„მე მქვია ჯო“(1998. დიდი ბრიტანეთი. რეჟისორი კენ ლოუჩი)
17 ივნისს კენ ლოუჩს, სოციალური კინოს ცოცხალ კლასიკოსს, 90 წელი შეუსრულდა. თაყვანისმცემლები მის ახალ ფილმებს ელოდებიან, თუმცა ბოლო დროს ლოუჩი უფრო მეტად საზოგადოებრივ აქტივიზმშია ჩართული. პალესტინის ცალსახა მხარდაჭერისა და ისრაელის პოლიტიკის კრიტიკის გამო ანტისემიტობაც კი დააბრალეს. თავის მართლება არ დაუწყია. ერთ ინტერვიუში თქვა, ამ ბრალდებაზე ჩემი პასუხი ჩემი ფილმებიაო... მართლაც, როგორ შეიძლება კენ ლოუჩს ფაშისტობა დააბრალო, როცა მთელი მისი შემოქმედება თანასწორობის იდეის დამკვიდრება და უპოვარი ადამიანის დაცვაა.
„ყველა ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და დრამა არავითარ შემთხვევაში არ არის მხოლოდ საშუალო კლასის საკუთრება“, - თქვა მან ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში, როცა ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ კენ ლოუჩის სახით ბრიტანულ კინოში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც ინგლისელი „გაბრაზებულების“ ესთეტიკა გააცოცხლა. ლიტერატურისა და კინოს ამ მიმართულებისთვის წიგნი, ფილმი თავად წარმოადგენდა პროტესტის საშუალებას. ოღონდაც, თუკი „გაბრაზებულებმა“ უფრო მეტად ეგზისტენციალისტების ენა აირჩიეს, ლოუჩმა გააცოცხლა სოცრეალიზმი, ლიბერალური დასავლეთისთვის თითქოს სრულიად უცხო სტილი, აბსოლუტურად დისკრედიტირებული საბჭოთა კულტურაში.
არა, ლოუჩის სოცრეალიზმი არც ყალბი პათეტიკაა და, მით უმეტეს, არც სტალინური მონუმენტალიზმი. ესაა მკვეთრად ნატურალისტური, პრინციპულად „არაესთეტიკური“ მიზანსცენები, სენტიმენტალიზმს მოკლებული ამბები ასევე შეუმჩნეველ, დაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვიან.
წაიკითხეთ კენ ლოუჩის სხვა ფილმის „ნავიგატორების“ შესახებ
შრომის უფლება და დაკარგული სახეებიკენ ლოუჩის იუბილე დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ამის აღნიშვნა აუცილებელია, რადგანაც ცნობილია, რომ ფეხბურთი, კინოსა და პოლიტიკასთან ერთად, ამ ადამიანის ცხოვრების ნაწილია. უშუალოდ ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე ფილმიც გადაიღო, „ერიკის ძიებაში“, ამბავი მანჩესტერის ფან-კლუბის წევრებისა. მაგრამ ეს უფრო „კინომიძღვნაა“, ვიდრე დრამატული ფილმი - ლოუჩი თავის საყვარელ ფეხბურთელს, ერიკ კანტონას უხსნის სიყვარულს. დრამა და ფეხბურთი ლოუჩთან „ერიკის“ პრემიერამდე 10 წლით ადრე გაერთიანდება ფილმში „მე მქვია ჯო“, რომელიც, ვფიქრობ, რეჟისორისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომ სწორედ ამ ფილმის სათაურს „გაურითმა“ ლოუჩმა თავისი ყველაზე წარმატებული პროექტის სახელი - „მე, დენიელ ბლეიკი“ (ეს ფილმი 2016 წლის კანის ფესტივალის მთავარი პრიზით, „ოქროს პალმით“ აღინიშნა).
არსებითად, „მე მქვია ჯოც“ ფეხბურთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის დადასტურებაა, რადგანაც აქ ალკოჰოლზე დამოკიდებული მთავარი გმირი, ჯო კევენი სწორედ ფეხბურთით ცდილობს მასავით უმუშევარ ახალგაზრდა ბიჭებს სიცოცხლის რწმენა და, რაც მთავარია, სოლიდარობის უნარი გაუღვიძოს. ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების კვლევა წარმოდგენილია ყოველგვარი მორალურობის და ქედმაღალი მითითებების გარეშე. შესაბამისად, ფილმის ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ „მე მქვია ჯოს“ პირადად მე აუცილებლად გამოვიყენებდი მასალად, ილუსტრაციად არტთერაპიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლოუჩის ფილმი აბსოლუტურად არაოპტიმისტურია და არც „რეცეპტს“ ჰგავს წამლისთვის, ადამიანთა სამკურნალოდ.
ასევე ნახეთ
10 საუკეთესო ფილმი ფეხბურთზეკენ ლოუჩი ყველა ფილმში გამუდმებით ამტკიცებს, რომ ცხოვრების არასტაბილურობა ზოგჯერ აიძულებს ადამიანებს, უარი თქვან საკუთარ პრინციპებსა და ღირსებაზე. მაშინაც კი, როდესაც საქმე სხვების დახმარებას ეხება. ამიტომაც არიან მრავალმხრივები, წინააღმდეგობრივები ლოუჩის პერსონაჟები. კენ ლოუჩს არ უყვარს არც მეტისმეტად დადებითი, იდეალიზებული გმირები და არც არამზადები აინტერესებს. ჯოც ასეთია - ოქროს გული აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სისტემას კეთილი გულით ვერ მოუგებ. „საზოგადოების ნარჩენებს“, რომელთაც მიეკუთვნება ჯო, არა აქვთ სახსრები იმისათვის, რომ სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით იცხოვრონ. ესაა მთავარი ფილმში და ზუსტად ამაზე აკეთებს აქცენტს პიტერ მალანი, რომელიც ჯოს როლის შესრულებისათვის კანის ფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა. სხვათა შორის, არა მარტო კარგი მსახიობია, არამედ შესანიშნავი რეჟისორიც, ავტორი ფილმისა “მაგდალინელი დები”.
ჯოს და სარას, სოციალური მუშაკის, ფინალური დიალოგი ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა კენ ლოუჩის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. აქ ორი სიმართლე ეჯახება ერთმანეთს და მაყურებელი გრძნობს, რომ ამ ეტაპზე უკვე ვერცერთის მხარეს ვერ იქნება. დაგვიანებულია უკვე. კენ ლოუჩის „ზედმეტი ადამიანი“ ისევ ჩამორჩა რეფორმების და განვითარების უსწრაფეს ტემპს, ვერ გაუმკლავდა მონობის მოდერნიზებულ ფორმებს. ფილმი, რომელიც დაიწყო თითქმის როგორც კომედია, დასრულდა დრამით. შეიძლება, ტრაგედიითაც კი…
ასევე ნახეთ
ბრიტანელი კინოკლასიკოსის ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიპროფესიონალი მსახიობების გარდა ფილმში მონაწილეობენ გლაზგოს ყველაზე ღარიბი უბნების მცხოვრებლები, რომელთა ისტორიები შესაძლებელია ჰგავს ჯოს და მისი მეგობრების ისტორიას. ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებამ კენ ლოუჩი „რეპორტაჟის ენის“ დიდოსტატი გახადა. იგი ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორია თანამედროვე კინოში (ალბათ, ძმებ დარდენებთან ერთად), რომელსაც შეუძლია რეპორტაჟი აქციოს ტრაგედიად, ან როგორც ეიზენშტეინი ამბობდა, ააგოს კინო, როგორც ქრონიკა, მაგრამ იმოქმედოს მაყურებელზე ისე, როგორც იმოქმედებდა დრამა.
წინააღმდეგობა, რომელიც მუდმივად იგრძნობა კენ ლოუჩის ფილმების სტილში, ეს დაპირისპირება ქრონიკალურსა და დრამატულს შორის, დიდი ხელოვანის ხასიათის ერთგვარი ანარეკლია. ცხოვრებაში ლოუჩი უაღრესად მორცხვი, თავმდაბალი კაცია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გაბრაზებაც შეუძლია. უსამართლობის და ჩაგვრის დანახვისას დიდი რეჟისორი ემოციებს ვერ იკავებს ხოლმე... ეს ცხოვრებაში, თორემ კინო სულ ასეთი ჰქონდა - უსინათლო, უიმედო რეალობა, რომელშიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე პატარა, სულ პატარა და სუსტი სინათლის სხივი.
ფილმის ორიგინალური ვერსია: