კომკავშირლების, კომუნისტების, ხუთწლედების, წითელი განთიადებისა და კომუნიზმის ომახიანი მშენებლების გარეშე, რომელთა „გმირული ცხოვრების“ შესახებ ლექსების დაწერას მოითხოვდნენ როგორც ლიტერატურის ჩინოვნიკები, ასევე მაღალი თანამდებობის პარტიული ამხანაგები. მართალია, ეს პერიოდი ქართული მწერლობისა, როგორც პოეტმა გივი ალხაზიშვილმა შენიშნა, რადიკალურად განსხვავდებოდა 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლებისგან, ანუ იმ დროისაგან, როცა იდეოლოგიურ კომპრომისზე სიცოცხლის გადარჩენის გამო მიდიოდნენ მწერლები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ „მწერლობის მოთვინიერებას“ აღარავინ ცდილობდა. მიზანი იგივე დარჩა, შეიცვალა მეთოდები.

თედო ბექიშვილი, გივი ალხაზიშვილი, ზეზვა მედულაშვილი, ჯარჯი ფხოველი

პოეტი გივი ალხაზიშვილი, რომელსაც თედო ბექიშვილთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა (ერთად ჩაირიცხნენ 1961 წელს თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე და შემდეგაც, თედოს გარდაცვალებამდე, სულ ერთად იყვნენ), ავტობიოგრაფიულ რომანში „მომავალი წარსული“, იხსენებს სისტემასთან ურთიერთობის ორ ქრესტომათიულ შემთხვევას, როცა კომუნისტური პარტიის ცკ-ის ერთი მდივანი (დევი სტურუა) მუქარით, მეორე კი (ჟიული შარტავა) დაყვავებით ცდილობდა მიზნის მიღწევას:

„რამდენიმე ლექსი დაგვიწერე შემდეგ თემებზე: კომკავშირზე, ბამის მშენებლობაზე, ენგურჰესზე, ოდა ახალგაზრდობას... იდეური და აქტუალური. დანარჩენი რაზეც გინდა, იმაზე დაწერე. შენ მომიტან ამ ლექსებს შენებურად, მაგრად დაწერილს, და მერე მე ვიცი. ჯერ კომკავშირის პრემიას მიიღებ, მერე დანარჩენს...“

თედო ბექიშვილის ლექსები ჟურნალ "ცისკარში"

„ძალიან მომრავლდა თანამედროვე პოეზიაში გაუგებარი თემები, რებუსები, ლექსები ხეებზე, ბალახზე, ღრუბელზე, ჩიტებზე, სრულმა უპასუხისმგებლობამ მოიკიდა ფეხი ლიტერატურაში... ვინც დაწერს ლექსს მუშათა ცხოვრებაზე, გრანდიოზულ მშენებლობაზე, სტრიქონში გადავუხადოთ სამი მანეთი, ხოლო ვინც გააგრძელებს წერას ყვავილზე, ხეზე, ღრუბელზე, სტრიქონში 30 კაპიკზე მეტი არ მივცეთ...“

თუმცა საბჭოთა რეჟიმს საკმარისზე მეტი ჰყავდა ერთგული მწერლები, პარტიისა და კომკავშირის მეხოტბეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთ შეასხამდა ხოტბას პარტიულ ყრილობებს, პროლეტარიატის ცოცხალ, მკვდარ და უკვდავ ბელადებს, კომუნისტურ ხუთწლედებს და ამ შეჯიბრში ჩართული იყო ქართველ მწერალთა უმრავლესობა, მაგრამ არა თედო ბექიშვილი, არა გივი ალხაზიშვილი, არა იურა ბაქანიძე, არა გიგლა სარიშვილი, არა ჯარჯი ფხოველი და კიდევ რამდენიმე 70-იანელი, რომლებმაც მძიმე და, ხშირ შემთხვევაში, ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე არასოდეს უღალატეს თავიანთ თავს, თავიანთ გულს - მთავარ მასწავლებელს, ვისგანაც, როგორც თედო ბექიშვილმა თქვა ერთ თავის ლექსში, „ვცდილობ ვისწავლო წერა, გადმოვიწერო გულიო“.

„გადაიფრინა მინდორზე ყვავმა,
ცხადია - შავმა.
ცაში კი არა -
თითქოს გულში გაავლო ჩრდილი -
არ ამღვრეულა
მოწმენდილი ფერები ლილის.

გადაიფრინა.
მინდვრის იქით ტყეს შეერია.
დაფრენს თავისთვის...
ისე დაფრენს...
ჯვარი გწერია!“

თედომ მართლაც შეძლო გულის გადმოწერა და „ვინც ეს შეძლო, პოეტიც ის არის“ (ჯარჯი ფხოველი).

ზაურ ბოლქვაძე, ვახტანგ ჭელიძე, თედო ბექიშვილი, ტარიელ ჭანტურია

თუმცა კარგი პოეტობა მხოლოდ კარგი ლექსების დასაწერად კმარა. საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, მისი თაყვანისცემის ობიექტად გახდომასა და, როგორც ახლა იტყვიან, წარმატებული PR-ის გაკეთებას სულ სხვა ნიჭი და ენერგია სჭირდება. კვლავ ჯარჯი ფხოველს რომ დავესესხოთ, თედო ბექიშვილს არასოდეს ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია იმის გამო, რომ ვერ მიიღო ყურადღება, რაც ეკუთვნოდა, რაც ალალი, ჩუმი მოღვაწეობით დაიმსახურა.

ნეტა, თუ წუხდა ამის გამო?

ალბათ, კი, თუმცა არასოდეს დაუჩივლია, არასოდეს აუმაღლებია ხმა, რადგან სხვისი ჩივილები, სხვისი ტკივილები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

მოდი, ჩვენც იმათ ნუ მივეთვლებით,
ვისაც აქამდის ბედი არ სწყალობს,
ვისაც გზად შეხვდა მეტი ეკლები -
ჩვენ, მოდი, გლოვა მათ დავაცალოთ.

მათ, ვინაც ჩვენზე მეტი ეწამა,
ვინც ბედმა უფრო მწარედ გასწირა,
ვის ტკივილებსაც აღარ ეწამლა,
ვინც ჩვენზე ცოდვა არის ასწილად.

მოდი, ჩვენ მათი ხათრით და რიდით,
ნუ ვიხმამაღლებთ, მწყევარნი ბედის.
გლოვის გამართვა ცოდვაა დიდი,
შენზე მწუხარეს თუ ხედავ გვერდით.

რა ვუყოთ, თუკი ვერ შევესწარით
ბედნიერების ხმამაღალ ყივილს...
მო, მოთმინების თეთრი ზეწარი
გადავაფაროთ საკუთარ ტკივილს.

... ასეთი იყო მისი ბედისწერაო, იტყვის ჯარჯი ფხოველი გარდაცვლილ მეგობარზე და იქვე დასძენს: „რას ვიზამთ, ბედის მიერ უფრო უარესად ჩაწიხლული და უკუგდებული სახელებიც ხომ ვიცით, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ რომ ეღირსნენ გამომზეურებას... ამისთვის XX საუკუნის ორი გამორჩეული სახელის - ნიკო სამადაშვილის და შოთა ჩანტლაძის - გახსენებაც კმარა“ („სიტყვები გარდაცვლილ მეგობარს“).

შოთა ჩანტლაძე და თედო ბექიშვილი...

ძნელია, იყო პოეტობაზე მეოცნებე უნივერსიტეტის სტუდენტი, იცხოვრო XX საუკუნის 60-იანი წლების თბილისში და შეუმჩნეველი დაგრჩეს შოთა ჩანტლაძე, დიდი ქართველი პოეტი, რომელიც იქვე, მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და დღის მნიშვნელოვან ნაწილს უნივერსიტეტის ეზოში ატარებს. თუმცა ერთია შოთა ჩანტლაძით აღფრთოვანება და სულ სხვა - ასაკით ბევრად უფროსი და, ერთი შეხედვით, ირონიული და ცინიკური გენიოსის სამყაროში მოხვედრა.

„შოთა ჩანტლაძე“ - ასე ჰქვია თედო ბექიშვილის ცნობილ ლექსს:

ეს იყო ადრე, ოცი წლის წინათ,
არ მქონდა ბინა და ვეძებდი ბინას.
უნივერსიტეტის ბაღში ვისხედით,
იქ, სადაც ჩვენ შოთას ლექციებს ვისმენდით.
ბინას ვეძებ-მეთქი, შევჩივლე შოთას:
მე გაშოვნინებო, თევდორე, ოთახს.
ვარაზისხევზე დავეშვით ქვევით,
მგლური ნაბიჯით და პრიმის წევით.
უბრად ჩავუარეთ გვერდით სალუდეს,
ვითომდა ვჩქარობდით, გზა არ გავამრუდეთ.
გმირთა მოედანზეც მდუმარედ, ყუჩად,
კვლავ ფეხით ავყევით ლენინის ქუჩას.
ბოღმას ვიბრუნებდი ნაფაზზე ნაფაზით -
მივხვდი, რომ იმასაც არ ეგდო აბაზი.
რა მექნა, თუმცაღა ვიწყევლე თავბედი,
მაგრამ ხმამაღლა სიტყვა ვერ გავბედე.
ვნატრობდი, ბინამდის გზას როდის გავლევდით.
ის თბილად მიმზერდა ირიბი თვალებით.
ისე თანაგრძნობით, ისე სიყვარულით,
ვითომ უზრუნველი...
ვითომ მხიარული...
ასე ამიყვანა დოლიძის ბოლოში,
გორაზე გამოთხრილ პატარა სოროში.
ოთახში ვიღაცა ყმაწვილი დაგვიხვდა.
დაესწრო. შევწუხდით. გუნება წაგვიხდა.
ისევ გამოვბრუნდით მთლად ოფლად გაღვრილი.
უკან მივყვებოდი გალახულ ძაღლივით.
ის - დიდი პოეტი. ზღვა განძის პატრონი.
მე რაღაც ორიოდ სტრიქონის ავტორი.
ყეფით გვაცილებდა მასპინძლის ნაგაზი
და არც ერთს ჯიბეში არ გვეგდო აბაზი...

ამ ლექსში აღწერილ „ბინის ძიების“ ამბავს იხსენებს გივი ალხაზიშვილიც, რომელსაც თედომ უამბო, თუ როგორ აიძულა „ხაზეიკამ“ სასწრაფოდ დაეცალა დაქირავებული ბინა, როგორ შეხვდა მელიქიშვილის ქუჩაზე შოთა ჩანტლაძეს და როგორ არ მოსცილდა გვერდიდან მთელი დღე.

თედო ბექიშვილის ხელნაწერი

„ერთად მოვიარეთ ჩუღურეთი, ვეძისი, ნახალოვკა და ბოლოს მივაგენით ერთ ბინას სვანეთის უბანში. ფასი აღმოჩნდა ხელმისაწვდომი, თორემ ბინის მეტი რა იყო. მშივრებმა მოვიარეთ მთელი ქალაქი და საღამოს გადაბარგებაშიც მიშველა და დამაბინავა. რა გულის კაცი იყო, ოქროს გული ჰქონდა. შორიდან მუდამ ირონიული და ცინიკური ჩანდა, მაგრამ მაგარი იყო“.

მაგარი იყო თედოც...

სერგეი ესენინის ლექსებისა და პოემების („ანა სნეგინა“, „პოემა 36-ზე“, „შავი კაცი“) შესანიშნავი თარგმანების კრებულს, 1985 წელს რომ გამოიცა, წაუმძღვარა ასევე შესანიშნავი წინასიტყვაობა, რომელშიც ჭეშმარიტი პოეზიის თარგმნის თითქმის შეუძლებლობაზე დაიჩივლა, პოეზია ხომ სხივივით მოუხელთებელია, იმ სხივივით, რომელიც კიდეც ათბობს და კიდეც ანათებსო. ასეთია თედო ბექიშვილის პოეზიაც.

ისე ავარდნენ ქარები ცივი.
სალამი ქარებს, ზამთრის მაცნეთა.
კვლავ აწკრიალდა ყინვაში სხივი -
გათოშილ მთვარის სასოწარკვეთა...
მე ახლა მინდა დახატვა ქარის,
რომ უძრაობას ხელი დარიოს,
იყოს ცოცხალი და არა მკვდარი,
რომ სტრიქონები არივ-დარიოს.
რომ ნისლი, ლექსში ასე ხილული,
გადაიყოლოს დასაკარგავში,
რომ მდუმარება შემოყინული
კვლავაც დაბზაროს ზარმა განგაშის!..
რომ უკვე ღვიძლი - ეს ძილ-ღვიძილი,
გამოაღვიძოს მისმა ღაღადმა...
როგორ შევიძლო, როგორ შევიძლო,
როგორ შევიძლო ქარის დახატვა?!

„თედო ბექიშვილის ადრეულ პოეზიაში ჭარბობდა ურითმო ლექსი, თუმცა, როგორც არაგვის ხეობის კაცი, იგი ღრმად იყო ნაზიარები ხალხურ პოეზიას, ხიბლავდა ლექსის მელოდია და სიტყვის კეთილხმოვანება, ამიტომ თუ იყო, რომ შემოქმედებითი სიმწიფის ჟამს კლასიკურ ფორმებს ამჯობინებდა და ეს ლექსები დახვეწილი, ფაქიზი ოსტატის ხელით არის დაწერილი, ნათელი და გამჭვირვალე. ასეთი იყო მათი ავტორიც, თავის სულიერი წყობითა და ადამიანური ცხოვრებით“ (დავით მჭედლური: „არაგვის ხეობის კაცი“).

თედო ბექიშვილი 1992 წელს გარდაიცვალა, სიბერეს ვერ უწიეს თედოს მეგობრებმაც: გიგლა სარიშვილმა, იურა ბაქანიძემ, სოსო პაიჭაძემ...

გივი ალხაზიშვილი ლექსში „წერილი“, რომლის ადრესატი ნაადრევად გარდაცვლილი პოეტი და მთარგმნელი, გიგლა სარიშვილია, ამბობს:

საბურთალოზე განისვენებთ შენ და იურა,
სოსოც იქვეა, დარჩენილა სოფლად თევდორე,
გიგზავნით წერილს და, ცხადია, ვერ ვიუარებ,
ვარ თქვენი დროის და ამ დღეთა თანამედროვე.

გივი ალხაზიშვილი

თევდორე - თედო ბექიშვილი, მშობლიურ სოფელ ნაღვარევში, მისსავე ეზოში, მისივე ხელით დარგული ვაშლის ქვეშ არის დაკრძალული. ასეთი იყო მისი სურვილი, სამუდამოდ დარჩენილიყო სოფლად, ნაღვარევში, რომელსაც, დედაქალაქში დამკვიდრების მიუხედავად (საოცარი ლექსები ქალაქზე, ურბანულ გარემოზე, ქალაქში ადამიანისა და ბუნების ბედზე - ამის თვალსაჩინო დასტურია), ვერ შორდებოდა, როგორც ვერ შორდებიან მშობლიურ დედას. აკი, ლექსითაც გამოუტყდა სიყვარულში:

არა იმიტომ, რომ უკეთესი
არსად მინახავს მხარე, სოფელი,
არა იმიტომ გეკუთვნის ჩემი
აღტაცება და სამადლობელი -
მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ,
როგორც უბრალოდ უყვართ მშობელი!

თედო ბექიშვილის ეზო და საფლავი. სოფელი ნაღვარევი

თედო ბექიშვილს 22 ივნისს 80 წელი შეუსრულდა. გარდაიცვალა 1992 წლის 27 სექტემბერს. ერთმა მისმა მეგობარმა თქვა, თედოს ბევრი რამ უთქმელი დარჩაო, მაგრამ ის იყო განუსაზღვრელი კაცი და რომ ეცოცხლა, შესაძლოა აღარც დაეწერა რამე, ზურგი შეექცია ჩვენი ამღვრეული ყოფისთვის და თავის მამაპაპურ სოფელში განმარტოებულიყოო...

თედო ბექიშვილს არ უფიქრია სახელზე, დიდებასა და პატივზე (სამუდამო განსასვენებლადაც თითქოს სხვა რომ არ შეეწუხებინა, თავისივე სახლის ეზო აირჩია), თუმცა, როგორც ნამდვილ პოეტს, აღელვებდა იმაზე ფიქრი, თუ რა დარჩებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ („რა რჩება ჩვენგან“).

თედო ბექიშვილი არ ჩამდგარა არც პრემიების და არც სხვა სიკეთეების რიგში, თავი ბოლომდე გაიტანა „პატიოსანი შრომითა და გულისნადების უნაკლო გამომზეურებით“. შესაბამისად, ნაადრევად, სულ რაღაც 51 წლის ასაკში წასულ პოეტს სრული უფლება და საფუძველი ჰქონდა, ეთქვა:

„დაინახავს ხალხი დასანახავს -
ვინ ყანას ხნავს, ვინ კი წყალსა ნაყავს,
ვინ სიცრუეს თეთრი ძაფით ლამბავს,
ვინ კი წრფელად ყვება გულის ამბავს.
დაინახავს ხალხი დასანახავს -
რა ჯეჯილი ამოუვა ნახნავს...

ვინ წაღმა თესს, ვინ უკუღმა ფარცხავს,
თავის ბაღში ვინ ურუვებს სარწყავს...
დღეს თუ არა, ხვალვე დაინახავს,
დაინახავს, ხალხი დაინახავს!“

თედო ბექიშვილი და ჯარჯი ფხოველი

თითქოს ყველაფერი ცხადი და აშკარაა, მაგრამ მაინც ვთქვათ ხმამაღლა: ვხედავთ, ძია თევდორე, ვხედავთ, როგორ „გიცხოვრია არა მრავალთა მსგავსად“ და როგორ წრფელად მოგიყოლია სულ გულის ამბები, ვხედავთ!